"ქალაქი გაიყინა, ერთ ადგილზე გაჩერდა, სოფლებს კი სიცოცხლე დაუბრუნდათ..." - გზაპრესი

"ქალაქი გაიყინა, ერთ ადგილზე გაჩერდა, სოფლებს კი სიცოცხლე დაუბრუნდათ..."

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზაფხულის არდადეგების სწრაფად ჩამთავრება უნდოდეს რომელიმე ბავშვს იმისთვის, რომ სკოლას დაუბრუნდეს, მაგრამ ახლა, როცა მოსწავლეებს უეცრად შეუწყდათ სწავლა და მათთვის უჩვეულო რეჟიმზე გადავიდნენ, თითოეული სახლში დარჩენას მოგვიწოდებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ ვირუსი და დაუბრუნდნენ სკოლას, შეძლონ ქუჩებში თავისუფლად სიარული, არც მეგობრებთან თამაშის შეეშინდეთ... რაღა დაგიმალოთ და მიხარია, რომ ამ ბავშვებს რეალური ურთიერთობები ენატრებათ. ასე მგონია, ამ ვირუსმა ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა - ადამიანები დაგვარწმუნა პირადი ურთიერთობების აუცილებლობაში და... როცა ყველაფერს დავძლევთ, ბავშვები თავს მოიყრიან, ალბათ ძველებურად ტელეფონში "ჩაძრომას" კი არ დაიწყებენ, არამედ ერთმანეთით დატკბებიან...

ახლა კი, მოვუსმინოთ ჩვენს მომავალს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ილია ლობჟანიძე:

GzaPress - მთელ მსოფლიოში საშიში ვირუსია გავრცელებული და მისი უნდა გვეშინოდეს, რადგან ადამიანს კლავს. ამიტომ ოჯახის წევრების მსგავსად, ქუჩაში არც მე გავდივარ, ხელებს ხშირად ვიბან. სამწუხაროდ, ვერ დავდივარ სკოლაში, ასევე რაგბიზე და ეზოში ბავშვებთან ერთადაც ვეღარ ვერთობი. სახლში ჩემს დასთან ერთად ვთამაშობ ან კომპიუტერით მეგობრებს ვუკავშირდები და ვირტუალური თამაშებით ვერთობით. რაც შეეხება ონლაინსწავლებას, ვერ გეტყვით, რომ სწავლების ეს ფორმა ძალიან მომწონს. იმის გამო, რომ პროგრამა გამართული არ არის, ბევრი კურიოზი ხდება, თუმცა ამაზე ასე სახალხოდ ვერ მოგიყვებით (იცინის). მენატრება გარეთ თავისუფლად გასვლა, მეგობრების ნახვა. იმედია, მალე ყველაფერი ძველებურად იქნება.

თანატოლებს ვურჩევ, ითამაშონ სამაგიდო თამაშები და წაიკითხონ წიგნები, მაგალითად, მე ძალიან მომწონს კომიქსი Maus.

ქრისტი გაბელია: GzaPress - კორონავირუსი პირველად ხომ ჩინეთში გავრცელდა და მერე მთელ მსოფლიოში დაინფიცირდა ხალხი, სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან საშიში ვირუსია და თავს უნდა გავუფრთხილდეთ. მე ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ექიმების რეკომენდაციებს ვიცავ: ხშირად ვიბან ხელებს, ვარ სახლში და ყველას მოვუწოდებ, რომ მათაც დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ყველაფერი რომ მალე კარგად იყოს. ამ ვირუსის გავრცელების შემდეგ ხომ ქვეყანაში ყოველდღიური ცხოვრების წესი შეიცვალა და ახლა სახლში ვცდილობ, ოჯახის წევრებთან ერთად გავერთო. კარგია, რომ ასეთ ვითარებაში მაინც ვაგრძელებთ სწავლას. არის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის გაკვეთილის პროცესს, მაგრამ ამავე დროს სახალისოა, რადგან ვიღებ განათლებას და მაქვს საშუალება, ვნახო კლასელები და მასწავლებლები. მენატრება ჩემს ოჯახთან ერთად სეირნობა, სკოლა, მასწავლებლები, კლასელები და ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი. ბავშვებს, რომლებიც გარეთ ვერ გადიან, ვურჩევ, გაერთონ ოჯახის წევრებთან ერთად, გააკეთონ ხელნაკეთი ნივთები და წაიკითხონ წიგნები.

გისურვებთ ჯანმრთელობას! და დარჩით სახლში!..

ნიკოლოზ გადრანი: GzaPress - ეს ძალიან სერიოზული და საშიში ვირუსია, არ უნდა ვეხუმროთ. მე ხშირად ვიბან ხელებს და სახლიდან არ გავდივარ, რათა დავიცვა როგორც საკუთარი თავი, ისე ახლობლები. მას მერე, რაც ამ ვირუსზე გავიგეთ, ცხოვრება საშინელი, ძალიან მოწყენილი, ნაცრისფერი და დამთრგუნველი გახდა. ვხედავ, ოჯახში ყველა ნერვიულობს და ამას ბებოს გარდაცვალებაც დაემატა... აქ ვერთობი ჩემს უმცროს ძმასთან ერთად. ეზოში ბურთს ან "სონიფლეისთეიშენით" კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობთ. იმ ბუნებას ვაკვირდები, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ, გაიზარდნენ და ეს მომწონს...

სამწუხაროდ, ონლაინგაკვეთილებს საერთოდ ვერ ვესწრები, რადგან ახლა სვანეთში ვარ და აქ ინტერნეტი არ მაქვს. ძალიან მენატრება მეგობრები და მასწავლებლებიც. ბავშვებს ვურჩევ, დაიცვან წესები და წაიკითხონ ბევრი წიგნი.

ბიჭებს, რომლებიც ფეხბურთზე დადიან, ვურჩევ წაიკითხონ წიგნი ანდრეს ინიესტას შესახებ, ძალიან საინტერესო რამაა. ასევე, პირადად მე, მომწონს ისტორიები ქართველ მეფეებზე.

როცა ეს ვირუსი დამარცხდება, პირველ რიგში, თბილისში ჩავალ, დავისვენებ, ბევრს გავერთობი, აუზზე ვივლი და თავისუფალ დროს წიგნებს წავიკითხავ, რაც მთავარია - მეგობრებს ჩავეხუტები.

ბარბარე დათეშიძე: GzaPress - კორონავირუსი ჩვენი უხილავი "გვირგვინოსანი" მტერია. ჩემი აზრით, მტრის თუ გეშინია, მას ვერც მოერევი და მით უმეტეს, ვერ დაამარცხებ. ძალიან განვითარებულია დღევანდელი მსოფლიო, ალბათ მალე წამალსაც გამოიგონებენ. მანამდე კი უნდა დავრჩეთ შინ და დავიცვათ წესები. ბრძოლის სტრატეგია ასეთია - თავდაცვა და შემდეგ თავდასხმა. წესების დაცვიდან ყველაზე იოლი შესასრულებელი ხელების დაბანა იყო, რადგან ამას ისედაც ხშირად ვაკეთებდი. აი, რაც სახლში ჯდომას შეეხება, ეს მართლაც რთულია და მოსაწყენი. როგორც უმეტესობა, მეც ვცდილობ როგორღაც გავერთო, ვისწავლო, ვითამაშო და წავიკითხო საინტერესო ნაწარმოებები, ლექსები.

ყველაფერი შეიცვალა კორონავირუსის გამო თითქოს თავდაყირა დადგა სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში ვარ და თითქმის ყველა ჩემი მეგობარი აქ არის, არც ბავშვების ჟრიამული ისმის. ყველა სახლში ან ეზოშია შეყუჟული. აივნებიდან ვესაუბრებით ერთმანეთს. ეს ძალიან უჩვეულო და ცუდია.

ეზოში ბევრი ყვავილი გვაქვს და გაზაფხულზე მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მამიდა მათ "ლამაზ გოგოებს" ეძახის. ერთად ვუვლით ჩვენს "გარდენიას". ბაბუას და ბებიასაც ვეხმარები ბოსტნის გამარგვლაში. მთავარი აღმოჩენა კი დიდი ბაბუას ძველი ბინოკლია, რომლითაც არაჩვეულებრივად ვერთობი (ძველ სკივრში აღმოვაჩინე).

ონლაინსწავლება, როგორც სიახლე, ცუდი არ არის, თუმცა "ცოცხალ" გაკვეთილს ვერ შეედრება. ბევრი სასაცილო მომენტებია, ხან ჩათიდან გამოგაგდებს, ხან ხმა და გამოსახულება იჭედება, ზოგი კიდევ ხელს იწევს. იმ კლასელების ტელეფონიდან თუ კომპიუტერიდან, ვინც სოფელშია და მიკროფონს ხმას არ უთიშავს, ქათმების, ძაღლისა და ძროხის ხმაც ისმის. რაღაც კუხით სახალისოცაა, მოივლი საქართველოს ყველა კუთხეს...

კლასელები და სკოლა ყველაზე მეტად მენატრება. თამაში, ლაღად სიცილი და ხალისი, სირბილი, ცურვაზე სიარული და სავაჭრო ცენტრში გასეირნება.

თანატოლებს რას ვურჩევ?! თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე, რაიმე ახალი ჰობი გაიჩინონ, ძველი საყვარელი საქმიანობაც უნდა განაგრძონ, რასაც სახლში ყოფნისას აკეთებდნენ. სამაგიდო თამაშები კარგია ოჯახურ გარემოში.

დედა მასწავლებელია და კვირაში ორჯერ, ჩვენი გაკვეთილები ერთმანეთს ემთხვევა. ტელეფონი და კომპიუტერი გვაქვს მომარჯვებული და ასე ვცდილობთ პრობლემის გადაჭრას. თუ სიჩქარე არ ყოფნის და ჭედავს ინტერნეტი, მაშინ დედას გადააქვს ერთი საათით გაკვეთილი. კიდევ ერთი გასართობი ჩემთვის ბუნების გაკვეთილების დაგეგმვაში დედას დახმარებაა, ჩემი პარალელური კლასის დამრიგებელია და ეს შეუძლია.

მია გიორგიშვილი: GzaPress - როგორც ვიცი, კორონავირუსის შექმნის შესახებ არსებობს ორი ვარიანტი: პირველი - ეს არის ჩინელების "წყალობა", რადგან ისინი ჭამენ გველებს, ღამურებს, რის გამოც გაჩნდა ეს ვირუსი, რომელიც გველისა და ღამურის გენს შეიცავს; მეორე ვარიანტი არის ის, რომ სპეციალურად შექმნეს... ვფიქრობ, ამ ვირუსის უნდა გვეშინოდეს, რადგან ბევრი ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირების შემთხვევაში შეიძლება, ჩვენ არაფერი მოგვივიდეს, მაგრამ მოსალოდნელია, ვირუსი უნებურად გადავდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ავადმყოფობასთან გამკლავება გაუჭირდებათ - ამაზე უნდა ვიფიქროთ. პირადად მე, წესებს ვიცავ: გარეთ არ გავდივარ, მაგრამ როცა ეს აუცილებელია, გასვლამდე ვიკეთებ პირბადეს, ხელთათმანს და დამცავ ფარს (ის მე თვითონ გავაკეთე, თმის სამაგრისა და ფაილისაგან); სახლში შემოსვლისას ყველაფერს, რაც გარეთ გასვლისას მეცვა, შემოსასვლელშივე ვტოვებ, ხელებს ძალიან დიდხანს ვბან, ვისხამ ანტიბაქტერიულ სითხეს და ვსვამ თბილ წყალს.

სამწუხაროდ, ამ ვირუსის გამო ქალაქი დაცარიელდა, სკოლებმა სწავლა შეწყვიტა და გადავედით ონლაინსწავლაზე, აღარ დავდივარ ცურვაზე, ცეკვაზე. ცურვის 2 შეჯიბრება გაუქმდა, რაც ძალიან მეწყინა. სამაგიეროდ, ოჯახის წევრები ერთად მეტ დროს ვატარებთ. მთლიანად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება

სახლში ძირითადად ჩემს ძმასთან ერთად, სამაგიდო თამაშებით ვერთობი, ხშირად მშობლებიც გვეთამაშებიან. ვკითხულობ წიგნს და ვუყურებ ფილმებს. ონლაინსწავლება კარგია იმიტომ, რომ დილით ადრე არ მიწევს გაღვიძება. შემიძლია გაკვეთილამდე 10 წუთით ადრე გავიღვიძო, მაგრამ სხვა მხრივ რა თქმა უნდა, არ მომწონს. მენატრება კლასელები, სკოლა და მასწავლებლები, შესვენების დროს მეგობრებთან ერთად გართობა. თუმცა, ერთ-ერთი ონლაინგაკვეთილის დროს თეა მასწავლებელმა მუსიკა ჩაგვირთო და ყველა ვცეკვავდით, ძალიან კარგად გავერთეთ...

ყველაზე მეტად მენატრება ცურვა, აუზი, ცურვის მეგობრები და ცურვის მასწავლებელი! ასევე, კლასელები, ჩემი საუკეთესო მეგობარი კი განსაკუთრებით მენატრება.

სხვა ბავშვებს ვურჩევ წაიკითხონ წიგნები, რისი დრო მანამდე არ გვქონდა. განსაკუთრებით მოგეწონებათ პალაციოს "საოცრება" და მეორე ნაწილი, "ავგუსტი და მე"; ჟიულ ვერნის "საიდუმლო კუნძული", ნოდარ დუმბაძის მოთხრობები. კარგად გაერთობით სამაგიდო თამაშებით, თუ დედმამიშვილი არ გყავთ, ეს უფროსებსაც მოეწონებათ.

ჰო, ამ დღეებში დაბადების დღე მქონდა. მეგონა, რომ ყველაზე ცუდი დაბადების დღე მექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა: მშობლებმა და ახლობლებმა მომიწყვეს სიურპრიზები, გამიკეთეს საჩუქრები, ზოგი საჩუქარი კურიერმა მომიტანა, კლასელები და მეგობრები მიგზავნიდნენ ონლაინმილოცვებს; ყველა ცდილობდა გავეხარებინე და საკმაოდ დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა. თუმცა, მაკლდა მეგობრებთან ერთად გართობა.

ლიზი გუგავა: GzaPress - კორონავირუსი პირველად ჩინეთში გამოჩნდა. როგორც ვიცი, ის ცხოველიდან წარმოიშვა და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჩემი აზრით, ვირუსი არც ისე საშიში იქნებოდა, სწრაფად რომ არ ვრცელდებოდეს... ხშირად ვიბან ხელებს წყლითა და საპნით. არ გავდივარ ეზოს გარეთ. ზაფხულის შემდეგ უნახავ მეგობრებსაც ვერ ვნახულობ, რომლებიც ძალიან მენატრებოდნენ და ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი სოფელში, რათა ყველა მენახა. მას შემდეგ, რაც ამ ვირუსზე გავრცელდა ინფორმაცია, სამყარო შეიცვალა... ხალხში პანიკაა, დაიხურა მაღაზიები, შეჩერდა სასწავლო პროცესი, გადავედით დისტანციურ, ონლაინსწავლებაზე. ქალაქი გაიყინა, ერთ ადგილზე გაჩერდა, სოფლებს კი სიცოცხლე დაუბრუნდათ...

სოფლად მე და ჩემი ძმა ვართ. ვცდილობთ გავერთოთ სახლიდან გაუსვლელად, ვთამაშობთ სხვადასხვა თამაშს, ვმეცადინეობთ, ვკითხულობთ წიგნებს... რაც შეეხება ონლაინგაკვეთილებს, მომწონს, საინტერესო სიახლეა. მართალია, რეალური გაკვეთილები სჯობს, მაგრამ ვირტუალური კონტაქტი მასწავლებლებსა და კლასელებთან საინტერესო და სახალისოც ყოფილა.

ყველაზე მეტად კლასელები, მეგობრები და მასწავლებლები მენატრებიან. ყველას ვურჩევ, იკითხონ წიგნები - ასე დრო სწრაფად გავა. იმედია, მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება და ხალხს შიშის საფუძველი აღარ ექნება...

მარიამ ლელაძე: GzaPress - თავიდან არავის ეშინოდა კორონავირუსის, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო დაპანიკდა ხალხი, საკვების მომარაგება დაიწყეს და მაღაზიები დააცარიელეს. ცუდია, რომ ფასები გაიზარდა და ჩემს საყვარელ სპაგეტისაც სოფელში ვეღარ ვშოულობთ, ვერც დედა მიგზავნის, რადგან ტრანსპორტი აღარ დადის... ისე ხშირად ვიბანთ ხელებს, რომ კანი გვექერცლება, მაგრამ ახლა იმ ხელის კრემების წასმის უფლებას გვაძლევენ, რომელსაც ადრე გვიკრძალავდნენ - ეს მომწონს (იცინის). საჭმელი ჩვენც მოვიმარაგეთ, რომ ხშირად არ მოგვიხდეს სახლიდან გასვლა. სოფელში ბევრი ხალხია, მაგრამ ქუჩაში ვერავის დაინახავ, რაც არ მომწონს. სამაგიეროდ, მე და ჩემს დას შეგვიძლია, მთელი ხმით ვიყვიროთ, ვიმღეროთ. მოკლედ, რასაც გვინდა, ეზოში იმას ვაკეთებთ, ვერავინ დაგვინახავს და ვერ იტყვის, ესენი გიჟები ხომ არ არიანო (იცინის).

ისე, მომბეზრდა სახლში, ამას სკოლაში სიარული სჯობს.

როგორ ვერთობი? ეზოში დავრბივარ, ბაბუს ვეხმარები, მერე ყველა ერთად კარტს ვთამაშობთ ან ტელეფონით ვერთობი.

ყველაზე მეტად მენატრება დედა და მამა, ჩემი ბიძაშვილები - ანი და ლუკა, მამიდაშვილები - ანუკა და ბელუკა. მენატრება ყველა საყვარელი ადამიანი, მეგობრები, მასწავლებლები, ასევე ცეკვაზე, "ლაშქარში" სიარული... ძალიან გამიხარდება, თუ ეს ვირუსი მალე "წავა" და ამის მერე, პირველ რიგში, დედიკოსა და მამიკოსთან ერთად ბევრს ვისეირნებ.

P.S. დაგვიკავშირდით და გვიამბეთ თქვენი შვილების საინტერესო თავგადასავლები მეილზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია