"ფულის ყაირათი არ ვიცი, მფლანგველი ვარ" - გზაპრესი

"ფულის ყაირათი არ ვიცი, მფლანგველი ვარ"

რატომ აირჩია პროფესიად ინჟინრობა, რატომ არ უყვარს ფულის დაგროვება, რა ქონება შეიძინა პარლამენტარობის დროს და რატომ დარჩა მხოლოდ ერთი, მამისეული სახლის იმედად - თავისი ცხოვრება-ქონების შესახებ "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია გვესაუბრა.

- მატერიალურად საშუალო ფენის ოჯახში გავიზარდე, ქონება არც თავს გადაგვდიოდა და არც გვშიოდა. მამა ინჟინერი იყო, ავტოქარხანაში მთავარ მექანიკოსად მუშაობდა, დედა - უფროს ექთანად პოლიკლინიკაში. როგორც გითხარით, ფუფუნებაში არ ვიზრდებოდი, მაგრამ დახეული ტანსაცმლითაც არ დავდიოდი, ჯინსიც მეცვა და ველოსიპედიც მქონდა. ავტოქარხნის დასახლებაში ვცხოვრობდით. იქ ყველა ან ხარატი იყო, ან დურგალი, ან ინჟინერი. ამიტომაც, მეც ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. კარგა ხანს ვმუშაობდი საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტურად, ინჟინერ-ტექნოლოგად.

- საკუთარი შრომით, დამოუკიდებლად შეიძინეთ ყველაფერი, რაც გაქვთ?

- ჩემი ნაყიდია მიწის ნაკვეთი თერჯოლაში, სოფელ ჭოგნარში. დამოუკიდებლად ვიყიდე იმიტომ, რომ იაფი იყო - 200 თუ 300 დოლარი ღირდა, თუმცა მაშინ ძნელი საშოვნელი იყო ეგ 300 დოლარი. მაგ ნაკვეთზე დღემდე ვერ მოვახერხე რამის აშენება. მშობლებისგან მემკვიდრეობით მერგო ბინა ქუთაისში, სადაც ახლა ვცხოვრობ. 3 წლის ვიყავი, მამამ ეგ ბინა რომ მიიღო. 4 მოსახლე ცხოვრობდა მაშინ იქ და საერთო ტუალეტი და სამზარეულო ჰქონდა ამ 4 ოჯახს. ახლა ყველას თავ-თავისი აქვს, მაგრამ მაინც კინკლაობენ (იცინის). დღეს ასე რომ აცხოვრა ხალხი, დაჭამდნენ ერთმანეთს. მაშინ მეტი სითბო იყო, ერთმანეთის გატანა იცოდნენ. მოკლედ, მერე ზოგი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და გაყიდა თავისი ოთახი, ჩვენ ვიყიდეთ და 4-ოთახიანი ბინა გამოვიდა.

- პირველი სამსახური და ხელფასი თუ გახსოვთ?

- გულახდილად გეტყვით - მე-9 კლასში ვიყავი, როცა ფულზე ვითამაშე და წავაგე. კარგია, რომ ასე მოხდა, ორ რამეში წამადგა: ამის შემდეგ საერთოდ აღარ გავკარებივარ კაზინოებსა და ტოტალიზატორებს, ძველბიჭური, ყოჩობის პერიოდიც ამით დამთავრდა. მეორე სიკეთე ის იყო, რომ შრომის ფასი ვისწავლე. ის წაგებული ფული, რა თქმა უნდა, მამაჩემმა გაისტუმრა, ოღონდ ზაფხულში ავტოქარხანაში დამაწყებინა მუშაობა, - გაიგებ, ფული როგორი საშოვნელიაო. ორი თვე ვიმუშავე და ჭკუა ვისწავლე. მამა ძალიან შრომისმოყვარე კაცი იყო, უსაქმურად ვერ ჩერდებოდა. ავტოქარხანაში 27 წელი იმუშავა და მერე, ტრავმის გამო, პენსიაში რომ გავიდა, არ მოისვენა და წისქვილი გააკეთა. ეგეც აღარ მაქვს, წლების წინ ისევე გავყიდე, როგორც ნაკვეთები შეკვეთილსა და ცხვარიჭამიაში. გული კი დამწყდა, მაგრამ ბანკის ვალი მქონდა და ამიტომ გავყიდე.

GzaPress

- ბატონო გოგი, ძვირად ღირებული მანქანა თუ გყავთ? - "ჰიუნდაი ლანტრა" მყავს. ეს რა დეინახა ჩემმა თვალებმაო?! - ასეთი არ არის, მაგრამ არც ცუდია.

- ოჯახს მხოლოდ თქვენ ინახავთ თუ მეუღლეც მუშაობს?

- მეუღლეც მუშაობს, დაწყებითების პედაგოგია. მე პენსია მაქვს და პარტიიდან მცირე დაფინანსება. 36 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. ერთი პარლამენტი უკვე "მოვლილი" მქონდა, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, მაგრამ ოჯახს ვუძღვებოდი. 2008 წელი ეკონომიკურად ცუდი იყო ჩემთვის. დეპუტატობის დროს სესხი გამოვიტანე და იმ მიწებთან ერთად ვიყიდე ბინა თემქაზე. დეპუტატის ხელფასი იმის საშუალებას მაძლევდა, რომ ნორმალურად მეცხოვრა და სესხებიც გამესტუმრებინა, მაგრამ როგორც კი უმუშევრად, პენსიის იმედად დავრჩი, რაც ნაყიდი მქონდა, ისიც გავყიდე, მამაჩემის სახლის გარდა. პენსია მაღალი კი იყო, მაგრამ სესხის დასაფარად არ მეყოფოდა. მე რა მიჭირს, ამ დილასაც გამოსახლებაზე ვიყავი ქობულეთში - იმათ რა უნდა ქნან, ჩემზე უკეთესად რომ იყვნენ, აწყობილი ცხოვრება ჰქონდათ, ახლა სახლიც აღარ აქვთ და ლუკმაპური ენატრებათ! ასე რომ არ ვარ, მადლობას ვეუბნები უფალს. სახლი და საჭმელ-სასმელი მაინც მაქვს.

- ანგარიშზე ფულს თუ ინახავთ?

- ადრე რაც მქონდა ანგარიშზე, უკვე შეჭმულია. ფულის ყაირათი არ ვიცი, მფლანგველი ვარ, ჯიბეში არ მიჩერდება და არც ფულის დაგროვების სურვილი მაქვს. ზუსტად ვიცი, ვერ დავაგროვებ. ნეტავ იმდენი მქონდეს, რომ ლამაზად ვიცხოვრო, სტუმრის დახვედრის არ შემრცხვეს და ცოლ-შვილი წელიწადში ერთი თვე მაინც დავასვენო სადმე. ძალიან მშრომელი კაცი იყო მამაჩემი და შეეძლო ფულის დაგროვებაც, მაგრამ თან არავის არაფერი გაუტანებია, იქით ვამოწმებდით, აბა, ზედმეტი ხომ არ მიაქვს რამეო. მე ვინ რას ჩამატანს?!.

- მეუღლე არ გსაყვედურობთ უყაირათობის გამო?

- რა დასამალია და, მსაყვედურობს. ისედაც, მას თბილისში ცხოვრება უნდოდა, მე კი 3 დღეზე მეტს ვერ ვძლებ იქ.

- აბა, რაში ხარჯავთ ფულს? მეუღლეს ანებივრებთ საჩუქრებით, ძვირად ღირებულ ტანსაცმელს ყიდულობთ თუ?..

- არც ძვირფასი ნივთები მიყვარს და არც ჩაცმა-დახურვა. რა თქმა უნდა, მომწონს, ლამაზად რომ მაცვია, მაგრამ რომ ვთქვა, 10 ფეხსაცმელი და 50 შარვალი მაქვს-მეთქი, ასე არ არის. არ მენანება ფულის ხარჯვა მეგობრებთან ერთად ქეიფში. მეუღლისთვის ვიცი საჩუქრების ყიდვა ახალ წელს, 8 მარტს, დაბადების დღეს, როგორ არ ვიცი?!

- ამ 8 მარტს რა აჩუქეთ, თუ გახსოვთ?

- ყვავილები. სხვათა შორის, ჩემი ცოლი უფრო ხელმომჭირნეა. ისიც რომ ჩემნაირი ყოფილიყო, კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე... ისეთი საჩუქარი ურჩევნია, რაც ოჯახში გამოადგება, მაგალითად - ჭურჭელი. ვეტყვი ხოლმე, ამდენი ჭურჭელი რად გინდა, ნუ გადამრიე-მეთქი? უყვარს და რა ქნას?!. მეტყვის ხოლმე, - ფული მე მომეცი და თვითონ ვიყიდი, შენ კარგი არჩევა არ იციო.

- შვილების მიმართ გულჩვილი ხართ?

- ყველაზე კარგი, რაც ამ ქვეყნისთვის გამიკეთებია, შვილები არიან. ჩემი ამოსავალი წერტილია ორივე. გოგო განსაკუთრებით მჩაგრავს, 10 წუთი სჭირდება და უკვე ჯიბეებს ვიცარიელებ ხოლმე (იცინის).

- ე.ი. გიყვართ ფულის ჯიბით ტარება?

- ბარათს იშვიათად ვიყენებ, ძველი ყაიდის ვარ და არც ვცდილობ, შევიცვალო. ბარათით გადახდა კომფორტული კია, მაგრამ ფული ჯიბეში რომ მაქვს, ის მიხარია. ამას წინათ გზაზე ავტომობილს საბურავი დაეშვა, ჯიბეში ლარიანიც არ აღმომაჩნდა და ხელოსანს ბარათისთვის ხომ არ "ვაკბეჩიებდი"? თანამედროვე ტექნოლოგიებზე მაშინ ძალიან გავბრაზდი და მივხვდი, ჯიბეში სულ უნდა გედოს ფული.

- მაინც რამდენი უნდა ჰქონდეს კაცს ჯიბის ფული, გამართულად რომ იგრძნოს თავი?

- 200 ლარი მაინც უნდა გქონდეს, რომ გახვიდე და თევზი, ხორცი, სხვა პროდუქტი შინ მიიტანო, მაგრამ სად არის ასეთი ბედნიერება - ხან 2 ლარიც არ მიდევს, ხან 300 ლარიც დამიხარჯავს რესტორანში. რას ვიზამ, ხან ასეა და ხან ისე...

ნინო ჯავახიშვილი