კახა გოგიძე: "ჩინოვნიკებს ურჩევნიათ, ჩვენი გლეხები დაჩაგრონ"
font-large font-small
კახა გოგიძე: "ჩინოვნიკებს ურჩევნიათ, ჩვენი გლეხები დაჩაგრონ"
"როცა შენს ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა"

"თავისუფალი თეატრის" მსახიობმა კახა გოგიძემ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შთამბეჭდავი სახე შექმნა: ის ყოფილი მომღერალი და დაუღლელი მოქეიფე - სულიკო დარდიანიძეა, რომლის მთავარი მოწოდება დროს ტარება, ქეიფი და რესტორნების "დახურვაა"... ჩვენი ინტერვიუ კახა გოგიძესთან ამ როლზე საუბრით დაიწყო და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეფასებით დასრულდა.


- ბატონო კახა, ვინ არის ამ როლის პროტოტიპი და საიდან ჩნდებიან ასეთი მმართველები?
- თავდაპირველად გეტყვით, რომ ერთი ადამიანი არ არის ამ როლის პროტოტიპი, ის უფრო კრებითი სახეა, რომლის დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ კომუნისტების დროს გაიზარდა, ხოლო მთავარი მიზანია - "მასვი, მაჭამე, მალხინე". სად და როგორ ჩნდებიან ასეთი მმართველები? - ჩვენგან: მათ ჩვენ ვირჩევთ. საქმე ის არის, რომ მონობაში დავიბადეთ, გავიზარდეთ და პასუხისმგებლობას ყოველთვის ვარიდებთ თავს. ამიტომ თანახმა ვართ, სათავეში ნებისმიერი იყოს, ვისაც პასუხისმგებლობას გადავაბარებთ, ჩვენ კი არხეინად ვიქნებით. ამიტომაა, რომ ქვეყანას ხშირად მართავენ ჩემი გმირის მსგავსი ჩინოვნიკები. საქართველოში ვინმე თანამდებობაზე რომ დაინიშნება, ულოცავენ, არადა, პირიქით უნდა იყოს, რადგან თანამდებობა ძალზე დიდი ტვირთი და გამოცდაა.
- როგორც ყველა, თქვენი პერსონაჟიც კარანტინშია და ცდილობს "ონლაინქეიფი" გამართოს ან - "ონლაინპახმელიიდან" გამოვიდეს. რთულია ასეთ დაძაბულ დროს როლზე მუშაობა?
- "ჩცდ კარანტინში" კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად კარგი სცენარისტია ქეთი დევდარიანი, იგივე უნდა ვთქვა მთელ შემოქმედებით ჯგუფზეც. ამ სერიების გადაღება გმირობის ტოლფასი იყო, რადგან ყველა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობდა იზოლაციაში მყოფი მაყურებლისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას. ხომ ვხედავდი, რა რთულ პირობებში გვიხდებოდა გადაღება? ძალიან მიხარია, თუ ჩემმა როლმა ვიღაცას სიმძიმე შეუმსუბუქა, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს: კომენტარებში მსახიობებს ნუ ლანძღავთ, ხალხო, შეიძლება ერთი სერია უკეთესი იყოს, მეორე - ნაკლებად, მაგრამ მერწმუნეთ, მსახიობები თქვენთვის ცოცხლობენ და მხოლოდ თქვენთვის მუშაობენ.
- ბატონო კახა, თქვენ როგორ უმკლავდებით იზოლაციაში ყოფნას და "კოვიდ-19"-ის გამო შექმნილ რთულ რეალობას?
- ვინ იფიქრებდა, თუ 21-ე საუკუნეში ასეთი პანდემია იფეთქებდა?! ყველას გვეგონა, რომ ძალიან მაღალ საფეხურზე ვიყავით და ერთმა პატარა ვირუსმა მთელი პლანეტა გადაკეტა. მეც ვაღიარებ, რომ ჩვენი ექიმები მართლა გმირები არიან, მაგრამ ეს ჯანმო (ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაცია) ძალიან არ მომწონს. მხოლოდ ერთ რეცეპტს გვიწერენ: "დარჩით სახლში" - ეს არის მათი რეკომენდაცია. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაში ყველაფერი კომერციაზეა აგებული. არ მესმის, ამხელა თანხები სად მიდის და ამ ერთ პატარა ბაცილას რატომ ვერ ერევიან?! შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მე ამ სფეროში დილეტანტი ვარ, მაგრამ ფაქტია, ვერაფერს აკეთებენ. ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს ჯანმოს ხელმძღვანელის პანიკური განცხადებები. თვითონაც სერიოზულ პანიკაშია და სხვებსაც პანიკაში აგდებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგი სულაც არ არის. თავის დროზე უნდა გამოეჩინათ სიფხიზლე, თორემ ახლა, "პოსტ-ფაქტუმ" რომ გამოდის და ლაპარაკობს, ყველანი ვღიზიანდებით.
GzaPress
- "კოვიდ 19"-ის გამო საქართველოც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, რის გამოც ბევრი დეპრესიაში ჩავარდა. ამაზე რას გვეტყვით?
- ქართველები "მარტივი ფულის" შოვნაზე გადავედით, რამაც გამოიწვია ეს კოლაფსი. "გეორგიანელები" რომ გვქვია და ყურძენი და ქიშმიშიც კი ირანიდან შემოგვაქვს, არ გვრცხვენია?! პლანეტა გაჩერდა და აღმოჩნდა, რომ ასანთით დაწყებული, ხილით დამთავრებული, ჩვენსას ვერაფერს ვაწარმოებთ. სამწუხაროდ, საქართველო ჩარჩებისა და გადამყიდველების ქვეყნად იქცა! მე სოფელი მაქვს და კარგად ვიცი, რატომ ხდება ეს: იქაურები 3-4 წელია უკვე, ვეღარაფერს ყიდიან, რადგან ჩინოვნიკებს ურჩევნიათ, ჩვენი გლეხები დაჩაგრონ, ყველაფერი უცხოეთიდან შემოიტანონ და დიდი მოგება ნახონ, რომ მერე, ბოლო მოდელის ჯიპები იყიდონ და არხეინად იცხოვრონ. აქ კი ხალხი ღატაკდება და იტანჯება. ამტკიცებენ, ქართველი კაცი ზარმაციაო, მაგრამ ასე არ არის, თუ გზას არ მოუჭრი და სიმწრით მოყვანილ პროდუქტს არ დაულპობ. შემოაქვს ვიღაცას თურქული ან ირანული ყურძენი, ვაშლი, ბოსტნეული და ჩვენებურს ფასს უკარგავს - ამას რა ჰქვია, ხომ ვერ მეტყვით?! თურქეთში 2 ტომარა კარტოფილსაც ვერ შეიტან, საზღვარზე არ გადაგიშვებენ, რადგან იქ ადგილობრივ წარმოებას თვალისჩინივით უფრთხილდებიან, ჩვენთან კი - ყველაფერი უკუღმა ხდება!
- საზოგადოების პროტესტი გამოიწვია 3-ათასლარიანი და 15-ათასლარიანი ჯარიმების დაწესებამ. თქვენ თუ გაგჩენიათ ამის გამო პროტესტის გრძნობა?
- მე ვფიქრობ, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩაცვივდნენ, დაიბნენ და ეგონათ, რომ 3 ათასი ლარით ყველას შეაშინებდნენ, მაგრამ აშკარაა, ეს ჯარიმები არაპროპორციულია. როცა ადამიანს 300 ლარი აქვს ხელფასი, ის 250-ლარიან ჯარიმას ვერ გადაიხდის. აბა, რა გითხრათ, ძალიან რთული მდგომარეობაა და მთავრობამ ამ რეგულაციებს როგორმე უნდა გადახედოს, მაგრამ როცა კანონი გეუბნება, საღამოს 9 საათის შემდეგ ქუჩაში არ გახვიდეო, ესე იგი, არ უნდა გახვიდე - ეს ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნების მაჩვენებელია. ჩვენმა ქვეყანამ ეპიდემიის პირველ ტალღას შედარებით კარგად გაუძლო. კიდევ კარგი, მთავრობამ ჩვენს ექიმებს დაუჯერა, მაგრამ ახლა უკვე სხვა ფაზაში შევედით და სხვაგვარი მოქმედებაა საჭირო. ხალხში უკმაყოფილება იგრძნობა, რადგან ძალიან ბევრი შემოსავლის გარეშე დარჩა, ყველა გაღიზიანებულია და უარესად გაღიზიანების საბაბი არ უნდა მივცეთ.
- თქვენ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში?
- ალბათ, გამონაკლისი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია და ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?! ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ყოველთვის ვიჩაგრებით და ის, ვინც კანონს არ ემორჩილება, არხეინად ცხოვრობს. მე რომ ნივთი მოვიპარე და ხელები დამაჭერი, უდანაშაულო ქალის მკვლელს მცირე სასჯელი არ უნდა აკმარო! ამ ფაქტმა მეც ძალიან შემაწუხა: როგორია? - ქალი კორონავირუსს დაემალა და საკუთარ სახლში ბრმა ტყვიამ მოკლა! აბა, რა უნდა თქვა ადამიანზე, რომელსაც იარაღის ტარების უფლება აქვს, კარანტინის დროს თვრება, აივანზე გამოდის და უმისამართოდ ისვრის?! ფსიქიატრები რატომ არ მუშაობენ ძალოვანებთან? ფსიქიატრმა გულმოდგინედ უნდა გასინჯოს ყველა, ვინც ძალოვან უწყებაში მუშაობას იწყებს და დაადგინოს, სისასტიკისკენ ხომ არა აქვთ მიდრეკილება. ასეთ ადამიანს ხელში იარაღი კი არ უნდა მისცე, ძალოვან სტრუქტურებს საერთოდ არ უნდა გააკარო.
- ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ინფორმაცია კორონავირუსსა და ამ ვირუსით გარდაცვლილებზე გაზვიადებულია. რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხზე?
- ინტერნეტით ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, უკვე იმდენი ადამიანი გარდაიცვალა ამერიკაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, რომ ეს დაავადება მართლაც საშიშია. ადამიანის ბუნება ეჭვიანია და ფიქრობს, ვინმე ხომ არ მატყუებსო, მაგრამ მე მირჩევნია, ყველაზე ცუდი ვერსია დავიჯეროთ, მერე რომ არ დავზიანდეთ. როგორც სკაუტები იტყვიან: მომავლის იმედი გქონდეს, მაგრამ ცუდისთვის ემზადეო... ამიტომ, ყველაფერს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. შეიძლება ვიღაც ტყუილს ამბობდეს, მაგრამ საკუთარი სიცოცხლით ნუ ვითამაშებთ და უმჯობესია, იმ რეგულაციებს დავემორჩილოთ, რომლებიც ექიმებმა დაგვიწესეს.
- ამ დღეებში მთელი "ფეისბუკი" აზიარებდა ინფორმაციას ხორვატიის პრეზიდენტზე - მშვენიერ ქალბატონზე, რომელმაც გაყიდა სამთავრობო თვითმფრინავი და ჩვეულებრივი რეისით მგზავრობს, ჩინოვნიკებს ხელფასები შეუმცირა, მოკრძალებულად ცხოვრობს და თავისი ხალხის ინტერესებს ყველაზე მაღლა აყენებს... ჩვენ როდის ვეღირსებით ასეთ მმართველებს?
- იცით, რას ვფიქრობ? - ჩვენი თაობის არც ერთი ადამიანი არ უნდა გააკარო თანამდებობას, რადგან ჩვენი "მისამართი" კარგა ხანს საბჭოთა კავშირი იყო. ჩვენ დავიბადეთ ქვეყანაში, სადაც ხალხი სიცრუით, სხვისი ძარცვითა და ჩაგვრით მდიდრდებოდა და იგივე დაგვემართა, რაც სპარტაკს, რომელმაც თავი მონობისგან დაიხსნა, მაგრამ მერე უკვე აღარ იცოდა, საით წასულიყო... საბედნიეროდ, უკვე წამოიზარდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან, რა არის მონობა, კორუფცია, სიცრუე... მონობაში დაბადებული ადამიანი ნორმალურ ქვეყანას ვერ ააშენებს. ის ვერ ხვდება, რომ როცა ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა. ამიტომ ასპარეზი ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ და მათ ჩავაბაროთ ჩვენი საქართველო, უფროსები კი მხარში ამოვუდგეთ და ყველანაირად დავეხმაროთ.
დაბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ: სწორედ ამ ახალი თაობის წარმომადგენლები არიან ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც ამ დღეებში დიდ რისკზე მიდიოდნენ - საშიშ ვირუსს არ უშინდებოდნენ და თავიანთ მოვალეობას ბოლომდე ასრულებდნენ. მინდა ყველა პატიოსან, თავისი საქმის ერთგულ ჟურნალისტს ვთხოვო: თავს გაუფრთხილდით, რადგან ჩვენ და ჩვენს ქვეყანასაც ძალიან გვჭირდებით.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი