მამა იოანე ხელაია: "ვდგავარ მარტო, ვამბობ ლოცვებს და ყურში ჩამესმის ერთობლივი ლოცვა - გზაპრესი

მამა იოანე ხელაია: "ვდგავარ მარტო, ვამბობ ლოცვებს და ყურში ჩამესმის ერთობლივი ლოცვა

რომის სამრევლოს მოძღვარს, არქიმანდრიტ იოანე ხელაიას 2 აპრილს 50 წლის შეუსრულდა. იტალიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მრევლმა დაბადების დღე შორიდან, ამაღელვებელი ვიდეოთი მიულოცა. ამ ვიდეოდანაც ჩანს, როგორ უდგას მხარში ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს და მათთვის როგორი ნუგეში და იმედია.

10 წელია რომში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარია და უამრავი ემიგრანტი შემოიკრიბა. სამშობლოს, ოჯახის წევრებს მონატრებული ქართველების სულიერი საზრდო სწორედ რომის ტაძარში მისვლა და წირვა-ლოცვაზე დასწრება იყო. მართალია, რამდენიმე კვირაა, კარანტინის გამო ტაძრებში წირვა-ლოცვა შეწყვეტილია, მაგრამ მრევლის სულიერ სიმშვიდეზე, პრობლემების მოგვარებაზე, გამხნევებაზე მუდმივად ზრუნავს მამა იოანე. ახლა ყოველდღე პარაკლისს, წირვა-ლოცვას სახლიდან ატარებს. "ფეისბუკით" მას 300-ზე მეტი ადამიანი უერთდება და მასთან ერთად ლოცულობს. ბუნებრივია, მოძღვრის ლოცვა სულიერად აძლიერებს სახლებში გამოკეტილ ემიგრანტებს.

არქიმანდრიტი იტალიაში უსამსახუროდ დარჩენილ ქართველებს მატერიალურადაც ეხმარება და ყველა გრძნობს მის მხარში დგომას. "50 წლის გახდა დღეს. მე რომ გავიცანი, 40 წლის ხდებოდა. მრევლის საჩუქარი წელსაც გლახაკებსა და უპოვარებს დაურიგა. სანამ ვიცოცხლებ, მინდა, რომ მყავდეს იმედად და სიმშვიდედ, მოძღვრად და ერთგულ მეგობრად", - წერს იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის და ტელეკომპანია "იბერვიზიის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამაც სოციალური ქსელით მიულოცა თავის ყოფილ თანამშრომელსა და მეგობარს: "დღეს ჩვენი მამა იოანე 50 წლის გახდა!.. ის, რასაც დღეს შენ იტალიაში მყოფი ქართველებისთვის და ასევე, თავად იტალიელებისათვის აკეთებ, არის ნამდვილი გმირობა, თუმცა კი ამბროსი ხელაიას შთამომავალი სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. მიყვარხარ, მეამაყები და დარწმუნებული ვარ, ეს კორონა-კოშმარი მალე ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება. უფალი გფარავდეს მუდამ".

მცირე დოსიე მამა იოანე, ერისკაცობაში ზაზა ხელაია, თბილისში, ექიმ მირანდა თოლორდავასა და პროფესორ გედევან ხელაიას ოჯახში დაიბადა. ვინც მას ერთხელ მაინც შეხვედრია, დამეთანხმება, გამორჩეული ადამიანია. პირადად მე, 20 წლის წინ გავიცანი. მაშინ შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. იმ დროს სამართლის სფეროში ნამუშევარი ყველა ჟურნალისტი დამეთანხმება - უარით არასოდეს გვისტუმრებდა, ყოველთვის მოძებნიდა რესპონდენტს და უწყებიდან საჭირო კითხვებზე პასუხებს ვიღებდით. თითოეულ ჟურნალისტთან მეგობრობდა. ალბათ მართლა იშვიათია ასეთი პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

მანამდე მუშაობდა ჟურნალისტად. სრულიად ახალგაზრდა, დამოუკიდებელ ტელეკომპანია "იბერვიზიაში" მივიდა. მაშინ გაიცნო ზაზა ხელაია ტელევიზიის ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ და მასთან ერთად, ნიჭიერი ახალგაზრდები შემოიკრიბა. 90-იან წლებში სატელევიზიო ფესტივალ "მანას" დაჯილდოების ცერემონია სწორედ ზაზა ხელაიას მიჰყავდა მსახიობ ნატა მურვანიძესთან ერთად.

ჟურნალისტიკიდან პრესსამსახურში გადაინაცვლა: ჯერ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი გახლდათ, შემდეგ - შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი. გარკვეული პერიოდი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ბოლოს მიჰყავდა გადაცემა "ცხოვრება მშვენიერია".

აქტიურ ცხოვრებასა და კარიერულ წინსვლაზე უეცრად უარი თქვა და სასულიერო გზას დაადგა. წმინდა ამბროსი ხელაიას შთამომავალი, დავითგარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა. მსახურობდა მთაწმინდაზე, მამა დავითზე, არქიმანდრიტ იოანე კიკვაძესთან...

GzaPress- მამა იოანე, რა რეჟიმში ცხოვრობთ დღეს იტალიაში?

- კარანტინის რეჟიმი ძალიან გამკაცრებულია. თავის დროზე, იტალიის მოსახლეობამ ვერ გაითავისა ამ ვირუსის საშიშროება - ადამიანები ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავს არ იცავდნენ, არ ასრულებდნენ ექიმების რეკომენდაციებს და ამ ყველაფერმა უმძიმესი რეალობის წინაშე დაგვაყენა. სიკვდილიანობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ყოველდღიურად 700-800 ადამიანი იღუპება. შემდეგ სახელმწიფომ უფრო გაამკაცრა ზომები. შემოიღო მაღალი ჯარიმები დამრღვევებისთვის. ხალხმა უკვე შეიგნო, რა რისკის ქვეშ დგანან და შინ რჩებიან. მართალია, დაინფიცირებულთა რიცხვი ახლა იკლებს, მაგრამ სიკვდილიანობა ისევ მაღალია. აქ მცხოვრები ქართველები ყველანი სახლებში ვართ. ბევრი ქართველი დარჩა სამსახურის გარეშე, ზოგიერთი ტურისტულად ჩამოსული უკან ვერ დაბრუნდა. ჩვენმა საელჩომ დაიწყო ასეთი ხალხის აღრიცხვა და მაქსიმალურად ეხმარება მათ. იტალიის სხვადასხვა ქალაქში მრავლად არიან ასეთი ადამიანები. რომშიც არის 17 ლოკაცია, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს და საჭმლის ფული არა აქვთ. მათ ეხმარება საელჩო, ვეხმარებით ჩვენც. უმუშევრად დარჩენილი, უკიდურეს მდგომარეობაში მყოფების აღრიცხვაც რთულია საელჩოსთვის, რადგან ბევრი მათგანი არალეგალურადაა ჩამოსული. ჩვენც გვთხოვენ, მათი ვინაობა არ მივაწოდოთ, ამიტომ საელჩოს ზუსტი ციფრის თქმა გაუჭირდება. ბევრ მათგანზე ინფორმაციას მრევლისგან ვიღებთ, ზოგი თავად მრევლია, ზოგი - მრევლის ახლობელი. 70-მდე ადამიანს ვეხმარებით სისტემატურად. დაახლოებით 200-300 კაცზე მაქვს ინფორმაცია. ვინც მუშაობდა, ისინი ისევ არიან ოჯახებში. ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით. ისე მიგვქონდა საკვები, დახმარება და კართან ვტოვებდით, რომ ერთმანეთთან შეხება არ გვქონდა.

- თქვენს ლოცვებს ეს დღეები "ფეისბუკით" ისმენს მრევლი...

- უამრავი წერილი მომდის, მადლობას გვიხდიან. ზოგიერთი მწერს, წინათ საერთოდ არ მილოცია და ახლა ისე მომინდა, ლოცვა დავიწყეო. რაც მახარებს. გაჭირვებასა და განსაცდელში მყოფ ადამიანს ლოცვის სურვილი უჩნდება. ყველა წინამძღვარი, ვინც ევროპაშია, ასე ლოცულობს. 200-300 ადამიანი, ზოგჯერ მეტიც გვიერთდება. ბევრი გვთხოვს, ჩანაწერი არ წაშალოთო: იმ დროს არ სცალია და მერე უსმენს. ჩვენი ტაძრის მრევლი მეუბნება, ასე გვგონია, ტაძარში ვდგავართ, თქვენი ხმა რომ გვესმის და ეს გვაძლიერებსო.

- მანამდე რა ხდებოდა რომის ტაძარში? ბევრი ქართველი დადიოდა წირვაზე?

- 10 წელია, აქ ვარ. შეიძლება ითქვას, ნულიდან დავიწყეთ. დღეს დიდი სამრევლოა. მისი წევრები კვირიდან კვირამდე ამით სულდგმულობენ. ჩვენი ურთიერთობა მარტო წირვა-ლოცვაზე დასწრებით არ შემოიფარგლება. ტაძარში სიარულის გარდა, კულტურული დღეებიც გვაქვს. ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულებს, დავდივართ მუზეუმებში, ქალაქგარეთ ექსკურსიებზე, გვაქვს საგანმანათლებლო დღეები. ერთი დიდი ოჯახი ვართ. ამ ოჯახში პრობლემებიც არის, მაგრამ უერთმანეთოდ გაგვიჭირდებოდა. ყოველ კვირას არის მსახურება ტაძარში. აქ მცხოვრები ქართველები ხუთშაბათს ან კვირას ისვენებენ, სხვა დროს მოხუცებთან მუშაობენ, ამიტომ ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში ვატარებთ ლოცვას და კვირას - წირვას. წირვის შემდეგ კვირადღეს ერთად ვატარებთ, ვსაუბრობთ, პარკში ვსეირნობთ. ყოველ კვირას 100-200 ადამიანამდე სულ არის ჩვენს ტაძარში. იტალიაში 5 ქართველი მოძღვარია, დიდ ქალაქებში - რომში, მილანში, ფლორენციაში, ნეაპოლსა და ბარიში აღევლინება წირვა-ლოცვა ქართველი მღვდელმსახურების მიერ. ბევრი ქართველია ქალაქ ბარიში, სადაც წმინდა ნიკოლოზის საფლავია, ასევე - ფლორენციაში.

- აღდგომის მძიმე მარხვაა. ამ მარხვაში კარანტინში მყოფები ვერ ეზიარებიან?

- მეუფის კურთხევით, ეს მძიმე მარხვა შევუმსუბუქეთ მრევლს, რადგან მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სამარხვო პროდუქტების ყიდვასაც ვეღარ შეძლებდნენ. არ ვიცით, რა იქნება აღდგომას, 19 აპრილს. ალბათ მარტო მომიწევს წირვის ჩატარება, რადგან იტალიის კანონმდებლობით, შეკრების უფლება არა გვაქვს. სასულიერო პირები წირვას აღვავლენთ და ვილოცებთ. როცა კარანტინი დასრულდება, მერე ეზიარება მრევლი.

- მრევლის გარეშე ლოცვა გიჭირთ?

- საერთოდ ვერ ვგრძნობ თავს მარტო. სულ მგონია, ჩემ უკან მთელი ჯარი დგას ქართველების და ისინი ჩემთან ერთად ლოცულობენ. ვდგავარ მარტო ხატებთან, ვამბობ ლოცვებს და ამ დროს ჩამესმის ერთობლივი ლოცვა. ისეთი ძალა აქვს, ისეთი განცდაა, როცა ყველა ერთად ვლოცულობთ, ეს ლოცვა მართლა ჩამესმის... დღეს იმხელა განსაცდელი გვიდგას, ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ. ყველამ ჩვენი თავით უნდა დავიწყოთ, საკუთარ სულში ჩავიხედოთ და გავაანალიზოთ, რა დავაშავეთ, როგორ მოვექეცით სამყაროს, რომელიც ჩვენთვის ღმერთმა შექმნა. მეტად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. თუ იქნება სიყვარული, ვერაფერი მოგვერევა. ამ მდგომარეობამ დაგვანახვა, რა უსუსურები ვართ ბუნების წინაშე რომ უნდა ვიყოთ ღმერთთან ახლოს. უნდა დავფიქრდეთ, რა შეცდომები დავუშვით. თუ ამ შეცდომებს გამოვასწორებთ, მაშინ გარემოც გამოსწორდება. ეს დაგვანახვა ღმერთმა. ღმერთმა დაუშვა, რომ ეს განსაცდელი ყოფილიყო ჩვენზე. ჩვენ არაფერი ვართ სამყაროში, არაფერი შეგვიძლია, თუ არა ღმერთით. ამიტომ უნდა ვიყოთ ღმერთთან, უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. უნდა მოვუაროთ სამყაროს, ბუნებას. არ უნდა გავანადგუროთ უფლისგან ბოძებული...

- დაავადებულ ქართველებზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

- 12 ქართველის დაინფიცირებაზე მაქვს ინფორმაცია. ყველა ქალბატონია, ისინი მოხუცებთან მუშაობენ. 4 ქართველს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა, დანარჩენები შინ არიან და იქვე აკონტროლებენ ექიმები. დამძიმებული პაციენტი არ გვყავს - ღმერთი მართლაც, გვწყალობს. ქვეყანაში, სადაც ასე მძვინვარებს ვირუსი, ამხელა სიკვდილიანობაა, უფრო დიდ ციფრს ველოდით.

- საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ამბროსი ხელაიას შთამომავალი ხართ. ალბათ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ ამის გამო. ისიც ცნობილია, რომ საერო ცხოვრება ძალიან პოპულარულმა და აქტიურმა ადამიანმა მოულოდნელად მიატოვეთ. ეს მაშინ ბევრს გაუკვირდა. რატომ აირჩიეთ ეს გზა?

- წმინდა ამბროსი ხელაიას რამდენიმე დედმამიშვილი ჰყავდა. მე მისი ძმის შთამომავალი ვარ. უდიდესია მისი ღვაწლი. თავდადებული პატრიარქი და უდიდესი სულიერი მამა იყო. დიდი პასუხისმგებლობაა მისი შთამომავლობა. სულ იმის ფიქრში ხარ, რაიმე ისეთი არ გააკეთო, რაც მის შთამომავალს არ ეკადრება. ამავდროულად, დიდი მადლია, როცა გვარში ასეთი წმინდანი გვყავს. ყოველთვის მას შევთხოვ შემწეობას. რომში რომ ჩამოვედი, დიდი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდი. ვავედრებდი წმინდა ამბროსი ხელაიას და ძალიან დამეხმარა... ჩვენი ტაძარი ძალიან კარგ ადგილას დგას. კოლიზეუმთან ახლოსაა. ლამაზადაა მოწყობილი. კანკელზე ამბროსი ხელაიას ხატი მაქვს და ჩვენს ყოველ ტკივილს, განსაცდელს ვისაც პირველი ვავედრებ, ეს ამბროსი ხელაიაა.

რაც შეეხება ბერად აღკვეცას: ბევრი პირობა და ბევრი ფაქტორი იყო, ვერ გამოვყოფ ახლა კონკრეტულს, რამაც გადამაწყვეტინა ამ გზით სიარული. უფლის მადლიერი ვარ, ამ გზას რომ დავადექი. მადლობა ღმერთს, სწრაფად მოხდა ჩემში შინაგანი ცვლილება და გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა. ჩემმა სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა, მამა იოანემ (კიკვაძე) მიმიყვანა უწმინდესთან, მისგან კურთხევა მივიღე და მარიამობის მარხვაში მამადავითის ეკლესიაში შევიმოსე კაბით. ჩემი აღკვეცა კი დავითგარეჯაში, იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მოხდა. მამა დავითზე უწმინდესის კურთხევით დავრჩი. შემდეგ უკვე, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მამა აბრაამი გავიცანი და მეუფე აბრაამის კურთხევის ქვეშ ვარ 10 წელია. ვარ რომის სამრევლოს წინამძღვარი. მინდა მადლობა ვუთხრა მეუფეს, როგორც მღვდლებზე, ისე მრევლზე ზრუნვისთვის.

GzaPress

- როგორც ვიცი, ჩახედული ხართ ბევრი ემიგრანტის ცხოვრებაში. კიდევ რა შეგიძლიათ გვითხრათ მათ ყოფაზე? - რთულია მოხუცთან მუშაობა, ზოგს ნერვული აშლილობა აქვს, ზოგს - სკლეროზი, ზოგი ლოგინადაა ჩავარდნილი. ასეთ მოხუცებთან რომ იმუშაო და ამ რეჟიმს გაუძლო, დიდი ძალა და მყარი ფსიქიკა გჭირდება. ჩვენები ამას ახერხებენ. ეფერებიან მოხუცებს. წლები როცა მუშაობ ოჯახში, შეგიყვარდება ის ადამიანი და როცა ამ ქვეყნიდან მიდის, განიცდიან. აქ დავინახე, ქართველი ადამიანის გენი რა არის: მოდიან ეკლესიაში, ამბობენ, - ბებია გარდამეცვალაო... გგონია, საქართველოში ბებია გარდაეცვალა და თურმე იმ მოხუცს გულისხმობენ, რომელსაც უვლიდნენ... აქვე უნდა ვთქვა - თუ ოჯახში ისეთი გამოუვალი მდგომარეობაა, რომ აუცილებელია უცხოეთში ვინმეს წასვლა, ჯობს, ახალგაზრდები წამოვიდნენ, ვიდრე ასაკოვანი მშობლები გამოუშვან. თქვენ არ იცით, იტალიაში რამდენი მოხუცია ჩამოსული სამუშაოდ. ზოგს იქით სჭირდება მოვლა და ისინი სხვებს უვლიან. გული მიკვდება, მათ რომ ვუყურებ. წარმოიდგინეთ, 60 წლის ადამიანს უწევს მოხუცის მოვლა, რომელსაც უძილობა სჭირს, ამიტომ ღამის თევაც უხდება!.. სულ ვეხვეწები მათ შვილებსა და შვილიშვილებს, - წამოდით თქვენ და ეს ხალხი დააბრუნეთ საქართველოში-მეთქი. ნებისმიერი ქართველი ქუჩაში რომ გააჩერო, ჩანთაში წამლები უდევს... აქ რომ ჩამოვედი, ბევრი მათგანი 10 წლის ჩამოსული იყო და დღესაც აქ არიან.

- თქვენთვის ალბათ ძნელი სანახავია რომის დაცარიელებული ქუჩები...

- საოცრად ცუდი განცდაა, ცარიელ ქუჩებს რომ ხედავ. სულ მხოლოდ "სასწრაფოსა" და პოლიციის სირენების ხმა ისმის. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ცუდად არის. ლოცვა და ერთმანეთის მხარში დგომა გვაძლიერებს. იმედია, ეს განსაცდელიც ჩაივლის. უფლის შეწევნით გადავრჩებით! მადლობა უფალს, რომ აქ ვარ, ჩემს სამწყსოსთან ერთად და ვიქნები ბოლომდე, განსაცდელშიც და სიხარულშიც! ერთობითა და სიყვარულით დავძლევთ ამ განსაცდელს - სიყვარული ხომ ყველაზე ძლიერი ვაქცინაა!

თეა ხურცილავა