ციპი ხოტოველი - ქართული ფესვების მქონე პირველი მინისტრი ისრაელში - გზაპრესი

ციპი ხოტოველი - ქართული ფესვების მქონე პირველი მინისტრი ისრაელში

"პირველი ქართველი ებრაელი მინისტრი ისრაელის ისტორიაში! მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ციპი ხოტოველი კაბინეტის წევრად დანიშნა და მსოფლიოში ის გაფანტულ ებრაელთა საკითხებს უხელმძღვანელებს. ეს პოსტი საშუალებას მისცემს ჩვენი თემის სასახელო წარმომადგენელს, ებრაელი ერის ყველაზე თვალსაჩინო და გავლენიან პირებს დაუახლოვდეს მსოფლიოში. ვუსურვოთ წარმატება ციპის და გამოეყენებინოს ეს თანამდებობა ისრაელისა და ერის საკეთილდღეოდ! რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ვუწინასწარმეტყველე, რომ ის ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა და ჩემი ნატვრა მგონი აუსრულდება. კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ ამ მიმართულებით. ღმერთმაც ქნას..." - წერს მწერალი, პუბლიცისტი და ინჟინერი, აბრაამ საპირი სეფიაშვილი...

ციპი ხოტოველის მშობლებს - რუსუდან სეფიაშვილსა და გაბრიელ ხოტოველს ისრაელში დავუკავშირდით, შვილისა და ოჯახის შესახებ გამოვკითხეთ.

რუსუდან სეფიაშვილი:

- 10 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენი ოჯახი საქართველოდან საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ყველას უკვირს, ქართულს რომ ასე კარგად ვფლობ, მაგრამ ისრაელში ოჯახში უმეტესად, ქართულად ვსაუბრობდით, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქართველო. სამწუხაროდ, ჩემს ხუთ შვილს ქართველებთან კავშირი აღარ ჰქონია, აქაურ გარემოში გაიზარდნენ და ქართულიც უჭირთ... როგორც მოგახსენეთ, 10 წლის ჩამოვედი მე ისრაელში და საქართველო ჩემთვის ბავშვობის დაუვიწყარ მოგონებად დარჩა. საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, სულ ქართულ წიგნებს ვკითხულობდი, ქართულ სიმღერებს ვუსმენდი...

ციპი ჩემი უფროსი შვილი გახლავთ. ისე აეწყო მისი ცხოვრება, რომ ჯერ პარლამენტის წევრი, ახლახან კი მინისტრი გახდა... წარმოშობით საქართველოდან რომ ვართ, ეს არასოდეს დაგვიმალავს და არც გვარი შეგვიცვლია. ჩემი მეუღლე გვარად ხოტოველია და აქ ყველამ იცის, რომ ციპი ქართული გვარისაა. მე სეფიაშვილი ვარ და სხვათა შორის, ცოტამ თუ იცის, რომ სეფიაშვილები ქართველებიც არიან და ებრაელებიც... წარმოშობით კულაშიდან ვართ. კულაში უმეტესწილად, ებრაელებით იყო დასახლებული.

- ახსენეთ, რომ საქართველო თქვენი ბავშვობის ულამაზესი მოგონებაა...

- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა! კომუნისტური წყობა იყო, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობდით. შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი, მამა უნივერმაღის უფროსი იყო, თბილისის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ყველა დიდ პატივს სცემდა... იმდენად ლაღი ბავშვობა მქონდა, წელიწადში სამ თვეს კურორტებზე: ქობულეთში, ბორჯომსა და წაღვერში ვატარებდით...

ისრაელში რომ ჩამოვედით, ენა არ ვიცოდით და შესაჩვევად ყველაფერი ურთულესი იყო. ათასი ჯურის ხალხი გახლდათ მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ძალიან შეეშინდათ ჩემს მშობლებს და შედარებით ადრე, 16 წლისა გამათხოვეს... ტექნიკური სასწავლებელი დავამთავრე, უნივერსიტეტის დამთავრება ვეღარ შევძელი, სამაგიეროდ, ჩემს შვილებს შევუწყვე ხელი, რომ ისეთი სრულფასოვანი განათლება მიეღოთ, როგორიც თავად მსურდა. ასე ხდება ცხოვრებაში: რასაც ჩვენ ვერ ვაღწევთ, ჩვენი შვილები ახორციელებენ.

GzaPress

- შვილიშვილებს ქართულს თუ ასწავლით? - ჯერჯერობით ქართული არ იციან, მაგრამ ყველა ჩემმა შვილიშვილმა იცის, რომ საქართველოდან არის და შორიდან უყვართ... მე, ჩემი მეუღლე და შვილები საქართველოში ვიყავით 90-იან წლებში. ე.წ. პერესტროიკა, გორბაჩოვის დრო იყო და შეიძლებოდა უკვე ჩამოსვლა. მაშინ ჯერ სამი შვილი მყავდა, ორი შემდეგ შემეძინა... კომუნისტური წყობის რღვევის მერე პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში ჩამოვედით... გაზეთ "სამშობლოსთან" მქონდა კავშირი, წლობით მომდიოდა წერილები - ამითაც შევინარჩუნე საქართველოსთან სიახლოვე და ჩამოსვლისთანავე პირდაპირ რედაქციისკენ გავეშურე... შარშან ისევ შევძელით ჩასვლა საქართველოში. ორი შვილი და ორი შვილიშვილი გვყავდა ჩაყვანილი. ყველა უზომოდ გახარებული ვიყავით, მთელი საქართველო მოვიარეთ. შვილიშვილებს საოცრად უყვართ იქაურობა. სკოლიდან დავალება აქვთ - ვის სადაური წარმოშობა აქვს და ჩემმა შვილიშვილმა თქვა, ჩვენი საგვარეულო შტო ყველაზე საინტერესოა ჩემი კლასელებისთვისო: ამბობს, ყველაზე მრავალფეროვანი ისტორია ქართველ ებრაელებს გვაქვსო! სანამ მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები ვიქნებით, საქართველოს არ დავივიწყებთ. სამწუხაროდ, სამსახური არ გვაძლევს საშუალებას, თორემ ხშირად ჩამოვიდოდით...

- ქალბატონი ციპი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში?

- ციპი საქართველოში სამჯერ იყო. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საინაუგურაციო ღონისძიებაზე გახლდათ მიწვეული. ის დიასპორის მინისტრია. მოგეხსენებათ, რა ძლიერი დიასპორა ჰყავთ ებრაელებს მსოფლიოში და ბუნებრივია, ხშირად უწევს საზღვარგარეთ ვიზიტი, განსაკუთრებით - ამერიკაში. მგონი, ისრაელზე მეტად, ამერიკაში იცნობენ და დიდ პატივს სცემენ. ბევრი წარმატებული ებრაელია ამერიკაში. ებრაელები მთელ მსოფლიოში წარმატებულები არიან, ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ხომ 22 პროცენტი - ებრაელია.

- მოგვიყევით, როგორ მიაღწია ქალბატონმა ციპიმ ამხელა წარმატებას, რომელსაც უკვე ისრაელის პრემიერ-მინისტრობასაც უწინასწარმეტყველებენ.

- პატარაობიდანვე უნიჭიერესი იყო. ერთი წლისაც არ გახლდათ, უკვე გამართულად რომ ლაპარაკობდა... შვილიც ბევრი მყავს, შვილიშვილიც, მაგრამ ციპისავით ნიჭიერი არც ერთი არ არის. სკოლაში ყოველთვის გამორჩეული მოსწავლე იყო და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. მერე თანდათან დაწინაურდა. ამერიკაში, ატლანტაში გაგზავნეს... იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. ხშირად ბეჭდავდა გაზეთში სტატიებს, პუბლიცისტი გახდა. მერე პოლიტიკურ გადაცემაში სამუშაოდ ძალიან ცნობილმა ჟურნალისტმა მიიწვია - მთელი კვირის პოლიტიკური ამბების მიმოხილვა უწევდა... ბენიამინ ნეთანიაჰუს ძალიან მოეწონა ციპი და შესთავაზა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. 29 წლის უკვე პარლამენტის წევრი გახდა. არ აპირებდა პოლიტიკაში წასვლას, უფრო იურიდიული მიმართულებით სურდა კარიერის აწყობა.

ციპის თავისი ოჯახი აქვს. 34 წლის გათხოვდა და ახლა სამი ქალიშვილი ჰყავს. მისი მეუღლე გერმანელია. ისინი ადრე იერუსალიმში ცხოვრობდნენ, მაგრამ შვილების შეძენის შემდეგ რეხოვოთში - ჩემთან ახლოს გადმოვიდნენ. ციპის ჯერჯერობით თავისი სახლი არა აქვს, ნაქირავებშია. ბევრი გაკვირვებულია, - რა უბრალოდ ცხოვრობსო! ჰგონიათ, რადგან მინისტრია, აუცილებლად მილიონერი უნდა იყოს. ისრაელში ისეთი სისტემაა, ნებისმიერ მოხელეს უბრალო საჩუქრისთვის გააკრიტიკებენ. ჩვეულებრივი მუშაც კი შეიძლება უფრო კარგად ცხოვრობდეს, ვიდრე ციპი... ყველაფერს ფული არ განსაზღვრავს და ვისაც იდეალები აქვს, მას ფული არც აინტერესებს. ციპი საოცრად კარგი ბუნების ადამიანია და ახლა ვნანობ, ბავშვობაში რომ არ დავაძალე, ქართული სრულყოფილად შეესწავლა. ცხოვრების დინება სხვანაირად მიდის და ყოველთვის მეტისმეტად გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა...

მე და ჩემს მეუღლეს დიდი სახლი გვაქვს და როცა ციპის მესამე შვილი შეეძინა, ჩვენი სახლის გარკვეული ნაწილი საბავშვო ბაღისთვის გამოვყავით. ახლა ჩვენს შვილიშვილთან ერთად, სხვა ბავშვებსაც ვზრდით. დილის შვიდი საათიდან საღამოს ხუთამდე მთლიანად ამ ბავშვებზე ზრუნვით ვარ დაკავებული. ციპის უფროსი შვილები ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში დადიან, საღამოს ჩემს მეუღლეს გამოჰყავს ისინი, მე კი, საბავშვო ბაღის მეშვეობით, ჩემს შვილიშვილზეც ვზრუნავ და გარკვეული შემოსავალიც მაქვს, ისრაელში ცხოვრება ხომ ძალიან ძვირია...

GzaPress გაბრიელ ხოტოველი: - ისრაელიდან ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი თურქეთში გაედინებოდა. ტერიტორიულად ახლოსაა და საქართველო იმდენად ნაცნობი არ იყო, როგორც თურქეთი. იქ სასტუმროებიც და მომსახურებაც მაღალი დონის გახლდათ... ბოლო დროს თურქეთსა და ისრაელს შორის განწყობა კარგი აღარ არის, რადგან პალესტინელებს უჭერენ მხარს და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგი არიან. ამიტომაც, ისრაელიდან მოსახლეობის ათი პროცენტიც აღარ დადის თურქეთში და უმეტესობა საქართველოში ჩადის. მეტად მიმზიდველი გახდა, ლამაზი ბუნებით.

- თქვენზე გვიამბეთ: რამდენი წლის წახვედით საქართველოდან ისრაელში?

- 15 წლის ვიყავი. საქართველოში გატარებული წლები ულამაზესი იყო. ჩემი მეუღლის არ იყოს, ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები - ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, "ორერა" - ჩვენი ბავშვობის დროს ყველაზე საუკეთესო მომღერლები იყვნენ. ახლობლებს ვთხოვდი და საქართველოდან ფირფიტებს მიგზავნიდნენ... შვილებისთვის ქართული რომ გვესწავლებინა, "დედაენა" ვთხოვე ახლობლებს და გამომიგზავნეს.

ისრაელში გადატვირთული ცხოვრებაა. მით უფრო ემიგრანტისთვის, ათმაგი შრომაა საჭირო, რამეს რომ მიაღწიო. როცა ჩვენ ჩამოვედით, ჩემი მშობლები უკვე ხნიერები იყვნენ, სამსახური ვერ ნახეს და ჩემს ზურგზე იყო ოჯახის რჩენა. შემდეგ სამი წელი ჯარში ვმსახურობდი. როცა დავბრუნდი, ანუ ოცი წლისა დავოჯახდი. ყოველდღე ვოცნებობდით საქართველოში ჩასვლაზე, მადლობა ღმერთს, ყველაფერი სასიკეთოდ ასრულდა!..

ამდენი ბრძოლა გადაიტანა ისრაელმა და 70 წელიწადში როგორი ძლიერი სახელმწიფო შექმნა! ერთხელ საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გვკითხა, - მაკვირვებთ, როგორ ხართ ასეთი ძლიერებიო?.. ყველას უკვირს, ამდენი ომის ფონზე როგორ არის ქვეყანა ასე განვითარებული.

საქართველოს სიყვარული სულ გვექნება, მაგრამ კმაყოფილი ვართ იმით, ისრაელში რომ ვცხოვრობთ. ჩვენი იდეალები გვაქვს და ეს გვამოძრავებს!

მანანა გაბრიჭიძე