სად მოკლეს "რკინისმკვნეტელი რაჭველი" რეალურად და სად არის მისი საფლავი
font-large font-small
სად მოკლეს "რკინისმკვნეტელი რაჭველი" რეალურად და სად არის მისი საფლავი
კოსტას თავგადასავალი ნოდარ ნიკოლაიშვილის ხელნაწერმა შემოგვინახა

"...ავამეტყველებ ენასა/ გაგაცნობთ კოსტას ძალღონეს,/ ვასიამოვნებ მკითხველსა/ სმენას დავუტკბობ გამგონეს..." - ეს გალექსილი სტრიქონები უცნობ ავტორს ეკუთვნის და ერთი საუკუნის წინ არის დაწერილი. პატარა ამონარიდი "მონაცრისფრო-ცისფერ რვეულში" ოდესღაც აღწერილი დიდი ქართველი ფალავნის - "რკინისმკვნეტელ რაჭველად" წოდებული კოსტა მაისურაძის თავგადასავლის ნაწილია; ამბის, რომლის დაწერაც თავად ფალავანმა სთხოვა ჩვენთვის უცნობ ავტორს.


კოსტა მაისურაძე 1881 წელს დაბადებულა ონის რაიონის სოფელ ცხმორში, თუმცა ამაზე ზემოთ ხსენებულ რვეულში არაფერი წერია, რადგან ავტორის მიერ გადმოცემული ამბების პირველი გვერდები აღარ არსებობს, სამაგიეროდ აღწერილია ის, რაც შემდეგ მოხდა...
როგორ იცხოვრა, როგორ დაიღუპა მოღალატის ხელით და სად განისვენებს კოსტა მაისურაძე, რომელიც 32-კილოგრამიან გირებს ჰაერში ბურთივით ისროდა და ხან კისრით იჭერდა, ხანაც მკერდს შეაგებებდა. ამ წერილში ლეგენდად ქცეული ფალავნის შესახებ დღემდე უცნობ ბევრ ფაქტსა და ამბავს შეიტყობთ ჩვენი რესპონდენტის, გეოგრაფ დალი ნიკოლაიშვილის დახმარებით.
- 1950-იან წლებში მამაჩემი - ნოდარ ნიკოლაიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა გაიცნო და დაუმეგობრდა კოსტა მაისურაძის შვილიშვილს, ასევე ცნობილ მოჭიდავეს - შოთა დაუშვილს. ერთხელ მამა შოთას შინ წაჰყვა და გაიცნო მისი დედა, წარმოსადეგი და კეთილშობილი მანდილოსანი ივლიტა - კოსტა მაისურაძის ერთადერთი ქალიშვილი. ქალბატონმა ივლიტამ ბევრი რამ უამბო მამას კოსტაზე, დაათვალიერებინა სხვადასხვა ქვეყანაში კოსტა მაისურაძის მიერ ფრანგულ ჭიდაობაში, დღეს რომ კლასიკურს - ბერძნულ-რომაულს უწოდებენ, 1902-1916 წლებში მოპოვებული ათამდე მედალი. ყველაზე საინტერესო კი ძველი მონაცრისფრო-ცისფერი რვეული აღმოჩნდა, სადაც უცნობი ავტორის მიერ მოთხრობილი იყო დიდი ფალავნის თავგადასავალი, თხრობითაც და ლექსადაც.
GzaPress
შოთა დაუშვილმა მამას სთხოვა, ამ რელიკვიებისა და მათ ოჯახში მოსმენილი ამბების საფუძველზე რაიმე დაეწერა მის დიდ წინაპარზე. მამამ ეს რვეული 1953 წელს გადაწერა და დედანი კვლავ შოთას დაუბრუნა. მას საოცარი მეხსიერება ჰქონდა და ქალბატონი ივლიტას მონათხრობიდანაც ყველაფერი დაიმახსოვრა. წლები გავიდა და მამამ კოსტაზე ვერაფერი დაწერა, არადა, ძალიან წუხდა ამ ამბავს და მხოლოდ 2010 წელს, 86 წლის ასაკში მოჰკიდა ამ საქმეს ხელი. ვინც მამას იცნობდა, კარგად იცის, რომ მას მართლაც გამორჩეული მეხსიერება ჰქონდა. ეგ კი არა, 92 წლისა გარდაიცვალა და მანამდე ყველაფერი ახსოვდა, მუშაობდა, წერდა.
კვლავ "თავგადასავლის" დედანს დავუბრუნდები: რაღაც პერიოდის შემდეგ, შოთა დაუშვილმა მამას გულდაწყვეტით უთხრა, რვეული დავკარგე, ვიღაცას ვათხოვე და არ მახსოვსო. ამრიგად, უცნობი ავტორის მიერ დაწერილი "კოსტა მაისურაძის თავგადასავალი" მხოლოდ მამას დღეს უკვე განაცრისფრებული რვეულის ხელნაწერმა შემოგვინახა. "თავგადასავალი" გვამცნობს კოსტა მაისურაძის ცხოვრებას 10 წლის ასაკიდან, რომელიც 1914 წლის 27 აპრილით მთავრდება, როცა კოსტა გუდაუთაში იმყოფებოდა საჭიდაო შეჯიბრებაზე. ლექსი წყდება 73-ე ტაეპით. ბოლო ტაეპები დაკარგულია...
კოსტა მაისურაძე რაჭიდან თბილისში სრულიად ყმაწვილი ჩამოვიდა და მოსამსახურედ დაუდგა ერთ აღას, რომელმაც არ შეუსრულა დანაპირები და კოსტას წერა-კითხვა არ ასწავლა. მეგობრების წყალობით, კოსტამ "პურ-ღვინოში" დაიწყო მუშაობა კეთილსინდისიერ კაცთან. ერთი წლის განმავლობაში "პოვრობასაც" დაეუფლა და ქართული და რუსული წერა-კითხვაც კარგად შეისწავლა. იგი აშკარად, ძალიან ნიჭიერი იყო.
ერთხელ კოსტამ ალექსანდრეს ბაღთან (დღეს უკვე ცხრა აპრილის ბაღი) გაიარა და დაინახა, ხალხი ჩოჩქოლობდა - ამდენი ადამიანი იქ დადგმული ძველი, უზარმაზარი ზარბაზნების სათითაოდ გადაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ადგილიდანაც ვერ ძრავდა. კოსტამ იფიქრა, მოდი, მივალ და მეც ვცდი ბედსო, მაგრამ თავი შეიკავა, ვაითუ, თავი შევირცხვინოო და გზა განაგრძო. უკანა გზაზე რომ გამოიარა, ბაღში აღარავინ ყოფილა, ამიტომ ძალები ჩუმად მოსინჯა და სულ იოლად გადააბრუნა ზარბაზნები.
მეორე დილით კოსტას ისევ მოუწია ალექსანდრეს ბაღთან გავლამ. ხალხი ისევ ჩოჩქოლობდა და ისევ ცდილობდა ზარბაზნების სათითაოდ გადაბრუნებას, მაგრამ - ისევ ამაოდ. ახლა კი თამამად მივიდა კოსტა და ყველას თვალწინ იოლად გადააბრუნა ზარბაზნები. აღფრთოვანებული ხალხი, თურმე გაიძახოდა: "ბრავო, მაისურაძე, ბრავო!" საოცარი ძალა ჰქონია კოსტას, თუმცა ტანმორჩილი კაცი ყოფილა. ფოტოებზეც ეტყობა, რომ ცარიელი კუნთებია.
- იმ პერიოდში უკვე ფალავანი იყო?
- არა. მაშინ სრულიად ყმაწვილი იყო. მოგვიანებით აღმოჩნდა იგი ნიკიტინების ცირკში, სადაც სულ მოკლე ხანში დაეუფლა ფრანგული ჭიდაობის ილეთებს. ყველა საქმეს თავი დაანება და ფალავანი გახდა. კოსტამ ბევრჯერ მოიპოვა გამარჯვება სხვადასხვა ქვეყანაში: ირანში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთსა და სხვაგან. მრავალი ჯილდოც მიიღო. კოსტამ ბევრი ცნობილი ფალავანი დაამარცხა: გერმანელი, რუსი, ბულგარელი, თურქი, ბერძენი, დაღესტნელი, სომეხი, ჩეხი, იტალიელი, ფინელი, პოლონელი, მოლდოველი, აფრიკელი ფერადკანიანიც კი, ვინმე - რეიბური. ამ უკანასკნელთან შეჭიდების ამბავი ქალბატონმა ივლიტამ უამბო მამას. ერთმანეთს პარიზშიც შეხვედრიან. ნიღბოსანთა შეჯიბრება ყოფილა - ფალავნები სხვადასხვა ფერის ნიღბით გამოდიოდნენ და ამიტომ არავინ იცოდა, ვინ ასპარეზობდა. გამარჯვებულსაც ნიღბის ფერებით ასახელებდნენ, მოჭიდავეები კი მხოლოდ ამის შემდეგ იხსნიდნენ ნიღაბს. ივლიტას თქმით, როდესაც კოსტა და რეიბური ერთმანეთს დაეჭიდნენ, კოსტამ მეტოქე აშკარად დაჯაბნა, ბოლოს კი ძირსაც დააგდო. ფერადკანიანმა "ხიდზე გადასვლა" მაინც მოასწრო. კოსტა ზემოდან ჩაეჭიდა, ბეჭებით მიწაზე რომ გაეკრა. რეიბური გამწარდა და კოსტას კბილებით ჩააფრინდა ყელში. ქართველი ფალავანი ცალკე ტკივილმა გაამწარა, ცალკე - მეტოქის სიველურემ და გამძვინვარებულმა, ფერადკანიანი მთელი ძალით, ბეჭებით "გააბრტყელა" ხალიჩაზე. ნაკბენიდან კოსტას თქრიალით წამოუვიდა სისხლი, მაგრამ წელში გაიმართა და სახიდან ნიღაბი აიხსნა. აღტაცებულმა მაყურებელმა ოვაცია გაუმართა. როგორც ჩანს, ამ ნაკბენმა რაღაც სერიოზულად დაუზიანა, რადგან იმის შემდეგ თურმე, სულ ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობდა.
GzaPress
იმ პერიოდში კოსტას თვისებებზე თურმე, ბევრი წერდა, რუსი ფალავნებიც კი. ამბობენ, ჩვევად ჰქონდა - ყოველი გამარჯვების შემდეგ იქვე "ქართულს" დაუვლიდა ხოლმეო. ასე მგონია, გარდა სიძლიერისა, ეს კაცი კოლორიტიც იყო. ამდენი წარმატების შემდეგ კოსტას, "ბეჭდაუდებლის" გარდა, "რკინისმკვნეტელ რაჭველსაც" ეძახდნენ. იგი ათლეტიც გახლდათ - სიმძიმეების აწევა შეეძლო, 160 კილოგრამს იოლად სწევდა, არადა, ტანად მაღალი კაცი არ იყო. მამას გადაწერილ ლექსში წერია:
"...შვიდდუიმიანი რკინა მას/ ვით ღვედი დაუხვევია/ და ასი ფუთი სიმძიმით/ იოლათ აუწევია./ ხუთ ვერშოკიან ლურსმანსა/ ტიტველ ხელს რომ დაარტყავდა,/ ვერშოკიანი ფიცარში/ გაუჭირვებლად გაყავდა./ თოხის ტარის სისხო რკინასა,/ შვიდ ადლზე მეტსა სიგრძითა,/ ოთხ-ოთხი კაცი ზედ აწვა,/ ისე იჭერდა კბილითა"... ეს ხუთვერშოკიანი რომ ვიანგარიშე, 22-სანტიმეტრიანი გამოდის, ანუ იატაკის ლურსმანს რომ ვეძახით, ისეთია და კოსტას ის ხელის დარტყმით გაჰყავდა ფიცარში, წარმოგიდგენიათ? ფაქტობრივად, გოლიათი იყო, ოღონდ - ტანმორჩილი. შვიდ ადლზე მეტი სიგრძის რკინას რომ ახსენებს ავტორი, იქ 7-მეტრიან ტროსზეა ლაპარაკი, რომელსაც ან 4 კაცი ეკიდა, ან 8. თუნდაც ოთხი იყოს, როგორია, კბილით რომ ეწევი?!
- ცნობილია, რომ კოსტა 1918 წელს ბაქოში გარდაიცვალა, ტიფით. თქვენ სხვა ვერსია იცით?
- როგორც მამა იხსენებდა, ქალბატონმა ივლიტამ კოსტა მაისურაძის გარდაცვალების თარიღად არა 1918, არამედ 1916 წელი დაასახელა. გამოდის, რომ ეს თარიღი მცდარადაა მითითებული სხვადასხვა გამოცემაში. ამის შესახებ მამა საკმაოდ დასაბუთებულ არგუმენტებს იშველიებდა. კერძოდ, პოლიტიკური ორომტრიალით აფორიაქებულ ქალაქ ბაქოში, იმ პერიოდში, განსაკუთრებით კი სწორედ 1918 წელს, ჭიდაობისა და გართობისთვის არავის ეცალა, გარდა ამისა, ნიკიტინის ცირკი ბაქოში მხოლოდ 1916 წლის შემოდგომამდე არსებობდა. ასევე, ქალბატონი ივლიტას თქმით, კოსტა მაისურაძე ტიფით არ გარდაცვლილა, არამედ, იგი ბაქოში, სასტუმროს ნომერში მოწამლა დაქირავებულმა ლამაზმანმა. მსგავსი რამ იმხანად თურმე ხშირად ხდებოდა.
ერთ საინტერესო რამეს გეტყვით: კოსტა ნამდვილად ბაქოში არის დაკრძალული, ოღონდ საფლავის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის.
ცნობილია, რომ იგი დაკრძალული ყოფილა ნაგორნოეს მრავალკონფესიურ სასაფლაოზე, რომლის ადგილას დღეს ნაგორნოეს პარკია, თუმცა სასაფლაოს გარკვეული ნაწილი შენარჩუნებულია. როგორც ირკვევა, შემორჩენილია მართლმადიდებელთა სასაფლაოს უბანი. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ დიდი ფალავნის, "რკინისმკვნეტელი რაჭველის" საფლავი მიკვლეული იქნება.
სხვათა შორის, მაისურაძეების საგვარეულოს ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეების - ორი თენგიზ მაისურაძის თაოსნობით, შესანიშნავი საქმე გაკეთდა - ონში კოსტა მაისურაძის ბიუსტი დაიდგა, ახლახან კი გამოიცა წიგნი, რომელიც შედგენილია უცნობი ავტორის - "კოსტა მაისურაძის თავგადასავლის" მამას მიერ გადაწერილი ხელნაწერისა და ივლიტა მაისურაძის მონათხრობის მიხედვით. მისი რედაქტორია ისტორიკოსი ავთანდილ უჯმაჯურიძე.
- კოსტას ლეგენდარული ქამარი სად არის?
- მამას ის ქამარი ნანახიც ჰქონდა და აღწერილიც. მე გავიცანი კოსტას შთამომავლის, შოთა დაუშვილის შვილი კოტე. მისგან შევიტყვე, რომ ქამარი კი არსებობს, მაგრამ მას თვლები აღარ აქვს. არავინ იცის, სად და როდის დაიკარგა. ონის მუზეუმში მისი ფოტოც არის. ქამარიც და დახვეული რკინაც დღეს იმ მუზეუმშია დაცული და ვინც დაინტერესდება, ყველას შეუძლია ნახოს.
სახლი, სადაც კოსტა მაისურაძე დაიბადა, აღარ არსებობს, მხოლოდ ნანგრევია შემორჩენილი. არადა, ასეთ სახელგანთქმულ ფალავანს სახლ-მუზეუმი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. იმედია, ამასაც ითავებენ მაისურაძეები.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
რა როლი აქვს მოცეკვავეების წარმატებაში სოციალურ ქსელს
"კოკოითის შევხვდი, ჩემი შვილის ნეშტი დამიბრუნეთ-მეთქი"
"ეს ბავშვები ტკივილს თვითდაზიანებით იყუჩებდნენ, ბრიტვით ისერავდნენ ხელებს"
ადვოკატი ნაჩუქარ ბრილიანტისთვლიან ბეჭედზე, ძლიერ ქალებსა და პირად ცხოვრებაზე
"საოცარია ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი