"სამყაროში ძველებურად აღარაფერი იქნება, დედამიწაზე ახალი წესრიგი მყარდება" - გზაპრესი

"სამყაროში ძველებურად აღარაფერი იქნება, დედამიწაზე ახალი წესრიგი მყარდება"

ასტროლოგები და ეზოტერიკოსები დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი აზრით, ქვეყანა, სადაც ადამიანები პასუხისმგებლობასა და ადეკვატურობას გამოიჩენენ, განსაცდელს გადაიტანს. "ამ სამყაროში ადამიანები ძველებურად ვეღარ იცხოვრებენ, მათ მოუწევთ ცნობიერის განვითარება, სამყაროს უკეთ შეცნობა, ღმერთთან დაახლოება..." - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მისივე თქმით, პროცესი იქნება მტკივნეული, მაგრამ ძალიან სასარგებლო.

- ბატონო მიხეილ, ასტროლოგები და ეზოტერიკოსები ყოველთვის ამბობდით, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი მიზანშედეგობრივ კავშირშია. კორონავირუსის გავრცელებას რას უკავშირებთ?

- ვშიშობ, მკითხველი ადეკვატურად ვერ გაიგებს, რასაც ახლა ვიტყვი. ქალაქ უჰანში შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ლაბორატორიაა, სადაც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ. ბიოლოგიური იარაღი ძირითადად, ვირუსებს უკავშირდება. რატომ არის ეს მოვლენა უნიკალური?! ვირუსი შეუყვანეს ღამურას. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ღამურას ვირუსი არ ვნებს, მაგრამ გადამტანი კი ხდება. ნახეთ, რა უნიკალურ ამბავთან გვაქვს საქმე: გავრცელდა ვირუსი, რომელიც გრიპის 50 შტამისგან არის შექმნილი. ამიტომაც ვერ ახერხებენ მეცნიერები დღემდე ვაქცინის შექმნას. ფაქტია, ვირუსზე, ანუ ბიოლოგიურ იარაღზე ჩინელები მუშაობდნენ. თუმცა, არ ვიცი, დავირუსებული ღამურა შემთხვევით "გაექცათ", მიზანმიმართულად გაუშვეს თუ ვინმე - მაგალითად, ამერიკელები "დაეხმარნენ"... ფაქტია, ღამურა ან ცხოველების ბაზრობაზე მოხვდა, ან ვიღაცამ დაიჭირა და შეჭამა. ის ჩინელებისთვის დელიკატესია. ასე გავრცელდა ვირუსი, რომელსაც ორი ფორმა აქვს: ერთი მსუბუქია და მას ნაწლავური ფლორა ამუშავებს, მეორე აგრესიულია, ფილტვებში ხვდება და პნევმონიას იწვევს. ამბობენ, რომ 25 გრადუსზე ვირუსი კვდება. ესეც სწორად უნდა გავიგოთ: თუ ვინმე ფიქრობს, რომ უცხოეთში ვირუსი შეეყრება, მერე აქ ჩამოვა, მზეზე დაჯდება და ყველაფერი გაუვლის, ცდება. სიმართლე ის არის, რომ 25 გრადუსზე ვირუსი კვდება და ორგანიზმში ვეღარ აღწევს.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რას მიგვანიშნებს ამით კოსმოსი?

- თქვენ სწორად თქვით - დიახ, შემთხვევით არაფერი ხდება. "ისპანკას" ვირუსის შემდეგ კაცობრიობა ასეთი განსაცდელის წინაშე აღარ დამდგარა. რატომ დაიწყო ვირუსმა შეტევა ჩინეთიდან და რა ხდება ახლა? ამბავი, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვებით, ჩვენს საინფორმაციო საშუალებებს არ გაუშუქებიათ და შესაბამისად, საქართველოში ბევრმა ამის შესახებ არაფერი იცის. ევროპაში სერიოზული პროტესტი გამოიწვია ინტერნეტისთვის "5-ჯი" სისტემის დანერგვის მცდელობამ. ზოგს გაუკვირდა, რატომ გააპროტესტეს ამ სისტემის დანერგვა, როდესაც მისი საშუალებით ინტერნეტის მუშაობა საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა. პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ "5-ჯი" სისტემა ძალიან მძლავრია და ასუსტებს ადამიანის ენერგოველსა და იმუნიტეტს. თითქოს ამბავი ჩაწყნარდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ქალაქ უჰანში ეპიდემიის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე, "5-ჯი" სისტემისთვის 12 სადგური დაამონტაჟეს. ასევე, გარკვეული სამუშაოები ჩატარდა ამ სისტემის დასანერგად ლომბარდიასა და მილანში. ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ ფაქტებსა და მათ ერთმანეთთან კავშირზე მეცნიერებმა ახლა დაიწყეს კვლევა... ახლა ის ვთქვათ, რა ეზოტერიკული წესები დაარღვიეს ჩინელებმა. როდის დაიწყო კორონავირუსის გავრცელება? მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის პერიოდში, 25 დეკემბრიდან 10 იანვრამდე. მზისა და მთვარის დაბნელება მძიმე პროცესია და ამ პერიოდში მომხდარ აქტივობას ყოველთვის მოჰყვება სასჯელი. ჩინელები იმიტომ დაისაჯნენ ("5-ჯი" სისტემის სადგურებს თავი რომ დავანებოთ), რომ ვირთხის წელიწადში ღამურას საშუალებით, თანაც მზისა და მთვარის დაბნელებების შუალედში გაავრცელეს ვირუსი.

GzaPress

- ვირთხის წელი ღამურასთან რა კავშირშია? - ღამურა ხომ ვირთხისებრთა ოჯახის წარმომადგენელია!.. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია: ვირუსის გავრცელების დროს შავი მთვარე, ე.წ. მაცდუნებელი ძალა, ლილიტი, სატანის მეცხრე მოციქული თევზების ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა. თევზების ზოდიაქო კი სწორედაც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ამ ასტროლოგიურმა ნიშნებმა ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას. ახლა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რა სიგნალი მოგვცა კოსმოსმა? სამყარომ უკვე გვანიშნა, რომ კაცობრიობა ძველებურად ვეღარ იცხოვრებს, ანუ რაღაც უნდა შეიცვალოს ჩვენს ცხოვრებაში - ეს არის გონებრივი აპოკალიფსის პირველი საფეხური. აპოკალიფსი ხალხს რატომღაც, ნგრევასთან დაკავშირებული უბედურება ჰგონია. სინამდვილეში, აპოკალიფსი არის გარდაქმნა, ტრანსფორმაცია. დღეს კოსმოსი მიგვანიშნებს, რომ ჩვენმა გონებამ ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს, სული განავითაროს და მომდევნო საფეხურზე აიყვანოს. დღეს ჩვენ ბუნებრივი განვითარების მესამე განზომილებაში ვიმყოფებით. ახლა მეოთხე განზომილებაში გადასვლის პროცესი დაიწყო. მალე ადამიანი უფრო მეტს გაიგებს კოსმოსურ სამყაროზე, მეტად დაუახლოვდება ღმერთს და განუვითარდება ინტუიციის უნარი. პროცესი ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ადამიანები მზად უნდა იყვნენ ამისთვის. ესენი არიან უფროსი თაობის წარმომადგენლები, მათ იმუნიტეტიც უფრო დაბალი აქვთ და არც გარდაქმნებისთვის არიან მზად. ხომ ხედავთ, ვირუსი ბავშვებს როგორ ინდობს?! ესენი ინდიგო ბავშვები არიან, ე.წ. ახალი თანავარსკვლავედიდან ჩამოსული შვილები, რომელთა ენერგია და გონებრივი მონაცემები თეთრი რასის ხალხზე ძლიერია. ამიტომაც არის, რომ ბავშვები უკეთესად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და კომპიუტერულ სისტემებს. მოდი, ვაღიაროთ, აშკარად გვისწრებენ სიახლის ათვისების შესაძლებლობით. შესაბამისად, გარდაქმნისთვისაც მზად არიან. პროცესი დაწყებულია...

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ აპრილის ბოლოსთვის კორონავირუსზე უფრო დიდი საფრთხე დააანონსეთ. რას გულისხმობდით?

- ტყუილი გამივრცელეს, მსგავსი არაფერი მითქვამს. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ აგვისტოსა და სექტემბერში ხანძრისა და ავარიის შემთხვევები გახშირდება, ფრთხილად რომ ვყოფილიყავით. ნაცნობები შეშინებულები მირეკავდნენ: რა გველის აპრილის ბოლოსო? არაფერი საშინელება, მთავარია, ფრთხილად ვიყოთ, პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ვირუსი მზისა და მთვარის დაბნელებისას გავრცელდა, როგორც წესი, ასეთ დროს დაწყებული ამბავი ისევ დაბნელებისას უნდა დასრულდეს, ვფიქრობ - აპრილის ბოლოს. ივნისის დასაწყისში სიტუაცია გამოსწორდება. აი, ნახავთ, ეს ყველაფერი რომ ჩაცხრება, სამყარო სულ სხვანაირი იქნება.

- მაგალითად, როგორი?

- მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პანაშვიდზე ვიყავი. მეგონა, საქართველოში არ ვიმყოფებოდი - არ იყო გამართული ძველებურად, ხვევნა-კოცნა... შარშან ღორის გრიპით ოცდაათი კაცი გარდაიცვალა, მაგრამ რესტორნებში ტაშ-ფანდური და ხვევნა-კოცნა არ შეწყვეტილა; წელს არავინ გარდაცვლილა, მაგრამ ნახეთ, რა ხდება?! აშკარად იწყება გარდაქმნა, ცნობიერება განვითარდა, ხალხი სხვაგვარად იქცევა. იმედია, სამყაროს გამოცდას კარგად ჩავაბარებთ.

- რა უნდა ვქნათ, გამოცდა ჩაბარებულად რომ ჩაგვეთვალოს?

- წესრიგი უნდა დავიცვათ. სამყარო ჩვენგან პასუხისმგებლობას ითხოვს. ნუ ვიქნებით გულგრილნი: საჭიროა თვითიზოლაცია? დავიცვათ თვითიზოლაციის წესი, საჭიროა კარანტინი? დავიცვათ კარანტინის წესი. ჩემი მხრივ, ერთი რამ შემიძლია გირჩიოთ: შიშისგან გათავისუფლდით და მოიქეცით ყურადღებით, პასუხისმგებლობით. ვირუსებზე მიმუშავია, პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ. ვირუსი ცოცხალი ორგანიზმია. ხშირად მინახავს მათი რეაქცია მიკროსკოპში. მათ მოსწონთ შიშით დათრგუნვილი ორგანიზმი. დავთრგუნოთ შიში, ხშირად დავიბანოთ ხელები, მამაკაცებმაც და ქალებმაც სისტემატურად გამოვიყენოთ სპირტის შემცველი ჰიგიენური საშუალებები, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ხათუნა ბახტურიძე