"თავიდან მიჭირდა, ახლა კი საფრანგეთში ცხოვრებაც ძალიან მომწონს..."
font-large font-small
"თავიდან მიჭირდა, ახლა კი საფრანგეთში ცხოვრებაც ძალიან მომწონს..."
მოზარდები, რომლებსაც სამშობლოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ

7 წლის გიას საქართველოს დატოვებამ მამის ავადმყოფობის გამო მოუწია. მისი ოჯახი ორი წლის წინ წავიდა საფრანგეთში... როგორც დედამისმა გვითხრა, თურმე თავდაპირველად ძალიან ნერვიულობდა, განიცდიდა სამშობლოდან, მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნას, ახლა კი საფრანგეთში ცხოვრებაც ძალიან მოსწონს...

გია ფხალაძე:
- საფრანგეთში რომ უნდა წამოვსულიყავით, ეს თან არ მომწონდა, თან ძალიან მიხაროდა. ყველაზე მეტად ის მინდოდა, თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავი. მაინტერესებდა, როგორია ფრენა.
- არ გეშინოდა აფრენის?
- არ შემშინებია, პირიქით, ძალიან მომეწონა. სულ ფანჯარაში ვიხედებოდი. ზემოდან ყველაფერი ლამაზად ჩანდა. ისე, დედას კი ეშინოდა (იცინის).
- საფრანგეთში ცხოვრება მოგწონს?
- თავიდან ძალიან მიჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან ენა არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ვთამაშობდი, ხელებით ვაგებინებდი რაღაცებს. შემდეგ სკოლაში მივედი. კარგი მასწავლებელი მყავდა და ენაც ვისწავლე. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. არც კერძები მომეწონა, მაგრამ ახლა მომწონს, მივეჩვიე.
- საქართველო არ გენატრება?
- სულ მენატრება საქართველო. ხშირად ვურეკავ ახლობლებს. მანდ ბევრი მეგობარი დავტოვე. ყველაზე მეტად ჩემი სოფელი მენატრება, იქ ყველა მახსოვს. გული მწყდება, რომ ფეხბურთზე ვეღარ დავდივარ, მაგრამ მამა მპირდება, რომ აქაც მიმიყვანს და ვითამაშებ. ჩემი ოცნებაა, მაგარი ფეხბურთელი გამოვიდე. კალათბურთი, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი - ყველაფერი ეს მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს. მანდ დავდიოდი ამ სპორტზე, დემესთან ერთად. ბაღის დამთავრების შემდეგ კი სტადიონზე ვთამაშობდით, კარგად ვერთობოდით.
- კიდევ რა გენატრება?
- აქ ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური და ელზას გაკეთებული "ოსტრი" მენატრება. სოფელში რომ ჩავდიოდი, ბებო არაფერს მიშლიდა, ფეხბურთსაც კი მეთამაშებოდა ხოლმე. მამიდას მინდორში დავყავდი. ბაბუსთან ერთად ყურძენს ვწურავდი და ღვინოს ვაკეთებდით. ბაბუმ სადღეგრძელოს თქმაც მასწავლა: - ყველა კარგ კაცს გაუმარჯოსო!.. კიდევ, ჩემი სათამაშოები და ველოსიპედი მენატრება. აქეთ რომ წამოვედი, ბებოს ჩავაბარე, - კარგად მოუარე და რომ ჩამოვალ, ისევ ვითამაშებ-მეთქი.
- ფრანგული ენა იოლად ისწავლე?
- კი, იოლად ვისწავლე. თავიდან გამარჯობის თქმაც არ ვიცოდი. არ ვიცი, მგონი, ახლა კარგად ვლაპარაკობ, მაგრამ ხანდახან "ვჭედავ" ხოლმე: ხან ქართულ სიტყვას ვერ ვიხსენებ, ხან ფრანგულს. ისე, როცა საჭიროა, დედას და მამას ვეხმარები, სხვების ნათქვამს ვუთარგმნი ან როცა თვითონ ვერ აგებინებენ ფრანგებს რაღაცას, მაშინაც ვთარგმნი (იცინის)... აქ დედამ ქართულად წერა-კითხვაც მასწავლა. ხშირად ჩემს პედაგოგებს ქართულ სიტყვებს ვუწერ. ჩემს პირველ მასწავლებელს კვირის დღეები ქართულად ვასწავლე. მე "დედა ენის" წიგნი მაქვს, მამიდამ გამომიგზავნა. დედა ქართულ ლექსებსაც მასწავლის. აქ მეგობრებსა და მეზობლებთან ფრანგულად ვლაპარაკობ, სახლში კი ქართულად.
- ქართველ ბავშვებთან უფრო იოლია ურთიერთობა თუ უცხოელებთან?
- ყველა ბავშვთან იოლია ურთიერთობა. მე ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად თამაში. საქართველოში ბაღის მეგობრები დავტოვე: გაბრიელი, დავითი, ნიკოლოზი, ნინიკო, ტასო... ტასო "შპაგატში" ჯდებოდა და მწყინდა, ამას რომ ვერ ვაკეთებდი. ახლა ვისწავლე და მეც შემიძლია ეს.
- კორონავირუსია გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ამაზე შენ რა იცი?
- ამ კორონავირუსის გამო ყველა სახლში უნდა ვიყოთ. სკოლაში ვეღარ დავდივართ. ერთმანეთთან ახლოს ყოფნა, ხელის ჩამორთმევა და გადაკოცნა არ შეიძლება. ხელებს ხშირად ვიბანთ. არ მომწონს სახლში ყოფნა. ამას სკოლაში სიარული მირჩევნია. ისე, მასწავლებლები მირეკავენ და სახლში ვმეცადინეობ. სკოლაში სიარული კარგია. იქ ყინულზე, "ბოქსზე" დავდიოდი და ვერთობოდით. მასწავლებელს ვუთხარი, რომ სახლში მეცადინეობა არ მომწონს, ის კი დამპირდა, მალე შევხვდებით ერთმანეთსო. ჩემს კლასში ერთი ქართველი ბავშვია, ვლადიმირი, მასთან თამაშიც მიყვარს.
- საფრანგეთში რა დაათვალიერე? ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
- ყველაფერი მომეწონა. კორონა რომ არ იყო, მშობლებს პიკნიკზე დავყავდი. ვნახე ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი. ძალიან მინდა "დისნეის" ნახვა და მშობლები მეუბნებიან, რომ წამიყვანენ...
იცი, აქ რომ ჩამოვედით, სახლი არ გვქონდა და გარეთ, მანქანაში გვეძინა. მერე დიდი სახლი მოგვცეს. ცოტა ხანში იქიდანაც წამოვედით და ახლა სასტუმროში ვცხოვრობთ. მამა ძალიან ცუდად იყო. ხშირად საავადმყოფოში ვიყავით მე, დედა და ჩემი პატარა დაიკო. ახლა მამა კარგადაა და როგორც კი მკურნალობას დაასრულებს, საქართველოში დავბრუნდებით.
- ამის პირობას გვაძლევ?
- კი, პირობას გაძლევთ (იცინის). საქართველოში დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ ეს ქვეყანაც უკვე შემიყვარდა... კიდევ იცი, რა მენატრება? სოფელში ზურა ბაბუასთან ჩავდიოდი, იქ ანდრიასთან და ზურასთან თამაში მიყვარდა. ანდრიას წითელი მანქანა ჰყავდა და იმით კარგად ვერთობოდით. მე ყველა ნათესავი და მეგობარი, მეზობელი მახსოვს, ჩემს და, ლილეს - არავინ. მარტო ბებიასთან ჩასვლა უნდა. მე კი, როცა საქართველოში ჩავალ, ყველას მოვინახულებ და ყველას ჩავეხუტები.
14 წლის მარიამიც ოჯახთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს. დიდი გეგმები აქვს და ამბობს, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით გადაწყვიტეს მისმა მშობლებმა. მარიამიც ფიქრობს, რომ როცა კარგ განათლებას მიიღებს, აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში.
GzaPress
მარიამ ბარამიძე:
- საქართველო სამი წლის წინ დავტოვეთ მე, ჩემმა ძმამ და ჩვენმა მშობლებმა. ძირითადი მიზეზი საქართველოში არსებული სოციალური ვითარება და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები იყო. ამ ყველაფერმა გადაგვაწყვეტინა წამოვსულიყავით საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ საფრანგეთში წამოსვლის შანსი გაჩნდა და ამავდროულად, უზომოდ მწყდებოდა გული, რომ ჩემი ქვეყანა, ნათესავები და მეგობრები უნდა დამეტოვებინა.
- რა ბარიერებს წააწყდი საფრანგეთში?
- თავიდან სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, რადგან ენა არ ვიცოდით, მშობლები ვერ მუშაობდნენ და საბუთებთან დაკავშირებით უამრავი პროცედურა უნდა გაგვევლო. რამდენიმე თვეში ყველაფერი ნელ-ნელა დასტაბილურდა, დავიწყე კოლეჯში სიარულიც. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, რომლებიც მხარში ამომიდგნენ და მასწავლეს ფრანგული ენა. პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ აქ ჩემი იმედები 90%-ით გამართლდა.
- თავიდან ნოსტალგია არ გაწუხებდა?
- კი, თავიდან მქონდა ე.წ. ნოსტალგია საქართველოზე და არ ვიცოდი, როგორ მოვრეოდი ამ გრძნობას. ინტერნეტის საშუალებით ვეკონტაქტებოდი მეგობრებს, ნათესავებს და ამით ოდნავ მიმსუბუქდებოდა მონატრება. შემდეგ აქაც შევიძინე ახალი მეგობრები და ცხოვრება დასტაბილურდა. ვცდილობდი, ყურადღება მხოლოდ სწავლაზე გადამეტანა და პირველი რამდენიმე თვე ენის შესწავლას დავუთმე. ყოველთვის მამხნევებდა და მამხნევებს ის აზრი, რომ საქართველოში დავბრუნდები და განათლებას ჩემს ქვეყანას მოვახმარ.
- წასასვლელად მაინცდამაინც საფრანგეთი რატომ აირჩიეთ? შენი აზრით, მანდ უკეთეს განათლებას რა მხრივ მიიღებ და საქართველოს განათლების სისტემაში რა არ გაკმაყოფილებდა? სკოლაში ვერ გაძლევდნენ საჭირო ცოდნას?
- საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები ფასიანი გახდა, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. დიდი შანსი იყო, ამის გამო ვერ მიმეღო სათანადო განათლება. ჰოდა, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საფრანგეთში წამოვედით.
- სად სწავლობ და სწავლასთან დაკავშირებული რა გეგმები გაქვს?
- დავამთავრე კოლეჯი საფრანგეთში და გადავედი ლიცეუმში. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას ვაპირებ უმაღლეს სასწავლებელში, საერთაშორისო დიპლომატიის ფაკულტეტზე.
- შეგიძლია მესაუბრო იმაზე, თუ რა განსხვავებაა ფრანგულ და ქართულ სწავლებას შორის?
- საფრანგეთში სწავლება უფრო კონკრეტულ თემებზე მიმდინარეობს და არა ყველაფერზე ერთად. ზოგიერთი საგანი, რასაც საქართველოში მასწავლიდნენ, ადამიანს მომავალში შეიძლება არაფერში დასჭირდეს. საფრანგეთში 13 წლის მოზარდს გეკითხებიან, სავარაუდოდ რა პროფესიას აირჩევო და მერე ფსიქოლოგიურად გამზადებენ ამისთვის; პარალელურად იწყებ პერიოდული პრაქტიკების გავლას და ადრიდანვე იღებ სწორ მიმართულებას შენი პროფესიისკენ. ეს ძალიან მომწონს.
- შენს ახალ მეგობრებს შორის ქართველები თუ არიან?
- რა თქმა უნდა, საფრანგეთში მყავს ორი საუკეთესო ქართველი მეგობარი, რომლებთანაც ვურთიერთობ, დანარჩენი ყველა უცხოელია.
- რა ან ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად მენატრება სკოლის მეგობრებთან რეალური ურთიერთობა, თორემ მათ ინტერნეტით, ვიდეოზარებით ხშირად ვეკონტაქტები.
- საფრანგეთში რისი ნახვა მოახერხე და რამ მოახდინა შენზე შთაბეჭდილება?
- ჯერჯერობით მხოლოდ ლუვრის მუზეუმი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ეიფელის კოშკი ვნახე. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა მოახდინა, მართლაც საოცარი შენობაა.
- რას გვეტყვი ფრანგებზე, როგორ დაახასიათებ ამ ერს?
- ფრანგი ერი ძალზე თბილი, ყურადღებიანი და მეგობრულია. ყოველთვის მხარში უდგანან ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
- კორონავირუსმა როგორ შეცვალა შენი და შენი ოჯახის ყოველდღიურობა?
- ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენც გვიწევს შეზღუდვების გათვალისწინება. ვართ სახლში და აუცილებლობის გარდა, გარეთ არ გავდივართ. განათლების მიღებას ვაგრძელებთ დისტანციურად.
- დაბოლოს, ჩვენი ჟურნალის მეშვეობით, ხომ არ გსურს ვინმეს მიმართო?
- მინდა მივმართო საქართველოში დარჩენილ ყველა ჩემს მეგობარს და ვუთხრა მათ, რომ აუცილებლად დავბრუნდები. მჯერა, რომ მალე, ყველა ერთად, ძალიან კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებთ.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
27 წლის ლიკას ჩვენი დახმარება სჭირდება
"მიხარია, რომ დედასთან სალაპარაკოდ უფრო მეტი დრო გამიჩნდა"
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი