ცხოვრება კარანტინში ჯანმრთელი მომავლის იმედით - გზაპრესი

ცხოვრება კარანტინში ჯანმრთელი მომავლის იმედით

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის დაფიქსირებიდან დღემდე, კარანტინის რეჟიმი დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა გამოიარა, რომელთა ნაწილი, საჭირო ვადის ამოწურვამდე, ცხადია, კვლავ აგრძელებს სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ კლინიკებსა და სასტუმროებში იზოლირებულად, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. თავიდან, მათ კვებასა და პირობებთან დაკავშირებით, ზოგს გარკვეული კითხვის ნიშნები გაუჩნდა, ზოგი ჩაკეტილ სივრცეში ყოფნას ვერ უძლებდა, გამორბოდა, ჩხუბობდა კიდეც, თუმცა, ასეთები ერთეულები იყვნენ და საბოლოოდ, კარანტინში მყოფი პაციენტების უმეტესობა არსებული პირობების გამო მადლიერებასა და კმაყოფილებას გამოთქვამდა.

იმისათვის, რომ გაგვერკვია, რა მდგომარეობაა ახლა საკარანტინო ზონებში, აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორ რევაზ ჟღენტს და ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ბინადარ სალომე ნიკოლაძეს დავუკავშირდით, რომლებმაც დაწვრილებით გვიამბეს კარანტინული ცხოვრების დეტალები.

რევაზ ჟღენტი, აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორი:

- აბასთუმანში ძალიან კარგი სიტუაცია გვაქვს, პაციენტები თავს გრძნობენ ისე, როგორც შინაურ გარემოში. თითოეული ნომერი სასტუმროს ტიპისაა, იზოლირებული და ყველანაირად კეთილმოწყობილია სველი წერტილით, ცხელი წყლით, ინტერნეტით, ტელევიზორით, მაცივრით. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ოქტომბერში გაიხსნა, დეკემბრიდან კი სახელმწიფო პროგრამა ამუშავდა, რომელიც ქრონიკული ფილტვისმიერი დაავადებების სარეაბილიტაციო პროგრამას ითვალისწინებს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით. კარანტინში მყოფი პაციენტებისთვის სამჯერადი კვებაა, თანაც - შვედური მაგიდის პრინციპით; ყოველდღიურად მენიუ იმდენად სხვადასხვანაირი და მრავალფეროვანია, რომ ნახევარსაც ვერ ითვისებენ. საკვები მათთან ერთჯერადი კონტეინერებით, ერთჯერადი ჭურჭლით მიდის. რასაც ისურვებენ, შეუძლიათ მაცივარში შეინახონ. ოთხი საიზოლაციო სივრცეა, რომლებიც ერთმანეთისგან მკაცრადაა გამიჯნული. საერთო ჯამში, 38 საიზოლაციო ოთახია. მოგეხსენებათ, აბასთუმანი მთიანი რეგიონია და თითოეულ ოთახში მიკროკლიმატის მარეგულირებელი გათბობაა. აღსანიშნავია, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთახები გვაქვს, სპეციალური საწოლებით, აბაზანით, ტუალეტით. ასე რომ, მათ მისაღებადაც მზად ვართ.

ამ დროის განმავლობაში, ჩვენთან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ, სხვა სარწმუნოების და მათი კვების თავისებურებებსაც ვითვალისწინებდით. ვინც მარხვას ინახავს, სამარხვო კერძებს ვუმზადებთ. რამდენიმე ვეგეტარიანელიც იყო, მათაც ინდივიდუალური მენიუ შევურჩიეთ. პაციენტები მათ პირობითად ჰქვიათ, თორემ ყველა თავს ჯანმრთელად გრძნობს და საბედნიეროდ ვირუსი აქამდე არავის ჰქონია.

- როგორ ხდება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი?

- ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყოველდღიურად უმოწმებენ ტემპერატურას და მათი სუბიექტური მონაცემების შეფასება ხდება. დაახლოებით 100-მდე ადამიანი იყო ჩვენთან და კორონავირუსი არავის დაფიქსირებია. საიზოლაციო ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ ტრანსპორტირებასაც ვახდენთ, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებით. მთელი კოლექტივი მაქსიმალურად ვცდილობთ, პაციენტებს შინაურული გარემო და სახლში ყოფნის განცდა შევუქმნათ.

- ფსიქოლოგიურად ხომ არ უჭირთ ერთ სივრცეში ამდენ ხანს ყოფნა?

- სწორედ ამას ვცდილობთ, რომ მათი ფსიქოლოგიური ყავარჯნის როლი შევასრულოთ და ყველანაირად გავამხნევოთ, პატარ-პატარა დეტალებით გავუადვილოთ აქ ყოფნა. მაგალითად, 3 მარტს ქალებს "დედის დღე", ჩვენს პატარა პაციენტს კი - დაბადების დღე მივულოცეთ... აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბიზნესი, კერძო სექტორიც აქტიურადაა ჩართული და მათ მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობთ: ჩვენს პაციენტებს ტკბილეული, წვენები, კანფეტები მოუტანეს, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები და ამით ძალიან გაახარეს. ამ ადამიანებმა იგრძნეს, რომ საზოგადოება, მოსახლეობა მათ მხარში უდგას და არ არიან გარიყულები. აქაური ბიზნესმენები, ვისაც თონე აქვთ, ასევე მამები მონასტრიდან, ყოველდღიურად ცხელ-ცხელ შოთებს გვაწვდიან პაციენტებისთვის. დიდი მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის!

GzaPress სალომე ნიკოლაძე, იურისტი, ბათუმის საკარანტინო ზონის პაციენტი: - 18 იანვარს, სამი თვით წავედი გერმანიაში, კერძოდ, ჰაიდელბერგში, საგანმანათლებლო მიზნით. კორონავირუსთან დაკავშირებული ამბები რომ დაიწყო, გადავწყვიტე, ცოტა ადრე დავბრუნებულიყავი და ავიაბილეთი 16 მარტისთვის შევიძინე. 3-4 მარტს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და ვერც წარმოვიდგენდი, ჩემი რეისი თუ გაუქმდებოდა. მერე უკვე, სიტუაცია ყოველ საათში რთულდებოდა... ჰაიდელბერგში აეროპორტი არ არის, ამიტომ ბერლინამდე მატარებელი მჭირდებოდა, ბილეთი კი, ცხადია, ცალკე შევიძინე. საბედნიეროდ, მშობლებისგან ფინანსური მხარდაჭერა მქონდა და ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდი, როგორშიც ზოგიერთი სხვა მოქალაქე. საელჩოში რომ დავრეკე, მაშინვე ავიაკომპანიის წარმომადგენელთან გადამამისამართეს, სადაც მითხრეს, რომ 23 მარტს ფრენა განხორციელდებოდა ბერლინი-თბილისის მიმართულებით. იმ საღამოსვე შევიძინე ბილეთი. საელჩო ყოველდღიურად მეკონტაქტებოდა, უპასუხოდ არ დავუტოვებივარ და მათი რჩევით, დროულად მოვასწარი ბერლინში ჩასვლა, სანამ გერმანიის რკინიგზა შეწყვეტდა მუშაობას. ამ დროისთვის ბერლინში უკვე დაიკეტა სასტუმროები და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ერთადერთი გამოსავალი ახლობლის გამოძებნა იყო, საბედნიეროდ, გამოჩნდა ასეთი ადამიანი და ღია ცის ქვეშ არ დამტოვა. ასეთ დროს, მატარებელში ნამგზავრი ადამიანის შეფარება რამდენად საფრთხილოა, ალბათ ხვდებით. სამ დღეს მომიწია მასთან ყოფნამ, რისთვისაც მადლიერი ვარ. ბევრი გარეთ დარჩა და ქართველები სულ წერდნენ სოციალურ ქსელში, ვისაც წასასვლელი არა გაქვთ, შეგიფარებთო... აეროპორტში რომ მივედი, ვნახე ადამიანები, რომლებიც ტიროდნენ. საშინელი დასანახი იყო. სავარაუდოდ, ღამეც იქ გაათიეს. ჩვენს რეისზე ადგილები რომ დარჩა, ქართველებმა რამდენიმეს ბილეთები შეუძინეს.

მოკლედ, გამოვემგზავრეთ, ჩვენი ვარაუდით, თბილისში, მაგრამ თვითმფრინავში გვითხრეს, რომ პირდაპირ ბათუმში უნდა ჩამოვფრენილიყავით, რადგან კარანტინი აქ უნდა გაგვევლო და ეს ლოგიკურიც იყო. ჩამოფრენისთანავე ჩვენთან შემოვიდა ეკიპირებული ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ რიგის მიხედვით, 10-10 კაცი უნდა ჩავსულიყავით, ჯერ ქალები და ბავშვები, და კონტროლი გაგვევლო. შეგვამოწმეს, ნიღბები და ხელთათმანები მოგვხსნეს, ახლები დაგვირიგეს. ბარგი გარეთ დაგვხვდა, რომელიც ასევე დეზინფიცირებული იყო. ტემპერატურა გაგვიზომეს და 18-18 ადამიანი სხვადასხვა ავტობუსში გაგვანაწილეს. პოლიციამ სასტუმრომდე მოგვაცილა. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ვიღაცებმა გაქცევა სცადეს. იქიდან ვერანაირად ვერ მოახერხებდი გაქცევას, რადგან პოლიციელებით იყო სავსე და ახლაც, ფანჯრიდან რომ ვიყურებით, ქვემოთ დგანან 24 საათის განმავლობაში, თანაც 2-3 მანქანა.

- რა ხდებოდა გერმანიაში, როდესაც კორონავირუსის გავრცელება მასობრივად დაიწყო?

- თავიდან არავითარი პანიკა არ ყოფილა, უნივერსიტეტში ჩვეულებრივად დავდიოდი და აქ როცა ვრეკავდი, მიკვირდა, ხალხი რატომ იყო პანიკაში. როდესაც სიტუაცია დაიძაბა, უნივერსიტეტში ანტისეპტიკური საშუალებები დაგვირიგეს და აგვიხსნეს, როგორ დაგვეცვა ჰიგიენური წესი, ვირუსი რომ არ გადაგვდებოდა. ჩემს წამოსვლამდე 1-2 კვირით ადრე, იქაც დაიწყო პანიკა, მაღაზიების დახლებიდან ყველაფერი გაქრა, თუმცა მარაგს მაშინვე ავსებდნენ. ყველა აფთიაქზე სტიკერი იყო გაკრული - ტყუილად არ შემოხვიდეთ, პირბადეები არ გვაქვსო. ბერლინში რომ ჩავედი, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რადგან ყველაფერი დაიკეტა. ვფიქრობ, მათ ცოტა დააგვიანეს. ჩვენთან უფრო მალე მოაგვარეს ასეთი საკითხები და აქაურ სიტუაციას რომ ვაკვირდებოდი, მართლაც სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი - მსგავს მობილიზებას არ ველოდი. ისეთი ძლიერი სახელმწიფოები, როგორებიცაა აშშ, გერმანია, იტალია, ესპანეთი, უფრო მოუმზადებლები შეხვდნენ, ვიდრე ჩვენ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

- კარანტინში არსებულ პირობებზე მოგვიყევით. ფოტოების მიხედვით, კარგი გარემოა.

- მართლაც, კარგი პირობები და კომფორტული ნომრებია. როცა ჩამოვედით, იმ ღამით არც კი ველოდი, რომ ვინმე საჭმელს მომიტანდა, რადგან ბევრნი ვიყავით. ნომერში შესვლიდან ათ წუთში ვახშამი კართან იდო. ყველაფერი ნორმალური ულუფებითაა: ბოსტნეული, კარტოფილი, ხილი, პუდინგი, წყალი, პურის დიდი ნაჭრები - რა ვიცი, ყველაფერია. სამჯერადი კვებაა, დადგენილ საათებში. თუ დამატებით რაიმე დაგვჭირდება, ვრეკავთ და ოპერატიულად მოაქვთ. პირსახოცები, სუფთა თეთრეული დაგვხვდა, სამ დღეში ერთხელ გვიცვლიან. ოთახს ჩვენით ვასუფთავებთ. ყველანაირი საწმენდი საშუალებაა.

- თქვენს სასტუმროში მყოფ პირთაგან საეჭვო სიმპტომი არავის აღენიშნება, ხომ?

- არა, არ გამიგია. ღმერთის წყალობით, ყველა ჯანმრთელია და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. რეგულარულად გვამოწმებენ, რაიმე საეჭვო სიმპტომი რომ არ გამოეპაროთ.

- თვითიზოლაციის მოწყენილობას როგორ უმკლავდებით?

- წიგნები მაქვს, ახლა ელექტრონული წიგნებიც უფასოდ ხელმისაწვდომია. ინტერნეტი, ცხადია, გვაქვს და ვკითხულობ, ოჯახის წევრებს, მეგობრებს ვესაუბრები, ტელევიზორს ვუყურებ. ოთახიც დიდია და პატარა სივრცის შეგრძნებაც არ მაქვს. ვუსმენ მუსიკას, ვმღერი, ვისვენებ, ფანჯრიდან ხედებს ვუყურებ და ა.შ.

- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა კარანტინში იმყოფება ან შესაძლოა, შემდგომში მოუწიოს?

- საკუთარ თავთან ნაკლები დროის გატარებას ვურჩევ, რადგან როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები და ვფიქრობ, რომ ახლა აქედან გასვლა არ შემიძლია, გარკვეული შიში მიპყრობს. ამიტომ - მეტად მოუსმინეთ მუსიკას, იმღერეთ, იცეკვეთ, ბევრი იკითხეთ, მოიკითხეთ ადამიანები, გქონდეთ მეტი კომუნიკაცია მეგობრებთან და ა.შ. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დავრჩეთ სახლში, ვირუსი რომ არ გავრცელდეს.

თამთა დადეშელი