ერეკლე კუხიანიძის პირადი ცხოვრება და ამილახვრების სასახლის ამბები - გზაპრესი

ერეკლე კუხიანიძის პირადი ცხოვრება და ამილახვრების სასახლის ამბები

საკრებულოს დეპუტატი - ერეკლე კუხიანიძე რამდენიმე თვის წინ, საზოგადოების აქტიური ყურადღების ცენტრში მოექცა ოკუპირებული რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის "გმირობასთან" დაკავშირებული სტატუსის გამო და წარმოუდგენელი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. როგორ დაიბრუნა ამილახვრების სასახლე, როგორი ურთიერთობა აქვს პირველ შვილთან - ნუცა კუხიანიძესთან და რას საქმიანობენ მისი ქალიშვილები - თათია და მარიკა, აი, სწორედ ამ თემებსა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრება იგი.

- ბატონო ერეკლე, მართალია, დიდი დრო გავიდა, მაგრამ თქვენთვის ვაჟა გაფრინდაშვილის თემა იმდენად აქტუალური იყო, მაინც მას მინდა შევეხოთ... ისიც ვნახეთ, ამ ამბავს საზოგადოების მხრიდან როგორი გამოხმაურებაც მოჰყვა. აღნიშნეთ, რომ იმის შემდეგ მედიასაშუალებებმაც "დაგბლოკეს". თუმცა, საინტერესოა, პირად საუბრებში რას გეუბნებოდნენ, თუნდაც, თქვენი ყოფილი თანაგუნდელები.

- რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ, ზოგიერთი მწერდა: ყოჩაღ, მაგარი ხარ, კახიც მხარს გიჭერს და ბატონი ბიძინაცო. მე იმიტომ არ მითქვამს რამე, რომ ვინმეს მხარი დაეჭირა, უბრალოდ, ანალიზი გავაკეთე და რაც სწორად მიმაჩნდა, ჩემს პირად სივრცეში ის დავწერე. თუმცა, მივედი საკრებულოში და იქ იმათ "დამცხეს". შინაარსობრივად და ფორმით გავემიჯნეთო, - გაიძახოდნენ. მერე ვუთხარი, მე რომ ეს სხვა ფორმით მეთქვა (და დავუსაბუთე, როგორც), მაშინ დამეთანხმებოდით-მეთქი? - კიო. სასაცილო არ არის? საერთოდ, რომელ გმირობაზე იყო საუბარი? გმირი არ არის პროცესი, გმირი არის დასრულებული აქტი, ადამიანი უნდა შედგეს გმირად. აყოლილები იყვნენ ერთმანეთზე, ფლუგერებივით. სად არიან ისინი, პირში რომ მიღიმოდნენ და ახლა აღარ იციან, როგორ შემომხედონ? ან ის რა იყო, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში რომ ილაპარაკა ვაჟა გაფრინდაშვილზე - ეს ისტორია იქნება საქართველოს წარმატების საწინდარიო! სირცხვილია.... შეწყალების თხოვნაზე უნდა აიგოს ჩვენი ქვეყნის წარმატება?! ამათ კი ჩათვალეს, რომ ვიღაცამ გმირს მიაყენა შეურაცხყოფა და "ჩაქოლეს"...

- როცა გაკრიტიკებდნენ, ემოციურად თუ იმოქმედა ამან თქვენზე?

- როგორ გგონიათ? ატყდა ლანძღვა, გინება, უამრავი წერილი, შეურაცხმყოფელი კომენტარი... თუმცა, არანაკლები ხალხისგან ვიღებდი მხარდაჭერის წერილებსა და სტატუსებს. მე ყოველთვის დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, მაგრამ გულისტკენა, ცხადია, მქონდა. ჭკუას მარიგებდნენ, ეს არ უნდა გაგეკეთებინაო. არადა, მშვიდად რომ გააანალიზო ის, რაც ხდებოდა, სრულიად ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და საქართველოს საწინააღმდეგო ქმედება გახლდათ. ეს რომ ვთქვი, იმდენად დასუსტებული იყო ჩვენი გუნდი, შიშისაგან ვერც გააცნობიერეს, რომ სახელმწიფო პოზიციის დამცველ ადამიანზე მიიტანეს შეტევა. ეს არის რაღაც დაუჯერებელი აბსურდის თეატრი - მმართველი გუნდის წარმომადგენლები უტევენ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ საგარეო კურსს იცავს!

- ახლა როგორ გხვდებიან საკრებულოში კოლეგები?

- ყველა სხვადასხვაგვარად... მებრალებიან ისინი, ვინც უსამართლოდ მომექცა. ბოდიში, შეგვეშალაო, რატომ არ აღიარებენ? "ოცნებაში" არავის უჩნდება უხერხულობის განცდა? საკრებულოდან კანონით ვერ გამაგდეს, თორემ ამასაც იზამდნენ "ნაცების" დაძახებულზე. "შვიშტოკიანმა" ხაბეიშვილმა როგორ უნდა იმოქმედოს შენზე, რომ არაკაცური რაღაც გაგაკეთებინოს?! მაშინ რა გინდა აქ?! ხაბეიშვილის აღზევება ამ დონეზე, სწორედ მათი ბრალია. ქათმების კრიახის შეეშინდათ და გადამიარეს. "ბრემენელი მუსიკოსების" დონეზე მოხდა ეს ყველაფერი. ახლა კი ყველა სირაქლემის პოზიციაშია - ვითომ არაფერი მომხდარა. გამწირეს სრულიად სამარცხვინოდ.

- ოჯახში რა სიტუაცია იყო ამ დროს?

- ჩემი ოჯახი ყველაფერში მხარს მიჭერდა. ჩემი უმცროსი გოგონა - მარიკა, რომელიც 17 წლისაა, საკრებულოშიც კი მოვიდა ჩემს "დასაცავად". სრულიად უმსგავსოდ მოექცნენ ჩემს ოჯახს. ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი მთელი დღე ატრიალებდა ჩემი მეუღლის ტელეფონის ნომერს ღია ეთერში, ეკრანზე, რაც სრულიად დაუშვებელია.

- ნუცას სატელევიზიო კომენტარმა გაგანაწყენათ, ხომ? თითქოს, ცეცხლზე ნავთი დაასხა...

- ნუცას ოჯახი გადამკვდარი "ნაციონალები" არიან. ჩემი ყოფილი მეუღლის და ნიკა რურუას ცოლი იყო. ადრე ნუცა სულ სხვა ჭკუაზე გახლდათ და მისი ასეთი მეტამორფოზა ჩემთვის გამაოგნებელია. რას გამოდიხარ და რას ამბობ მამაზე? ვფიქრობ, ძალიან შეცდა. ყველაზე ღირსეული იქნებოდა მისი მხრიდან, რომ ეთქვა, მამაჩემია და არ მინდა ამ თემაზე საუბარიო.

- მანამდე როგორი ურთიერთობა გქონდათ ნუცასთან?

- როცა მე და ნუცას დედა დავცილდით, ნუცა პატარა იყო, ერთი წლის. თუმცა, ჩვენთან მოდიოდა სისტემატურად. მერე, 7 წლის რომ გახდა, დედამისი გათხოვდა და აშშ-ში წაიყვანა საცხოვრებლად. დედაჩემი სულ მსაყვედურობდა, ბავშვი როგორ გაუშვიო, მაგრამ რა მექნა? მაშინ აქ საშინელი სიტუაცია იყო, დანგრეული თბილისიდან ამერიკაში მიჰყავდათ, სამოთხეში. შემოსავალიც არ მქონდა ნორმალური. მერე, იმის მაგივრად, რომ ფილმებში სასწაული კარიერა გაეკეთებინა, ოჯახის შექმნა გადაწყვიტა და საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. გული დამწყდა, რომ მისი წარმატებული კარიერა შეწყდა. თუმცა, მშვენიერი, არაჩვეულებრივი გოგონა ჰყავს და ეს ალბათ ღირდა ამ ფასად. ახლა მეორედ გათხოვდა და ვაჟი შეეძინა, კარგი ურთიერთობაც გვქონდა და უცებ, ამ კრიტიკულ სიტუაციაში ასეთი რაღაც გააკეთა. აბა, რა გითხრათ?..

- ამ ამბის შემდეგ აღარ გქონიათ მასთან კონტაქტი?

- არა, არ მქონია. პატარა აღარ არის. რა უნდა ვუთხრა, ეს რატომ გააკეთე-მეთქი?.. როგორც აზდაკი იტყოდა - მე "ვიღებ" ბოდიშებს, თუკი, იქნება. ცხოვრება გრძელდება.

GzaPress

- თავდაპირველად როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება "ქართულ ოცნებასთან"? - 2011 წელს, როცა დაიწყო მთელი ეს აქტიური მოძრაობა, ახლობელმა შემომთავაზე ჩავბმულიყავი. კულტურის დარგში მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი. მერე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთასაც ბევრ რამეში დავეხმარე, რაღაც მომენტში დაშლას უპირებდნენ და აქტიურად ჩართვა მომიხდა. მთელი ამბები იყო მანდ, ვინ აღარ ჩაერია, მაგრამ ვეღარ დაშალეს.

ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. მერე, თეთრიწყაროს რაიონის გამგეობაში ვიმუშავე, იქაც ცალკე ისტორიები იყო. მანამდე ასეთ სამსახურებთან არანაირი შეხება არ მქონდა. ხელოვნება მაინტერესებდა, ოპერაშიც ვმღეროდი; რამდენიმე ფილმშიც ვარ გადაღებული. ბოლოს კი, პოლიტიკაში აღმოვჩნდი. გამგებლად ვმუშაობდი თეთრიწყაროში. თუმცა, ეს საქმეც მომწონს. დიდი ბედნიერების განცდაა, როდესაც შეგიძლია ხალხისთვის რაღაც გააკეთო - ცხოვრება შეუმსუბუქო და გაუუმჯობესო. ეს ჩემთვის ნარკოტიკივითაა. ჩემი ქვეყანაა და მინდა, დალაგდეს. ბევრ რამეში არ ამიბეს მხარი, თორემ კარგი იდეები მქონდა და მაქვს, რისი განხორციელებაც მარტივადაა შესაძლებელი. არ გამოვრიცხავ საზოგადოების თვითორგანიზაციის მიმართულებით აქტიურ ქმედებებს. ვნახოთ. ეს იქნება იმ იდეის გაგრძელება, რაც მე ჯერ კიდევ თეთრიწყაროს რაიონის გამგეობაში მუშაობისას დავისახე და რა იდეებითაც მოვიდა "ოცნება" 2012 წელს, რასაც ვუჭერდი მხარს - რეალურ დემოკრატიას და ხალხის ჩართულობას ქვეყნის მმართველობაში. ვფიქრობ, საზოგადოება რეალურად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის მართვის პროცესებში და სწორედ ეს არის დემოკრატიის არსი. ამაზე იყო აგებული მთელი ჩემი სამი წლის წინანდელი ცხოვრება, რის გამოც, "დავიბლოკე" და დარტყმებიც მივიღე.

- როგორ ცხოვრობდით მანამ, სანამ პოლიტიკაში გამოჩნდებოდით?

- სკოლის პერიოდში სპორტით ვიყავი დაკავებული, უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, შემდეგ კი საოპერო სიმღერით დავინტერესდი და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, იმ წელს, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. მოსკოვის შალიაპინის წრესთან გვქონდა სიახლოვე და იქ ჩავდიოდი კონცერტებზე. სასწავლებლის შემდეგ, კონსერვატორიაც დავამთავრე და როცა გელიკონ ოპერაში მოსასმენად ჩავედი, მიმიღეს. იქ იტალიელებმა "სევილიელი დალაქი" დადგეს და მათთან ურთიერთობამ, ვოკალში მეცადინეობამ კარგი შედეგი გამოიღო. იმდენად, რომ საპრემიერო სპექტაკლში მამღერეს. პრემიერამდე ერთი დღით ადრე, დირიჟორ ენრიკე მაცოლას გელიკონ ოპერის პირველი ნომერი ბანი გადაუხაზავს და უთქვამს, კუხიანიძემ უნდა იმღეროსო. გაკვირვებული ვიყავი, როცა დამირეკეს და ეს მითხრეს (იცინის). თუმცა, როცა უკვე იქ ჩემი კარიერული წინსვლა დაიწყო, სასწრაფოდ საქართველოში დაბრუნებამ მომიწია, ფაქტობრივად, სასწაული მოხდა და ჩემი წინაპრებისთვის რევოლუციის დროს წართმეული ქონება დაიბრუნა ჩემმა ოჯახმა. სასამართლოები დაიწყო და დავრჩი თბილისში, ტანსაცმელიც კი იქ მქონდა დატოვებული და მერე გვიგზავნიდნენ ნაწილ-ნაწილ. შემდეგ უკვე ხალხურ სიმღერას დავუბრუნდი და ანსამბლ "იმედში" ვმღეროდი.

- ახლა რა ეტაპზეა სასახლის საკუთრების საკითხი?

- სასამართლომ ქონება დაგვიბრუნა, თუმცა პრობლემები არ დაილია. რატომღაც გვედავებიან ციხე-კოშკების კომპლექსს, თუმცა, ამილახვრების კარის ეკლესია რამდენიმე წლის წინ დავუთმეთ ეპარქიას. მაგრამ "მადა ჭამაში მოდის" და გადაწყვიტეს, სრულიად უსამართლოდ, დანარჩენი ქონებაც მიესაკუთრებინათ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მიშას იუსტიციის მინისტრობის დროს, ჩემმა ოჯახმა ბოლშევიკების მიერ წართმეული სამკვიდრო დაიბრუნა და ახლა, "ოცნების" დროს ლამისაა წაგვართვან (იცინის). თუმცა, გორის სასამართლოში პროცესის პირველი ეტაპი მოვიგეთ, ახლა უკვე სააპელაციომ უნდა იმსჯელოს.

- იმ დროიდან რა ნივთებია შემორჩენილი?

- ძალიან ცოტა, ის, რაც ურემზე დაეტია, როცა სახლიდან გამოყარეს. დანარჩენი გაძარცვეს. თუმცა, სახლში ავეჯის მცირე ნაწილი შემორჩენილია.

- რა კუთხით ხართ ამილახვრების შთამომავალი?

- დედაჩემი ნინო ერისთავია, მისი დედა კი სოლომონ ჩოლოყაშვილის შვილი - ეკატერინე ჩოლოყაშვილი, რომლის დედა ნინო ამილახვარი იყო, სწორედ ის დაიბადა იმ სასახლეში. მისი პაპა მიხეილ ამილახვარი გახლდათ, ცნობილი გენერლის - ივანე ამილახვრის ძმა. დიდედაჩემის პაპა ადრე გარდაიცვალა და დიდედას დედა ბიძამ თავის ოთხ შვილთან ერთად გაზარდა. სხვათა შორის, სოლომონ ჩოლოყაშვილი ცნობილი მეცნიერი, მევენახე იყო, რომელმაც მევენახეობის ინსტიტუტი დააარსა, რომელიც ბენდუქიძის "დამსახურების" შედეგად გააუქმეს...

ჩვენი ოჯახი, საუბედუროდ, ვერ გადაურჩა საბჭოთა რეპრესიებს - დედაჩემის პაპა რევაზ ერისთავი 1924 წელს დახვრიტეს, ცნობილი აჯანყების დროს, ხოლო მამა - გიორგი ერისთავი 1937 წელს ემსხვერპლა. დიდედა - ეკატერინე ჩოლოყაშვილი (ნინო ამილახვრის შვილი) სწორედ ამ სასახლეში დაიბადა და რევოლუციის დროს ოჯახს უთხრეს - ან წახვალთ, ან დაგხოცავთო. სხვა რა გზა ჰქონდათ, წამოვიდნენ. იქ კი ყველაფერი გაძარცვეს. თბილისში სახლიც არ ჰქონდათ და პირველ ხანებში ნათესავმა შეიფარა...

რაც შეეხება მამაჩემს, ის ცნობილი მთამსვლელი - თეიმურაზ კუხიანიძე იყო. საუბედუროდ, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დაიღუპა, ჯუმბერ მეძმარიაშვილთან და ილია გაბლიანთან ერთად.

- თქვენი მეუღლე და შვილები რას საქმიანობენ?

- თათია 25 წლისაა, მარიკა - 17-ის, ორივე მუსიკოსია, პიანისტები, ისევე, როგორც ჩემი მეუღლე. თათია კონსერვატორიაში სწავლობს. მაგისტრატურის კურსი ჯერ უნგრეთში გაიარა, შემდეგ ფინეთში, ახლა ნორვეგიაშია. მარიკაც ძალიან ნიჭიერია, ჯერ სემინარიაში სწავლობს და იმედია, წარმატებული მომავალი ელის. მუსიკოსობა მათი არჩევანია, მე არასდროს დამიძალებია.

თამთა დადეშელი