"ჯარი ძალიან მიყვარს, ფორმა აუცილებლად უნდა ჩავიცვა" - გზაპრესი

"ჯარი ძალიან მიყვარს, ფორმა აუცილებლად უნდა ჩავიცვა"

რამდენიმე ხნის წინ სვანეთში, ჰაწვალის მთაზე ყოფნისას, ადგილობრივი ვეტერანი მოთხილამურე თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღმოვჩნდი, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს კილომეტრიან ტრასაზე შეეჯიბრნენ...

საშინლად ციოდა, თოვდა, ქარი ქროდა და ტემპერატურა მინუს 20-ს ქვევით დაეცა. დამსვენებლები შენობიდან გამოსვლას ერიდებოდნენ, მაგრამ მოთხილამურეები ამას არ შეუშინებია. 40-მდე მონაწილეს, მათ შორის პროფესიონალ მოსრიალეებს შორის, მოყვარულებიც იყვნენ.

საბოლოო შედეგის გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ გოგონებს შორის პირველ ადგილზე, თვითნასწავლი, 21 წლის მარიამ ჭკადუა გავიდა, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული აკადემიის იუნკერია. მესტიელი გოგონას უახლოესი მიზანი სამხედრო ფორმის ჩაცმა და შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურია, შორეული ოცნება კი მის მშობლიურ სვანეთს უკავშირდება.

- ბავშვობიდან ვსრიალებ. 11 წლიდან სპორტით ვიყავი დაკავებული, თხილამურებზე ვიდექი. საქართველოს რამდენიმე ჩემპიონატში მაქვს მონაწილეობა მიღებული, არაერთი გამარჯვება მიზეიმია და აბსოლუტური ჩემპიონიც ვარ... არადა, ჩემს ბავშვობაში, სვანეთში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო, არც სათხილამურო ტრასები გვქონდა, მაგრამ ამას არ შევუშინებივარ.

8 წლის ვიყავი, სრიალი რომ დავიწყე. სოფლის მინდვრებში თოვლს ვტკეპნიდით და ისე ვსრიალებდით... შემდეგ, საბაგირო რომ გააკეთეს, იქიდან ვეშვებოდით. წესიერი თხილამურები და ჯოხები არ გვქონდა; ინსტრუქტორები კი გვყავდა, მაგრამ შესაბამისი პირობები არ გვქონდა. ამიტომ, ახლა თუ ვინმე მკითხავს, როგორ ისწავლე სრიალიო? ვუპასუხებ, - ჩემით ვისწავლე, ბავშვობის მეგობრებთან ერთად.

- ჩემპიონატებზე თვითნასწავლი ცოდნით გადიოდით?

- საბაზისო ცოდნა მქონდა, თუმცა მერე, უკვე როდესაც ჩემპიონატებზე გავდიოდი, ინსტრუქტორებიც მასწავლიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე, - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტზე. თუმცა, მეორე კურსის შემდეგ, თავდაცვის აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე...

- რატომ?

- ყოველთვის მინდოდა, შეიარაღებულ ძალებში მემსახურა, მაგრამ დედა წინააღმდეგი იყო.

GzaPress

- როგორც წესი, ამას მამებიც აპროტესტებენ. - მარტოხელა დედამ გამზარდა, დედისერთა ვარ... ის ძალიან დარდობდა ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულების გამო, - გოგონას ჯარში რა უნდაო?!. ეშინოდა, რომ ბულინგის მსხვერპლი გავხდებოდი, გარშემო მყოფნი ვერ აღმიქვამდნენ როგორც მომავალ ოფიცერს და ეს ჩემზე ცუდად აისახებოდა. ამიტომ, აკადემიაში დედისგან უჩუმრად ჩავაბარე და მას მხოლოდ შემდეგ ვუთხარი, - დედა, ჯარი ძალიან მიყვარს, ფორმა აუცილებლად უნდა ჩავიცვა-მეთქი. მას შემდეგ, ის ჩემი დიდი გულშემატკივარია. სამხედრო საქმე ასე რომ არ მყვარებოდა, სპორტშიც ძალიან კარგი მიღწევები მქონდა და გავყვებოდი, მაგრამ ჯარმა გადამძალა.

- რა სირთულეები ახლდა აკადემიაში ჩაბარებას?

- იოლი არ ყოფილა, ხელახლა ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები და ფიზიკური ტესტიც, ნორმატივებით. გოგონები შეღავათით ვსარგებლობთ: ბიჭებისთვის 100 ქულის დასაგროვებლად 13 წუთია დადგენილი, გოგონებისთვის - 15. თუმცა, ფიზიკურად მომზადებული ვიყავი და არ გამჭირვებია. აკადემიაში ძალიან კარგი პირობებია. დიდ მოტივაციას მაძლევს დედა და ჩემი მეგობრებიც, რომლებიც სულ მხარში მიდგანან.

- პერიოდულად, ალბათ ნორმატივების ჩაბარებაც გიწევთ, ხომ?

- დიახ, ყოველი სემესტრის შემდეგ ვაბარებთ ნორმატივებს. ჯერჯერობით იუნკერი ვარ, მაგრამ აკადემიის დასრულების შემდეგ, აუცილებლად მექნება ოფიცრის წოდება, რაც იმდენად დიდი ბედნიერებაა, რომ დილით ადრე ადგომა და დამღლელი ნორმატივები ამასთან რა მოსატანია?! ფორმის ტარებაც საამაყოა ჩემთვის და მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

- აკადემიაში ალბათ სხვა გოგონებიც არიან.

- დიახ, ჩემს კურსზე სამნი ვართ, სხვა კურსებზე მეტნი არიან... როდესაც ჩემი მეგობრები მხვდებიან, მეუბნებიან, ერთი სული გვაქვს, ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი გნახოთო... ვგრძნობ, ჩემით ამაყობენ და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.

- უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობთ?

- აკადემიური ავიღე და ოდესმე ალბათ გავაგრძელებ. აკადემიის გამო, ვერც სპორტში აქტიურობას ვახერხებ. პროფესიულ შეჯიბრებებს 18 წლიდან შევეშვი, მაგრამ როგორც კი დრო გამომიჩნდება, მაშინვე სვანეთში გავრბივარ და სამოყვარულო ასპარეზობაში ვმონაწილეობ.

GzaPress

- თეზო ჯაფარიძის თასზე ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეთ. - გოგონებში კი, ბიჭებმა 3 წამით მაჯობეს... 1 კმ-იან ტრასაზე 50 წამში დავეშვი. წყვეტა რომ არ მქონოდა, უკეთესი შედეგი მექნებოდა. ძალიან მიყვარს გაუკვალავ თოვლში სრიალი, ამინდის სირთულის მიუხედავად, სიმაღლიდან დაშვება და ახალ-ახალი ტექნიკის შესწავლა თუ დახვეწა, - ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ ბავშვობასთან ასოცირდება.

- გქონიათ შემთხვევა, როცა ვინმე გადაარჩინეთ?

- გადარჩენით არ ვიცი, მაგრამ დამწყებ ან მოყვარულ მოსრიალეებს ძალიან უჭირთ უამინდობაში, უცნობ ტრასაზე ჩამოსვლა. ჰგონიათ, თავს გაართმევენ, მაგრამ პირველსავე წაქცევისას ან იბნევიან, ან დაწოლილ მდგომარეობაში ცდილობენ ჩამოსრიალებას. როდესაც დახმარებას ვთავაზობ, მეკითხებიან, - მაშველი ხარო? ყოფილა შემთხვევა, რომ კარგ ამინდშიც დასჭირვებიათ დახმარება, - არ იციან სრიალი, მაგრამ მაინც რისკავენ. რას იზამ, მოსწონთ და რისკავენ; უნდათ, უკეთესად ისწავლონ.

- ვიცი, ძალიან გიყვართ ცხოველები.

- დიახ, სახლში მყავს ორი ძაღლი, 3 კატა და თხა. პატარა ლეკვები ვიპოვე, ორივე გერმანული ნაგაზია. ერთი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ფეხმოტეხილი დაუტოვებია ვიღაცას. მე და ჩემმა მეუღლემ წამოვიყვანეთ, გავზარდეთ. გამიმართლა, რომ ცხოველები ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს.

- რა არის თქვენი ოცნება?

- ვოცნებობ, წარმატებებს მივაღწიო, დედას იმედი გავუმართლო და მასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო. თუმცა, მიზანზე თუ მკითხავთ, - ძალიან მინდა სვანეთში სათხილამურო სკოლა გავხსნა, სადაც მე და ჩემი მეგობრები მასწავლებლებად ვიმუშავებთ. ნებისმიერი სიახლე, რაც სვანეთს უკავშირდება, ძალიან მახარებს, რადგან ჩემს ბავშვობაში ეს მხარე, ფაქტობრივად, მივიწყებული იყო. ახლა კი ხალხმა გაიცნო და შეიყვარა... ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ოდესმე ამას გავაკეთებ.

ლალი პაპასკირი