დისტანციური სწავლების შუქჩრდილები და კურიოზები - გზაპრესი

დისტანციური სწავლების შუქჩრდილები და კურიოზები

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. ამ მეთოდით სწავლება ქართული სკოლების უმრავლესობისთვის სიახლე იყო, ამიტომ ძალიან ბევრი დაბრკოლება შეუქმნა პედაგოგებსა და ბავშვებს. როგორ აფასებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მასწავლებლები ახალ ამოცანას? - ამის თაობაზე რამდენიმე მათგანი გვიყვება.

"ყველაზე დიდი პრობლემა დაბალი სიხშირის ინტერნეტია"

GzaPress

ფიქრია ნადირაძე, საჩხერის რაიონის სოფელ ნიგვზარის საშუალო სკოლის მასწავლებელი: - 30 წელია, ნიგვზარის საშუალო სკოლაში ვასწავლი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. როგორც ყველა მაღალმთიან სოფელში, ჩვენშიც მოსახლეობის მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ბევრი ოჯახი ქალაქში გადავიდა და შვილებიც თან წაიყვანა. ამჟამად ჩვენს სკოლაში 80-მდე ბავშვი სწავლობს, მე-7 კლასში სულ 6 მოსწავლეა, მე-11-ში - 4. ნიგვზარა ულამაზესი ადგილია, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილ წალკოტში ვცხოვრობთ. სხვათა შორის, ჩვენი სკოლის შენობა ბიძინა ივანიშვილმა ააშენა, კარგი ბაზაც გვაქვს და საკმაოდ კეთილმოწყობილია, რომელიც ნებისმიერ სკოლას შეშურდება. ჩვენი სკოლა ე.წ. ახალი სკოლის მოდელშია ჩასმული და ბავშვები დისტანციურ სწავლებას უკვე შეჩვეული იყვნენ. პროგრამებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებას ითვალისწინებს, ადრეც ვიყენებდით, ასე რომ, ჩვენი ბავშვებისთვის ონლაინგაკვეთილები უცხო სულაც არ არის. განათლების სამინისტროს შემუშავებული აქვს მაღალმთიანი სოფლების მხარდამჭერი პროგრამა, რომელშიც აქტიურად ვმონაწილეობთ და სულ მოვლენების ეპიცენტრში ვტრიალებთ. ჩვენი დირექტორი ინა ბიწაძეც ყველანაირად უწყობს ხელს ნებისმიერ ახალ წამოწყებას. "ახალი სკოლის მოდელი" თავისთავად ითვალისწინებს დისტანციურ სწავლებას და ჩვენ საამისოდ ნიადაგი უკვე შემზადებული გვქონდა, მაგრამ პრობლემებიც გვაქვს და ეს პირველ რიგში, დაბალი სიხშირის ინტერნეტია. ამის გამო, საგნობრივი ჯგუფები შევქმენით და ბავშვებს "ჩათით" ვუგზავნით მასალებს. გვაფიქრებს ისიც, რომ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც გვყავს და მათ ინტერნეტის ჩართვა უჭირთ. რაც მთავარია, ამ სიტუაციაში ვცდილობთ, ბავშვებთან კონტაქტი არ გავწყვიტოთ.

"ახლა მთავარია, ჩვენი პატარები ფსიქოლოგიურად არ დაზარალდნენ"

მაყვალა დავითაძე, ახალციხის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის 107-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი: - ჩემი აზრით, განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, დარღვეულ საზოგადოებას მივიღებდით: ბავშვი ცალკე იქნებოდა და მასწავლებელი - ცალკე. ურთიერთობა რაღაც ფორმატით უნდა გაგრძელებულიყო და ბავშვები მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა. იცით, რა მაწუხებს? ყველას აქცენტი სწავლაზე აქვს გადატანილი და ამ დროს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვავიწყდება. მერე რა, რომ ბავშვები არიან? ვინ იცის, მათ გულში რა ხდება?! შეიძლება ისინი უფრო განიცდიან შექმნილ სიტუაციას, ვიდრე მოზრდილები. მე ამ დღეებში მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ლიტერატურის ან ქიმიის სწავლება. დისტანციური სწავლების დროს "ჩათში" რომ შემოდიან, ბევრს ვხალისობთ, ვხუმრობთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ამ დღეებში, ონლაინგაკვეთილს რომ ვუტარებდი, ბავშვებს ჩემი ლექსი წავუკითხე და ძალიან იხალისეს: "ჩათში რომ არ ვიხმაურო,/ შემიკერეთ ფაჩუჩები,/ კორონას თუ გადავურჩი,/ "ლაივებს" ვერ გადვურჩები..."

როცა ირგვლივ ასეთი რთული ვითარებაა, როცა ასეთი ფსიქოზური მდგომარეობაა, მასწავლებლის ერთ თბილ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ფსიქოლოგიურად დავუჭიროთ მხარი ბავშვებს, თორემ ამისთანები გვინახავს და გადაგვიტანია?!. ესეც ჩაივლის, მაგრამ ახლა მთავარია, ჩვენი პატარები ფსიქოლოგიურად არ დაზარალდნენ. დისტანციურ სწავლებას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: ბავშვები მასწავლებლებისკენ მობრუნდნენ. რასაკვირველია, ყველა მასწავლებელმა იცის, რომ ბავშვებს სითბო და სხვა დამოკიდებულება სჭირდებათ, მაგრამ ამ ვითარებამ ნათლად მიგვახვედრა, რომ მათ მხარში მდგომი და მორალური მეგობარი აკლიათ. მით უმეტეს, ახლა, რადგან ეს სტრესი შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაჰყვეთ. ამ დღეებში სულ სხვა, მეგობრული და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ვიდრე მხოლოდ ცოდნის მიღებას სჭირდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ბავშვი ამბობს, რომ ინტერნეტს ვერ ჩართავს. ამ დაძაბულ ვითარებაში მშობელს ურჩევნია, ბავშვს საკვები უყიდოს და სხვა რამეზე აღარ ფიქრობს. ამიტომ, იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს, რომ ინტერნეტის გადასახადი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მაინც შეუმცირონ! უკვე ბევრი ბავშვისგან მოვისმინე, - დრო ამომეწურება და ვეღარ შემოვალ ონლაინგაკვეთილების მოსასმენადო... რა უნდა ქნან იმ ოჯახებმა, სადაც ორი-სამი ბავშვია?!. ახლა მთავარია, ბავშვები გვერდით გვყავს, თუნდაც ონლაინრეჟიმში, მაგრამ მაინც - ჩვენ გვერდით.

"დისტანციური და "ცოცხალი" სწავლების შერწყმით გაცილებით კარგ შედეგს მივიღებთ" GzaPress

მარინე ზედელაშვილი, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის მასწავლებელი: - ეს ჩემი მშობლიური სკოლაა, სადაც 1994 წლიდან ვასწავლი. ამ 26 წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი სიახლე დანერგილა. თანამედროვე პედაგოგიკა უამრავ მეთოდს გვთავაზობს, მათი გააზრება, გადამუშავება და მოსწავლეებამდე მიტანა და პარალელურად, სასწავლო პროცესის გახალისება და გამრავალფეროვნება არც ისე იოლია. ამჟამად, მთავარი ამოცანა მასწავლებლებისთვის, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლაა. ამ პროცესს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც. კარგია, რომ მოსახლეობას ამ ტიპის სწავლების გამოცდილება უკვე აქვს. მაგალითად: ბავშვობაში ჩემთვის საუკეთესო გადაცემა იყო თამაზ კვაჭანტირაძის სატელევიზიო ლექციები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ ლექციებიდან მე და ჩემმა თანატოლებმა ბევრი რამ ვისწავლეთ. როცა დისტანციური სწავლების მეთოდს ვიყენებ, მეც ხშირად მივმართავ იმ მეთოდებს, რომლებსაც ბატონი თამაზი მიმართავდა; თანამედროვე სკოლაც, დისტანციური სწავლების უამრავ პროგრამას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. მათი წყალობით, საკმაოდ საინტერესო გაკვეთილების ჩატარება შეიძლება, ოღონდ, როცა ჯგუფის თითოეულ წევრთან და მთელ ჯგუფთან პირდაპირ კონტაქტზე გადიხარ, ამას სირთულეებიც ახლავს: ინტერნეტის შეფერხება, ხმის წყვეტა, უხარისხო გამოსახულება, ინტერნეტის ლიმიტის ამოწურვა და ა.შ. დისტანციური სწავლების უარყოფით მხარეებს შორის აღვნიშნავდი იმას, რომ სწავლების წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ე.წ. ცოცხალი პროცესია, რასაც ამ დროს ვერ ვახერხებთ. ამიტომ, მომავალში ამ ორი მეთოდის ერთმანეთთან შერწყმით გაცილებით უკეთეს შედეგებს მივიღებთ. ჩემი აზრით, დისტანციურ სწავლებაში ყველაზე მოსაწონი მხარეა მშობლის ჩართულობა: მშობელს საშუალება აქვს, საკუთარი თვალით დაინახოს და შეაფასოს ყველაფერი, მათ შორის, მასწავლებლისა და თავისი შვილის მომზადების დონე და ამ პროცესის უშუალო თანამონაწილე გახდეს.

კურიოზები, რომლებიც ონლაინგაკვეთილებზე ხდება GzaPress

მაყვალა დავითაძე: - უკვე გითხარით, რომ მე და ჩემი მოსწავლეები დისტანციურმა სწავლებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ამას წინათ ერთმა მოსწავლემ მითხრა: მასწავლებელო, ყველაფერს ვიფიქრებდი და თუ თქვენ მომიწოდებდით, კომპიუტერთან დაჯექი და ფეხზე არ ადგე, ამას როგორ წარმოვიდგენდიო?!.

ონლაინგაკვეთილებზე ბევრს ვხუმრობთ და ბევრი კურიოზიც ხდება. ალბათ გაინტერესებთ, როგორია ბავშვების რეაქცია, როდესაც ვიდეოლექცია იწყება: ერთი გაიძახის - "ჭედავს", მასწ.!" ახლა მეორე: "ტელეფონით ვარ შემოსული და ყველგან არ იჭერს", მესამე - "სოფელში ვარ, ქუჩაში ხომ არ ჩავჯდები?" - და ა.შ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი დისტანციურ სწავლებას ართულებს, მაგრამ სახალისო ამბებიც ხდება. მაგალითად:

მასწავლებელი: - "გიგა, ნუ ღმუი კომპიუტერთან!" მოსწავლე: - "მე არა, მასწ., სოფელში ვარ და ძროხა ბღავის".

მასწავლებელი: - "ნიკა, ხელს ნუ მიშლი, ფეხზე ადექი!" მოსწავლე: - "ვერა, მასწ., ლოგინში ვზივარ და ისე გისმენთ!"

დაბოლოს, კიდევ ერთი სახალისო ამბავი, რომელიც მე შემემთხვა: გინახავთ, სტუდენტი ლექციას ისმენდეს დავარცხნილი თმით, მაკიაჟითა და გაპრანჭული, ხოლო წელს ქვემოთ - ღამის პერანგითა და ფლოსტებით?.. მე მყავდა ასეთი სტუდენტი ონლაინლექციაზე...

ასე და ამგვარად, დისტანციურ სწავლებასაც აქვს დადებითი მხარეები და ერთ-ერთი სწორედ ეს კურიოზები და სახალისო ამბებია. მჯერა, რომ ეს დაძაბულობა ჩაივლის, ყველაფერი კარგად იქნება და ამ დღეებს მე და ჩემი მოსწავლეები წლების შემდეგაც ღიმილით გავიხსენებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე