"ეს ნიშნავს ჭიათურის პლატოს მკვდარ ზონად გამოცხადებას..." - გზაპრესი

"ეს ნიშნავს ჭიათურის პლატოს მკვდარ ზონად გამოცხადებას..."

დაახლოებით 150 წლის წინ დაწყებული მანგანუმის რეწვამ შექმნა ქალაქი ჭიათურა. ჭიათურას, როგორც ურბანულ პუნქტს, უამრავი პრობლემა აქვს, რაც სამთო-მოპოვებით ინდუსტრიას უკავშირდება. მანგანუმი, როგორც მეტალი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წიაღისეულია. ჭიათურაში არსებული ეს მადანი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან საექსპორტო დანიშნულება აქვს. ასევე, ჭიათურის საბადოს გამო აშენდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში დაახლოებით მსოფლიო ფეროშენადნობის მთელი მოცულობის დაახლოებით მეოთხედს აწარმოებდა. ჭიათურის შესახებ ზოგადი აზრები ასე ფორმულირდება: მანგანუმის წარმოება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში გამორჩეულად მაღალ, სოლიდურ პროცენტულ კომპონენტს წარმოადგენს; ჭიათურა არის ეკოკატასტროფის ზონა; ყვირილა, რომელიც უბინძურეს მდინარეს წარმოადგენს, მეტალის რეცხვის გამო "შავდება"; ჭიათურაში ასტრონომიული ფული "კეთდება" როგორც მადნის რეწვა-რეალიზაციით, ასევე დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურების ხარჯზე, რაც მანგანუმის დაბალ თვითღირებულებას განაპირობებს და აფრიკა-ლათინურ ამერიკაში წარმოებული პროდუქტის ფასისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება (მოგეხსენებათ, რომ ამ ორ კონტინენტზე შრომითი რესურსის სიჭარბე განაპირობებს კიდეც მის სიიაფეს).

ყველაზე მეტად ჭიათურაში მაშინ იძაბება სიტუაცია, როცა არჩევნების პერიოდი ახლოვდება, თუმცა არის შემთხვევებიც, როცა სოციალური მდგომარეობის გამო უპირისპირდებიან სამთოელები მენეჯმენტს. თუმცა, ამჯერად წარმოებას სერიოზული პრობლემა შეუქმნა შუქრუთის მოსახლეობამ...

ერთ-ერთმა ჭიათურელმა, რომელმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა, აღნიშნა:

"იმის თქმა, რომ ჭიათურას არაფერი ეტყობა მანგანუმის რეწვით, არაა სწორი. ყველა სიკეთე და პრობლემა "შავ ოქროს" უკავშირდება. ვერ ვწყვეტთ მოხმარებას, ვერ ვწყვეტთ წარმოებას, წარმოება კი იწვევს აუცილებლად ეკოლოგიურ პრობლემებს და არა მარტო ეკოლოგიურს. არავის შეუძლია დაითვალოს იმ დაპირისპირებათა შედეგი, რაც ამ წარმოებას მოჰყვა. სამარცხვინო ფასად გაყიდული მანგანუმის საბადო და მთელი ის საწარმოო რესურსები, რომელიც დიდი ხანია, არსებობს, თუნდაც ამორტიზებული სახით, მიზერულ თანხად გასხვისდა. ამ გასხვისებასაც კი ჰქონდა დადებითი მხარე - სხვა შემთხვევაში მთელი ტექნოლოგიური კომპლექსი გაიძარცვებოდა. არც ისაა საიდუმლო, რომ მანგანუმის წარმოება მუდამ საარჩევნო ყულაბას წარმოადგენდა, გასაიდუმლოებულად "აკრეფილი" თანხების გარდა, ელექტორატულად ამ წარმოებაში დასაქმებულებიც საინტერესო და მიმზიდველი იყვნენ ყოველთვის. ვის ხელშია მანგანუმის წარმოება, ამაზე რომ გიპასუხოთ, თავად არ ვიქნები დარწმუნებული ჩემი პასუხის სისწორეში. ის კი სიმართლეა, ვისაც ხელი მიუწვდება, არავინ ამბობს უარს ფულზე, რადგან ფულს არც სუნი აქვს და ჩვენს შემთხვევაში - არც ფერი და მორალი! ჭიათურის სიმდიდრე უკრაინისა და ამერიკისკენ რომ მიემართება, ეს არაა საიდუმლო. ასევე, ჩანს, რომ "შავი ოქრო" ილექება საქართველოშიც, თუმცა, შედარებით უმნიშვნელო მოცულობით. ერთადერთი, ვინც მახსენდება, რომ ჭიათურის მანგანუმი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის სასიკეთოდ "მოაქცია", ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი წერეთელი იყო. დაპირისპირებებს ამ კაცმა იმისთვის გაუძლო, რომ ბუნებრივი მოსაკრებლის მაჩვენებელი გაეზარდა. რამდენიმე მილიონის ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად შედინება მისი დამსახურებაა და ვიცი, ამ საკითხის მოგვარებაში მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი დაეხმარა. არიან ადამიანები, რომლებიც შიდა კონტრაქტების საფუძველზე კუსტარულად, კოოპერატივების სახელით მოიპოვებენ მანგანუმს და ქალაქგარეთ გააქვთ ის მოგება, რაც რჩებათ, ამიტომ არ ეტყობა არაფერი ქალაქს. ვერც გაამტყუნებ, გონიერი ადამიანი ჭიათურაში ფულს, გარდა მანგანუმის მოპოვებისა, არსად დააბანდებს. არავინ იცის, როდის გადაითხრება რომელიმე ის უბანი, სადაც უძრავი ქონება არსებობს თუნდაც ათეული წლებია; ან შვილებს ვინ გააჩერებს ქალაქში, სადაც წყალიც, ჰაერიც და პერსპექტივაც კი შავია?! ამბობენ, რომ 80-დან 200 წლამდე იკმარებს მანგანუმი სარეწავად ჭიათურაში და ვსვამ კითხვას, 200 წლის მერე რა პერსპექტივა აქვს ამ ქალაქს? გადაჭარბებული წარმოდგენა ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ჭიათურაში, თავის მოტყუებაა! ჭიათურის პლატო, რომელიც ფაქტობრივად ეწერი ნიადაგების გამო ისედაც არ იყო მიმზიდველი აგროწარმოებისთვის, მიწისქვეშა დამუშავების გამო, მთლიანად გაუდაბნოების პირასაა. ასევე, მიმდინარეობს მეწყრული პროცესები და ის საწარმოო წარსული, რომელიც ხელთ გვაქვს ბოლო 140 წლის განმავლობაში, ნიშნავს ან სარეკულტივაციო საქმიანობის ინტენსიური განხორციელების აუცილებლობას, ან კიდევ, ჭიათურის პლატოს მკვდარ ზონად გამოცხადებას! სახელმწიფოს ჩარევა სპეციალური მმართველის დანიშვნის სახით, არა მგონია, გრანდიოზულად შედეგიანი იყოს. გადახედეთ ჭიათურას, რა არის მნიშვნელოვნად შეცვლილი? ყვირილა ისევ შავია, რეკულტივაციის მასშტაბების მიუხედავად, ვერ ვხედავთ ბიოჯაჭვის არსებობას, ხელფასები ისევ მცირეა, ქალაქი ისევ მტვრიანია, ზესტაფონთან დამაკავშირებელი გზა, ვიდრე არ დაინგრა, სარკინიგზო გადატანა არ დაიწყეს; მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საბანკო ვალდებულებებშია გახვეული, კატასტროფულია სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და დაავადებების გეოგრაფიაზე საუბარიც აღარ მინდა! ერთსაც დავამატებ, ვიდრე ის მიდგომა იქნება, რომ მხოლოდ მაღაროელის დაბალანაზღაურებაზე იქნება დამოკიდებული ბიზნესოპერატორის გამდიდრება, მანამდე ჭიათურაში არაფერი შეიცვლება. ყველა საპროტესტო აქცია მთავრდებოდა იმით, რომ დასაქმებულებს მინიმალურით "შეიტყუებდნენ" წარმოებაში და ასევე იმითაც, რომ მანგანუმის წარმოების გაჩერება ქალაქის სიკვდილს გამოიწვევდა! სინამდვილეში, მეტად სოციალური უნდა გახდეს ეს წარმოება. თუ ბიზნესი უფრო მეტად შემოიჭერს ქამარს, შეკვეცავს კომფორტის არეალს, ბევრად პერსპექტიული გახდება ამ ქალაქში ცხოვრება".

ჩვენ ხელთ გვაქვს ნუსხა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა 2019 წელს "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ჭიათურასა და ზესტაფონში. ჩამონათვალში არის ინდუსტრიული მოდერნიზაციის, ეკოლოგიური, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები (ნუსხა მოიცავს 23 პუნქტს). ამ ჩამონათვალში ყველაზე მნიშვნელოვნად დასახელებულია ახალი ქარხანა, რომელიც მადნის გადამუშავების ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს იყენებს, თუმცა, ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ამ ქარხნის პროექტი სპეცმმართველის დანიშვნამდე არსებობდა და მის აშენებასა თუ ექსპლუატირებას ხელოვნურად აფერხებდნენ. ჩვენთან საუბარში სპეცმმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ დაგეგმილია ახალი ქარხნების აშენებაც, ასევე - ისეთი სოციალური პროექტები, რომლებიც ქალაქს და მუნიციპალიტეტს წაადგება.

GzaPress ახლა კი მივუბრუნდეთ ზემოთ აღნიშნულ პრობლემას: სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ წარმოების ბლოკირებას საფუძვლად დაედო ადგილობრივთა მოთხოვნების იგნორირება. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიასთან 6 თვის წინ დაწყებული მოლაპარაკების პუნქტები არ შესრულდა. თებერვალში კვლავ განახლდა საპროტესტო აქციები, რომელზეც სამი ძირითადი მოთხოვნა გამოიყო: სამუდამოდ უნდა შეწყდეს სოფლის სასაფლაოსა და ეკლესიის ტერიტორიის ქვეშ მანგანუმის მოპოვება და აფეთქებები; აუცილებლად ადეკვატურად უნდა ანაზღაურდეს ის ზარალი, რაც მოსახლეობამ წარმოებისგან მიიღო; ეკონომიკის სამინისტრომ მკაცრად უნდა აკონტროლოს, თუ როგორ ახორციელებს ბიზნესოპერატორი მანგანუმის რეწვას და ნათია თურნავა უნდა შეხვდეს ადგილობრივებს, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და წერილობითი გარანტიის სახით წარმოადგინოს დოკუმენტი. უკვე ორ კვირაზე მეტია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დაახლოებით 90% გაჩერებულია, რადგან მოსახლეობა კომპანიას არ აძლევს საშუალებას, შევიდეს ობიექტებზე. მოსახლეობას არ ჰყავს გამოყოფილი საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც კომპანიასთან ერთპიროვნულად დაიწყებს მოლაპარაკებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას კოლექტიური ურთიერთობის ფორმა აქვს არჩეული, მაინც გამოკვეთილია რამდენიმე პირი, რომლებიც უმეტესად სოფლის წარდგენილი არიან მოლაპარაკებათა საწარმოებლად. ესენია: გიორგი ოსეფაშვილი, გიორგი ნეფარიძე და ჯანიკო ლაბაძე. ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი ოსეფაშვილს, რომლის ემოციური მონათხრობის მოკლე ნარატივი ასეთია: კომპანიამ უპირობოდ უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა; რომ წინა წლის ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან კომპანიის მიერ აუდიტორული შეფასება მოხდა მიზერული თანხით. მაგალითად მოჰყავს 15 შეფასებული ოჯახიდან ერთ-ერთის უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია: ოჯახს, რომელსაც აქვს ერთი ჰექტარი მიწა, რომელზეც განთავსებულია 7 შენობა, მათ შორის, სახლი და დამხმარე ნაგებობები, 1800 ძირი ვაზი, სხვა მრავალწლიანი ნარგავები - შეფასდა 37.500 ლარად. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელში ნაგებობები არაკვალიფიციურადაა აგებული და კვადრატული მიწის ფასი 0,30 ლარია. გიორგი ოსეფაშვილი:

- "ჯორჯიან მანგანეზმა" ოპერირება დაიწყო 2007 წელს, სოფლის ეკლესია კი ბევრად გვიან აიგო. ლოგიკურია, ეკლესიის გუმბათისა და იატაკის დაბზარვა მათი საქმიანობის გამო დაიწყო. რაც შეეხება აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომ არაკვალიფიციურად ვაშენებდით ადრეც და ახლაც, მოვიდეს ნებისმიერი და ნახოს, როგორი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით აგებდნენ სამი თაობის ადამიანები თავიანთ საცხოვრებლებს, კედლები ზოგჯერ 80-სანტიმეტრიანი რკინაბეტონის კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელმაც გაუძლო მიწისძვრებს, მაგრამ მიწისქვეშა საქმიანობების გამო დაიბზარა. თავად ეკლესიაც, რომელიც ახალი აგებულია, არაა მეწყრულ უბანში, არც მიწისძვრა ყოფილა მისი აშენების შემდეგ! ახლა სასაფლაოს ღობეებიც კი დეფორმირებულია და რა თქმა უნდა, ეს კომპანიის საქმიანობითაა გამოწველი! სოფელში წყარო აღარ არსებობს, განადგურებულია ტყე, ჰაერი დაბინძურებულია და ფაქტია, აქ ცხოვრება აღარ შეიძლება, ამიტომ ვითხოვთ ჩანაცვლების მეთოდით ქონების ანაზღაურებას. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ კომპენსაცია. შევხვდით ნიკოლოზ ჩიქოვანს, რომელმაც ჩვენი აზრები მოისმინა, ასევე - დაათვალიერა სოფელი და საკუთარი თვალით ნახა ის ზარალი, რაც კომპანიამ მოგვაყენა. მოლაპარაკებების შედეგი ჯერ არ ჩანს. ჩვენი სურვილია, შეფასდეს აუდიტორულად ზარალი და დასკვნა დაიწეროს 282 ოჯახზე ობიექტურად. აქვე დავამატებ, რომ 282 ოჯახიდან რამდენიმეა ისეთი, ვისი ნაკვეთების ქვეშაც ჯერ არ შეუღწევია კომპანიას, მაგრამ მათთვისაც წინასწარ უნდა გამოიყოს თანხები, რადგან რეწვის დასრულების შემდეგ არ დარჩება არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ ბიზნესოპერატორმა კომპენსაცია გასცეს. გარდა იმისა, რომ წიაღის გამოზიდვას მოსდევს პრობლემების კასკადი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა მიწისქვეშა აფეთქებები, რომელიც მუდამ ისმის ჩვენს სახლებში!

ჩვენ დავინტერესდით ქონების შეფასების საკითხით.

მზევინარ გურაბანიძე, "ალსოს" დირექტორი:

- ვერ გეტყვით, ვინ და რატომ შეაფასა 30 თეთრად კვადრატული მიწა. თქვენ ამბობთ, ჰექტარ მიწაზე გაშენებული 1800 ძირი ვაზი, სხვა მრავალწლიანი ნარგავები, შვიდი შენობა 37.500 ლარად შეფასდა. ჩემი კომპანიის არსებობის ისტორიაში ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ კვადრატული მიწის ფართობი 4 ლარზე ნაკლებად შეფასებულიყოს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის დადგენილება ყველას შეუძლია ნახოს.

ნიკოლოზ ჩიქოვანმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს წარმოადგენს, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მოსახლეობის მიერ წამოყენებული მოთხოვნები იქნება კომპრომისულად გათვალისწინებული, თუმცა კომპანიის ბლოკირება გამოიწვევს სამთოწარმოების შეჩერებას. რაც შეეხება ჭიათურელი სამთოელების პოზიციას (და არა მარტო მათ პოზიციას), პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია ჭიათურის "ტყიბულიზაცია", რაც არა მარტო ადგილობრივების გაღატაკების საფუძველი გახდება, არამედ მუნიციპალიტეტიდან შრომითი რესურსების სწრაფი გადინება დაიწყება, რაც ქალაქის სიკვდილის ტოლფასი იქნება. ამ პრობლემით მთავრობაც უნდა დაინტერესდეს. არ შეიძლება, კორონავირუსით გამოწვეული მღელვარების ფონზე ჭიათურის საკითხი უგულებელვყოთ.

როლანდ ხოჯანაშვილი