ქრისტე აღდგა! - გზაპრესი

ქრისტე აღდგა!

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა არავინ გვიკრძალავს გვწამდეს იმის, რისიც გვჯერა. ამიტომ მოზარდებმა პატარაობიდანვე იციან, რომ ეკლესიაში სიარული მათი სულისთვისაა კარგი, აქვთ ინფორმაცია რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით და ა.შ. ამჯერად ისინი გვიამბობენ საოჯახო ტრადიციებზე და გულახდილად გვიყვებიან, როგორ გაატარეს ეს დიდი დღესასწაული...

"თამარის ციხის აღდგენაზე ვოცნებობ..."

GzaPress

საბა ლომიძე: "ჯვარზე გაკრული იესო სიკვდილიდან მესამე დღეს აღდგა. ჰოდა, სწორედ ამიტომ ეწოდება ამ დღესასწაულს აღდგომა. ეს უდიდესი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის. სიცოცხლემ დაამარცხა სიკვდილი - ეს ფაქტია.

როგორც წესი, მე და ჩემი დედმამიშვილები აღდგომის ღამეს ტაძარში მივყვებოდით მშობლებს, თუმცა მალევე ვბრუნდებოდით შინ, რადგან ბავშვებს გვეძინებოდა... სამწუხაროდ, წელს კორონავირუსის გამო სახლიდან არ გავსულვართ... სამზადისს რაც შეეხება, კვერცხის შეღებვაში ვეხმარები დედას, დანარჩენი საქმეები მე არ მეხება.

მომწონს კვერცხის "დაჭიდების" ტრადიცია. მის სიმაგრეს კბილზე მიკაკუნებით ვადგენთ და შემდეგ და-ძმები ვამოწმებთ, რამდენად მაგარი კვერცხი შევარჩიეთ. ეს იმდენად სახალისოა და ისე მოგვწონს, რომ მეორე დღეს მთელი კვერცხი აღარ გვაქვს (იცინის).

ცუდია, სახლში რომ გვიწევს ყოფნა, მაგრამ რას ვიზამთ, რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. მე ძირითადად მობილურით ვერთობი, ხან ვკითხულობ, ხან სკეიტბორდით ვსრიალებ... თანატოლებს ვურჩევ ეკრანიზებული ნაწარმოებების წაკითხვას და შემდეგ ფილმის ნახვას. ეს ძალზე საინტერესოა. პირადად მე უკვე წავიკითხე და ვნახე "მე ვხედავ მზეს". ახლა ვკითხულობ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონს".

საერთოდ, კომპიუტერთან რაც არის დაკავშირებული, ყველაფერი მომწონს, თუნდაც გაკვეთილი იყოს. ვფიქრობ, ონლაინგაკვეთილები არაა ცუდი. ძალიან სახალისოა, როცა ზოგიერთ მასწავლებელს სახესთან ძალიან ახლოს მიაქვს მობილური, მაგრამ სხვა რაღაცებს არ გეტყვით (იცინის)...

ძალიან მინდა, სოფელში წასვლამდე კლასელებს შევხვდე. ამისათვის აუცილებელია რაც შეიძლება მალე დაგვანებოს თავი კორონამ. იმედია, მალე მოხდება ეს... ჩემი სოფელი ბორჯომის რაიონშია. ახალდაბა, რომელიც ძალიან მიყვარს. სოფლის ცენტრში მაღალ მთაზე მე-12 საუკუნის ციხეა აღმართული. მტრის შემოსევისას მასზე კოცონს ანთებდნენ და ასე აფრთხილებდნენ შორეულ მთებში მცხოვრებ ქართველებს. მას თამარის ციხეს ვუწოდებთ. იგი გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების აგებულია. ვოცნებობ, როცა გავიზრდები, მისი აღდგენის დაფინანსება შევძლო..."

"მე კათოლიკოს-პატრიარქის სტიქაროსანი ვარ" GzaPress

ანდრია გირგვლიანი: "აღდგომა უდიდესი დღესასწაულია კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანებმა ჯვარს აცვეს ჩვენი მაცხოვარი, მაგრამ მესამე დღეს აღდგა და სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა. მე კათოლიკოს-პატრიარქის სტიქაროსანი ვარ და ყოველ დღესასწაულზე, ასევე ყოველ შაბათ-კვირას ტაძარში ვარ ოჯახთან ერთად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომიწია პატრიარქის გვერდით მსახურებამ. წელს კორონავირუსის გამო ვერ წავედი და დავრჩი სახლში...

მომწონს კვერცხების შეღებვის ტრადიცია. სანამ ვინმეს შევეჯიბრები, პატარა ზომის კვერცხს ვარჩევ, რადგან უფრო "ძლიერი" მგონია. ძალიან მომწონს სააღდგომო პასქა და ცუდია, რომ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულისთვის აცხობენ...

იზოლაციაში მყოფები ბევრ რამეში ვართ შეზღუდული, მაგრამ ჩემს და-ძმებთან ერთად მაინც ვახერხებ გართობას. ზოგჯერ ეზოში ჩავდივარ, ველოსიპედით ვსეირნობ, ცარიელ გზებზე სიამოვნებით ვატარებ...

რაც შეეხება ონლაინგაკვეთილებს, ამას სკოლაში სიარული მირჩევნია. ვფიქრობ, ასეთი სწავლება ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია.

ღვთის წყალობით, ვიცი, რომ ეს რთული პერიოდი მალე დასრულდება და ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ!"

"სიგიჟემდე მენატრება ემიგრანტი დედიკო" GzaPress

ანანო კოკოევი: "უფალი იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით. მოგეხსენებათ, როცა იგი ჯვარს აცვეს და საფლავში შეასვენეს, მესამე დღეს იქ ვეღარ ნახეს, ანუ მკვდრეთით აღდგა. ამიტომ ვზეიმობთ ამ დღეს ყველა ქრისტიანი. ალბათ სიცოცხლე აღარ უნდა იყოს დედამიწაზე, ქრისტიანებმა ეს დღესასწაული რომ არ აღნიშნონ.

წინათ გავდიოდით საფლავებზე, წითელ კვერცხს გადავაგორებდით, მოვიხსენიებდით ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც სამწუხაროდ მიგვატოვეს... ახლა კი, ამ "კოვიდ-19" გამო დაკეტეს თითქმის ყველაფერი, მათ შორის სასაფლაოებიც და სამწუხაროდ, ვერც ჩვენ გავედით.

რადგან ყველა თვითიზოლაციაში უნდა ვიყოთ, სტუმრებიც არ გვყოლია. ეს არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ არავის ველოდებოდით, მაინც შევღებეთ კვერცხები წითლად და შევიძინეთ პასკები.

ძალიან მომწონს კვერცხის "დაჭიდება". შერჩევის მეთოდიც მაქვს - თითს ვარტყამ პატარაზე და რომელსაც დიდი ხმა აქვს, ის უფრო გამძლეა. ხის კვერცხიც მაქვს და ხშირად იმასაც ვიყენებ. სააღდგომო სუფრიდან ყველაზე მეტად გემრიელი პასქები მომწონს...

იცით, ახლა ყველაზე მეტად ჩემი საყვარელი და ლამაზი დედიკო მენატრება, თანაც სიგიჟემდე. ის ემიგრანტია... იმედია, მალე გვეტყვიან, რომ კორონავირუსი დამარცხდა. ამის შემდეგ აუცილებლად ჩავალ ეზოში, ბავშვებს, მონატრებულ კლასელებს დავუძახებ, ყველას ერთად შევკრებ და გულში ჩავიკრავ. თავისუფლებას არაფერი ჯობია..."

P.S. დაგვიკავშირდით და გვიამბეთ თქვენი შვილების საინტერესო თავგადასავლები მეილზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია