ქალი სკუტერით, რომელიც ხალხის კვებაზე ზრუნავს - გზაპრესი

ქალი სკუტერით, რომელიც ხალხის კვებაზე ზრუნავს

"დარჩი სახლში!" - ეს მოწოდება უკვე რამდენიმე დღეა ისმის. ადამიანებს ექიმები მუდმივად აძლევენ საჭირო რეკომენდაციებს და წესების დაცვას სთხოვენ. ხელისუფლება სახლიდან გასვლას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ურჩევს მოქალაქეებს. ამ წესებს ბევრი ადამიანი ემორჩილება. ისინი თავიანთ სახლებში არიან გამოკეტილები. ამ ფონზე, საჭმლის სახლში მიტანის სერვისებით დღეს უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს და ამ კუთხით მომუშავე კომპანიის თანამშრომლებს კონკრეტულ მისამართებზე შეკვეთები მიაქვთ. როგორც მიტანის სერვისის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგონა ამბობს, მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია. ისინი ექიმების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და შესაბამისად აღჭურვილები დადიან გამოძახებაზე.

რადა ცქვიტავა 2 წელზე მეტია, ამ სამსახურში მუშაობს. ჯერ მანქანით დადიოდა, მაგრამ უკვე კარგა ხანია, სკუტერით გადაადგილდება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ დღეებში მოქალაქეებს შეკვეთას კართან უტოვებს.

- კორონავირუსის გავრცელებისა და იმის გამო, რომ დავიცვათ როგორც ჩვენი, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება, შეკვეთებს მითითებულ მისამართებზე, კართან ვტოვებთ, თან ვაკაკუნებთ და ვაცნობებთ, რომ მოვედით. ჩვენთან თანხის გადახდა უკონტაქტოდ, პლასტიკური ბარათებით ხდება, ამიტომ ფულთან შეხებაც არ გვაქვს და არ არის აუცილებელი მოქალაქესთან პირისპირ შეხვედრა. ზოგიერთი სკამს გარეთ გამოდგამს და იმ სკამზე ვუტოვებთ შეფუთულ შეკვეთას, ზოგი პატარა ხალიჩას კუთხეში დადებს და იმაზე ვდებთ. მაქსიმალურად ვიცავთ რეკომენდაციებს. ბევრი სადეზინფენქციო საშუალება გვაქვს, იმით ვამუშავებთ ხშირად იმ ჩანთებს, რომელშიც ვდებთ პროდუქტს. აუცილებლად გვიკეთია ხელთათმანი, გვაქვს პირბადე და ქუჩაშიც ასე გადავაადგილდებით. სპეციალური ხსნარებით ხელებსაც ხშირად ვიმუშავებთ. ახლა ქალაქში აღარ არის საცობები და თავისუფლად ვმოძრაობთ. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და მათაც უნდა იზრუნონ ჩვენზე. ჯობია სახლში დარჩნენ, რომ ეს კრიზისული ვითარება მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს. პირადად მე, არ მეშინია კორონავირუსის, ფსიქოლოგიური მომენტიც არის ამ დროს მთავარი. როცა შეშინებული და დასტრესილი ხარ, ეს შენს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება. ამიტომ ყველას ვურჩევ, დაიცვან დისტანცია, საჭირო წესები და ნურაფრის შეეშინდებათ. ადრე შეკვეთა რომ მიგვქონდა, ხალხი სადარბაზოში გვხვდებოდა, მაგრამ ახლა გარეთ არავინ გამოდის. მაქსიმალურად ერიდებიან კონტაქტს. მგონია, ჩვენზეც ფიქრობენ, თუ თვითონ დაავადებულია, ჩვენც რომ არ გადმოგვდონ. ერთმანეთს ასე უნდა გავუფრთხილდეთ.

GzaPress- წვიმიან ამინდში არ გიჭირთ სკუტერით მოძრაობა?

- ერთი ქალისგან ვიყიდე ძალიან მოვლილი წითელი სკუტერი, თითქმის ახალი და ძალიან ვუვლი. ასევე, მყავს "პრიუსი". ადრე ამ მანქანით დამქონდა შეკვეთები, მაგრამ არ იყო მოხერხებული მანქანით გადაადგილება. გადატვირთულ ქუჩებში დიდ დროს ვკარგავდი და შეკვეთის მიტანა მაგვიანდებოდა. სკუტერი უფრო კომფორტულია, სწრაფად მიმაქვს და მომხმარებელიც კმაყოფილია. თუ ძალიან წვიმს, მანქანით ვმოძრაობ. თავიდან, როცა ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ სკუტერი უნდა მეყიდა, გამიპროტესტეს, ეშინოდათ. ჩემი მშობლები, მეუღლის მშობლები, ყველანი ღელავდნენ. მერე გაგებით შეხვდნენ ამ ყველაფერს და ახლა მოსწონთ. წესების დაცვა მიყვარს და რომ ნახეს, კარგად გავართვი თავი, დამშვიდდნენ. დიდი ოჯახი მაქვს, ყველა ერთმანეთს ვუდგავართ მხარში და ვშრომობთ. მყავს მეუღლე, ორი შვილი და ეს სამსახური მისაღებია ჩემთვის, რადგან მრჩება თავისუფალი დრო შვილებთან ურთიერთობისთვის.

- რამდენი ხანია რაც აქ მუშაობთ?

- 2 წელია აქ ვარ. ისე, ბევრ ადგილას მიმუშავია. სტუდენტობიდან ვცდილობდი ჩემი ფული მქონოდა და სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. პროფესიით ფილოლოგი ვარ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, რუსული ენა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე. დედა ეროვნებით რუსია და რუსულ სკოლაში დავყავდი. ცოტა ხანს ბელორუსიაშიც ვცხოვრობდით, მერე საქართველოში დავბრუნდით. მამა ქართველია. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, 2 წელი ქართულ სკოლაში რუსულის მასწავლებლად ვმუშაობდი, ბავშვებსაც ვამზადებდი, მაგრამ ცოტა იყო ხელფასი, ამან შემოსავალი არ მომცა და ამიტომ, სხვა პროფესიაში ვცადე ბედი. სანამ გავთხოვდებოდი, დიჯეი ვიყავი დისკოთეკაზე, ერთი პერიოდი უძრავი ქონების სააგენტოში ადმინისტრატორად ვმუშაობდი. სხვადასხვა სფეროში მიმუშავია. სულ ვცდილობდი, ფინანსურად მეუღლეზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი, ერთმანეთს გვერდში ამოვდგომოდით, მეც რეალიზებული ვყოფილიყავი და ჩემი შემოსავალი მქონოდა. ახლა აქ შემიძლია გრაფიკი შევუთავსო, თავისუფალი ხარ, შენი თავის პატრონი, ბავშვებთანაც შეგიძლია იყო, როცა გინდა. ხალხთან ურთიერთობაც მიყვარს. თუ არ იმუშავებ კარგად, შემოსავალიც არ გექნება, ამიტომ ვცდილობ ვიმუშაო.

- მანქანას დიდი ხანია ატარებთ?

- რაც გავთხოვდი, მას მერე, 13 წელია საჭეს ვუზივარ. ადრე სხვა მანქანა მყავდა, მინდოდა ეკონომიური ავტომობილი მეყიდა, მაგრამ ერთიანი თანხა არ მქონდა, მერე მაზლი დამეხმარა და ვალი ნელ-ნელა გავისტუმრე. ძალიან ეკონომიური მანქანაა. როგორც სკუტერს, ავტომობილსაც ძალიან ვუვლი. სულ წესრიგში მყავს. ზოგადად, ფრთხილი ადამიანი ვარ და არ მქონია ცუდი შემთხვევა. სკუტერით არასოდეს მივლია ველობილიკზე ან ტროტუარზე, დავდივარ იქ, სადაც უნდა იაროს სკუტერმა - უკიდურეს მარჯვენა ზოლში და ასე უფრო დროულად მიმაქვს შეკვეთა. როცა საცობებია, უფრო იოლია სკუტერით მოძრაობა, ვიდრე მანქანით, ფიზიკურადაც მინდა სულ ფორმაში ვიყო და ყოველ დილით ვვარჯიშობ.

GzaPress

- ალბათ, სახალისო ამბებიც ხდება, როცა შეკვეთა მიგაქვთ... - მივიტანე შეკვეთა მისამართზე და აღმოვაჩინე, რომ არც სადარბაზო ჰქონდა მითითებული კლიენტს და არც ბინის ნომერი. ღამის პირველი საათია, ტელეფონიც გათიშული აქვს. დავიწყე სახელის ყვირილი: "ელისო, ელისოოო". მეზობლებმა გადმომხედეს. ვეუბნები, ახლახან დარეკა ელისომ, შიოდა, საჭმელი მოვუტანე და ახლა ვეღარ ვპოულობ-მეთქი. გაიცინეს. ამასობაში, ეს ძახილი ელისომაც გაიგონა (იღიმის). ხშირად ჰგონიათ, რომ დააგვიანდება შეკვეთას და ტელეფონსაც არ აქცევენ ყურადღებას. თუ საკუთარი სახლია ან იტალიური ეზო, რომ მივდივარ, სახელებს გავყვირი. ცუდ დღეში ვარ მაშინ, როცა არასწორი მისამართი აქვთ მითითებული და ამის გამო დამატებით მიწევს სირბილი, თუმცა ამაზე არ ვბრაზდები. მიმაქვს იქ, სადაც მეტყვიან. ერთადერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა დაგვიანების გამო უკმაყოფილო იყო მომხმარებელი. როცა შეკვეთის ასაღებად მივდივართ, იქ გვხვდება რიგები და ეს გვაფერხებს. დროზე შეიძლება მხოლოდ ამიტომ ვერ მივიდეთ მისამართზე. ყველაფერში ვეძებ პოზიტივს. ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ქალი სკუტერით და მანქანით უკვე აღარავის უკვირს, ყველა მიეჩვია ამას. მაგრამ ახლახან იყო შემთხვევა, როცა ქალბატონს შეკვეთა მივუტანე და სკუტერით რომ დამინახა, გაუკვირდა. მითხრა, ფოტოები უნდა გადაგიღოო და გადავიღეთ სურათები. თურმე, რესტორანი ჰქონდა ამ ქალბატონს, 8 მარტი იყო და დამპატიჟა, მოდი ჩემთან და ყავა დავლიოთო, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ მივედი. კმაყოფილი ვარ ჩემი საქმით. ძალიან კარგი ოჯახი მყავს. ყველა ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ვეფერებით. არასოდეს ყოფილა ხმამაღალი საუბარი და ჩხუბი ჩვენს სახლში და ჩემი შვილებიც მშვიდ გარემოში იზრდებიან.

- რა არის თქვენი გატაცება?

- ძალიან მიყვარს სიმღერა და ცეკვა. მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული და კარგად ვუკრავ პიანინოზე, გიტარაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები. სახლში გვყავს კატა და ვუვლი. ადრე ჩემი კატა მანქანამ გაიტანა და ძალიან ვინერვიულე. ბავშვობაში სულ ქუჩის კატები დამყავდა სახლში და დედა მიბრაზდებოდა, რადგან მერე სახლში არ ჩერდებოდნენ... მთავარია, ადამიანს შრომა არ გეზარებოდეს, თორემ სამუშაოს ყოველთვის იშოვი. სანამ ამ კომპანიაში დავიწყებდი მუშაობას, ბინებსაც ვაქირავებდი და ტურისტები დამყავდა მანქანით. ამ ბიზნესშიც ვიყავი ჩართული. რუსული ვიცი და ინგლისური - იმდენი, რომ მომხმარებელს გავაგებინო. სულ ახლის ძიებაში ვარ. ერთ ადგილას არასდროს ვჩერდები. ჯერჯერობით აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, შემოსავალიც მაკმაყოფილეს. იმედია, მალე ქვეყანა ჩვეულ რიტმში ჩადგება, ამ ვირუსს დავამარცხებთ, ადამიანებთან შეხვედრის და ღიმილიანი მისალმების არ შეგვეშინდება.

თეა ხურცილავა