შვილებზე მოძალადე დედა თუ უდანაშაულო მსხვერპლი?
font-large font-small
შვილებზე მოძალადე დედა თუ უდანაშაულო მსხვერპლი?
მამამ მუქარით აიძულა ბავშვები, დედის წინააღმდეგ ცრუჩვენება მიეცათ

2 წელია ინგა კაპანაძე, სასჯელს უმძიმესი ბრალდებით იხდის - მას საკუთარ შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ამ საქმემ ყველა ინსტანცია მოიარა და საბოლოო ვერდიქტიც გამოტანილია. მართალია, ბრალდებული ქალი შვილის ცემასა და მასზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფდა, პროკურატურა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში სამხილი იყო და მის დაპატიმრებას ითხოვდა. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის, ინგა კაპანაძე გაასამართლა.



სასამართლომ ამ ფაქტის შესახებ მაშინ ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისამდე, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინგა კაპანაძე სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალი 2018 წლის 10 მაისს დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ინგა კაპანაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" იცავს. ადვოკატი ელისო რუხაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალი გაასამართლეს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და ციხეში მის ყოფნას ძალიან განიცდის:
GzaPress
- ჩვენს ორგანიზაციას ბევრი მსხვერპლი მომართავს. ერთ-ერთი კონსულტაციის ფორმა ონლაინკონსულტაციაა. ქალბატონმა ინგა კაპანაძემ მოგვწერა, რომ წლების მანძილზე ძალადობის მსხვერპლი იყო და აინტერესებდა, დეტალურად რა ზომები არსებობდა ამ პრობლემის დასაძლევად. მან თავის ცხოვრებაზე დეტალურად მიამბო, თუმცა, მერე აღარ გამოჩნდა. ხშირად კონსულტაციის აღების შემდეგ, მერე იკარგებიან, ესეც მსგავსი შემთხვევა იყო. ერთ დღეს ციხიდან მოგვივიდა წერილი: მე ის ვარ, დახმარებას რომ გთხოვდით, ახლა ციხეში ვარო. ამბავი ასეთია: ინგა კაპანაძეს მოძალადე და ნარკოდამოკიდებული ქმარი ჰყავდა, ქალი მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო და ერთ დღეს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა მეუღლემ ცემა ისევ რომ დაუპირა, ქალმა გაბედა და 112-ზე დარეკა. თქვა, ჩემი ქმარი ნარკოტიკული თრობის ქვეშაა და მიშველეთო. პატრული მივიდა, მაგრამ ქმარი, ნიკოლოზ სადღობელაშვილი მიხვდა, ცოლმა რომ გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი; ცოლს დაემუქრა, - დამაცადე, ყოფას გიტირებო, - შიგნით ცოლ-შვილი დატოვა, სახლის კარი გადაკეტა და პატრულს წაჰყვა. ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა, პოლიციამ 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა და გაუშვა. შინ დაბრუნებულმა, ცოლს ისე სასტიკად სცემა, რომ ექსპერტიზის დასკვნიდანაც ჩანს, 12 მძიმე დაზიანება ჰქონდა ქალს. ბავშვები ამბობენ, წაუჭირა ყელში ხელი დედას და არაყი ჩაასხა, რომ გაეთამაშებინა, თითქოს ცოლი ნასვამი იყო, მერე ბავშვის მაისური დახია და ამჯერად, უკვე მამაკაცმა 112-ზე დარეკა და თქვა, თითქოს ინგა კაპანაძე ძალადობდა მის ორ შვილზე, ამიტომ ითხოვდა საპატრულო ეკიპაჟის დახმარებას. ამ ჩვენებით დააკავეს ინგა კაპანაძე.
- როგორც ვიცი, საქმის მასალებში წერია, რომ ბავშვსაც ჰქონდა დაზიანება და დედას საკუთარი შვილი ამხელდა, ამაზე რას იტყვით?
- 8 მაისს დეიდამ ბავშვებს უყიდა "როლიკები", საუბარია 10 და 8 წლის ბავშვებზე. პირველად შედგნენ "როლიკებზე", ბავშვი წაიქცა და ზურგი დაიზიანა - ეს დაზიანება ჰქონდა. შემდეგ მამამ კარადას მიანარცხა თურმე საკუთარი შვილი და დაზიანებებიც კარგად ჩაჯდა ბრალის ფაბულაში. მამამ მუქარით აიძულა ბავშვები, დედის წინააღმდეგ ცრუჩვენება მიეცათ. სწორედ შვილების ჩვენების საფუძველზე დააკავეს დედა. ქმარი კი ინგას უთვლიდა, თუ მანქანას გადმომიფორმებ, ბავშვებს სიმართლეს ვათქმევინებო. პირდაპირი გარიგება იყო. წარმოიდგინეთ, დაკავებისას ინგას ჰქონდა 12 დაზიანება, საშინლად იყო ნაცემი, მაგრამ კაციშვილს არ უკითხავს, რატომ ჰქონდა ეს დაზიანებები. დავიწყე ბრძოლა მისი ქმრის წინააღმდეგ. მინიმუმ, გამოძიება ხომ მაინც უნდა დაწყებულიყო?! თქვენ არ იცით, რამხელა შრომის ფასად მივაღწიე საბოლოოდ, მოძალადე მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღძრულიყო. ეს ორი წელია, ვიბრძვი ამისთვის, რადგან მოსვენებას არ მაძლევს ფაქტი, რომ უდანაშაულო ქალი დღემდე ციხეში ზის.
- დედის დაკავების შემდეგ ბავშვები მამასთან რჩებოდნენ?
- მამასთან იყვნენ. ხშირად მარტოები ჰყავდა შინ ჩაკეტილი, ამიტომ ჩავრთე სოციალური სამსახური. თავიდან არც კი შეამოწმეს. კარდაკარ დავიწყე სიარული, ჯერ სოციალურ სამსახურს დავუდე მისი ნასამართლობების დამადასტურებელი ჩანაწერები. სოციალურმა სამსახურმა რეაგირება მას შემდეგ მოახდინა, რაც საქმეში ფსიქოლოგი ჩაერთო და თქვა, რომ ბავშვებზე ზემოქმედება ხდებოდა. ნელ-ნელა გავარღვიე ჯაჭვი და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მის წინააღმდეგ. ზუსტად ვიცი, ნარკოტიკის თრობის ქვეშ იყო, მაგრამ წინასწარ აწვდიდნენ ინფორმაციას, გადასხმებს იკეთებდა და სისხლში ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა, რამდენჯერმე მესტუმრა ოფისში, გარიგება შემომთავაზა. ინგასთან ციხეში მიიყვანა შვილები და უთხრა, ბავშვებს ვათქმევინებ სიმართლესო და სამაგიეროდ, საქმის შეწყვეტაში დახმარებას სთხოვდა. ინგასა და შვილების შეხვედრა საოცარი იყო, მთელი ციხე ტიროდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ამ კაცმა დამირეკა (მისი საუბარი ჩავიწერე) და მითხრა, ინგა თანახმაა, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე შეწყდესო. დამალაპარაკა შვილს, რომელმაც მითხრა, ეს დაზიანება რიყის პარკში მივიღე, როცა "როლიკებით" დავდიოდი და დედას დაზიანება ჩემთვის არ მოუყენებიაო. ეს რომ გავიგე, კინაღამ მოვკვდი. მჯეროდა, დედა შვილებს ამ დაზიანებებს არ მიაყენებდა, მაგრამ მანამდე ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა. ამ ბავშვებს ვათქმევინებ სიმართლეს, მაგრამ ახლა შენ უნდა დაალაგო ყველაფერი, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე შეწყდესო, - კაცმა მითხრა. ეს ის პერიოდი იყო, როცა პოლიცია დასდევდა, ანალიზი რომ ჩაებარებინა. მისი სიტყვები იყო, შენ უნდა გააკეთო ახლა ყველაფერი, ანალიზი რომ არ ამიღონ; ხვალ წახვალ პროკურატურაში და საქმეს შეწყვეტო. ეს ჩანაწერიც მაქვს... ერთი სიტყვით, დიდი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ, ნიკოლოზი დააკავეს ცოლზე განხორციელებული ძალადობისთვის. ის დღემდე პატიმრობაშია, ერთი წელი და 4 თვე მიესაჯა. ბავშვები კი, მამის დაკავების შემდეგ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. 7 თვე იცხოვრეს სრულიად უცხო გარემოში. არც დედას და არც მამას არ ეკონტაქტებოდნენ. ქალბატონი მარინა ზურაშვილი ზრუნავდა ამ პატარებზე. ის ჰყვება, რომ ბავშვები საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყვნენ: "ერთ დღეს ბავშვმა მკითხა, შეიძლება, დავწერო ისეთი რამ, რაშიც თავს დამნაშავედ ვგრძნობო? მოვეფერე და ვუთხარი, - მიდი, დაწერე-მეთქი, თან ვთხოვე მოეყოლა, რა ხდებოდა. მაშინ მითხრა, - დედის საწინააღმდეგო რომ დავწერე, ის მართალი არ იყო, დედას მინდა ვუთხრა, რომ ეს ჩემით არ დამიწერიაო"... იმდენად ემოციურია ეს ჩანაწერები, შეგძრავთ. დეტალურად აქვთ დაწერილი, მამამ როგორ აიძულა ისინი, დედის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება, როგორ ძალადობდა დედაზე და ნახსენებია არაერთი ძალადობის ფაქტი, როგორ მოიხმარდა მამა მათ თვალწინ ნარკოტიკს და ა.შ. ბავშვმა სიმართლე რომ თქვა, ამით დამშვიდდა.
GzaPress
- ახლა ისევ მინდობით აღზრდაში არიან ბავშვები?
- ამის შემდეგ ბევრი ვიბრძოლეთ, ბავშვები რომ მინდობითი აღზრდიდან წამოეყვანათ დედის მშობლებს. ეს ბრძოლა იმიტომ დაგვჭირდა, რომ მამამ სიდედრ-სიმამრის წინააღმდეგაც გამოაწერინა შემაკავებელი ორდერი იმ მოტივით, თითქოს ისინი ბავშვებს ურეკავდნენ და აწუხებდნენ. დღეს ბავშვები მათთან არიან, მათი მშობლები კი - ციხეში. ახლა მიმდინარეობს კიდევ ერთ საქმეზე გამოძიება - მამის მხრიდან შვილებზე ჩვენების მიცემის იძულებისა და ზემოქმედების ფაქტზე. ძალიან მძიმე ჩვენებას იძლევიან ბავშვები. ქალის საქმე უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრეთ. პროკურორმა შემოგვთავაზა, საპროცესო შეთანხმება ორ წელზე გავაფორმოთ და დღესვე გამოვაო. როგორც წესი, ოჯახური ძალადობის საქმეზე საპროცესო არ ფორმდება, მაგრამ პროკურატურა ამაზე იმიტომ წამოვიდა, რომ ხედავდა - ტყუილი ბრალდებით იჯდა ახალგაზრდა ქალი. ინგა კაპანაძემ უარი თქვა საპროცესოზე. თქვა, - არ ვაღიარებ შვილებზე ძალადობას, ეს არ ჩამიდენიაო. ბავშვების მამა უფრო ადრე გამოვა ციხიდან და ალბათ ეცდება, შვილებთან ურთიერთობა დაამყაროს, თუმცა ბავშვები ამაზე კატეგორიულ უარს ამბობენ. უკვე ამ ბავშვების ადვოკატიც ვარ. დიდი ბრძოლის შემდეგ ისინი დაზარალებულად ცნეს. კიდევ ერთი საკითხი დავაყენეთ - საქმის პროკურორს ვუჩივლეთ გენინსპექციაში და პასუხს ველოდებით, რადგან აშკარად გამოიკვეთა პროკურორის გულგრილობა და უპასუხისმგებლობა: მან სწორად არ შეაფასა რეალობა. ახლა გამოძიებით თუ დადასტურდება, რომ მამამ შვილებს დედის წინააღმდეგ იძულებით მიაცემინა ჩვენება, შეგვეძლება, ინგა კაპანაძის განაჩენის გადახედვა მოვითხოვოთ.
ბავშვების ბებია ამბობს, რომ შვილებს დედა ყოველდღე ეკონტაქტება ციხიდან და ისინი ძალიან გახარებულები არიან. მისი თქმით, ქალიშვილი სულ მალავდა, ძალადობის მსხვერპლი რომ იყო. არაერთხელ უნახავს ნაცემი შვილი, მაგრამ მიზეზს არ ამბობდა.

ბრალდებული ინგა კაპანაძე:
- 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად. 17 წლის მანძილზე უამრავი ფიზიკური შეურაცხყოფა მიმიღია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. მინდოდა, კანონისთვის მიმემართა, ჩემი მშობლებისთვის მეთქვა, მაგრამ ქმარი სულ მაშანტაჟებდა შვილებით - მეუბნებოდა, რომ მათ წამართმევდა. ნიკოლოზ სადღობელაშვილი ამის გამკეთებელი იყო და მინდოდა, ბავშვებისთვის ტკივილი არ მიმეყენებინა, მაგრამ არ გამომივიდა, მაინც გამოიყენა ბავშვები და ჩემს შვილებს ტკივილი ვერ ავაცდინე. უფლის წყალობით, დღეს ბავშვები ჩემს მშობლებთან არიან და ვიცი, ცოცხლები დამხვდებიან. მანამდე, ციხეში გამოკეტილი, სულ მათზე ვნერვიულობდი; მეშინოდა, არ ვიცოდი ბავშვები ცოცხლები დამხვდებოდნენ თუ არა. ძალიან რთული წლები გამოვიარე. პოლიციას რომ მივმართე დახმარებისთვის, იმის ნაცვლად, მოძალადე დაეკავებინათ, მე დამაკავეს. ფიზიკური დაზიანებებით შემომიყვანეს პოლიციაში. ოქმშიც წერია, რამდენი დაზიანება მქონდა, მაგრამ ამას არავინ მიაქცია ყურადღება; არავის უკითხავს, ვინ მცემა. პირიქით, საკუთარ შვილებზე ძალადობის ბრალი წამიყენეს. თუ ასეთი მოძალადე დედა ვარ, მითხარით, ჩემთან ციხეში სიხარულით როგორ მოდიან ჩემი შვილები და აქედან ტირილით რატომ მიდიან? ერთი სული აქვთ, ჩემთან მოვიდნენ და ამას ყველა ხედავს. არ მინდა, უდანაშაულოდ დავისაჯო, მაგრამ ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ასეთი მუხლი წამიყენეს. დღეს ჩემი შვილები უფრო ისჯებიან უდედოდ. ბავშვობა დაუნგრიეს და ფიზიკური და გონებრივი ტკივილი მიაყენეს, მე აქ გამომაწყვდიეს. მადლობა ღმერთს, დღეს ჩემს მშობლებთან არიან... არაფრის დიდებით არ ვაღიარებ, თითქოს შვილებს ვცემდი. ტყუილის აღიარებით აქედან გასვლა არ მიღირს. აქ ვიჯდები, მოვიხდი წლებს და დავამტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარ. მითხარით, როგორ უნდა მეღიარებინა შვილის ცემა დედას?! არანაირი გარიგება - მე დანაშაული არ ჩამიდენია. იცოდა პროკურორმა, უდანაშაულო და მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ ვერც უზენაეს სასამართლოში დავამტკიცე ჩემი სიმართლე. დამიტოვეს მისჯილი 4 წელი.
შევეცადეთ, ნიკოლოზ სადღობელაშვილის ადვოკატსაც დავკავშირებოდით, რათა მათი პოზიციაც მოგვესმინა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს, სამწუხაროდ, არ უპასუხა.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ
"ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში"
Covid 19-ის პანდემიის პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრეები გავხდით.
მოზარდები, რომლებსაც სამშობლოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ
რატომ უხარია მარიამ კუბლაშვილის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნა
"როცა შენს ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა"
"სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და მისი გამოჯანმრთელება აღვნიშნეთ..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი