"შიდსით ინფიცირებულ პირველ ადამიანთანაც მე ვიმუშავე" - გზაპრესი

"შიდსით ინფიცირებულ პირველ ადამიანთანაც მე ვიმუშავე"

56 წლის ქეთევან დონღუზაშვილი 34 წელია, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ კლინიკაში ექთანად მუშაობს. იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს პირველი პაციენტები, ჩინელები, და რატომ დააფრთხეს ისინი ექიმებმა, რა პირობებში უწევთ მუშაობა და რა არის ყველაზე რთული არსებულ სიტუაციაში, ქალბატონი ქეთევანი გვესაუბრება.

- ბავშვობიდან მიყვარდა მედიცინა. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა საექთანო საქმის შემსწავლელი 6-თვიანი კურსები გავიარე. არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე, თუმცა თანატოლები მეუბნებოდნენ, სამედიცინო ტექნიკუმში რა გინდა, ჩვენ, ყველა, ინსტიტუტში ვსწავლობთ და შენც პედაგოგიურზე ჩააბარეო. იმისთვის, რომ ინსტიტუტში მესწავლა, უარს ვერ ვიტყოდი ჩემს გადაწყვეტილებაზე. კარგი პედაგოგი ვერასდროს გავხდებოდი. თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე, ასე ერქვა მაშინ, ხოშარაულის ქუჩაზე იყო. არასდროს მინანია ჩემი არჩევანი. 18 წლისამ მედდად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ამბულატორიაში. ონკოლოგიურში გამანაწილეს, მაგრამ მამა შემეწინააღმდეგა, - ახალი დამთავრებული გაქვს და ასეთ მძიმე ავადმყოფებთან მუშაობა ცოტა რთული იქნება შენთვის, მეშინია, არ დაითრგუნო და აზრი არ შეგეცვალოსო. არ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი, - მხოლოდ ბავშვების აცრა და დოკუმენტაციის მოწესრიგება მევალებოდა და ტრავმატოლოგიურში გადავედი, მაგრამ მალევე გავთხოვდი, თანაც - დასავლეთში და სამსახურს დროებით თავი დავანებე. 1987 წლის 17 თებერვალს კი ინფექციურში დავიწყე მუშაობა და აღარსად წავსულვარ, უკვე 34 წელია.

GzaPress- ყველაზე რთული დღეები გაიხსენეთ.

- თუკი ვინმე ცოფით დაავადებულა და გარდაცვლილა, ყველას ჩემს ხელში გაუვლია. ქათმისა და ღორის გრიპებმა, დიფტერიებმა და სხვა ინფექციურმა დაავადებებმა თუ ეპიდემიებმა სწორედ ჩვენი განყოფილების თავზე გადაიარა. მახსოვს, შიდსით ინფიცირებულ პირველ ადამიანთანაც მე ვიმუშავე. ფოთიდან იყო, ახალგაზრდა ბიჭი, მეზღვაური. მაშინ შიდსის განყოფილება არც კი არსებობდა და ჩვენთან დააწვინეს. ერთჯერადი მოხმარების საშუალებებიც არ გვქონდა - ახლა აღარ, მაგრამ წარმოიდგინეთ, მაშინ როგორ "ყვიროდა" ეს ამბავი!.. წელსაც, მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა, პირველი პაციენტები ჩვენთან მოიყვანეს - სამი ჩინელი ტურისტი. ინფექციური საავადმყოფოს ეზო სავსე იყო ჟურნალისტებით. პერსონალი სრულად აღჭურვილი დავხვდით, ცოტა არ იყოს, მართლა საშიში შესახედავები ვიყავით (იცინის) - სათვალეებით, სკაფანდრებით, ნიღბებით. გაოცებულები გვიყურებდნენ, - რა დავაშავეთო?! - და მგონი, მერე უფრო ჩავარდნენ პანიკაში. ამ ადამიანებს ვირუსი არ დაუდასტურდათ, არც ტემპერატურა აღენიშნებოდათ და არც სხვა სიმპტომები, ამიტომ გავუშვით, ბავშვი კი რამდენიმე დღით სტაციონარში დავტოვეთ, რადგან ფილტვებში პრობლემა ჰქონდა.

- არ გეშინოდათ?

- შიშით, ცოტა არ იყოს, გვეშინოდა, მანამდე ხომ ვხედავდით, ჩინეთში, იტალიაში რაც ხდებოდა! ამხელა სიკვდილიანობა ემოციურად ძალიან რთული აღსაქმელია, თუმცა სამუშაო პროცესში დაძაბულობა არ იგრძნობა, მშვიდად ვართ. 2 სართულზე 20 პალატა გვაქვს, ერთი ოჯახის წევრები ერთ პალატაში წვანან, ჩვეულებრივად ვმუშაობთ - ეგ არის, რომ სპეციალური ხსნარებით დღეში რამდენჯერმე მუშავდება დერეფნები, პალატები. გუნდისთვის მკაცრი პროტოკოლია შემუშავებული და ამას ვერ დავარღვევთ - ანტიბიოტიკების გადასხმისთვის მომზადება ზოგჯერ დღეში რვაჯერაც გვიწევს, ანუ რვაჯერ უნდა ჩავიცვათ და გავიხადოთ ფორმა, რომლით მოძრაობაც საკმაოდ რთულია, ჰაერგაუმტარია და სუნთქვა ჭირს. გარდა ამისა - ნიღაბი, სკაფანდრი, ჩაჩი... ბუნებრივია, შიში გვაქვს, ჩვენ უკან ოჯახებია და შეიძლება, მათი დაინფიცირების მიზეზი გავხდეთ. მაგალითად, მე შინ მელოდება მეუღლე, 2 შვილი, რძლები და 6 შვილიშვილი. არ მაქვს საშუალება, ცალკე რომ ვიცხოვრო და შეძლებისდაგვარად ვფრთხილობ. ყველაზე პატარამ იცის ხოლმე გამოქცევა, ჩახუტება. ამას წინათ დამინახა თუ არა, ხელები გაშალა, გამოიქცა, - მოდი, უნდა ჩაგეხუტოო. ბავშვებს ვერ ვუხსნი, რატომ არ შეიძლება მოფერება. ამიტომაც ვიპარები ხოლმე სახლში (იცინის).

- რა ხდება პალატებში, რა შეგიძლიათ გვითხრათ? როგორი განწყობა აქვთ პაციენტებს, დაახლოებით რამდენ ხანში ჯანმრთელდებიან, თუ ეს ინდივიდუალურია?

- ზოგი მალე ამარცხებს ვირუსს და 2 კვირაში განმეორებით ანალიზზე კარგად ჩანს, რომ გამოჯანმრთელდა. არის შემთხვევა, როდესაც პაციენტი არ მძიმდება, მაგრამ 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება გამოჯანმრთელების პროცესი. შეიძლება, მთელი თვეც კი გაგრძელდეს და იყოს ვირუსმატარებელი. უნდა აღვნიშნო, რომ პაციენტებს მაღალი თვითშეგნება აქვთ, არ გამოდიან პალატებიდან, არც პანიკაში არიან და არც აგრესიულები. ადრე ბევრი პაციენტი ჩვენ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი, ახლა დამოკიდებულება შეიცვალა. დიდ პატივისცემასა და გვერდით დგომას ვგრძნობთ, რაც სასიამოვნოა. სხვადასხვა კერძო პირისა თუ კომპანიისგანაც დიდ თანადგომას ვგრძნობთ, ჟურნალისტებისგანაც, და ეს გვამხნევებს. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვცდილობთ და ვაკეთებთ, ვლოცულობთ, რომ მშვიდობიანად დასრულდეს. მადლობა ღმერთს, ჩვენთან ისეთი მძიმე ფორმები არ არის, როგორიც საზღვარგარეთაა. თანაც, მზად ვიყავით ამ ყველაფრისთვის. იტალიელი ექიმები კი აღნიშნავენ, რომ არ ჰქონდათ არც ხელთათმანები, არც პირბადეები, - ერთი სიტყვით, მოუმზადებლები შეხვდნენ პანდემიას. ჯერჯერობით ვუმკლავდებით სიძნელეებს, მაგრამ ხალხის მხარში დგომა გვჭირდება. უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და გადავრჩებით.

GzaPress

- რა გენატრებათ? - მშვიდი რეჟიმი და დასვენება. იცით, ბატონი თენგიზი რომელ საათამდეა აქ? შეკრებილი ჰყავს ახალგაზრდები და მთელი ღამე მუშაობენ. ღმერთმა კარგად და დიდხანს ამყოფოს, რომ ამ ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება და ცოდნა გადასცეს! იცით, ჩვენი განყოფილების გამგე, მარინა ენდელაძე და კლინიკის დირექტორი, მარინა ეზუგბაია გადაღლილობისგან ფეხზე ძლივს რომ დგანან? აქ არიან ღამის 2 საათამდე, რადგან ლუგარის კვლევითი ცენტრიდან დღის მეორე ნახევარში შემოსული პაციენტების ანალიზის პასუხები მაგ დროს მოდის. განა არ შეიძლება, დილით ნახონ?!. ძნელია ყოველდღიურად ასეთი რეჟიმით ცხოვრება. მთავარია, ჯანმრთელობამ არ გვიმტყუნოს. ამიტომ მოუწოდებს გამყრელიძე ყველას, დარჩით შინო, არავინ ვართ დაზღვეულები დაინფიცირებისგან.

- გმადლობთ, ჩვენთვის რომ მუშაობთ!

- გმადლობთ თქვენც და გაუფრთხილდით ერთმანეთს!

ნინო ჯავახიშვილი