"არაფერი დამიშავებია და მაინც კარანტინში ვარ!.." - გზაპრესი

"არაფერი დამიშავებია და მაინც კარანტინში ვარ!.."

"დარჩი სახლში!" - ამ მოწოდებას ყველა ჭკუათამყოფელი ისედაც საკუთარი ნებით ვასრულებდით, შეძლებისდაგვარად ვრჩებოდით სახლებში, მაგრამ ახლა ზომები გამკაცრდა და ყველა რეკომენდაციის შესრულება არა მარტო უფროსებისთვის, არამედ მოზარდებისთვისაც თავისთავად, ძალზე ძნელია, რომლებსაც უფროსების შიშნარევი ოხვრის პარალელურად ცდუნების გაძლება უწევთ - არ გავიდნენ გარეთ, არ ნახონ მეგობრები, ჩაიკეტონ ოთხ კედელში, თუ რა თქმა უნდა, საკუთარი ეზო არა აქვთ, ირბინონ ოთახებში და ამავდროულად, მათთან სკოლა "სახლში მივიდა", სულ სხვა სახით...

ჩვენ მოზარდებს დავუსვით რამდენიმე ერთნაირი კითხვა: რა იციან კორონავირუსზე, რა რეკომენდაციებს იცავენ, მოსწონთ თუ არა ონლაინსწავლების პროცესი და როგორ ცდილობენ შინ გამოკეტილები დროის გაყვანას?.. მათ პასუხებს შეულამაზებლად გთავაზობთ:

დემეტრე თხილიშვილი:

GzaPress - ცუდია ეს კორონავირუსი, რადგან ბევრი ადამიანი კვდება. გარეთ ვერ გავდივარ. არაფერი დამიშავებია და მაინც კარანტინში ვარ!.. სამაგიეროდ, რაც ეს ვირუსი გავრცელდა, უფრო მეტს ვთამაშობ კომპზე და თანდათან ვგიჟდები (იცინის). მომწონს თუ არა ონლაინსწავლება? - არ მომწონს! სკოლაც არ მომწონს, არც სწავლა მომწონს და რამეს რომ მავალებენ, ეგეც არ მომწონს... ისე, ახლა სწავლაში ხელი არ მეშლება. თუ ვსწავლობ, სწავლაზე მაქვს გონება მიმართული და ამიტომ.

სახლში რით ვერთობი? რა თქმა უნდა, კომპით, დედით, მამით, ძმით და მათი ნერვებით... კარგი იქნებოდა, ძაღლიც მყოლოდა, ცოტა ისიც გამართობდა...

როცა ვირუსი აღარ იქნება და თავისუფლად ვივლით ქუჩებში, პირველ რიგში მაღაზიაში ჩავალ და ჩიფსებს ვიყიდი - ჩემი ხელით ნაყიდი უფრო გემრიელია (იცინის).

ვინ და რა მენატრება ყველაზე მეტად? მეგობრებთან ერთად გართობა...

თამარ ხარატიშვილი: GzaPress - თავდაპირველად, სკოლიდან რომ დაგვითხოვეს, გამიხარდა - კახეთში, ბებოსთან ყოფნა მინდოდა და იმ საღამოსვე წამოვედით. არ მეგონა, არდადეგები ამდენ ხანს თუ გაგვიგრძელდებოდა. როდესაც ჯერ კიდევ თბილისში ვიყავი, გარეთ მხოლოდ პირბადით გავდიოდი, რადგან ძალიან მეშინოდა. ტელევიზიიდან სულ მესმოდა, რომ კორონა საშიში ვირუსი იყო, იოლად ვრცელდებოდა და ამიტომ ადამიანები ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. რაც ეს ვირუსი საქართველოშიც გავრცელდა, მგონი, ყველას ცხოვრების წესი შეიცვალა: უფროსები სამსახურებში აღარ დადიან, ჩვენ - სკოლებში, ყველა უსაქმურობს (იცინის) და ყველა შეშინებულია, თუმცა წესებს ვიცავთ. აქ, სოფელშიც კი, მეზობლის ბავშვებთან სათამაშოდ არ გავდივართ, ყველა თავის ეზოში თამაშობს.

ონლაინსწავლება მომწონს, მაგრამ მაინც სკოლაში სიარული მირჩევნია. უფრო მობილიზებული ხარ, როცა ყოველდღიურად დადიხარ სკოლაში. ახლა ხან ინტერნეტი ჭედავს, ხან პროგრამა "გაგდებს" და საწვალებელია ეს პროცესი. ასეთ დროს სწავლაც გეზარება - ბიძაშვილებთან ერთად ვარ და ერთმანეთს ხელს ვუშლით, ისე ვხმაურობთ. კარგად კი ვერთობით - ხან კარტს ვთამაშობთ, ხან "მონოპოლს", ხან ინტერნეტთამაშებს, ხან ბადმინტონს.

ყველაზე მეტად სკოლა და მასწავლებლები მომენატრა, განსაკუთრებით, ჩემი რუსო მასწავლებელი. როცა ვნახავ, აუცილებლად ბევრჯერ ჩავეხუტები. ცეკვის სტუდიაში დავდივარ და ცეკვაც მენატრება. არ ვიცი, როდის, მაგრამ როცა კარანტინი აღარ იქნება, აუცილებლად მოვინახულებ ნათესავებსა და მეგობრებს - მათ, ვინც ძალიან მიყვარს და უკვე ერთი თვეა, არ მინახავს.

ლუკა ჩხარტიშვილი: GzaPress - კორონავირუსი ძალიან საშიში რამეა, ის ადამიანიდან ადამიანზე "წვეთებით" გადადის. მაგალითად, დახველებით, ლაპარაკითა და დაცემინებით. ასევე, ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით. ვირუსი რომ არ გავრცელდეს, საჭიროა ყველამ საკუთარ თავს მიხედოს, დაიცვას ჰიგიენის წესები და დარჩეს სახლში... რაც ეს ვირუსი გავრცელდა, მას მერე ხალხი შეშინებულია, ქუჩაში მოძრაობა შემცირდა. არიან ისეთებიც, რომლებიც არ იცავენ ვირუსთან დაკავშირებულ წესებს და რისკავენ - ეს ცუდია! მე მაგალითად, ვიცავ წესებს, ხშირად ვიბან ხელებს, არ გავდივარ გარეთ და ხელებს ვიმუშავებ სპირტის შემცველი ხსნარითაც.

ონლაინსწავლებაში მომწონს ის, რომ ამის წყალობით ვხედავ ჩემს მონატრებულ კლასელებსა და მასწავლებლებს. ეს კარგია იმიტომაც, რომ არ ჩამოვრჩეთ მასალას და ტვინსაც გავივარჯიშებთ. ონლაინგაკვეთილებში არის პატარ-პატარა ხარვეზები, რომლებიც არ მომწონს. მაგალითად, წყდება ხმა და არის ხმაური.

სახლში კომპიუტერით და ოჯახთან ერთად ჯოკერის თამაშით ვერთობი, ვუყურებ ფილმებს... მენატრება კლასელები, რომლებიც ძალიან მიყვარს. ასევე მომენატრა ფეხბურთის თამაში და თანაგუნდელები... როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, სტადიონზე გავიქცევი და დავიწყებ ვარჯიშს...

მარიამ კოდუა: GzaPress - უკვე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა ამ დაავადების შესახებ. ვირუსმა დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიო. დაავადდა ასეულობით ათასი ადამიანი, დაიღუპა უამრავი და ეს სამწუხაროა. თუმცა, ჩვენ არ უნდა შევშინდეთ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ექიმების რჩევები, დავიცვათ ჰიგიენის წესები და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ონლაინგაკვეთილები იმისთვის არის საჭირო, რომ სასწავლო პროგრამას არ ჩამოვრჩეთ. მიუხედავად ამისა, დიდად არ ვარ კმაყოფილი ონლაინსწავლებით, რადგან მასწავლებლის ხმა კარგად არ ისმის, ხშირად წყდება კონტაქტი. თან, ზოგიერთ ბავშვს არ აქვს ინტერნეტი...

ძალიან მენატრება სკოლა, მეგობრები და ჟრიამული ქუჩაში... სახლში ძირითადად ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ საინტერესო ფილმებს, ინტერნეტის საშუალებით ვუკავშირდები მეგობრებს და ვეთამაშები ჩემს პატარა დას. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და გარეთ თავისუფლად შევძლებ გადაადგილებას. ამის მერე, ბევრს ვივლი მეგობრებთან ერთად ქუჩაში და ვიცელქებთ...

თაზო ზანგალაძე: GzaPress - კორონა ძალიან ცუდი ვირუსია, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამის გამო ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და ძალიან ბევრი - გარდაიცვალა... პირადად მე, წესებს ვიცავ. ხელებს ხშირად ვიბან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ გავდივარ... ონლაინსწავლება მომწონს, თუმცა ბევრი ხარვეზია და კარგი იქნება, თუ ამას გამოასწორებენ. სახლში კლასგარეშე დავალებებს ვაკეთებ, წიგნს ვკითხულობ. ხშირად გავდივარ ეზოში, რადგან ვიცი, დიდი დრო სუფთა ჰაერზე უნდა გავატარო. აგარაკზე ვართ, თორემ ამასაც ვერ შევძლებდი. აქ მარტო მე და ჩემი ძმები ვართ ეზოში, ამიტომ მშობლებს არაფრის ეშინიათ. ვისაც ეზო არ აქვს, ვურჩევ: წაიკითხონ წიგნები, ითამაშონ სამაგიდო ოჯახური თამაშები, ხშირად გავიდნენ აივანზე, უყურონ ფილმებსა და სპექტაკლებს. მოკლედ, აკეთონ ის, რაც უნდათ...

მენატრება სკოლა და მეგობრებთან ერთად ბურგერების საჭმელად წასვლა. როცა კორონას დავამარცხებთ, პირველ რიგში, მეგობრებსა და კლასელებს დავპატიჟებ ჩემს სახლში და ყველას ჩავეხუტები...

ნინი კამლაძე: GzaPress - თუ თავს არ მოუვლი, ხელებს ხშირად არ დაიბან, ბევრ სითხეს არ მიიღებ, შეიძლება დაინფიცირდე. გარეთ რომ გახვალ, პირბადე, სათვალე უნდა გეკეთოს და შეფუთნული იყო, რომ კორონავირუსი არ დაგემართოს და სხვას არ გადასდო. თუ ახლობელი შეგხვდება, მისგან 1 მეტრი უნდა გაშორებდეს. დაცემინებისას იდაყვთან უნდა მიიტანო ცხვირი. მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მილიონობით ადამიანი კარანტინში, საავადმყოფოებშია. ეს ვირუსი ჩინეთიდან გავრცელდა, მერე ექიმები იტალიაში ჩავიდნენ ადამიანების გადასარჩენად. საქართველოშიც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 100 კაცზე მეტია საავადმყოფოში და მათ მკურნალობენ. ქუჩაში ხალხი არ დადის. გზები ცარიელია. რადგან კორონავირუსის ეშინიათ, ხალხი სამსახურშიც ვერ დადის და კომპიუტერით აკეთებენ თავიანთ საქმეს. ონლაინსწავლება, ჩემი აზრით, ცუდია, რადგან ვერ გამოგკითხავენ დავალებას ისე, როგორც საჭიროა; ვერ აგიხსნიან გაკვეთილს სრულყოფილად. ცუდია, რომ კლასელებს ვერ ვნახულობ. მასწავლებლებიც კი მენატრება, მაგრამ სახლში უნდა დავრჩეთ, რათა კარგად ვიყოთ. ისე, შინ რომ ხარ გამოკეტილი, ეს ძალიან მოსაწყენია. მენატრება კლასელებთან ერთად სკოლის ეზოში ყოფნა. ცუდია, რომ ვეღარ ვუყურებ, კლასელი ბიჭები როგორ თამაშობენ ფეხბურთს. კიდევ, გოგოები "ტიკტოკს" ვეღარ ვიღებთ. გარეთ გასვლა და მეგობრები, მათთან სტუმრად ან მაღაზიებში სიარული, სათამაშოების დათვალიერება ძალიან, ძალიან მენატრება. როცა ქუჩაში გასვლის დრო დადგება, პირველ რიგში, ჩემს მეგობრებთან წავალ, მათ მოვინახულებ. ბევრს ვისეირნებთ, ერთად ვიმეცადინებთ, ვივლი დაბადების დღეებზე... მაგრამ მანამდე სკოლაში წავალ და ყველას ჩავეხუტები.

სახლში ვერთობი ჩემს დასა და დეიდაშვილებთან ერთად. ვუყურებთ ფილმებს, მულტფილმებს, სახალისო ვიდეოებს. სახლს ვაშენებთ ყველა ერთად და ვთამაშობთ. ზოგჯერ კარაოკეს ვმღერით, ზოგჯერ ვცეკვავთ, ფოტოებსაც ვიღებთ - "ყურებიან" ფოტოებს, ხანდახან ვარცხნილობებს ვუკეთებთ ერთმანეთს (იცინის).

ლიზი ლელაძე: GzaPress - მას მერე, რაც ეს ვირუსი გავრცელდა, ქუჩებში ძალიან ცოტა ადამიანი დადის. ხალხი პანიკაშია. იმარაგებენ პროდუქტებს. მე და ჩემი და სოფელში წაგვიყვანეს, რადგან თბილისში ეზო არ გვაქვს და ერთ ოთახში გამოკეტილები, სუფთა ჰაერსაც ვერ "გადავყლაპავდით"... სოფელში ყოფნა კი მიხარია, მაგრამ ხალხი აქაც ძალიან მოწყენილია, ყველა შეშინებული იყურება... ჩვენ ხელებს ხშირად ვიბანთ, მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან არ გავდივართ, მაგრამ ბებო მაინც სულ უკმაყოფილია და გვეჩხუბება, კიდევ დაიბანეთ, კიდევ დაიბანეთო (იცინის)...

ამ ონლაინსწავლებას კიდევ, სკოლაში სიარული ბევრად სჯობს. ტელეფონი სულ "მიჭედავს", ნორმალურად ვერც ვესწრები, ხან სხვებს ეთიშებათ ინტერნეტი... მე ხომ სოფელში ვარ და გაკვეთილს რომ დავესწრო, ეზოში გავდივარ, ინტერნეტი იქ იჭერს ყველაზე კარგად. ჰოდა, ერთ გაკვეთილზე მამალმა ისეთი "კივილი" ატეხა, გაკვეთილები ჩავშალე, მეორედ ძროხა ვერ გავაჩერეთ, მერე ძაღლი გადაირია, ამდენი ადამიანის ხმა რომ ესმოდა და ვერავის ხედავდა... მოკლედ, ნერვებს ვუშლი მგონი, მასწავლებლებს, ბავშვებს კი მოეწონებათ ეს სიტუაცია, გამხიარულდებიან (იცინის).

ძალიან მენატრება მეგობრები, მათთან ერთად სეირნობა, ჭორაობა და მხიარულება. ძალიან მენატრება დედა და მამა, რომლებიც თბილისში არიან, წამოსვლა ვერ მოახერხეს. ასევე მენატრება მშვიდი ქუჩები და იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება.

საბა ლომაძე: GzaPress - ჩემი აზრით, COVID-19 არის XXI საუკუნის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი. არა მგონია, ასეთი ძლიერი რამ ბუნებრივად წარმოქმნილიყო... სამწუხაროდ, ამის გამო ბევრი ადამიანი დაინფიცირდა, შეწყდა სასწავლო პროცესი და ახლა ყველა თვითიზოლაციაში ვართ. რაც შეეხება ონლაინსწავლებას, ეს ნაწილობრივ მომწონს. არის ბევრი ხარვეზი, მაგრამ დისტანციური სწავლა მაინც სახალისო და საინტერესოა. სახლში ვერთობი კომპიუტერული თამაშებითა და ვარჯიშით.

თანატოლებს რას ვურჩევ? რა ვიცი, ძალიან ძნელია, ვინმეს რამე ურჩიო, რადგან ყველას სხვადასხვა რაღაც მოსწონს... თუ კერძო სახლი აქვთ, ბევრი ივარჯიშონ, იკითხონ და სამაგიდო თამაშებით გაერთონ. ჩემი საყვარელი პოეტია ლადო ასათიანი, ხშირად ვკითხულობ მის ლექსებს და ყველას ვურჩევ, წაიკითხონ. ახლა დავამთავრე რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ წიგნსაც მოიძიებენ. როცა ვირუსს დავამარცხებთ, პირველ რიგში, ჩავალ ეზოში და მეგობრებს ვნახავ. ძალიან მენატრება კლასელები და ფეხბურთის თამაში. მჯერა, მალე ყველაფერი კარგად იქნება!

ელენე უროტაძე: GzaPress - COVID-19 ძალიან ცუდი ვირუსია. მისი გაჩენა უკავშირდება ღამურის ხორცის ჭამას, რომელიც დაავადებული იყო. ეს ვირუსი ყველაზე ცუდად მოხუცებზე მოქმედებს. მთელ მსოფლიოში დაპანიკებულია ხალხი, მაღაზიები დააცარიელეს. ვფიქრობ, ამდენი პანიკა სულაც არ იყო საჭირო, შეიძლებოდა თავი შეგვეკავებინა და პროდუქტები საჭიროების მიხედვით გვეყიდა... ამ ვირუსის გავრცელების შედეგად დიდი ცვლილებებია: გამონაბოლქვი შემცირდა და ჰაერი გაიწმინდა, აღარც ხეებს ჭრიან, რადგან ახლა ყველა სახლშია. ბუნებას დაეტყობა ეს ცვლილებები, ის ადამიანის ჩარევებისგან ამოისუნთქავს. საჭიროა წესების დაცვა - ამით მარტო ჩვენს თავს კი არა, ექიმებს და მთელ მსოფლიოს დავეხმარებით. ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები, დავიცვათ დისტანცია, დავრჩეთ სახლში და რაც მთავარია, თუ სიცხე ან ხველება შეგვაწუხებს, უნდა დავრეკოთ 112-ზე.

მოსწავლეებისთვის სულ არაფერს, ონლაინსწავლება ჯობია.რაღაც ხარვეზები არის, მაგრამ მასალის ათვისება ყველას შეგვიძლია, პროგრამასაც არ ჩამოვრჩებით.

სახლში ყოფნის დროს ძირითადად, სულ სწავლა მიწევს, მაგრამ დანარჩენ დროს წიგნებს ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ ან როცა მოწყენილი ვარ, ვხატავ. დავიწყე ქსოვაც, ვატარებ ექსპერიმენტებს - მაგალითად, ვყინავ ქაფს.

ყველაზე მეტად მეგობრები და კლასელები მომენატრა, რომლებთანაც ბევრ დროს ვატარებ. როცა ეს ვირუსი დამარცხდება, მთელ დღეს მათთან ერთად გავატარებ.

ლიკა ქაჯაია