"ავღანეთში მიღებული გამოცდილება ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში გამომადგა" - გზაპრესი

"ავღანეთში მიღებული გამოცდილება ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში გამომადგა"

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თავდაცვის ძალებიც. სპეციალურად მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ჯარისკაცებთან ერთად, აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმებიც არიან, რომლებიც ნებისმიერ შემსვლელსა და გამომსვლელს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

თითოეულ საგუშაგოზე მობილიზებული ექიმები სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურით არიან აღჭურვილები. ერთ-ერთი მათგანი ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. მისი თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მიღებულ გამოცდილებას ახლა წარმატებით იყენებს.

GzaPress

დავით პაპოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი:

- ბლოკსაგუშაგოებზე გადაადგილება მხოლოდ შს სამინისტროს წარმომადგენელთა კონტროლით ხორციელდება. ქვეითად მოძრავი პირები სამედიცინო შემოწმებას გადიან, მათ ადგილზე, დისტანციურად უზომავენ სიცხეს, ამის შემდეგ კი სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ქვედანაყოფი უტარებს.

- რა სირთულეები შეგხვდათ, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო?

- თავიდან, ვიდრე გაირკვეოდა, ვის ჰქონდა შესვლა-გამოსვლის უფლება, ავტომანქანების საცობები იქმნებოდა, მაგრამ ორ-სამ დღეში ეს პრობლემა მოგვარდა. ახლა ყველაფერი ორგანიზებულად ხდება. ჩვენთან ერთად, ძალზე ეფექტიანად მუშაობენ შს სამინისტროს წარმომადგენლები და ყველანაირად ცდილობენ, გამართულად ვიმუშაოთ და ავტომანქანებმაც შეუფერხებლად იმოძრაონ. ეს არის რეგიონი, სადაც უამრავი სატრანზიტო ტრანსპორტი გადაადგილდება და ნებისმიერი ვინმე, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ სხვა, კანონმორჩილად იქცევა და ყველა დადგენილ პროცედურას ზედმიწევნით იცავს. ბოლო დღეებში, კიდევ უფრო გავამკაცრეთ კონტროლი ბლოკსაგუშაგოებზე და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ღამის საგუშაგოები და განათებაც მოწყობილი გვაქვს. ასევე ხორციელდება ვიდეოთვალთვალი, საიდანაც სიგნალი მარნეულში გაშლილ მართვის ცენტრში გადაეცემა. ბოლნისისა და მარნეულის ცენტრალური გზების გარდა, არსებობს შემოვლითი გზები, სადაც ასევე განლაგებულია თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, ოღონდ ეს სტაციონარული კი არა, მოძრავი ბლოკსაგუშაგოებია. როგორც ქვეითი, ასევე ავტოსატრანსპორტო პატრული მუშაობს. მათ აქვთ ოპტიკური სპეციალური ხელსაწყოები და ყველა გზა სრულად არის გადაკეტილი.

- როგორია თქვენი სამუშაო დღე, რამდენად რთული რეჟიმი გაქვთ?

- თავიდან უფრო გაგვიჭირდა, შემდეგ უკვე ავუღეთ ალღო. ახლა ყველაფერს ვასწრებთ - კვებასა და დასვენებასაც კი. ეს არის ომი, რომელიც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და ჩვენი მოქალაქეების სადარაჯოზე ვდგავართ.

- თქვენი უსაფრთხოება როგორ არის დაცული? არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი შეიარაღებული ძალების 6 წარმომადგენელს დაუდგინდა.

- ექვსივე გვარდიის დეპარტამენტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, მე კი, აღმოსავლეთის სარდლობას წარმოვადგენ და მათზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ... რაც შეეხება ჩვენი ძალების უსაფრთხოებას: არც ერთი სამხედრო პირი, რომელიც ბლოკსაგუშაგოზე თავის მოვალეობას ასრულებს, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე არ გადაადგილდება, ყველას აქვს სპეციალური პირბადე, ბალისტიკური სათვალე, რომელიც თვალებს უცხო სხეულის მოხვედრისგან იცავს, და ხელთათმანები, ისინი კი, ვინც ავტომანქანებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ, სპეციალური სამოსითა და აირწინაღებით არიან აღჭურვილი, რადგან ქიმიურ ხსნარებთან უწევთ მუშაობა. სამხედრო ექიმებს, ვინც უშუალოდ მოსახლეობას ეკონტაქტება - ესაუბრებიან, სიცხეს უზომავენ, - სპეცკომბინეზონები აცვიათ და ბალისტიკური სათვალეები უკეთიათ. ექიმებს იქ 24 საათის განმავლობაში არ უწევთ ყოფნა, ცვლებით მუშაობენ. სამედიცინო პერსონალი 6-კაციანი ჯგუფებით მორიგეობს, რომლებსაც მეთაურად ექიმი ჰყავს. ორი მათგანი სამედიცინო შემოწმებაზეა და ყოველ ორ საათში იცვლება, ანუ სამცვლიანი მორიგეობაა, რათა ექიმებს დასვენების საშუალება ჰქონდეთ. შესაძლოა, ასეთი მუშაობა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ასეთი გრაფიკი მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

GzaPress ლაშა დავითაძე, ვიცე-პოლკოვნიკი, აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ბრიგადის ბატალიონის მეთაური: - როგორც კი მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა, იმ დღიდან ჩაერთო ჩემი ბატალიონი ამ საქმეში, კერძოდ, ვაკონტროლებთ შემავალ და გამოსასვლელ გზებს, სადაც პოლიციის მხარდასაჭერად ვიმყოფებით.

- ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ადამიანს ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.

- დიახ, ადამიანს სიცხე დაუფიქსირდა და ტრანსპორტიც, სადეზინფექციო სამუშაოების გარეშე, სახიფათო იქნებოდა... როცა მოქალაქეს საეჭვო სიმპტომი დაუფიქსირდება, ის იზოლირებულ ნაწილში გადაგვყავს, სადაც უკვე ეპიდემიოლოგები წყვეტენ, ეს უბრალო გაცივებაა თუ დამატებით შესამოწმებლად, მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება. პოლიციელებთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, ისევე, როგორც სამედიცინო სამსახურთან. აღვრიცხავთ შემთხვევებს, შემდეგ კი მას მართვის ცენტრი ამუშავებს. ყველა საგუშაგო აღჭურვილია მართვის ცენტრით, რომელიც უკავშირდება ცენტრალურ ბატალიონებს, - მაგალითად, მარნეულის საავიაციო ბაზაზეა გამართული ცენტრალური სამეთაურო პუნქტი, სადაც ინფორმაციას უკვე საკოორდინაციო შტაბში ვაჯამებთ. იქვეა პოლიციის შტაბიც. ყველა ინფორმაცია თავმოყრილია და დიაგრამასავით ვაკეთებთ, რა დროსა და ადგილებში დაფიქსირდა შემთხვევები. იქვე შეტანილი გვქონდა ინფორმაცია მარნეულელი ქალბატონის სარიტუალო დარბაზში ყოფნის ცნობილი ფაქტის შესახებ. გარდა ამისა, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ ანუ ვცდილობთ, პროცესებს წინ გავუსწროთ. სწორედ ეს არის მართვის კონტროლის ფუნქცია. ამასთანავე, პოლიციელები დრონებითაც მუშაობენ, მეტი ინფორმაცია რომ მიიღონ: მაგალითად, თუ ერთ სოფელში რამდენიმეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ეს უფრო საყურადღებოა და გადამოწმებას საჭიროებს.

- როგორც მივხვდი, დაახლოებით იმ პრინციპით მუშაობთ, როგორც მისიებში ყოფნისას ცხელ წერტილებში, ხომ?..

- დიახ. სამი თვის წინ დავბრუნდი ავღანეთიდან, სადაც 7 თვე და ორი კვირა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვასრულებდი სამშვიდობო მისიას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ მიღებული გამოცდილება ახლა ძალიან გამომადგა. ეს ეხება თუნდაც "ჩეკ-პოინტებს" ანუ შემოწმებებს, რასაც ახლაც დიდი სიფრთხილით ვასრულებთ. მეგობრები ვხუმრობთ, - ვერასდროს წარმოვიდგენდით, ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე მიღებული გამოცდილება მარნეულსა და ბოლნისში თუ გამოგვადგებოდა... სამხედროებს გვაქვს გარკვეული პროცედურები, რომლებიც საომარ და ლეტალურ მოქმედებებზეა აგებული, მაგრამ მათი ტრანსფორმირება ახლა არსებულ პირობებში ძალზე იოლად შევძელით. პირობითად რომ გითხრათ - "მოწინააღმდეგის ანალიზს" "საფრთხის ანალიზი" დავარქვით, ასევე ვცდილობთ გავთვალოთ, სად შეიძლება ლოკალური გამოვლინებები შეგვხვდეს, როგორ შეიძლება ჩვენი ძალებისა და რესურსების გამოყენება სიტუაციის პრევენციისთვის... ისიც ცხადია, რომ ვირუსის წინასწარი პრევენცია ძალზე ძნელია, მაგრამ მართვასა და კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რადგან პირველივე დღიდან იქ ხართ, გკითხავთ: როგორია სურათი - საფრთხე მზარდია, თუ კონტროლს ექვემდებარება?

- პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მოსახლეობა თანდათან აცნობიერებს საფრთხეს, უფრო კანონმორჩილად და წინდახედულად იქცევა, რაც გვიადვილებს მუშაობას და რისკებსაც ამცირებს. ხუთივე ბლოკსაგუშაგოს შემოვლა მიწევს და ვხედავ, რომ სამოქალაქო თვითშეგნება ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანებს საქმე არ გავურთულოთ და რაც შეიძლება მეტი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. ხალხიც ხედავს, რომ მის დასახმარებლად ვართ მოსული და ამას სათანადოდ აფასებს... თანამშრომლები ერთმანეთს ვეუბნებით, - ამ ვირუსს რომ დავამარცხებთ, შემდეგ მივხვდებით, რომ სხვა ქვეყანაში შეცვლილ საზოგადოებაში გავიღვიძეთ, რომელმაც რაღაცები გადააფასა და ყველაფერი ახლებურად დაინახა.

ლალი პაპასკირი