გაკვეთილები და მეგობრობა საზღვრების გარეშე! - გზაპრესი

გაკვეთილები და მეგობრობა საზღვრების გარეშე!

სწორედ ამ პერიოდში ვუამბეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველსაც "ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის" შემქმნელის, ჰოლანდიაში მცხოვრები ქველმოქმედი ქართველის, თიკა სვანიძე ვენკოს გასაოცარ თანადგომაზე - პანდემიის ყველაზე ცხელ დღეებში მან სხვადასხვა ქვეყანაში ამა თუ იმ მიზეზით ჩარჩენილი საქართველოს ბევრი მოქალაქე, მათ შორის - სტუდენტები, საკუთარი ფინანსებით დააბრუნა სამშობლოში. კორონავირუსამდე, 2019 წლის ოქტომბერში ქალბატონმა თიკამ შექმნა დიასპორული ორგანიზაციების პირველი გაერთიანება - "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" და ძალიან საინტერესო გეგმებიც დასახა, მაგრამ ისევ და ისევ პანდემიიდან გამომდინარე, "ალიანსს" მაინც ძალიან საჭირო, ექსტრემალური პროექტებით მოუხდა მუშაობის დაწყება.

თიკა სვანიძე ვენკო:

- სტუდენტების და საქართველოს სხვა მოქალაქეების სამშობლოში წარმატებით დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის დიასპორულ წარმომადგენლობებთან გასაერთიანებლად დიდი კამპანია წამოვიწყეთ: იტალიაში უკვე გავერთიანდით ნეაპოლის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოსა და ჩვენს პარტნიორ ასოციაცია "ნინა ჯორჯიასთან", ასევე - ჩვენს პარტნიორ ასოციაციასთან "ქართული მართლმადიდებლური სამრევლო ფლორენციაში". იქ ბევრი ქართველია და საკმაოდ რთული ვითარებაც იყო, ამიტომ ამ გაერთიანებით კიდევ უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთება შევძელით. იმავე პერიოდში ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვისაც დავიწყეთ ყოველკვირეული ონლაინფსიქოლოგიური დახმარებაც, რაც დღემდე გრძელდება. პირველი ჩართვა იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას - სტრესის მართვას მივუძღვენით. მას "მენტალური განვითარების ცენტრის" დამფუძნებელი და დირექტორი სალომე ემუხვარი და ინტერნეტჟურნალ პსყცჰოლოგისტ.გე-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ილია ნიკაჭაძე უძღვებოდნენ. ფსიქოლოგიური ჩართვების თემები იცვლება. გვქონდა "პირადი ურთიერთობების სირთულეები თვითიზოლაციის პირობებში", "კომპიუტერულ მოწყობილობებზე დამოკიდებული ბავშვები" და ა.შ. ჩართვებისას ბევრ კითხვას სვამს ხალხი და მომდევნო ჩართვების თემებსაც იმის მიხედვით ვადგენთ. რაც მთავარია, ყველა მადლიერია. პარალელურად, ონლაინგაკვეთილების კიდევ ერთი მასშტაბური და ემოციური პროექტი დავიწყეთ - "ახალგაზრდული ხიდების მშენებლობა", რომელიც ორ პროექტს მოიცავს: "გაკვეთილები საზღვრების გარეშე" და "კალიგრაფიის ონლაინგაკვეთილები". საზღვარგარეთ ბევრი საკვირაო სკოლაა. მინდოდა, ამ სკოლების მოსწავლეები გამეერთიანებინა, ჩვენს ონლაინგაკვეთილებში ყველა ქვეყნის ემიგრანტი ბავშვები ჩართულიყვნენ და ერთმანეთი გაეცნოთ. გაკვეთილებში ყოველთვის ერთვება რამდენიმე ბავშვი საქართველოდანაც და ამით ემიგრანტები თანატოლებს საქართველოშიც ეცნობიან. "ხიდების მშენებლობა" კიდევ უფრო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ხდება. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გრძნობენ ერთმანეთის თანადგომას და ამასთანავე, ერთმანეთისგან ძალიან ბევრ საკითხზე იღებენ შემეცნებით, საგანმანათლებლო ინფორმაციას. პროექტში ჩართულია ამერიკაც, გერმანიაც, საფრანგეთიც, ნიდერლანდების სამეფოც, ირლანდიაც, ბელგიაც, ესპანეთიც... ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური კი ერთ-ერთი ონლაინგაკვეთილი იყო, როდესაც აფხაზეთიდან შემოგვიერთდნენ ბავშვები... როცა ოჯახით ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში, ჩემი სამი შვილი ყოველთვის იმ ადგილებში დამყავს, სადაც მე დავდიოდი ბავშვობაში და იქაურობაზეც ბევრ ამბავს ვუყვები. მახსოვს, ბათუმში რომ წავედით, მკითხეს, დედიკო, შენც აქ დადიოდი ზღვაზეო? არადა, ბავშვობა გაგრასა და სოხუმში მაქვს გატარებული და განვიცადე, როცა ვუხსნიდი, რატომ ვერ დავასვენებდი მათ ჩემი ბავშვობის საყვარელ ადგილას... აფხაზეთიდან ონლაინგაკვეთილში ჩართვამ ყველა დაგვადუმა, რადგან ჩემმა შვილებმაც და სხვა ემიგრანტმა თუ საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებმა ბავშვებმაც მშობლების მიერ მოყოლილი წარსულის ამბები კი არ მოისმინეს, არამედ აფხაზეთის მიწაზე, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ოტობაიაში დარჩენილი ქართველი თანატოლების ტკივილი და პრობლემები შეიგრძნეს, როდესაც "ზუმის" ჩართვის დროს იქ მყოფმა მოზარდმა თავისი უფანჯრო სკოლა გვაჩვენა... ამის ნახვის შემდეგ გერმანიაში მცხოვრებმა 11 წლის სანდრო რობაქიძემ მოგვწერა: "გაკვეთილები საზღვრებს გარეშე" ჩემთვის არის შესაძლებლობა, უფრო ახლოს გავიცნო ქართული ენა და კულტურა; ეს არის მეგობრობის, სამშობლოს სიყვარულისა და ქართული სულის ხიდი საზღვრების გარეშე. მალე საქართველო იქნება ერთიანი და არ იარსებებს სკოლა ფანჯრის გარეშე". ალბათ, თანატოლებისგან წამოსული ეს მუხტი იგრძნო ოტობაიას უფანჯრო სკოლის იმ მოსწავლემაც და საოცარი სიტყვები მოგვწერა: "...როცა ჩემი ნაამბობის შემდეგ ია მასწავლებელმა ბავშვებს ჰკითხა, რა გრძნობა დაგეუფლათო? ყველას პასუხში აფხაზეთის დაბრუნების ჟინი და ჩემდამი თანაგრძნობა დავინახე: გამხნევდიო, ერთმა მითხრა; არ შეგეშინდესო, - მეორემ, ცოტაც მოითმინეო, - მესამემ; ჩვენ დაგეხმარებით და გავაერთიანებთ საქართველოსო, - მეოთხემ. ყველაზე ამაღელვებელი ის იყო, ბოლოს ყველამ ერთხმად რომ შემოვძახეთ ქართულად და აფხაზურად: "ქართველები, აფხაზები და ოსები მთელი მსოფლიოს მეგობრები ვართ!" და იმედი გამიჩინეს, რომ მომავალში ჩვენ ყველანი გავერთიანდებით, მეგობრულ ხიდებს ავაშენებთ ჩვენს აფხაზ და ოს მეგობრებთან ერთად და საქართველო ძველებურად ყველას სამშობლო იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გასაერთიანებლად! ახლა ისე მჯერა, როგორც არასდროს, რომ "გაკვეთილები საზღვრების გარეშე" იქნება სიმბოლო ჩვენი გაერთიანებისა!"

ეს საუბრები, ჩართვები გრძელდება და ბავშვები ერთმანეთს ბევრ რამეს უყვებიან იმ ქვეყნების, ქალაქების თუ სოფლების ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირსშესანიშნაობებზე, საიდანაც ერთვებიან. ერთმა აღნიშნა კიდეც, ასე მგონია, იმ ადგილებში ვიმოგზაურეო. ირლანდიიდან და-ძმა ჩაგვერთო და აფხაზეთიდან "შემოსულ" ბავშვებს უთხრა, აქ ქართული ცეკვის ანსამბლი გვაქვს და "აფხაზურსაც" ვცეკვავთო.

GzaPress

- ვინ უძღვება ამ პროექტებს? - პროექტს "გაკვეთილები საზღვრების გარეშე" შესანიშნავი პედაგოგი და ადამიანი - ია ჯღარკავა უძღვება. მისი გაკვეთილებით ბავშვები ეცნობიან იმ კონკრეტული ქვეყნების კულტურას, ხელოვნების დარგებს, კულინარიას და ა.შ. სადაც ამჟამად ცხოვრობენ და ასევე, რაც აინტერესებთ, იტაცებთ - იმას. გაკვეთილების დროს ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი უნარები წარმოაჩინონ - იმღერონ, რაიმე ინსტრუმენტზე დაუკრან, იცეკვონ და ხალისიანად გაატარონ დრო, აქამდე თუ გაკვეთილები 40 წუთს გრძელდებოდა, ახლა დავაფინანსე და ულიმიტო პაკეტი ავიღე, თითოეულმა ბოლომდე რომ ისიამოვნოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართულ წიგნებზეც ლაპარაკობენ; მასწავლებელიც ურჩევს, რა წაიკითხონ. "ფეისბუკში" შიდა ჯგუფიც გვაქვს - "გაკვეთილები საზღვრების გარეშე" ჰქვია, სადაც სხვა ბავშვებსაც შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, ასევე, მოგვწერონ ჩვენს "ფეისბუკ"-გვერდზე - "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" და გასაწევრებლად გავუგზავნით სპეციალურ ფორმას...

რაც შეეხება უპრეცედენტო პროექტს - "კალიგრაფიის ონლაინგაკვეთილები", სადაც ასევე, ჩართულები არიან ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები და საქართველოდან - 3-4 ახალგაზრდა მაინც, რაც ემიგრანტებს სითამამეს აძლევთ. ამ პროექტში ჩვენი პარტნიორები არიან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ასოციაცია "რუსთავის კალიგრაფები". ჩვენი ონლაინგაკვეთილების პედაგოგები არიან ბატონი დავით მაისურაძე და ქალბატონი ლეილა ბაღბაია. ქალბატონი იას მსგავსად, ეს ორი პედაგოგიც მოხალისეებად არიან ჩართული პროექტში, რომელიც უდიდეს პოპულარიზაციას უწევს ქართულ კალიგრაფიას. დღეისთვის მასში 70 ბავშვი მონაწილეობს ამერიკიდან (ნიუ-იორკი, ჩიკაგო), ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, ისევ და ისევ - აფხაზეთიდანაც და ისინი, ძირითადად, 12-დან 16 წლამდე ასაკისანი არიან.

- რას ატყობთ, როგორ გამოსდით წერა?

- გადასარევად! ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასე მალე თუ დახვეწდნენ კალიგრაფიას. გაოცდებით, ისე ლამაზად წერენ. რა მნიშვნელოვანია, არა? - ქართველი ემიგრანტი ბავშვები არათუ სწავლობენ ქართულ წერას, ცდილობენ, რაც შეიძლება ლამაზად წერონ! ამ პროექტს ემოციური იდეა მოჰყვა - ანტვერპენის ქართული თეატრის ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ როგორც კი კალიგრაფიის 12-გაკვეთილიან კურსს ჩაამთავრებენ, ლამაზი კალიგრაფიით თავიდან ბოლომდე გადაწერონ "ვეფხისტყაოსანი". ეს მართლაც დიდი მნიშვნელობის საქმე იქნება. უბედნიერესი ვარ, რომ ამ ჩვენი ონლაინგაკვეთილების წყალობით მოვახერხეთ საოკუპაციო პირობითი საზღვრების გარღვევა და გვყავს 4-5 მოსწავლე აფხაზეთიდან, ხოლო 2 მოსწავლე სამაჩაბლოდან. ჩემი მიზანიც ეს იყო - მარტო დიასპორები და ასაკით უფროსი ადამიანები კი არ გამეერთიანებინა, არამედ - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის მსოფლიოში მიმობნეული ჩვენი, ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტების გაერთიანება და თავის სამშობლოსთან დაახლოება. ემიგრანტ ბავშვებს ბევრი კარგი რამ აქვთ შესწავლილი, შეთვისებული და ამას თუ საქართველოს სიკეთეებს, ქართველების საუკეთესო თვისებებს, რაც მეგობრობით, თანადგომით, თავდადებით და კიდევ ბევრი რამით გამოიხატება, დავანახვებთ და შევაყვარებთ, ვფიქრობ, უდიდეს საქმეს გავაკეთებთ. ამის დასტურად მარტო ბერლინში მცხოვრები ელენეს წერილი რად ღირს, თავად განსაჯეთ: "გამარჯობა, მე ვარ ელე, 14 წლის. დავიბადე და გავიზარდე ბერლინში. ვსწავლობ ბილინგუალ გიმნაზიის მე-9 კლასში. ქართველი ბავშვები, რომლებიც "გაკვეთილები საზღვრების გარეშეს" დახმარებით გავიცანი, მარწმუნებს, რომ საზღვრები თინეიჯერ ბავშვებს შორის სულაც არ არსებობს...

ვკითხულობთ იმავე წიგნებს, რასაც საქართველოში, ვთამაშობთ იმავე თამაშებს, რასაც ჰოლანდიაში, ვუსმენთ იმავე მუსიკას, რასაც ამერიკაში.

ჩემთვის "გაკვეთილები საზღვრების გარეშე", მეგობრობაა საზღვრების გარეშე!"

ირმა ხარშილაძე