"დამეხმარეთ, ოღონდაც უცხო ქვეყანაში ნუ მომკლავთ" - გზაპრესი

"დამეხმარეთ, ოღონდაც უცხო ქვეყანაში ნუ მომკლავთ"

27 წლის ლიკა ჩაკვეტაძის დიაგნოზია ძვლის ნეკროზი, მესამე სტადიის სიმსივნე. ამჟამად გერმანიაშია მეუღლესთან ერთად და საბუთების არქონის გამო, საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ლიკას ერთადერთი სურვილი სამშობლოში დაბრუნებაა.

- რამდენიმე წელი საბერძნეთში ვცხოვრობდი. ხშირად მაწუხებდა ტკივილი; თიაქარიაო - მითხრეს ექიმებმა. პირველ რიგში კი, ის მკითხეს, რა სამუშაოს ასრულებო? სასტუმროებს ვალაგებდი, ბოლო ორი წელი კი განსაკუთრებით რთული სამუშაო მქონდა - 14 საათის განმავლობაში სიმძიმეების აწევა მიწევდა... ერთი წლის წინ საქართველოში დამისვეს დიაგნოზი - ძვლის ნეკროზი, მესამე სტადიის სიმსივნე. მალევე ავსტრიაში გადავფრინდი იმ იმედით, რომ ლტოლვილად ჩავბარდებოდი და ვიმკურნალებდი. ავსტრიამ "დეპორტი" ჩამირტყა, მაგრამ როგორღაც, გერმანიაში გადმოსვლა მოვახერხე. უკვე 6 თვეა, რაც ლაიფციგში ვარ, საერთო საცხოვრებელში, სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ. ჩემი დიაგნოზი ახლა უფრო დამძიმდა - სწრაფმზარდი სარკომა მითხრეს. ქიმიოთერაპიის ერთი კურსი ჩამიტარდა, მაგრამ საშინელი ტკივილების გამო ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს, ორივე მენჯ-ბარძაყის ოპერაცია უნდა გამიკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებენ ქიმიოთერაპიას. ეს ოპერაცია ისე ძვირი ღირს, ვერ შევძლებ საჭირო თანხის მოგროვებას. არადა, მეტასტაზები უკვე ხერხემალზეა გადასული. ძვლები მეშლება, საშინელი ტკივილი მაქვს, გამაყუჩებელს ესენი არ მაძლევენ, მორფის ტაბლეტებს ვსვამ, ჩემი ხარჯით ვყიდულობ. ამის ფულიც აღარ მაქვს. წინა დღეებში ახლობელს გამოვაგზავნინე და წამალი ისე ვიყიდე - 5 დღის სამყოფში 150 ევრო მივეცი, როგორი გადასახდელია?!. GzaPressამ საცხოვრებელში ათასი ჯურის ადამიანი მოჰყავთ ისე, არც ამოწმებენ. ერთი კვირის წინ ახლები მოიყვანეს და ბევრი დაინფიცირდა. კიდევ კარგი, გარეთ ხშირად ვერ გავდივარ, ძირითადად, ოთახში ვარ. ჩვენთან ბევრს დაუდგინდა კორონა, დღესაც გადაუყვანიათ ვიღაცები კარანტინში. მიუხედავად ამისა, არ გვეკრძალება არაფერი, ვისაც როგორ უნდა, ისე დადის. მგონი, მარტო მე და ჩემი ქმარი დავდივართ პირბადეებით. დამიჯერეთ, შორიდან ძალიან საუცხოოდ ჩანს ევროპის ქვეყნები, ახლოდან კი მთლად მასეც არ არის საქმე. მინდა, როგორმე საქართველოში ჩამოვაღწიო, დამეხმარეთ, ოღონდაც უცხო ქვეყანაში ნუ მომკლავთ! ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი ამბები ხდება აქ, ხალხი განადგურებულია - იმ ქართველებს ვგულისხმობ, ვინც ჩემსავით, ასეთ მძიმე დაავადებას ებრძვის და ვისაც თავშესაფრებში უწევთ ცხოვრება. არავის აღარ მკურნალობენ; ვისაც მკურნალობა დაწყებული ჰქონდათ, იმათაც შეუჩერეს. "სტოპიც" დავწერე ანუ - როცა არ გინდა, ქვეყნიდან დეპორტით გამოგიშვან, ამ შემთხვევაში წერ ე.წ. სტოპს, გაძლევენ 50 ევროს, ბილეთს და გიშვებენ ქვეყნიდან, მაგრამ ახლა, კორონავირუსის გამო, ყველაფერი "გაყინულია". 23-ში კი იყო ფრენა ბერლინიდან, მაგრამ მე პასპორტი არ მაქვს - ჩემი საბუთები ავსტრიაში დარჩა და ახალსაც ვერ ვიღებ ჯერჯერობით. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ენობრივი ბარიერიც არაერთ პრობლემას მიქმნის - ესენი მე ვერ მაგებინებენ ვერაფერს და მე - მათ. ასეთ ყოფას სიკვდილი არ სჯობს... დასასრული ექნება ყველაფერს. საუბედუროდ, ბევრია ჩემს მდგომარეობაში. - ამდენად ცუდ პირობებში გიწევთ ცხოვრება?..

- ქართველები ადრე უფრო ბევრნი ვიყავით, ახლა 5 ოჯახიღაა. აქ ვინც ცხოვრობს, ყველა შიმშილს და ტკივილს ებრძვის. ერთი ეგ არის, რომ შენს ოთახში ხარ შეყუჟული, თბილად. საჭმელს გვიმზადებენ, ყოველდღე მაკარონსა და ბრინჯს გვაჭმევენ, იაფია და იმიტომ; კვირაში ერთხელ აქვთ პიცა ან თევზი. ამიტომ ყველა გარეთ გადის საკვების შესაძენად. შემწვარი კვერცხი და კარტოფილი რომ მოგენატრება კაცს!.. მე და ჩემი მეუღლე კვირაში ერთხელ 60 ევროს ვიღებთ, რას ვიყიდი ამ ფულით?.. წამალშიც არ მყოფნის. აქ ჯოჯოხეთია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, 2 ყავარჯნით სად წავიდე?!. ამხელა პრობლემის მიუხედავად, ვისაც ხელეწიფება, ყველას ვთხოვ - დამეხმარეთ, საქართველოში ჩამოვიდე. მერე ჩემს თავს თვითონ მივხედავ. ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემს ქვეყანაში და დაცული ვარ!

ნინო ჯავახიშვილი