ქმრის დაჭრაში ბრალდებული ქალი სასამართლომ გაამართლა - გზაპრესი

ქმრის დაჭრაში ბრალდებული ქალი სასამართლომ გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მეუღლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებდნენ, გაამართლა. არადა, მისთვის წაყენებული ბრალი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დიდი ბრძოლის შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" იურისტმა, ელისო რუხაძემ სასამართლო დაარწმუნა, რომ ორი შვილის დედა მოძალადისგან თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ორ წელზე მეტხანს ელოდებოდა ბრალდებული ნანა გოგალაძე მოსამართლის ვერდიქტს. მისი მონათხრობიდან თვალნათლივ ჩანს, როგორ ექცევა მოძალადის გავლენის ქვეშ მსხვერპლი. წარმოუდგენელი, მაგრამ რეალური ამბავია - იმ დროს, როცა ბრალდებულ ქალს ქმრის დაჭრაში ადანაშაულებდნენ, მისი დაჟინებული თხოვნით, კვლავ შეუღლებას დათანხმდა, მაგრამ წყვილის ერთად ყოფნა ისევ ხანმოკლე აღმოჩნდა...

ნანა გოგალაძე:

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა ეროვნებით ოსი მყავდა. გარკვეული წლები ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი, იქვე გავთხოვდი, მაგრამ მეუღლეს დავშორდი. 2017 წელს, 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში დავბრუნდი. წლების შემდეგ ძველ შეყვარებულს შევხვდი. ადრე, ჩვენ დაოჯახებას ვაპირებდით. გაირკვა, რომ ვიღაც გოგო მისგან 5 თვის ფეხმძიმე იყო და დაქორწინდნენ. მე ქვეყნიდან წავედი. ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, მითხრა, მთელი ცხოვრება გეძებდიო. იმ გოგოსთან თურმე ერთი წელი იცხოვრა. რომ გაიგო, მეც ქმარს გაცილებული ვიყავი, ცოლობა მთხოვა. შევუღლდით. ერთად ცხოვრებისას აღმოვაჩინე, რომ ძალზე შეცვლილი, ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. ტელეფონის ზარებს, სოციალურ ქსელში მიმოწერას მიმოწმებდა. ორ თანაკლასელ ბიჭთან ვმეგობრობდი, ჩემი ბავშვები მოვანათვლინე. აღმოვაჩინე, რომ ნათლიების ნომრები ჩემი ტელეფონიდან ჩუმად წაშლილი ჰქონდა. რაც დრო გადიოდა, ჩვენი ერთად ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა.

- რამდენ ხანში დაიწყო კონფლიქტები?

- თავიდან ცდილობდა, არ გამოემჟღავნებინა ნამდვილი სახე, მერე დაიწყო კონტროლი, - ვის ელაპარაკე, რამდენი წუთი, რაზე ელაპარაკე?.. მერე გავიგე, რომ ნარკოტიკს მოიხმარდა. თუ წამლის დოზა დააკლდებოდა ან "ლომკაში" იყო, აგრესიას ჩემსა და ჩემს შვილებზე ანთხევდა. მეუბნებოდა, შენი სიყვარულის დავიწყება და ცხოვრების თავიდან დაწყება ვერ მოვახერხე, ამიტომ წამლის მოხმარება დავიწყე, მერე მივატოვე, მაგრამ ისევ ხელახლა დავიწყეო. ერთადერთი ნათელი სხივი ხარ ჩემს ცხოვრებაში. სიტყვებით ადამიანის მოთაფვლა ეხერხება.

- ახალი წლის ღამეს მომხდარ ინციდენტზე გვიამბეთ.

- ახალი, 2018 წლის ღამე იყო. სერიოზულად ვიჩხუბეთ ეჭვიანობის გამო. ჩემი შვილების მამა ვლადიკავკაზში ცხოვრობს. ბავშვებმა ახალი წელი მიულოცეს ჩემი ტელეფონით და მეც დაველაპარაკე. ამაზე გადაირია, მახრჩობდა. მოგერიება მოვახერხე, მაგრამ სახე ჩამოვფხაჭნე. გამწარებულმა თავი დამანება. მეზობელთან ვაპირებდი, დასახმარებლად გასვლას, როცა ისევ მომვარდა, მუხლები მკერდზე მიმაბჯინა, განძრევის საშუალება არ მომცა და ყელში მიჭერდა. ამას ბავშვები უყურებდნენ. უფროსი ბიჭი 10 წლის იყო. ის გავარდა მეზობელთან. მერე მეორე შვილმა მითხრა, - დედა, არ მინდოდა დამენახა, როგორ გკლავდა, "ადიალა" გადავიფარე და შიშისგან გონებაც დავკარგეო. მეზობელი შემოვარდა და მომაშორა. როგორც იქნა, ამოვისუნთქე. ისე ვყავდი გაკავებული, ვეღარ ვინძრეოდი, მკლავდა. მაშინვე დავრეკე 112-ში და შეშინებული, პოლიციის მოსვლას ველოდებოდი. პატრული 45 წუთი არ მოვიდა. ახალი წლის ღამე იყო, ქუჩები ცარიელი, ღამის სამი საათი. წესით, არ უნდა გასჭირვებოდათ მოგნება, ნავიგაციებიც აქვთ და სისტემა კარგადაა აწყობილი, მაგრამ მერე ამბობდნენ, მისამართი ვერ ვიპოვეთო. მეზობელმა რომ გაგვაშველა, თქვა, - ხვალ დილით ადრე ვარ სამსახურში წასასვლელი, უნდა გავიდე, თქვენ დაწყნარდითო. ისევ მარტო დავრჩით. ქმარმა გაიგო, პოლიცია რომ გამოვიძახე, ამაზე სულ გაგიჟდა. რას მიჩალიჩებო?! და ისევ გადმოვიდა შეტევაზე. არასოდეს დამავიწყდება მისი ჩაწითლებული, არაადამიანური თვალები, ისევ ჩემკენ მოსაკლავად გამოემართა. სახე შეშლილი ჰქონდა, მოკვლით მემუქრებოდა. ერთი საფეხურიღა იყო სამზარეულომდე ასასვლელი, რომ შემოტრიალდა. მომენტით ვისარგებლე, რაც ხელში მომხვდა ავიღე და ჩავარტყი. სამზარეულოს დანა იყო. რომ მივხვდი, რაც ჩავიდინე, ისევ 112-ში დავრეკე და "სასწრაფო" გამოვიძახე. მანამდე გამოვარდა ისევ ის მეზობელი და სხეულში ჩარჭობილი დანა მან ამოუღო. ჩემი ქმარი სახლიდან გაიქცა, - არ მინდა პოლიციას დავხვდეო. მეზობელი მისდევდა, სად მიდიხარო?!. მერე მითხრა, თურმე სადარბაზოში იმალებოდა პოლიციის წასვლამდე, მერე ნათესავთან მისულა - ის ქირურგია და ურჩევია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისვლა. შემთხვევიდან ორ საათში რესპუბლიკურში თვითონ მივიდა.

GzaPress

- როგორც ვიცი, თქვენც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაგიყვანეს. - სხეულზე ბევრი დაზიანება მქონდა და რესპუბლიკურში გადამიყვანეს. მოვუყევი, რაც მოხდა, მაგრამ პოლიციამ მე დამაკავა. დილის 6-ის ნახევარზე ამ საავადმყოფოში ჩემი ქმარი რომ დავინახე, შოკში ჩავვარდი. შემეშინდა, არ მოვეკალი. ექიმებს ვეუბნებოდი, ყველაფერი კარგად მაქვს, არაფერი მჭირდება-მეთქი, გაქცევას ვაპირებდი, მაგრამ პოლიციელებმა არ გამიშვეს. რაც დრო გადიოდა, უფრო ცუდად ვიყავი. თავიდან, იმ ემოციებში, ტკივილს ვერ ვგრძნობდი. არადა, მთელი სხეული დალურჯებული მქონდა. მეორე დღეს ისევ მეტყობოდა ყელზე მისი ნათითურები. სარკეში რომ ვიხედებოდი, მეშინოდა. სიცხემაც ამიწია. საქმე ჩემს წინააღმდეგ აღიძრა. კარგა ხანს არ ვიცოდი, რა მუხლით წამიყენეს ბრალი. ახალგაზრდა პროკურორი ქალი მეუბნებოდა, არაფერი გემუქრება, თავს იცავდი და არც ადვოკატი გჭირდებაო. საქართველოში წლები არ მიცხოვრია, ქართულიც კი დავიწყებული მქონდა, ქართულად აზროვნებაც კი მიჭირდა. დავუჯერე პროკურორს, რომელმაც მომატყუა. პროცესზე კარგად ვერც ვიგებდი, რას მედავებოდნენ.

- თქვენი დაპატიმრება პროკურორმა მოითხოვა?

- პროკურორმა მითხრა, რასაც ვიტყვი, ყველაფერში დამეთანხმეო. ჩემთვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. ადვოკატის გარეშე ვიყავი, მაგრამ მაინც ვთქვი, არ მაქვს თანხა, 200 ლარსაც ვერ გადავიხდი, ბინის ქირას ძლივს ვიხდი-მეთქი. მოსამართლემ 1.000-ლარიანი გირაო შემიფარდა. პროცესიდან გამოსული პროკურორი დამემუქრა, - რატომ შემეწინააღმდეგე, დედას გიტირებ, ამოგალპობ ციხეშიო. 30 წლამდე ასაკის გოგო იყო. უამრავ საბუთზე მომაწერინა ხელი!.. ვუთხარი, წავიკითხავ და ცოტას მაინც გავიგებ-მეთქი. - რაც ილაპარაკე, ის წერია და არ უნდა წაკითხვაო. მერე გავიგე, 6 წლამდე პატიმრობა რომ მემუქრებოდა.

- ადვოკატი როდის აიყვანეთ?

- 1.000-ლარიანი გირაო შეფარდებული მქონდა, ადვოკატი რომ ჩაერთო. მეგობრებმა მირჩიეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარში" მივსულიყავი... მშობლები არ მყავს, დედისერთა ვარ, რამდენიმე მეგობარი შემომრჩა, რადგან აქ არ ვცხოვრობდი. თბილისი ჩემთვის უცხო ქალაქი გახდა, სახლიც არ მაქვს, ნაქირავებში ვარ. სახლი რომ გავყიდეთ, დედაჩემი იმ ფულის გამო დააყაჩაღეს და მოკლეს. რომ არა ადვოკატი ელისო რუხაძე და ამ ორგანიზაციის მხარში დგომა, ახლა ციხეში ვიქნებოდი და ჩემი შვილები ალბათ - თავშესაფარში. ბავშვებმა დიდი სტრესი გადაიტანეს, ფსიქოლოგთან დამყავდა. ორ წელზე მეტხანს უანგაროდ მიცავდა ადვოკატი ელისო რუხაძე. ჩემი სიმართლე დაამტკიცა... მოსამართლემ განაჩენი რომ გამოაცხადა, იმდენად დაძაბული ვიყავი, ვერ გავიგე, რა თქვა... როცა მივხვდი, თავისუფალი ვიყავი, საოცარი ემოცია დამეუფლა. კიდევ არ მჯერა, რომ ეს კოშმარი დამთავრდა.

- უცნაური ამბავი შევიტყვე: როცა ბრალდებული იყავით, ამ დროს ქმარმა შერიგება შემოგთავაზათ და თქვენ ოფიციალურად იქორწინეთ. ეს მართალია?

- პასპორტი და პირადის მოწმობა სასამართლომ ჩამომართვა. ბრალი წამიყენეს. ქმარი მეუბნებოდა, - თუ ჩემთან არ იქნები, შენს თავს დავაჭერინებ ან მოგკლავ და დაგასახიჩრებო. ვიცოდი, საქართველოდან ვერ წავიდოდი, - საბუთები არ მქონდა. იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან სიყვარულს მეფიცებოდა და თან მიმტკიცებდა, აუცილებლად გამოვსწორდები, წამალს არ გავიკეთებ, შენს შვილებსაც მოვუბოდიშებ და ყველაფერი დალაგდებაო. ისეთი საუბარი ეხერხება, რასაც უნდა, იმას ჩაგაგონებს. მარწმუნებდა, რომ უმისოდ ვერაფერს ვიზამდი, არავინ მყავდა გვერდში მდგომი... 6 თვე ვიცხოვრეთ ისევ ერთად, მაგრამ ეჭვიანობის ნიადაგზე, ისევ ისტერიკები, ისევ ცემა-ტყეპა დაიწყო. ისევ გამოვიძახე პატრული მაშინ, როცა ჩემი დაქირავებული ბინიდან შუაღამეს ორი პატარა ბავშვით ქუჩაში გამომაგდო. გამოვიძახე "სასწრაფოც", რადგან უფროსი შვილი ცუდად გამიხდა. მერე აღმოჩნდა, რომ ისევ ნარკოტიკები, ისევ აზარტული თამაში იყო მისი ცხოვრება... ახლა მის წინააღმდეგაა საქმე აღძრული. ის მამშვიდებს, რომ შემაკავებელი ორდერია გამოცემული. მე და ჩემი შვილები ნაქირავებში ვცხოვრობთ, ვმუშაობ და ვიცი, ვეღარ მომეკარება. მეორედ შერიგებას ვნანობ. საკუთარი თავის მიმართ რწმენაც გამიქრო. რომ არა "საფარი", დღეს ციხეში ვიქნებოდი.

GzaPress ადვოკატი ელისო რუხაძე: - მართლა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. ორწელიწად-ნახევარი, ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის პროკურატურას მძიმე მუხლი ჰქონდა წარდგენილი. ბევრი ვიმუშავე. აუცილებელი მოგერიების საქმეს როცა ჰკიდებ ხელს ადვოკატი, ბეწვის ხიდზე გადიხარ: უნდა დაარწმუნო მოსამართლე, რომ მართლა იმწუთიერი, აუცილებელი მოგერიება და მიზანი - ნამდვილად თავდაცვა იყო. ეს საქმეში აშკარად ჩანდა, მაგრამ პროკურატურამ ამ მუხლით საქმე არ აღძრა და მსხვერპლი ქალი 6-წლიანი პატიმრობისთვის გაიმეტა. პროკურორი ამბობდა, ქურთუკი ეცვა დაზარალებულს, ის გადიოდა სახლიდან, ცდილობდა გარიდებას და ამ დროს დაედევნა ნანა გოგალაძე და დაარტყა დანა შურისძიების მიზნითო. არადა, რეალობა სხვა იყო. ბავშვებმა დაიძინეს, ნანა მათ გვერდით მიუწვა. ქმარი ოთახში შეუვარდა, - რატომ ელაპარაკებოდი ყოფილ ქმარსო?! - პასუხის გაცემა არც აცალა, შვილების თვალწინ მოხრჩობა დაუწყო. ნანას გაგუდავდა, მეზობელს რომ არ მიესწრო... თითქმის ერთი საათი დააგვიანა პოლიციამ, აბსოლუტური გულგრილობა იყო; ამაზეც ცალკე საჩივარი გვაქვს შეტანილი გენინსპექციაში. 45 წუთის შემდეგ რომ მოვიდნენ, ნახეს, ქალს მოძალადე მოგერიებული ჰყავდა; გაიგეს, დაჭრილი რომ იყო, არც კი გამოუკითხავთ მიზეზი, პირდაპირ წაუყენეს ბრალი სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებისთვის!.. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნანა სრულყოფილად ვერ ფლობს ქართულს, რასაც გამოძიება ეუბნებოდა, ვერც იგებდა, მაგრამ არც თარჯიმანი აუყვანეს. ეს ამბავი 1-ლ იანვარს მოხდა, ბრალდებული ქალი ჩვენს ორგანიზაციაში 6 თებერვალს მოვიდა. ისიც კი არ იცოდა, ბრალი რა მუხლით ჰქონდა წარდგენილი. ერთ საათში პროცესი ჰქონდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დანიშნული. ვერ ვასწრებდი საქმეში ჩართვას, აღმკვეთის საკითხის განხილვის პროცესზე როგორც დამსწრე, ისე შევედი... დამთავრდა პროცესი და ჩემი ყურით გავიგონე, როგორ დაემუქრა პროკურორი ქალი დაპატიმრებით. ძალიან ცუდად მოიქცა საქმის პროკურორი, რომელიც ჩვენი ჩართვის შემდეგ ამ საქმიდან მოიხსნა. ჩავატარე საგამოძიებო მოქმედებები და რაც არ გამოიძია პროკურატურამ, გამოვიძიე. აშკარა იყო, ქალი თავს იცავდა მოძალადისგან, ამას ადასტურებდა გამოკითხულთა ჩვენებები.

პრობლემა ის არის, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში აუცილებელი მოგერიებით პირის გასამართლების სულ ორი განაჩენი არსებობს, ისიც - მამაკაცების მიმართ ჩხუბის დროს ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით. ნანა გოგალაძის განაჩენი არის პირველი საქმე, როცა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მოძალადისგან თავდაცვის დროს დაჭრა ქმარი და ამ დანაშაულისთვის არ დაისაჯა. 15 წელია, ადვოკატი ვარ, მსგავსი სხვა შემთხვევებიც მქონია, მაგრამ ის ქალები გასამართლდნენ და დღესაც იხდიან სასჯელს. გაგვიმართლა, რომ საქმე დაეწერა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს, რომელიც პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს იღებს. სიმართლე დამტკიცდა.

- დავის პროცესში რომ შეუღლდნენ, ამ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდით?

- ამ მხრივაც არაორდინარული საქმეა. ერთ დღეს ოფისში მოვიდა ნანას ქმარი. მოძალადეს განვუმარტე, რომ ვერ მოვუსმენდი, მაგრამ დაჟინებით ითხოვდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ჩვენს საუბარს ვიდეოთი გადავიღებდი. მითხრა, რომ ნანას ის განზრახ არ დაუჭრია, რომ ბრალს არ ეთანხმებოდა, გამოძიებამ მოაწერინა ხელი საბუთზე, რომლის შინაარსი მისთვის უცნობი იყო. მთხოვა, საქმის მასალები გამაცანიო. თურმე გამომძიებელმა მოძალადეს დააწერინა, თითქოს ისე მძიმედ დაჭრა ქალმა, ორი თვე საწოლიდან ვერ დგებოდა, არადა, მესამე დღეს ფიზიკურად მუშაობდა სამრეცხაოში. მისი მონათხრობი ვიდეოზე გადავიღეთ კანონის სრული დაცვით და წარვადგინეთ სასამართლოში. ამის შემდეგ დაიწყო არსებითი განხილვები... მარტში იქორწინეს, სექტემბერში კი ნანა ატირებული მოვიდა და მითხრა, რომ კაცმა მის შვილებს ტანსაცმელი დაუჭრა. სკოლის პერიოდი იყო და ორი კვირა ვერ წავიდნენ ამის გამო ბავშვები სკოლაში... თავისი ხასიათი გამოავლინა, ისევ იძალადა. უამრავი საჩივარი გავგზავნეთ პროკურატურაში, დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, საქმე რომ აღეძრათ ამ კაცის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესზე ჩვენება არ მიუცია. უარი თქვა იმიტომ, რომ თავისივე ჩვენებაში ბევრი წინადადება იყო, რომელიც ადასტურებდა მის ჩადენილ ძალადობას. სამაგიეროდ, გვქონდა სხვა მტკიცებულებები და დადასტურდა, რომ ქალის ქმედება უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული. 5 კრიტერიუმი აქვს აუცილებელ მოგერიებას და ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მაინც ბოლომდე ვღელავდით, რადგან პრაქტიკა არ არსებობს და პრეცედენტული საქმეა. დიდი ბრძოლის შემდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა ნანას ქმრის წინააღმდეგ. დღეს ის ბრალდებულია და ნანასა და მისი შვილების მიმართ სისტემატური ძალადობისთვის წაყენებული აქვს ბრალი, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა