"ამ კადრების შემხედვარე, ნახევარი დარბაზი ტიროდა..." - გზაპრესი

"ამ კადრების შემხედვარე, ნახევარი დარბაზი ტიროდა..."

სოციალურ ქსელში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ 18 წლის მოჭიდავის, ლუკა მარიამიძის გამარჯვების ამსახველი ემოციური ფოტო გამოაქვეყნა. მაშინ გაირკვა, რომ უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ლუკამ საქართველოს ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლა და ეს გამარჯვება მან გარდაცვლილ მამას მიუძღვნა - მამას, რომელიც წინადღეს, ნახევარფინალისას გულშემატკივრობდა. სწორედ მაშინ, როცა მისი ვაჟი ტატამზე მეტოქესთან იბრძოდა, ისე ინერვიულა, იქვე დარბაზში გარდაიცვალა. მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა იყო. არადა, თურმე ოცნებობდა შვილის ჩემპიონობაზე, შვილიც მამას წარმატებებს ჰპირდებოდა. ნახევარფინალში გაიმარჯვა, მაგრამ ეს მამამ ვერ ნახა. ლუკასაც ამ დიდი სიხარულის გაზიარება ალბათ ყველაზე მეტად მისი გულშემატკივარი მამისთვის უნდოდა; მოგების სიხარულიც ვერ განიცადა, რადგან ამ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

ყველას ეგონა, მეორე დღეს ლუკა მეტოქესთან ბრძოლას ვერ შეძლებდა, მაგრამ შეძლო და გამარჯვება მამას მიუძღვნა. თურმე მხოლოდ მწვრთნელმა, კახაბერ დობორჯგინიძემ იცოდა, რომ ლუკა ამ ტრაგედიის მიუხედავად, პირველობისთვის იბრძოლებდა.

სოციალურ ქსელში უამრავი გაზიარება აქვს 18 წლის ბიჭის გამარჯვების კადრებს, ბოლოს მან ცრემლები ვერ შეიკავა. სამძიმართან ერთად, ლუკას დღეს ყველა საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს. ყველა განცვიფრებულია მისი შემართებით.

კახაბერ დობორჯგინიძე, მწვრთნელი:

- ლუკა საკმაოდ წარმატებული ბიჭია. 10 წლიდან ვარჯიშობს. ვარკეთილში ცხოვრობდა და იქვე, დარბაზში ვარჯიშობდა, შემდეგ მისმა მწვრთნელებმა ჩემთან მოიყვანეს. მეექვსე წელია, რაც ვიცნობ. ოლიმპიური მომზადების ცენტრში ჩაირიცხა, სადაც პერსპექტიული სპორტსმენები ცხოვრობენ და ვარჯიშობენ. ლუკა სხვებთან ერთად გადის მზადებას, შაბათ-კვირას მიდიოდა სახლში, რადგან თბილისში ცხოვრობდა. საკმაოდ წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდაა. თავიდანვე მონდომება ეტყობოდა, ჭიდაობა უყვარდა და მიზნისკენ მიიწევს.

- ლუკას მშობლებთან ურთიერთობა გქონდათ?

- ლუკა დედისერთაა. მშობლები ჩართულები იყვნენ ბავშვის სპორტულ განვითარებაში. ლუკა მათ უშლიდა, - არ მოხვიდეთ ვარჯიშზეო, მაგრამ ისინი მუდამ მიკავშირდებოდნენ. მირეკავდნენ, ყველა წვრილმანი, შვილის მიღწევები აინტერესებდათ. მეტყოდნენ, არ უთხრათ, რომ გირეკავთო. ყველაფერს გამოიკითხავდნენ. როგორ მივეხმაროთ, როგორი კვება სჭირდება, რა გავაკეთოთო. ერთი სიტყვით, აქტიურად იყვნენ ჩართულები ცხონებული მამა და დედამისიც. მაქსიმალურად მხარში ედგნენ თავიანთ ერთადერთ შვილს. ლუკა კარგი გაგებით ჯიუტია. როგორც ყველა დიდ სპორტსმენს, მასაც ახასიათებს სიჯიუტე. სურს ყველაფერს თავისი შრომით, დამოუკიდებლად მიაღწიოს.

- ეს ლუკას პირველი გამარჯვება იყო?

- არა, მას ჰქონდა სხვა გამარჯვებებიც: ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული, ოღონდ კადეტებში, ანუ 17 წლამდე ბავშვებში. ევროპის ჩემპიონატშიც ჰქონდა ნაჭიდავები, ახლა უკვე 20 წლამდე ახალგაზრდულის წევრი გახდა და მოიგო კიდეც. ეს ჩემპიონატი იმ სპორტსმენებს ავლენს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე. აქედან უნდა შეირჩეს, ვინ დაიცავს საქართველოს ღირსებას. იმედი მაქვს, ლუკაც მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოს ჩემპიონატამდე სხვადასხვა ტურნირიც ჩატარდება, აკვირდებიან სპორტსმენებს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონს დიდი უპირატესობა აქვს.

GzaPress

- მომხდარ ტრაგედიაზე რას იტყვით? რით გარდაიცვალა ლუკას მამა? - ლუკას მამა, გოჩა მარიამიძე და კიდევ რამდენიმე ნათესავი დარბაზში ისხდნენ. ლუკა ჭიდაობდა, საკმაოდ რთული შეხვედრა იყო. მე მასთან ახლოს ვიჯექი. ამ დროს ატყდა ჩოჩქოლი ტრიბუნაზე, ყვიროდნენ - ექიმი, ექიმიო, გვესმოდა, მაგრამ ამისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება, რადგან გამალებული ორთაბრძოლა იყო. ლუკამ ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ამის შემდეგ გავიგეთ, რომ მამამისი გარდაიცვალა. იმ ცხონებულმა ბოლომდე ვერ უყურა, არადა, სულ 6 წუთი მიდიოდა მატჩი; სადღაც მესამე წუთზე გახდა ცუდად. ჩვენი ექიმები მივიდნენ, სასწრაფოს ბრიგადაც ცდილობდა მის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ... სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, იმ მძიმე წუთებში ლუკას მამა არ დაენახა. გავარიდეთ, გასახდელში გვყავდა რამდენიმე მეგობართან ერთად. ექიმები ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან განიცადა ბავშვმა ეს ამბავი. გული არ აწუხებდაო, - ამბობდა, მაგრამ ეტყობა, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. ემოციური კაცი იყო, 54 წლის...

ამ ტრაგედიის მერე ლუკას გვერდიდან არ მოვცილებივარ. საღამოს ველაპარაკე. ვუთხარი, ხვალ არ გამოხვიდე-მეთქი, იყო შანსი, შეჯიბრება ერთი თვით გადაგვედო. მტკიცე უარი მითხრა, - ეს უნდა გავაკეთო მამის პატივსაცემად. მამას შევპირდი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი და პირობა უნდა ავუსრულოო. ხომ ვიცოდი ამ ბავშვის ხასიათი და აღარ შევეკამათე, - რადგან ასე გინდა, უნდა გააკეთო, მეც შენ გვერდით ვარ-მეთქი. მეორე დილით მის გამოჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოვიდა და ყველა გაკვირვებული დარჩა ამ ბიჭის სულის სიმტკიცით.

- ბუნებრივია, ემოციებით დატვირთული იქნებოდა. ალბათ რისკიც იყო ამ მდგომარეობაში მისი მონაწილეობა შეჯიბრებაში.

- მართლა ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, - გასაგებია, მას ეს უნდოდა გაეკეთებინა, მაგრამ მიეცემა კი ეს ძალა-მეთქი? ასეთ დროს გგონია მთებს გადადგამ, მაგრამ შესაძლოა, სხეული არ დაგემორჩილოს... დილით მოვიდა, არადა, საღამოს უწევდა გასვლა. სულ გაცივებული, უემოციო სახით იჯდა, მიმიკაც კი არ შეუცვლია რამდენიმე საათის მანძილზე, თავის რიგს ელოდებოდა. მეც ვღელავდი, ვცდილობდი გამემხნევებინა. დამაჯერებლად გაიმარჯვა! ხელი რომ აუწიეს მაღლა, მაშინ ემოციები ვეღარ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. ამ კადრების შემხედვარე, ნახევარი დარბაზი ტიროდა ლუკასთან ერთად.

- ნათესავები დარბაზში იყვნენ?

- წინადღეს მამამისთან ერთად მრავლად იყვნენ, მეორე დღეს ყველა ვერ მოვიდა ამ ტრაგედიის გამო, მაგრამ იყვნენ ნათესავები და ისინი დარბაზიდან გულშემატკივრობდნენ. მან ეს გამარჯვება მამას მიუძღვნა.

- ხომ არ უსაუბრია, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან?

- ლუკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ასეთი გულღიაც არ არის ჩემთან. თუმცა, მისი ამ ნაბიჯით თავისი სათქმელი თქვა. საოცრად კარგი მამა ჰყავდა. სხვა დროსაც მინახავს, როგორ გულშემატკივრობდა შვილს... 20 წლამდე ასაკში ლუკა ერთ-ერთი გამორჩეულია, ეს გამარჯვებაც ამას მოწმობს. მას აქვს პერსპექტივა. ხვალ და ზეგ დიდ ასაკში უნდა იჭიდაოს და გვჯერა, მის სახელს კიდევ ბევრჯერ გაიგებს ქართველი გულშემატკივარი. ისეთი მონდომებული და მებრძოლია, მიზანს მიაღწევს. დასანანია, მამამისი რომ ვერ მოესწრო შვილის ჩემპიონობას.

სოციალურ ქსელში ბევრი სტატუსი გაჩნდა ლუკა მარიამიძეზე. დათო წირქვაძე ასე ეხმიანება ამ ფაქტს (სტილი დაცულია):

"არ გადავშენდებით! დიახ, არ გადავშენდებით! დღეები გადის, თვეები, წლები და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა საამაყო და სამაგალითო გვესმის. იმას, რაც დღეს 18 წლის ლუკა მარიამიძემ გააკეთა, არ ვიცი, რა დავარქვა. ამ პატარა ბიჭმა მთელ ცხოვრებაზე სხვა თვალით შემახედა! თუმცა რა შორს მივდივარ, 50 წელს მიტანებული ვარ და ტირილის მეტი ვერაფერი შევძელი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დღეს ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის. მოდით, ლუკას დავუბრუნდები და მოგიყვებით იმ გაუგონარ ვაჟკაცობაზე, ამ წლოვანებით პატარა, მაგრამ კაცობით უზარმაზარმა ბიჭმა რაც გააკეთა. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. ნახევარფინალის მიმდინარეობისას დარბაზიდან უსაყვარლესი, მისი საფიცარი მამა გულშემატკივრობდა, რომელსაც გულის შეტევა დაემართა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ლუკამ მიმდინარე შეხვედრა ჩაამთავრა, მოიგო, მაგრამ რა სიხარულზე იყო საუბარი?! წავიდა ლუკა სახლში, გადაასვენეს გარდაცვლილი მამაც და დღეს ფინალის დაწყებამდე მთელი დარბაზი სინანულით რომ იხსენებდა წინადღეს მომხდარ ტრაგედიას, კარი გაიღო და ლუკა გამოცხადდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა შოკი იყო ყველასთვის ამ ვაჟკაცის დანახვა! მივიდნენ, მიუსამძიმრეს და ისიც უთხრეს, - წადი ლუკა სახლში, აუცილებლად მოგეცემა შანსი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისო. რა თქვა, იცით, ამ ბუმბერაზმა ბიჭმა? არა, მამას შეპირებული ვიყავი, რომ მოვიგებდი და მის სულს უნდა მივუძღვნაო!!!! აქ შეიძლება დამემთავრებინა, მაგრამ არა, ლუკამ წონაც ჩააბარა, შეხვედრაც ჩაატარა უმაღლეს დონეზე და მამაზე შეპირებული ოქროს მედალიც მოიპოვა!!! ეს საქციელი, ეს კაცობა, ეს სიყვარული ყველა მედალზე ძვირფასია!!! გმადლობ ძმისშვილო, ვიზიარებ შენს მწუხარებას და ძალიან, ძალიან ამაყია დღეს შენით მთელი ჭიდაობის სამყარო და ალბათ, არა მარტო ჭიდაობის სამყარო! ღმერთმა ამრავლოს ასეთი კაცები ჩვენს ქვეყანაში და არ გადავშენდებით".

კიდევ ერთი გულშემატკივარი წერს (გთავაზობთ ამონარიდს ამ პოსტიდან):

"მინდა ყველა იცნობდეთ ამ ოქროს ბიჭს, სულით ხორცამდე ქართველს, ნამდვილ, ჭეშმარიტ ფალავანს!.. ყველა ფიქრობდა, რომ დღეს ლუკა ჭიდაობას ვეღარ შეძლებდა, თუმცა დარბაზში მოვიდა არა იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო (ეს ტიტული და ზოგადად ტიტულები არ აკლია), არამედ მამის ხათრით, მის პატივსაცემად. მოკლედ ზედმეტ დრამატიზებას რომ შევეშვათ, დღეს ლუკამ ფინალური შეხვედრა წმინდად მოიგო, მერე ცრემლი ვერ შეიკავა და ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ლუკამ ეს გამარჯვება მამის ხსოვნას მიუძღვნა. აფერუმ ლუკას ვაჟკაცობას, საკუთარ თავში იპოვა ძალა და ბოლომდე მიიყვანა საქმე, ამით პატივი მიაგო მშობელი მამის სულს".

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია უსამძიმრებს ლუკა მარიამიძეს მამის გარდაცვალებას. მას დიდ სპორტში წარმატებებს ვუსურვებთ!

თეა ხურცილავა