დამუნჯებული ბრალდებული, მოტყუებული ადვოკატი და უდანაშაულობის დამტკიცების ძნელი გზა - გზაპრესი

დამუნჯებული ბრალდებული, მოტყუებული ადვოკატი და უდანაშაულობის დამტკიცების ძნელი გზა

თამარ აბესაძე 20 წელია, ადვოკატად მუშაობს. ამ წლების განმავლობაში ბევრი გახმაურებული საქმე ჰქონია, ამიტომ საზოგადოება მას კარგად იცნობს. ამბობს, რომ მაქსიმუმს აკეთებს ადამიანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა მისი დასაცავი სასამართლო დარბაზიდან თავისუფლდება. ყველას ახსოვს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მართლა წარმოუდგენელი იყო ადვოკატისთვის სასამართლო პროცესის მოგება, მოსამართლეები უსიტყვოდ აკანონებდნენ პროკურატურის მოთხოვნებს, ძირითადად, საპროცესო შეთანხმებები ფორმდებოდა. იმ ხელისუფლების წლებში თითზე ჩამოსათვლელი იყო გამამართლებელი განაჩენი. პირველი ადვოკატი, რომლის საქმეზეც მაშინ ეს მოხდა, თამარ აბესაძე გახლდათ.

ახლა, კორონავირუსის გამო, პროცესები დისტანციურად იმართება და ადვოკატებიც შინიდან ერთვებიან. როგორია ამ სფეროში დისტანციურად მუშაობა, რა პრობლემებს აწყდებიან მხარეები და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე თამარ აბესაძე გვესაუბრება.

- თამარ, რამდენად გაამართლა პროცესის დისტანციურად გამართვამ?

- მერწმუნეთ, ადვოკატებისთვის ამ რეჟიმში მუშაობა საშინელებაა. სასამართლო პროცესი საინტერესოა მაშინ, როცა დარბაზში ზიხარ. მოსამართლეს რომ უყურებ პირდაპირ და უსაბუთებ რაღაცას, სხვა განცდაა. ინტერნეტს შხრიალ-შხრიალი გააქვს და ეს ძალიან არაკომფორტულია. ბევრი ნიუანსია, რომელიც პრობლემას ქმნის. ნივთმტკიცებას რომ წარადგენს პროკურორი, სანამ გახსნის, მხარეებმა ლუქები უნდა დავათვალიეროთ, იმის დასადგენად, ხომ არ არის ლუქი დარღვეული. დისტანციურად ადვოკატმა ეს როგორ უნდა დაათვალიეროს?!. ან რომ დაათვალიერებ, მერე თავიდან უნდა დაილუქოს ნივთმტკიცება და ამას ყველამ ხელი უნდა მოვაწეროთ... ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბრალდებული შენ გვერდით არ არის და ციხიდან გერთვება. პროცესზე გაქვს შესაძლებლობა, დაელაპარაკო, პოზიციები შეაჯერო. ამ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია. მოწმის დაკითხვის დროს ბრალდებულმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდოს ან შეიძლება მოწმე საუბრობს ისეთ საკითხზე, რომელიც გამოძიების ეტაპზე არ წამოწეულა და გინდა, ბრალდებულთან დააზუსტო. პროკურორს დარბაზში რომ ეპაექრები, წარმოუდგენელია, ასეთივე ეფექტი დისტანციურად მოახდინო. ორ მეგობარს შორის საუბარი ხომ არ არის - ბრალდებულის ბედი წყდება!

GzaPress

- როგორც ვიცით, ციხეში ბრალდებულებთან შეხვედრაც დისტანციურად ხდება. - ციხეში მივდივარ, ბრალდებულთან პოზიციების შესაჯერებლად და მას ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პაემნის ოთახში მახვედრებენ, სადაც ტყვიაგაუმტარი მინაა და ტელეფონით ველაპარაკები. ადვოკატი ვარ და ვიცი, ჩვენი საუბარი არ შეიძლება გამოიყენონ ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებად, მაგრამ ბრალდებული, რომელიც კანონებში ვერ ერკვევა, ამას ვერ იჯერებს: ეკითხები რაღაცას, პასუხს არ გცემს, თვალებით განიშნებს, გვისმენენო... აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების არაერთი დისტანციური პროცესი მქონდა. რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, ასეთი 4 პროცესი ჩატარდა. განაჩენიც კრახით დასრულდა, ახლა ვასაჩივრებთ ამ განაჩენს... ერთი სიტყვით, სრულყოფილად ვერ ახორციელებ პირის დაცვას და შებოჭილი ხარ.

- ადვოკატებისთვის გადაადგილების პრობლემა იოლად მოგვარდა?

- საშვი აუცილებელია. მეგონა, საშვი მქონდა, დავქროდი ქალაქში. 2 დღე არავის გავუჩერებივარ. კახეთის გზატკეცილზე ბრალდებულთან წავედი. უკან ვბრუნდებოდი, პოლიციის მანქანამ რომ გამაჩერა. მაშინ გავიგე, თურმე საშვი არ მქონდა, არადა, ვუმტკიცებდი, მაქვს-მეთქი. რამდენჯერმე გადაამოწმეს. აღმოჩნდა, მართლები იყვნენ. მითხრეს, 3.000 ლარით უნდა დაგაჯარიმოთო. ამის მოსმენაც კი სტრესია ადვოკატისთვის, რომელიც ბრალდებულთან გარბიხარ და იცი, რომ ადამიანის ბედი შენს ხელშია. გადავურჩი დაჯარიმებას, მაგრამ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა აღმოვჩენილიყავი. უამრავი სამუშაო გვაქვს ადვოკატებს. მტკიცებულებებია მოსაგროვებელი, მოწმე გყავს გამოსაკითხი. არათანაბარ პირობებში ვართ გამომძიებელთან შედარებით. ისინი ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, ჩვენ ვერა. ადვოკატებისთვის გადაადგილება გაიოლებული უნდა ყოფილიყო. ვიღაც არის დაჭერილი და დახმარება სჭირდება, ასეთ დროს უარის თქმა იგივეა, ცუდად რომ ხარ და ექიმმა გითხრას, სახლიდან ვერ გამოვალო... მქონდა შემთხვევა, კომენდანტის საათის დადგომამდე შინ დაბრუნება ვერ მოვასწარი. პოლიციამ, - ჩვენ მიგაცილებთ სახლამდეო... ადვოკატთა ასოციაცია გვეუბნება, თუ შეგექმნათ პრობლემა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გიწევთ გასვლა, დარეკეთ "ცხელ ხაზზეო": ადვოკატებს ცალკე "ცხელი ხაზი" გვაქვს, მაგრამ სულ დაკავებაა იქაც, რადგან გადატვირთულია. 144-ზე დარეკვა ხომ წარმოუდგენელია. ცალკე პრობლემაა, როცა მტკიცებულებები უნდა მიიტანო სასამართლოში, - იქ უშველებელი რიგია. ამას წინათ, საშინელ ქარსა და სიცივეში 20 კაცი იდგა რიგში, მათ შორის გამომძიებლები, რომლებსაც ხელში 7-8 ტომი ეჭირათ. ხომ შეიძლება დაამატონ რამდენიმე თანამშრომელი და შეგვიმსუბუქონ მუშაობა...

- დისტანციური პროცესების დროს სახალისო ამბები ხომ არ მომხდარა?

- ერთი ადვოკატი ჩაგვერთო სახლიდან. სავარაუდოდ, ოთახში მასთან ერთად, ოჯახის წვერებიც იყვნენ. ჰოდა, მოსამართლიდან დაწყებული, ყველამ გავიგონეთ, როგორ უთხრა მათ, - ახლა მიყურეთ, როგორ უნდა "დავაბოლო" ესენიო!.. სიცილი აგვიტყდა. გამორჩა, ამ დროს უკვე ჩართული რომ იყო მიკროფონი.

- ეს პროფესია რატომ აირჩიეთ და როგორი იყო პირველი ნაბიჯები?

- იურისტობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, იურიდიული დავამთავრე, მერე გავთხოვდი, შვილები შემეძინა და მუშაობის დაწყებას ვერ ვახერხებდი. ადვოკატობა მინდოდა. ცოტა რომ წამოიზარდნენ ბავშვები, წავედი და განცხადება დავწერე. მაშინ ადვოკატთა კოლეგია იყო, იქ შევიტანე საბუთები. პასუხს ველოდებოდი, მაგრამ თურმე ვინმე უნდა მომეძებნა და ფული გადამეხადა... მოლოდინში ერთი წელი გავიდა. მიხვდნენ ეტყობა, ფულის გადამხდელი არ ვიყავი, დამიბარეს და მიმიღეს. მონდომებით ვმუშაობდი, იქით ვხარჯავდი ფულს. ბევრჯერ სახაზინო წესით გამოვსულვარ პროცესზე; ბრალდებული ისე გაუთავისუფლებიათ სასამართლო დარბაზიდან, ოჯახის წევრებსაც არ სცოდნიათ და შინ მისასვლელად, გზის ფულიც კი მიმიცია. თავიდან ძალიან ემოციური ვიყავი, ვნერვიულობდი ყველა ამბავს. პირველად პატიმარი რომ დავტოვე ციხეში, ნერვიულობისგან საჭმელს ვერ ვჭამდი... გულიანად რომ ეკიდები საქმეს, შედეგსაც იღებ.

- ალბათ ყველაზე გახარებული მაშინ იყავით, როცა წინა ხელისუფლების დროს პირველ გამამართლებელ განაჩენს მიაღწიეთ. რას იტყვით ამ საქმეზე?

- იმ დროს ადვოკატებს, ფაქტობრივად, ფუნქცია აღარ გვქონდა: პროცესზე რომ შედიოდი, იცოდი, მოსამართლე მაინც არ გაითვალისწინებდა შენს არგუმენტებს და პროკურატურის ცარიელი ყდაც კი შეეძლო დაეკანონებინა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოდი. პირველი გამამართლებელი განაჩენიც ჩემი იყო - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ყაჩაღობას ედავებოდნენ... იმ პერიოდში გირაოც ასევე პირველად, ჩემი და ჩემი კოლეგის, ზურაბ მამულაშვილის მონაწილეობით იქნა შეფარდებული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულს თავიდან ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა, შემდეგ პოლიციაში, ხელმეორედ ჩხრეკა ჩატარდა და იქ აღმოაჩნდა... ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა უდანაშაულო ადამიანს ვიცავდი. ასეთ დროს განსაკუთრებით განიცდი. ერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს 3 მკვლელობას, 5 ყაჩაღობას, იარაღის ტარებას ედავებოდნენ - რომ იტყვიან, სისხლის სამართლის კოდექსი "ეკიდა გულზე". მანამდე ნასამართლევი არ იყო, მაგრამ 10 წელი იძებნებოდა. ამ საქმეებში სხვა პირებიც იყვნენ ბრალდებულები და ყველას გამოტანილი ჰქონდა უკვე სასჯელი. ძალიან რთული საქმე იყო. თავიდან არ ვფიქრობ, კლიენტს რომ შედეგი უნდა, - საინტერესო საქმეა პრიორიტეტი, მერე კი რომ ვაანალიზებ, ვამბობ, - ვაიმე, რა ვქნა, შედეგია მთავარი-მეთქი, - და მართლა ყველაფერს ვაკეთებ პირის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. 7 ტომი იყო ეს საქმე. ბრალდებული იმდენად თავშეკავებული ადამიანი გახლდათ, არ ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას. საგონებელში ჩავვარდი. საქმის დეტალებში კარგად რომ გავერკვიეთ, მივხვდით - უდანაშაულო იყო. ბევრი ვიბრძოლეთ, სრულად გავამართლეთ და სასამართლო დარბაზშივე გათავისუფლდა. ორი წელი ვიბრძოდი ასევე, პოლიციის ასმეთაურის სიმართლის დასამტკიცებლად. პროკურატურა ცდილობდა, ჯოხი მასზე გადაეტეხა. ამ ორწლიანი პროცესების განმავლობაში ისე დავუახლოვდით საქმის მონაწილეები ერთმანეთს, გვეგონა, ნათესავები ვიყავით. ამ საქმეზეც ჩემი დასაცავი გაამართლეს... არ ვიცი, რას შეიძლება შევადარო განაჩენის გამოტანის მოლოდინი. ამ დროს გული გიწუხს, ჰაერი არ გყოფნის. განსაკუთრებით, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ადამიანი უდანაშაულოა. მაგალითად, ვიცავდი "თემქელ მანიაკად" შერაცხილ ბიჭს. ის საჭირო ინფორმაციას არ გვეუბნებოდა, ჩუმად იჯდა. დაზარალებულის დაზიანებები რომ ვნახე, გადავწყვიტე, უარი მეთქვა მოძალადის დაცვაზე, მაგრამ საქმის გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ ეს ადამიანი დანაშაულის დროს კაზინოში იმყოფებოდა და თანხები ჰქონდა წაგებული. მივხვდი, მართალი იყო. ამან გადამაწყვეტინა მისი დაცვა. 5 ექსპერტიზა ჩავატარე, ყველაფერი ადასტურებდა მის უდანაშაულობას, მაგრამ თავად მას ხმა ვერ ამოვაღებინე. სულ მუშტი ვუბრახუნე მაგიდაზე, - თქვი სიმართლე, ამხელა დანაშაულს გედავებიან-მეთქი!.. ადრე ნასამართლევი იყო და ეგონა, არავინ ენდობოდა, ამიტომ გახლდათ ჩუმად. მის გამართლებას მივაღწიე, რადგან უდანაშაულო იყო.

GzaPress

- ბრალდებულს თუ მოუტყუებიხართ? - ასეთი ერთადერთი შემთხვევა მქონდა. ბრალდებული მიმტკიცებდა, უდანაშაულო ვარო. დაიჭირეს ნარკოდანაშაულისთვის, - მარჯვენა ხელის მუჭში ჰქონდა ნარკოტიკიო. ამ კაცმა თავისი მარჯვენა მიჩვენა - იღლიიდან მტევნამდე მყესი ჰქონდა დაზიანებული და ფაქტობრივად, ხელს ვერ ამოძრავებდა. მითხარი, ამ ხელში ნარკოტიკი როგორ უნდა მქონოდაო?!. გადავირიე, უდანაშაულო კაცია დაჭერილი-მეთქი. დავნიშნე ექსპერტიზები, ვიწვალე ძალიან. პროცესზე ჩანდა, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა: წარმოიდგინეთ, თვითონ შემომითვალა, საპროცესოს არ დათანხმდეო... პროკურატურა მიხვდა, რომ ბრალდებულს გაამართლებდნენ და საპროცესოზე დაითანხმა, - არადა, ფინალში ვიყავით გასულები და დარწმუნებული ვიყავი, გაამართლებდნენ. ამდენი ნაწვალები მქონდა და ბრალდებული საპროცესოს დათანხმდა. სხვა გზა არ მქონდა, მეც უნდა მომეწერა დოკუმენტისთვის ხელი. დავეთანხმე, მაგრამ უეცრად თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ყველა გაშტერებული მიყურებდა. დარბაზიდან ისე გამოვედი, პატიმრისთვის აღარც შემიხედავს. 6 წელი ემუქრებოდა, საპროცესო 6 თვეზე გაუფორმა პროკურორმა. ერთხელაც უნდა შევსულიყავი მასთან ციხეში. მაშინ მითხრა, - მოგატყუე, მართლა მქონდა ნარკოტიკი თითებს შორისო. ლამის გადავირიე: რას მაზლუქუნე-მეთქი?! - რომ მეთქვა, ასე თავგამოდებით არ დამიცავდიო... არის შემთხვევა, როცა ბრალდებული ბოლომდე არ გეხსნება. ეს ცუდია ადვოკატისთვის. ზოგი ყველაფერს გადაგიშლის ხოლმე და იქით ეუბნები, არ გინდა, არ მოჰყვეო...

- საქმეზე უარი გითქვამთ?

- ასეთი საქმეებიც მქონია. ერთხელ ბრალდებული სააპელაციო სასამართლოდან გავათავისუფლე. საადვოკატო მომსახურებაში მისმა დეიდაშვილმა გადამიხადა თანხა. წარმოიდგინეთ, გამოსვლიდან ერთ თვეში ბრალდებულმა ამ დეიდაშვილის დედ-მამა დახოცა განსაკუთრებული სისასტიკით!.. მკვლელის ცოლმა დამირეკა და მითხრა, დაიცავიო. გავლანძღე. წლების შემდეგ მირეკავს ვიღაც და მეუბნება, - ჩემი სიძეა დაკავებული, ოჯახი ოპოზიციურ პარტიაში ვართ და ამის გამო დაიჭირესო. ჩავერთე საქმეში და აღმოჩნდა იმ მკვლელის დეიდაშვილის შვილი, რომელიც მკვლელობის დროს იმ კაცს მძევლად ჰყავდა აყვანილი. ასეა, შეიძლება სრულიად შემთხვევით გადაიკვეთოს ადამიანების გზები... საშინელი ძალადობა მოხდა უცხოელ ქალზე და ბრალდებულის დაცვაზე უარი ვთქვი...

- განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის დაცვა არ გიჭირთ?

- საქმეს გააჩნია. მქონდა ასეთი საქმე, ბრალდებულმა ბიჭი მოკლა. ძალიან მტკივნეული იყო დარბაზში შავებში ჩაცმული დაზარალებულების ყურება. ბრალდებულს ციხეში ვკითხე, - არ ნანობ მკვლელობას-მეთქი? - არა, ახლა რომ ცოცხალი იყოს, იმავეს გავაკეთებდი, რადგან არ მევასებოდაო, - მიპასუხა. დავემშვიდობე, პატრონს დავურეკე და ვუთხარი, ვერ დავიცავ-მეთქი: როცა ადამიანს სინანული არა აქვს, ძნელია მისი დაცვა. მქონდა სხვა შემთხვევაც. კაცს სახლში მიუვარდა უბნელი, შეურაცხყოფა მიაყენა. ის ეხვეწებოდა, წადი, თავი დამანებეო. იმან კი მასპინძლის ცოლისა და შვილისკენ გაიწია. ამ დროს აიღო კაცმა პურის საჭრელი დანა და მუცელში ჩაარტყა. ასეთი პირის დაცვა შეიძლება...

- ახლანდელ პირობებში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გაგიჩნდათ, მაგრამ ასეთ აქტიურ ადამიანს შინ ჯდომა ხომ არ გიჭირთ?

- ახლაც სულ მიწევს სახლიდან გასვლა, რადგან აკავებენ პირებს და დახმარებისთვის მირეკავენ. სახლთან ახლოს მაქვს დროებითი მოთავსების იზოლატორი, სასამართლოც ახლოსაა. თუმცა, თავისუფალი დროც მეტი მაქვს და შვილებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის უფრო ვიცლი. ბევრს ვკითხულობ, ვვარჯიშობ, ყოველდღე ფეხით, დაახლოებით 6 კილომეტრს გავდივარ. საოჯახო საქმეებისთვისაც მოვიცალე. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ვაკეთებ გემრიელ კერძებს. მაინც მინდა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მალე დაბრუნდეს და ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

თეა ხურცილავა