"დაბრკოლებებს არ შევეპუე..." - გზაპრესი

"დაბრკოლებებს არ შევეპუე..."

18 წლის მარიამ ნოდიამ შარშან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მკლავჭიდში - რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში ჩატარებულ ჩემპიონატზე ქალთა შორის, 55 კგ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავში პირველი, ხოლო მარცხენა მკლავში - მეორე ადგილი დაიკავა. მარიამმა წლების მანძილზე დაუმარცხებელ თურქ კონკურენტს სძლია.

- სპორტით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული და შეჯიბრებებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი - ფეხბურთში, ფრენბურთში, მძლეოსნურ გარბენში. ხშირად საპრიზო ადგილსაც ვიღებდი. მკლავჭიდზე არასდროს ვიფიქრებდი, რომ არა მკლავჭიდელი დარინა ცეცხლაძე. ერთ-ერთი შეჯიბრების შემდეგ სწორედ მან შემოგვთავაზა სტუდენტებს, სპორტის ამ სახეობაში ბედს ხომ არ ცდიდით, სკოლაში არავისთვის გადაგიწევიათ ხელიო? - კი-მეთქი, მაშინვე დავთანხმდი. თემურ ლიპარტაშვილთან გამიშვა, ტრენერთან. კარგი მონაცემები გაქვს, ძლიერი გოგო ხარო, - მითხრა ბატონმა თემურმა. თავიდან, რამდენიმე თვე საკმაოდ რთული იყო, მკლავჭიდი დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, მაგრამ არც დაბრკოლებებს შევეპუე და არც ვარჯიში შევწყვიტე.

- ე.ი. წარმატებისკენ მიმავალი გზა რთული იყო?

- 3 წლის წინ დავიწყე ვარჯიში და პირველი წარმატებაც ძალიან მალე, 2017 წელს მოვიდა, როდესაც საქართველოს ჩემპიონი გავხდი. არადა, ვარჯიში ახალი დაწყებული მქონდა და ჩემპიონობაზე არც ვფიქრობდი. საოცარი შეგრძნება იყო. პირველმა წარმატებამ დიდი მოტივაცია მომცა. დავრწმუნდი, რომ თუკი მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. მერე იყო ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორობა ბულგარეთსა და საბერძნეთში, შარშან კი რუმინეთში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოვიპოვე. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. საერთოდ, ყაზახებსა და თურქებს მკლავჭიდში ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ. მე შევხვდი დაუმარცხებელ თურქ მკლავჭიდელს, რომელიც ყოველ წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხდებოდა, 6 ოქროს მედალი ჰქონდა და გამიხარდა, რომ პირველმა მე დავამარცხე.

GzaPress

- სპორტის ამ სახეობას, გარდა ფიზიკური ძალისა, სხვა რა უნარ-ჩვევები სჭირდება? - ერთი შეხედვით, იოლი მეგონა, მაგრამ ასე არ ყოფილა. საკმაოდ რთული ილეთების სწავლა გიწევს, ტექნიკის მიმართულებით ბევრი მუშაობაა საჭირო. ჩემი ყოველი დილა იწყება მსუბუქი ვარჯიშით, მერე - უნივერსიტეტი, მერე - ისევ ვარჯიში, ოღონდ უკვე სრული დატვირთვით, მერე სწავლა და თუ დრო მრჩება, მეგობრებს ვხვდები. პირველკურსელი ვარ, ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ეკოლოგიის მიმართულებით. ჯანსაღი გარემო, ბუნება, ვარჯიში, კვება - ეს ჩემი ინტერესის სფეროა. იშვიათობაა, ვარჯიში ვინმეს ან რამის გამო გავაცდინო. მეგობრები უკვე შეეგუვნენ ამ ამბავს და პროტესტს აღარ გამოხატავენ.

- დაბრკოლებებს არ შევეპუეო, აღნიშნე. დაბრკოლება გარკვეულმა სტერეოტიპებმაც ხომ არ შეგიქმნა?

- ჩემი ოჯახის წევრებს არასდროს უთქვამთ, ეს რა გოგოს საქმეა, თავი დაანებეო და ა.შ. მოკლედ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ორი ძმა მყავს, უმცროსი ფეხბურთელია, უფროსი კი მოჭიდავე იყო. დედაც, სულ მამხნევებს, ჩემი პირველი გულშემატკივარია.

- როდესაც ბიჭები იგებენ, რომ მკლავჭიდელი ხარ და თან მსოფლიოს ჩემპიონი, როგორი რეაქცია აქვთ?

- უკვირთ და მეუბნებიან, გარეგნულად არაფერი გეტყობა და ვერ ვხვდებით, ასეთი ძალა საიდან გაქვსო. არ სჯერათ ჩემი მკლავჭიდელობა და ამიტომაც, ძალის მოსინჯვას მთავაზობენ, ხშირად ხდება ასე.

- მერე, როგორ მთავრდება ეგ ამბავი?

- (იცინის) რა თქმა უნდა, იმედგაცრუებით. ზოგს რცხვენია და მაფრთხილებს, იცოდე, არავის არაფერი უთხრაო.

- მარიამ, როგორც ვიცი, არც ერთ შეჯიბრებაზე არ დამარცხებულხარ, ხომ ასეა?

- ჯერჯერობით ასეა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ წაგების შემთხვევაში ხელს არ ჩავიქნევ, პირიქით - მეტს გავაკეთებ. შეგიძლია მოგება, მაგრამ თუ წააგე, მხოლოდ შენს თავს უნდა დააბრალო. ასეთი მებრძოლი ხასიათის ჩამოყალიბებისთვის და მიღწეული წარმატებების გამო, პირველ რიგში, მადლობელი ვარ ჩემი მწვრთნელების - ზურაბ თავბერიძის, ლევან პოღოსიანის, ასევე, ფედერაციის პრეზიდენტის, გოჩა შავაძის. ახლა ევროპის ჩემპიონატზე უკვე დიდებში, 21 წლამდე ვიასპარეზებ. თუმცა, მანამდე ჯერ საქართველოს ჩემპიონატია, 19-27 სექტემბერს კი, როგორც იცით, ბათუმი უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს მკლავჭიდში. შეჯიბრებაში 70 ქვეყნის 2 ათასზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს.

ნინო ჯავახიშვილი