"ბუნებით მებრძოლი ვარ და სპორტმა მეტი სტიმული მომცა" - გზაპრესი

"ბუნებით მებრძოლი ვარ და სპორტმა მეტი სტიმული მომცა"

ნიგერიაში, წოლჭიმში 2020 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებიდან, რომელიც ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია, ქართველი პარასპორტსმენები გამარჯვებულები დაბრუნდნენ - 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ზურა ციხიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ნიგერიის მსოფლიოს თასი სერიოზული ღონისძიებაა, მასში უძლიერესი გუნდები მონაწილეობენ და ის, რომ ერთ კატეგორიაში 2 ქართული დროშა ფრიალებდა, ამაღელვებელი იყო.

ამჯერად ერთ-ერთ მედალოსანს - იაგო გორგოძეს გაგაცნობთ. იაგო +107კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ის პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. წოლჭიმის ევროპის რეიტინგში 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამეა, მსოფლიოში კი ოცეულში შედის. 3 წელია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის სამსახურში მუშაობს.

- წოლჭიმი ნიშნავს დაწოლილ მდგომარეობაში შტანგის აწევას. საკმაოდ რთული სახეობაა, მკაცრი წესებითა და სტანდარტებით. მუდმივად ფორმაში უნდა იყო, რადგან დიდი ფიზიკური ძალა გჭირდება. თავიდან მკლავჭიდს მეტ უპირატესობას ვანიჭებდი. მერე გავიგე, რომ პარაოლიმპიური სახეობა არ იყო და შტანგით ვარჯიში დავიწყე. 25-26 წლის ვიყავი და მოტივაცია, მონდომება მქონდა. ახალგაზრდობაშიც ყოველთვის ვვარჯიშობდი, სპორტი აჯანსაღებს სხეულსაც და სულსაც.

GzaPress

- შეგიძლიათ მითხრათ, რა შეგემთხვათ? - 1999 წელს ავარიაში მოვყევი. 22 წლის ვიყავი მაშინ, პოლიციის აკადემიაში ვსწავლობდი. პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი და ინჟინერ-იურისტი ვარ. მეგობრები კახეთიდან ვბრუნდებოდით, მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა და საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო. 3 ადამიანი დაიღუპა, ოთხი გადავრჩით. პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, დეპრესიაც არ მქონია. პატარა ვიყავი, მაგრამ გონიერი და მომხდარი კარგად გავაანალიზე. როდესაც კომიდან გამოვედი, 5-6 დღის შემდეგ, ექიმებს არაფერი უთქვამთ, ისედაც ყველაფერს მივხვდი - მე ხომ ვგრძნობდი ჩემს სხეულს. ამ თემაზე არავისთან ვსაუბრობდი. ოჯახის წევრებმაც იცოდნენ, რაც მჭირდა და მეც, ამიტომ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, აღდგენითი პროცესები რამდენად მალე და შედეგიანად წარიმართებოდა. ბუნებით მებრძოლი ვარ და სპორტმა მეტი სტიმული მომცა, გამარჯვება თავისთავად, უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ადამიანს. ახლა დრო გადანაწილებული მაქვს. კვირაში სამჯერ სამსახურიდან პირდაპირ ვარჯიშზე მივდივარ.

- იაგო, სპორტის გარდა, რა ან ვინ გაძლევდა ყველაზე დიდ ძალას?

- ყველა ფიქრობს, აი, მე რომ ვყოფილიყავი, ასეთ განსაცდელს ვერ გავუძლებდიო, მაგრამ რაღაც ძალა გეძლევა, რაღაც გაძლიერებს... ზუსტად ვერ ხსნი, ეს რა ძალაა, ალბათ - სიცოცხლის სიყვარული. იოლი ნამდვილად არ ყოფილა. თავიდან უკრაინაში ვმკურნალობდი და ცოტა ხნით ჩამოვდიოდი საქართველოში. მადლობა უფალს, სირთულეები გადავლახე. დიდი ოჯახი მაქვს - მშობლები, 2 ძმა, ძმისშვილები. დიდი როლი ითამაშა დედამ, რომელიც საოცრად ძლიერი და შეუპოვარი ქალია. მასზე იტყვი, რაც არ კლავს, ის აძლიერებსო და მეც დედას ვგავარ. მამა ჩემი ამბის შემდეგ უფრო დანაღვლიანდა და ჯავრს მიეცა. უფალი ყველას ჩვენს წილ განსაცდელს გვიმზადებს და ყველა რაღაცას ვსწავლობთ - მე დათმობა და ადამიანის მეტი პატივისცემა ვისწავლე.

ნინო ჯავახიშვილი