"ტუალეტის ქაღალდი ჩემმა დამ საქართველოდან ჩამოგვიტანა" - გზაპრესი

"ტუალეტის ქაღალდი ჩემმა დამ საქართველოდან ჩამოგვიტანა"

სალომე მეტრეველი წლებია, ლონდონში ცხოვრობს და სამედიცინო სფეროში ცოდნისა და საჭირო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ახლა უკვე საკუთარი კოსმეტიკური კლინიკა აქვს. ახლა, მსოფლიოში შექმნილი კორონავირუსული პრობლემების გამო, ისიც კარანტინის რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. როგორც აღნიშნავს, "კოვიდ-19" შვილთან ერთად უკვე გადაიტანა, თუმცა - მსუბუქ ფორმებში. სალომე ლონდონში არსებულ სიტუაციაზე გვიყვება.

- ლონდონშიც, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ყველაფერი დაკეტილია და გარეთ მხოლოდ პროდუქტის შესაძენად გავდივართ. ოფიციალურად, კარანტინი 2-3 კვირის წინ გამოცხადდა, თუმცა ბევრმა კომპანიამ მანამდე დაიწყო დაწესებულებების დაკეტვა, რადგან პანიკა იყო. ჩვენთან კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ როცა კარანტინი შემოიღეს, სასწავლო დაწესებულებები დახურეს და ხალხს ურჩიეს, შინ დარჩითო, მეორე დღესვე პარკები, ზღვისპირა პლაჟები ათიათასობით ადამიანით გაივსო. ამის შემდეგ შემოიღეს მკაცრი გაფრთხილება და ჯარიმა. ახლა სიწყნარეა, ჯარიმებმა გაჭრა და ყველაფერი ჩამკვდარია, მაღაზიების რიგებშიც წესრიგს იცავენ, ორი მეტრის დისტანციით, შიგნით მხოლოდ რამდენიმე მყიდველს უშვებენ ერთდროულად, ნიღბები და ხელთათმანები ყველას უკეთია.

- რას საქმიანობთ ლონდონში? სად მუშაობთ?

- ხუთი წელია, რაც კოსმეტიკური კლინიკა გავხსენი. მრავალგზის დაჯილდოებული კომპანია ვართ. პაციენტებს ყველანაირ არაინვაზიურ კოსმეტიკურ პროცედურას ვუტარებთ. ეს არის ინიექციური, ლაზერული კოსმეტოლოგია, კანის კოსმეტიკური პრობლემების მოგვარება, პიგმენტაცია, აკნე, ტანის პროცედურები - ცხიმის შემცირება და ა.შ. კოსმეტიკური დერმატოლოგია. კლინიკა კარანტინის გამოცხადებამდე დავხურეთ და რაც ჰიგიენისა და თავდაცვის საშუალებები გვქონდა, საავადმყოფოებს გადავეცით საჩუქრად.

GzaPress

- სამედიცინო განათლება გაქვთ, ხომ? - კი, ექიმი ვარ, საქართველოში თსსუ დავამთავრე, ხოლო ე.წ. პოსტგრედუეიშანი ლონდონში გავიარე. 12 წელია, აქ ვარ. თავიდან, როგორც სტუდენტი, ისე ჩამოვედი და ამ ფაქტმა ხელი შემიწყო, რომ განვითარების მეტი შანსი მქონოდა. დავისახე მიზანი, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს სფეროში რამისთვის მიმეღწია. ბევრი ტრენინგი, კვალიფიკაციის, ცოდნის ასამაღლებელი კურსი გავიარე. კონკურენცია დიდია, ამიტომ საუკეთესო განათლება უნდა მიმეღო. ჩვენი კლინიკა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო უბანში მდებარეობს, სადაც ყველაზე ცნობილ პლასტიკურ ქირურგებს აქვთ კლინიკები და ფართობის დაქირავებისას უნდა დაუმტკიცო, რომ იმ უბანში მუშაობას იმსახურებ. ცნობილ ექიმებთან ვიმუშავე, რომლებმაც არა მარტო ცოდნა გადმომცეს და საშუალებაც მომცეს, საკუთარი კლინიკა ჩემთვის სასურველ ადგილას გამეხსნა. ინგლისი, ფაქტობრივად, მეორე სამშობლოდ იქცა ჩემთვის.

- როგორია მოსახლეობის განწყობა კორონავირუსთან დაკავშირებით? პანიკა თუ შეინიშნება?

- სხვათა შორის, მე და ჩემმა შვილმა კორონავირუსი უკვე გადავიტანეთ. მარტის პირველ რიცხვებში შვეიცარიიდან ჩამოვედით და სავარაუდოდ, იქ დავინფიცირდით. ჩემს შვილს იოლი ფორმის ჰქონდა, ხველა, ტემპერატურა - 37.5-37.8 და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პანიკა არ იყო და არც ბევრ ადამიანს ჰქონდა, ვიეჭვე, რომ კორონავირუსი იქნებოდა, რადგან ჩვეულებრივი გაცივებისგან განსხვავებული სიმპტომები ახასიათებდა.

- რა სიმპტომები შენიშნეთ?

- ევროპაში ექიმები 37.5-ს სიცხედ არ თვლიან, მაგრამ ეს ტემპერატურა ორი კვირა გაგრძელდა. საშინელი ოფლიანობა ჰქონდა, განსხვავებული ტიპის ხველა. მეც იგივე სიმპტომები მქონდა, ოღონდ - უფრო მკაფიოდ გამოხატული. 38.7 დაახლოებით ორი დღე გვქონდა, მერე დაიწია.

- როცა მაღალი ტემპერატურა და გაცივების ნიშნები დაგიფიქსირდათ, ექიმს არ მიმართეთ? რა რეკომენდაციები მოგცეს?

- თავიდან, შვეიცარიაში დავეკონტაქტეთ ექიმს. მაშინ აზრადაც არ მომსვლია, რომ კორონავირუსი შეიძლებოდა ყოფილიყო, მეგონა, ბავშვი თოვლში გაცივდა. ექიმი არ მოვიდა: შეიძლება კორონავირუსი იყოს და ვერ გაგსინჯავთ, დარჩით სასტუმროშიო. ლონდონში ტესტი საერთოდ არ ტარდება. თუ ძალიან არ გართულდა პაციენტის მდგომარეობა, მხოლოდ შინ ყოფნის რეკომენდაციას აძლევენ, ურჩევენ, მიიღოს ხველების წამალი, სიცხის დამწევი და ბევრი სითხე. ჩვენც ასე მოვიქეცით, დიდი რაოდენობით სითხეს ვიღებდით და შვილს სიცხის დამწევი სულ რამდენჯერმე მივეცი, მე ხველების წამალს ვსვამდი, რომელიც მშველოდა. ყოველი შემთხვევისთვის, ნებულაიზერიც ვიყიდე, სუნთქვისთვის დამხმარე, მაგრამ არ დაგვჭირვებია.

- შვეიცარიიდან ლონდონში ჩასვლამდე არსად შეგამოწმეს?

- არა, აეროპორტებში არ შევუმოწმებივართ. თუმცა, პანიკა იყო და ვინმეს რომ დაგვეხველებინა, ალბათ შეგვამოწმებდნენ.

- როგორ ადგენენ მანდ, არის თუ არა კორონავირუსი?

- გვირჩევენ, ექიმს საერთოდ არ დავუკავშირდეთ, თუ მდგომარეობა არ გართულდება. მხოლოდ ხველასა და სიცხის აწევაზე გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, კორონაა, მაგრამ სტაციონარში მოსვლა საჭირო არ არის. საავადმყოფოში მისვლა მეტი რისკიცაა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენგან ვინმეს ხომ არ გადაედო? მსგავსი ფაქტი ხომ არ გამოვლენილა?

- არა, რადგან ჩამოსვლის დღიდან იზოლაციაში ვიყავით. შვეიცარიაში ყოფნის დროს, ჩემთან ასიმპტომატურად მიდიოდა და ბავშვისგან თუ ვინმეს გადაედო, არ ვიცი. მეხუთე კვირაა იზოლაციაში ვართ. არც სკოლაში უვლია. ფრთხილად ვიყავით და შინიდან არ გავსულვართ.

- ფინანსების მხრივ როგორი მდგომარეობა გაქვთ? თუ გპირდებათ სახელმწიფო დახმარებას?

- კი, დაგვპირდნენ, რომ დასაქმებულ პირებს ხელფასის 80%-ს გადაგვიხდიან. ბიზნესის მფლობელებსაც დაჰპირდნენ დახმარებას. ალბათ უახლოეს პერიოდში შეასრულებენ. ბანკებმა სესხებზე სამთვიანი შეღავათი მისცეს ხალხს. თქვეს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ექვს თვემდეც გაგრძელდეს. ზუსტი ინფორმაცია, ცხადია, არ გვაქვს. აქაც ისეთივე დაბნეულობაა, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. კომუნალურ გადასახადებს ჩვეულებრივად ვიხდით, მაგრამ თუ ხელფასს ავიღებთ, ეს პრობლემა არც იქნება.

- მაღაზიებიდან პროდუქტს ხომ არ იტაცებდნენ ან ახლა ხომ არ ხდება რაიმე მსგავსი?

- თავიდან მართლაც, დიდი პანიკა იყო, ვერაფერს იშოვიდი, განსაკუთრებით, ტუალეტის ქაღალდს და ჩემმა დამ საქართველოდან ჩამოგვიტანა. ჩვენ ონლაინ ვყიდულობთ ყველაფერს, არსად გავდივართ, თუმცა, მაგალითად, პასტას ვეღარ იშოვი. მაღაზიებშიც უკვე ლიმიტი დააწესეს - ერთ ადამიანზე ორზე მეტი ერთნაირი ნივთი და პროდუქტი არ გაიცემა. მედიკამენტების შეძენა აქ ისედაც შეზღუდულია და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეგიძლია იყიდო, ტკივილგამაყუჩებლების გარდა.

- სადაზღვევო სისტემა როგორია ინგლისში?

- სამედიცინო სფერო უფასოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იდეალურია. ასეთ პერიოდში მერჩივნა, საქართველოში ვყოფილიყავი, რადგან ექიმები მანდ უფრო მომაქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე აქ. უფასოა, მაგრამ რვა კვირა უნდა იცადო, რომ სპეციალისტმა გნახოს. ჩვენ კერძო დაზღვევაც გვაქვს, ოღონდ მაშინ შეგვიძლია გამოყენება, როცა რაიმე დაავადება უკვე გართულდება და მკურნალობა იქნება საჭირო. ოჯახის ექიმი თუ ჩათვლის საჭიროდ, თორემ ისე სპეციალისტს ვერ ნახავ. პირველადი დახმარებისთვის მაინც სახელმწიფო საავადმყოფოში უნდა მიხვიდე. ქართველები კი ტყუილად წუწუნებენ, ნამდვილად კარგად გაქვთ საქმე, ბევრად უკეთესი სისტემაა. მაგალითად, აქ ფეხი რომ მოიტეხოს ადამიანმა ან ქუჩაში წაუვიდეს გული, ემერჯენსის განყოფილებაში 4-6 საათი მოუწევს ცდა. ექიმების კვალიფიკაცია საკმაოდ მაღალია, მაგრამ სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.

ჩემს მეგობარ მედიკოსებს რომ ველაპარაკები, აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით სიტუაცია უმართავი არ არის. თუმცა, ზრდას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან და მზად არიან, დამატებითი საავადმყოფოებიც გახსნან... არავინ იცის, რა მოხდება...

თამთა დადეშელი