"3 დღეა, მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ..." - გზაპრესი

"3 დღეა, მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ..."

ნუნუ რობაქიძე წლებია იტალიაში, მილანში ცხოვრობს და მუშაობს. წინა კვირას თავის "ფეისბუკ"-გვერდზე სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა.

- 2020 წლის 3 აპრილი. ვზივარ და ველოდები, როდის გათენდება. სამწუხაროდ, სამშობლოს გარეთ, იტალიაში, მილანში ვარ ამ უმძიმეს, კატასტროფულ სიტუაციაში. 3 დღეა, მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ... ირგვლივ, თითქმის მთელ მსოფლიოში, სიცოცხლე აღარ არსებობს, ასე დააზომბირეს და ჩაკეტეს მოსახლეობა. მიცვალებული ქალბატონის შვილი მეტად ყურადღებიანია, მაგრამ ამ სიტუაციაში ვერავინ გვეკარება, ნათესავიც არ შემოდის.

ქალბატონი მოვაწესრიგე უკანასკნელ გზაზე ყველანაირად, როგორც უვლიან ქართველები საკუთარ მიცვალებულს. ასეთ მძიმე დროს ხომ არ დავტოვებდი ოჯახს, როცა ყველა შოკშია ვირუსის შიშისაგან? ძალა მოვიკრიბე, სანთლები ავუნთე, ვილოცე, საგალობლებიც ჩავრთე, მაგრამ დრო არა და არ გავიდა. ძნელი ყოფილა მიცვალებულთან მარტო ყოფნა... ფანჯრებს დიდხანს ვერ ვაღებ, რომ არ შევუწყო ხელი ვირუსის გავრცელებას.

კარანტინში ყოფნა 15 დღით იმის გამო მომისაჯეს, რადგან არ იციან, ეს ქალბატონი რით გარდაიცვალა. დღეს მოვა სპეციალური ჯგუფი და წაასვენებენ. ვერც ერთი ნათესავი და ოჯახის წევრი ვერ მოვიდა დაკრძალვაზე შიშის გამო, მხოლოდ მე შევრჩი... ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება.

ფული არის ყველაზე ბინძური ბოროტი მანქანა, სულიერებიდან გამოფიტა მსოფლიო, ადამიანები სისხლის მსმელებად აქცია. ჯვარი სამყაროს საყრდენია, დაგვიხსნის ყოველი საცდურიდან. ყოველივე წარმავალია, ჩვენ გადავრჩებით და გავიმარჯვებთ, ეს გარდაუვალია! ნუ დაველოდებით ბაბილონის გოდოლივით აგებულ ქალაქებში ხელოვნურად მოწყობილ წარმავალ სიცოცხლეს, გავიდეთ ბუნებრივ, ღმერთით მომადლებულ საარსებო ულამაზეს ბუნებაში, არა კაცთა ქმნილში. გავიდეთ სოფლებში, მკვდარ ქალაქში სიცოცხლე არ არსებობს, მარადიულს ვერ მიუახლოვდებით ბუნების შეცნობის, მასთან თანაცხოვრების გარეშე - უნდა დაგცხეს, უნდა დასველდე, უნდა გაიყინო, უნდა გათბე, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველმა უნდა იარო, ისე ღმერთს ვერ ვიხილავთ. ღმერთს უნდა მიუახლოვდეთ, ჩემო ქართველებო, ღმერთი არაა ნაგებობებში, ღმერთი ბუნებაშია, უბრალოებაში, შრომაში, გულწრფელ ლოცვაში, სინანულში, ოფლის ღვრაში, სიხარულში, სიყვარულში, გაჭირვებაში, თანადგომაში და არა სულისა და ხორცის მკვლელ სოდომურ ცოდვებში, უზნეობაში, ფუქსავატობაში...

ქალბატონ ნუნუს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, ისე არ წარმოაჩინოთ ეს ამბავი, რომ გმირი ვარ, მხოლოდ ის გავაკეთე, რაც შინაგანად ჩვენშია და ჩვენი, ქართველების, თანმდევია! გმირია, ვინც თავის მამულში აიტანა 30-წლიანი საშინელი გვემა, ციხეებში, საავადმყოფოებში, ქუჩებში, შიმშილში, უსახლკარობაში ყოფნა და მაინც მანდ არიან. გმირია ყველა ის ქართველი, ვინც დასძლევს ქართველობას... მე გმირად კი არა, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, სამშობლოს გარეთ რომ ვარ.

GzaPress- მომიყევით იმ ოჯახზე, სადაც მუშაობთ; იმ ქალბატონზე, ვისაც უვლიდით.

- ის, რაც დავწერე, რეალობაა. იმის გამო, რომ მიცვალებულთან ერთად დავყავი რამდენიმე დღე, ოჯახს არ ვადანაშაულებ, პირიქით, ტრადიციული, წესიერი ოჯახია, მაგრამ კარანტინის გამო ჩაკეტილები არიან, არ მუშაობს დაწესებულებები. ბოლო ღამე იყო და ცოტა გადავიღალე, ამიტომაც დავწერე სოციალური ქსელის საშუალებით, ზოგმა კი ჩათვალა, რომ ბეატრიჩე საკუთარმა ოჯახმა მიატოვა და არავინ ჰპატრონობდა. სწორად ვერ გაიგეს, ჩვენ არავის მივუტოვებივართ, უბრალოდ, ვერ მოდიოდნენ კარანტინის გამო. ბეატრიჩე 92 წლის ხდებოდა მაისში, შვილი ხშირად ეკონტაქტებოდა, თავიდან ფეხებამდე შეფუთული მოდიოდა, მოგვიტანდა, რაც საჭირო იყო და გარეთ გვიტოვებდა. ერიდებოდა, მოხუც დედასთან არაფერი შემოეტანა ქუჩიდან. ექთანიც დადიოდა ჩვენთან. იტალიაში მიცვალებული, ტრადიციულად, სახლში არ ასვენია, მაგრამ ამ პირობებში გარდაცვალების დღეს ვერ მოხერხდა სადმე გადაყვანა უადგილობის გამო, ამიტომ ვიყავით ერთად და ბეატრიჩე ქართული წესით, სანთლით, ლოცვით, საგალობლებით, ქართული ეკლესიის ზარებით გაემგზავრა იმ ქვეყნად. რთული კი იყო მარტო ყოფნა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ხომ არ დავტოვებდი ოჯახს განსაცდელში? ახლა კარგად ვარ, ამ ქალის შვილის ოჯახი ყურადღებას მაქცევს, ყველაფერი წესრიგშია. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით და სამი თვის ქირა წინასწარ გადამიხადა, ივნისის ბოლომდე. ბეატრიჩეს შვილიც და რძალიც გაოცებულები არიან, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში არ მივატოვე. ყოველთვის ასეთი იყავით, მაგრამ ახლა სასწაული ჩაიდინეთ, შვილზე მეტად დააფასეთ ჩემი მშობელი და როგორც თქვენს დედას, ისე დაეხმარეთ, ამიტომ არასდროს დაგტოვებთ ქუჩაში, ჩემი ოჯახის წევრი ხართ, ჩემს ოჯახში ყველას უყვარხართო, - ასე მითხრა შვილმა.

- ქალბატონო ნუნუ, მანდ მცხოვრები ქართველები თუ ეხმარებით ერთმანეთს?

- არის ქართველების ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულ გაჭირვებულებს ეხმარება და ვისაც რა სჭირდება, სახლებში მიაქვთ. მამა კირიონ მაჩაიძე აკეთებს ამ კარგ საქმეს და კიდევ - ქართველების ემიგრაციის სახელით, ორგანიზაცია "საქართველო გულით სატარებელის" პრეზიდენტი, ქალბატონი ნუნუ გელაძე.

- რას აპირებთ, როდესაც ყველაფერი დასრულდება, დაბრუნდებით საქართველოში?

- ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეულია. გამიგეთ, რადგან არ არსებობს წუთი, სამშობლოზე არ ვფიქრობდე. ფიზიკურად აქ ვარ, მაგრამ ჩემი სული საქართველოშია. მანდ მყავს ოჯახი, შვილები და შვილიშვილები. ღმერთის შეწევნით, როცა ფრენა აღდგება, ალბათ სამშობლოში დავბრუნდები...

ნინო ჯავახიშვილი