დედა-შვილი კორონავირუსს ერთად ებრძოდნენ - გზაპრესი

დედა-შვილი კორონავირუსს ერთად ებრძოდნენ

2 წლის ანდრიამ კორონავირუსი დაამარცხა. ეს ინფორმაცია ანდრიას დედამ - ნანა პაპავამ იმ მიზნით გამოამზეურა, რომ COVID-19-თან ბრძოლაში ჩაბმული ადამიანები გაემხნევებინა... ქალბატონი ნანა თავად ჯერ ისევ ვირუსს ებრძვის...

ნანა პაპავა "გზის" მკითხველებისთვის გულახდილ საუბარზე დაგვთანხმდა:

- პროფესიით ექთანი ვარ. 14 წელი "ჯოენის" სახელობის სამედიცინო ცენტრში, ბავშვთა კარდიოქირურგიულ რეანიმაციაში ვიმუშავე, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. 2 წელია, რაც კლინიკა "თიმში" გადავედი, სადაც პროფესიული თვალსაზრისით, გავიზარდე. ამ პანდემიის პერიოდში, მივხვდი, რომ მართლაც ერთი გუნდი ვართ. მათგან მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობდი. ურთულესი ფსიქოლოგიური და მორალური სტრესი სწორედ მათ გადამატანინეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი...

პირადად მე, კორონავირუსით ძმისგან დავინფიცირდი (თავად მისი ინფიცირების პირველწყარო დაუდგენელია - ამაზე ეპიდსამსახური მუშაობს). პირველი კონტაქტიდან მეექვსე დღეს დამეწყო შემცივნება და ტემპერატურა 37,4 გრადუსი დამიფიქსირდა. ძალიან ავღელდი. ნერვიულობის ფონზე, თითქოს ყველაფერი ერთად დამეწყო: სუნთქვაც გამიჭირდა, გულმკერდიც ამტკივდა... მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადავიღე. ორმხრივი ინფილტრაცია აღმომაჩნდა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო! იმიტომ არა, რომ კოვიდინფიცირებული აღმოვჩნდი, არამედ - იმიტომ, რომ 4 დღის განმავლობაში, ჩემს ორგანიზმში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, უამრავ ადამიანთან კონტაქტი მქონდა... იმავე დღეს ცხელების ცენტრში გადავედი. სანამ ექიმი ანამნეზს მეკითხებოდა, სახლიდან მეუღლემ დამირეკა - ბავშვს ცრუ კრუპი (ზედა სასუნთქი გზების, საყლაპავის მწვავე შეშუპება, რომელსაც ხველა და სუნთქვის გაძნელება ახლავს თან) დაემართაო. რა თქმა უნდა, პირველადი დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ საეჭვო პაციენტი ვიყავი და გადავწყვიტე, ანდრია ბავშვთა ინფექციურ კლინიკაში გადაეყვანათ, სადაც მას PSR ტესტი აუღეს... დადებითი პასუხი მივიღეთ - ბავშვს COVID-19 ჰქონდა. ჩემთვის ეს ძლიერი შოკი იყო, მაგრამ უარესი ის გახლდათ, რომ პარალელურად, 68 წლის ბებია დაინფიცირდა, რომელიც ანდრიას უვლიდა. ეს ყველაფერი ამით არ დასრულებულა - ჩემგან ჩემი 6 თანამშრომელი დაინფიცირდა... საოცარ კოშმარში აღმოვჩნდი, რომელიც მეგონა, არასოდეს დასრულდებოდა. მამხნევებდნენ ადამიანები, რომლებსაც ვირუსი ჩემგან გადაედოთ, ეს უზარმაზარ ენერგიას მაძლევდა. მადლობა ღმერთს და ჩვენს ექიმებს, რომ დღეს ისინი კარგად არიან... ჩემს შვილს, ჩემს პატარა "მზე ბიჭუნას" რაც შეეხება, ერთად ყოფნის უფლება მეორე დღესვე მოგვცეს. ვირუსს ერთად ვებრძოდით. ანდრია იმხელა პოზიტიურ ენერგიას ასხივებს, ისეთი ნიჭიერი და ყოჩაღი ბავშვია, რომ მას კორონავირუსმა ვერაფერი დააკლო - მის ორგანიზმში COVID-19 მსუბუქად, პნევმონიის გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა პროტოკოლის მიხედვით, სამ დღეში ერთხელ ანალიზების კონტროლი გვიწევდა (ვენიდან სისხლს უღებდნენ). რა თქმა უნდა, ამის გამო, ბავშვმა სტრესი მიიღო, მაგრამ ეს ერთად ყოფნით გადავლახეთ. პერიოდულად, სამედიცინო ხელთათმანს, შპრიცს (ნემსის გარეშე) ვაძლევდი, ნიღაბს იკეთებდა... ვთამაშობდით: ის ექიმი "იყო", მე - მისი "პაციენტი"... პალატაში ძალიან აქტიურობდა. თავისი სიცელქით პერსონალს ამხიარულებდა.

GzaPress პროტოკოლის მიხედვით, ორი კვირის შემდეგ, Pშღ ტესტი გაუმეორეს. ამჯერად, უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ტესტი 24 საათის შემდეგაც გაუკეთეს - პასუხი ისევ უარყოფითი იყო. მე და ანდრია ისეთი ბედნიერები ვიყავით, რომ სიხარულისგან ვცეკვავდით, ვმღეროდით... სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და მისი გამოჯანმრთელება აღვნიშნეთ. მინდოდა, ფანჯარა გამომეღო და ბოლო ხმაზე მეყვირა - ჩემმა შვილმა ეს შეძლო, ახალი ვირუსი დაამარცხა-მეთქი! ექთანებთან გავვარდი - ანდრიას ტესტის პასუხი უარყოფითია, გამოჯანმრთელდა-მეთქი! ბავშვი დერეფანში გაიყვანეს და ჩაეხუტნენ... საოცარი განცდა იყო ეს - მათ შრომა დაუფასდათ... თავის ასაკთან შედარებით, ანდრია გონიერი ბავშვია. მან კარგად გააცნობიერა, რომ მეორე დღეს კლინიკიდან უნდა გასულიყო. ჩემი და ანდრიას ცალ-ცლკე ყოფნის დღე დადგა: დამემშვიდობა, ლოყაზე მაკოცა. მითხრა, - დედა, მიყვარხარო... მას უბრალოდ, ეგონა რომ ეზოში მიდიოდა... როცა მიხვდა, გაიყვანეს, ცოტათი იტირა... ახლა კარგად გრძნობს თავს. მამიკო უვლის. სახლში ყოფნით ისევ ძველებურად აქტიური და ბედნიერია. საღამოობით ცოტათი პროტესტის გრძნობა უჩნდება - სურს, დედიკო გვერდით ჰყავდეს. იმედია, ეს კოშმარი მალე დასრულდება...

კორონავირუსი უკვე ბებიამაც დაამარცხა. იმ მშობლებს მივმართავ, ვინც ბავშვთან ერთად, ამ ვირუსთან ბრძოლაშია ჩაბმული: ყველაფერი კარგად იქნება, ნუ შეშინდებით და ბრძოლაში გამარჯვებას აუცილებლად შეძლებთ! ჩემმა 2 წლის ბიჭმა ეს შეძლო!.. მე ჯერ მკურნალობის პროცესში ვარ... მადლობა ღმერთს, ბოჭორიშვილის კლინიკის პერსონალს, ჩემს ოჯახს, მეგობრებს და თანამშრომლებს - მათი წყალობით გადავრჩი...

ეთო ყორღანაშვილი