"ბაბუამ ქირურგს სთხოვა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ თუნდაც მხოლოდ ისუნთქოსო..."
font-large font-small
"ბაბუამ ქირურგს სთხოვა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ თუნდაც მხოლოდ ისუნთქოსო..."
ვახტანგ ბოჭორიშვილის სიყვარულით სავსე ცხოვრება

ვახტანგ ბოჭორიშვილი - არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ეს სახელი და გვარი ერთხელ მაინც არ გაუგონია. მისი ცხოვრების კრედო გახლდათ - ადამიანი! ყველაზე დიდ ფასეულობად და ღირებულებად ადამიანის სიცოცხლეს მიიჩნევდა... ვახტანგ ბოჭორიშვილმა თავის დროზე, ფაქტობრივად, მედიცინის ახალი დარგი, სეფსოლოგია დააარსა. არც ამ დაავადების სამკურნალო გზებისა და მეთოდების ძიება ყოფილა შემთხვევითი. ამ საინტერესო ადამიანის ნაყოფიერად განვლილ გზას მისი შვილიშვილი, ვახო იაშვილი იხსენებს:


- ჩემი ბებია, ლიდია ბოჭორიშვილი (ქალიშვილობის გვარი - ვორობიოვა) მძიმე სენით დაავადდა. ბაბუის ძალისხმევამ და კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარმა ბებიას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ამის შემდეგ, ბაბუამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი სეფსისის დასამარცხებელი საშუალებების მიგნებას დაუთმო და შედეგსაც მიაღწია. კერძოდ, თუ მთელ მსოფლიოში, სეფსისით დაავადებულთა დაახლოებით 67 პროცენტი იღუპებოდა, ბოჭორიშვილის შემუშავებული მკურნალობის მეთოდით ეს მაჩვენებელი 2-5 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც იმ პერიოდისთვის სამეცნიერო გარღვევას წარმოადგენდა.
ბაბუა რუსეთიდან საქართველოში 1968 წელს ჩამოვიდა, სადაც იმ პერიოდის საუკეთესო ექიმებთან დიდი პრაქტიკა გაიარა. საქართველოში კონკურსში გაიმარჯვა და ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგე გახდა... ის საუკეთესო ინფექციონისტი იყო, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მასთან ჩამოდიოდნენ ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტებიც, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებს უზიარებდა... ვახტანგ ბოჭორიშვილმა ათიათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. დღესაც ბევრი მადლიერია მისი.
იყო შემთხვევა, როდესაც ცნობილი ინფექციონისტი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) უხსნიდა, ამერიკელები ცოტა განსხვავებული მეთოდებით მკურნალობენ, ჩვენც ისე ხომ არ ვცადოთო და ბაბუას უთქვამს, შენ ვისი მეთოდით მკურნალობასაც მთავაზობ, მათ მე ლექციებს მათსავე ქვეყანაში ვუკითხავო. ბაბუა ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო, კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის...
GzaPress- მედიცინაში მოღვაწეობა გენეტიკურად მოსდევდა?
- ვახტანგ ბოჭორიშვილი არ გახლდათ ექიმების შთამომავალი. დიდი ბაბუა, გაბრიელ ბოჭორიშვილი სასულიერო პირი და იმავდროულად საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო... დედა - ცეცილია ბოჭორიშვილი პედაგოგი გახლდათ, უგანათლებულესი პიროვნება! ბაბუამაც თავდაპირველად განათლება ხელოვნებათმცოდნეობის დარგში მიიღო და მუშაობა თეატრში გააგრძელა. სოხუმის თეატრის მეორე დამდგმელი რეჟისორი იყო... როდესაც "ხევისბერი გოჩა" დადგა, ცეკადან სპექტაკლში კორექტირების შეტანა სთხოვეს. ისე გამოდიოდა, რომ ხევისბერი გოჩასთვის ხელში წითელი დროშა უნდა დაეკავებინათ, სპექტაკლი კომუნისტურ იდეოლოგიასთან შესაბამისობაში რომ ყოფილიყო. ბაბუამ კატეგორიული უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ცეკას მდივანმა მას თხოვნით სამჯერ მიმართა... თეატრის დირექტორიც ურჩევდა ცეკას წარმომადგენლებისთვის არ ეწყენინებინა, მაგრამ ბაბუა ახალგაზრდობიდანვე პრინციპულობით გამოირჩეოდა და ვერაფრით დაითანხმეს. სპექტაკლი დადგა ისე, როგორც სურდა და პრემიერის მეორე დღესვე თეატრი დატოვა... მაშინ დაახლოებით 20 წლისა გახლდათ. მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩენილ ახალგაზრდას ალბათ უიმედობაც შეიპყრობდა... ამ დროს სრულიად შემთხვევით შეხვდა მეგობარს, რომელიც ხარკოვში სამედიცინო ინსტიტუტში სასწავლებლად მიემგზავრებოდა და ვახტანგს იგივე შესთავაზა, რადგან კარგად იცოდა მისი ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ. ასე სპონტანურად მიიღეს გადაწყვეტილება და რამდენიმე დღის შემდეგ, ხარკოვში მატარებლით ჩავიდნენ.
ბაბუამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. რუსული მართლწერა სათანადოდ არ იცოდა, მაგრამ ლიტერატურას იმდენად კარგად ფლობდა, რომ სამედიცინო ინსტიტუტის რექტორმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხვის შესახებ... ერთ წელიწადში კი რუსებს რუსულს ასწავლიდა! რექტორს უთქვამს, ქართველმა სტუდენტმა რუსული ლიტერატურა ჩვენზე უკეთ იცისო...
- იურისტი ბრძანდებით, არასოდეს გნდომებიათ ექიმი გამოსულიყავით?
- შვილიშვილებიდან მხოლოდ ჩემი და - მარიამ იაშვილი გაჰყვა ექიმის პროფესიას... მე სხვა მიმართულება ავირჩიე... დედაჩემი - თამარ ბოჭორიშვილი ბაბუაზე არანაკლებ კარგი სპეციალისტი იყო. მისი ცხოვრების, საქმისა და სულიერების გამგრძელებელი... დედაც აკადემიკოსი გახლდათ, ხუთი სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენელი. უძლიერესი ინფექციონისტი, სეფსისის ცენტრის ხელმძღვანელი... როდესაც ბაბუა პარლამენტში მუშაობდა, მითხრა, - შვილო, რა ბედნიერი ვარ, ადრე თუ ხალხი ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა, ახლა დედაშენთან დასაკავშირებლად მომმართავენო... დედას ტელეფონით შეეძლო პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა! იყო შემთხვევები, როდესაც უმძიმესი ავადმყოფები იყვნენ ქუთაისში, ბათუმში, დრო აღარ ითმენდა და იქაური ექიმები პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ... ამ დროს დედაჩემი თბილისიდან უნიშნავდა მკურნალობის კურსს.
GzaPress- სამწუხაროდ, დედათქვენი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა...
- დიახ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა... დედას ავადმყოფობა ბაბუამ ვერ გადაიტანა და დარდს გადაჰყვა... ცალკე საუბრის თემაა ბაბუასა და ბებიას უკიდეგანოდ დიდი სიყვარული, ერთგულება... დაახლოებით 78 წლის ასაკში ბაბუა გვეუბნებოდა, ჩემი მეუღლე თავისი ნაოჭებით და ღირსეულად განვლილი ცხოვრებით, ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე მაშინ, როდესაც ახალგაზრდობითა და სიტურფით გასხივოსნებული იყოო. როდესაც ბებია სიმსივნით მძიმედ დაავადდა, ბაბუამ ქირურგს სთხოვა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გადარჩეს და თუნდაც მხოლოდ ისუნთქოსო... მართლაც, ბოლო თვეებში ბებიას გონება დაკარგული ჰქონდა და ბაბუამ არავის მისცა უფლება, მისთვის დამხმარე ქალს მოევლო! ცოლს თვითონ უვლიდა, საღამოობით კი თავთან ეჯდა და ეფერებოდა... ბებია გონებაზე ვერა და ვერ მოდიოდა... ბაბუამ და ბებიამ ჯერ ისედაც რომანტიკოსად აღმზარდეს და ამ ყველაფერს რომ ვხედავდი, მართლა დავიჯერე, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს, რომელიც არასოდეს მთავრდება...
- რა პროფესიის იყო ბებია?
- ლიდია ბოჭორიშვილი მედიკოსი იყო, მაგრამ საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, უფრო სახლის საქმეებით გახლდათ დაკავებული... მეუღლის გვარს ატარებდა, წარმოშობით უკრაინელი გახლდათ. ბაბუას მიღწევებში დიდი დამსახურება ბებიას მიუძღვის... ყოველთვის მხარში ედგა და აძლიერებდა, თავისი სიყვარულით, ზრუნვითა და ერთგულებით. ორი შვილი ჰყავდათ... დედა, როგორც მოგახსენეთ, მედიცინის სფეროს გაჰყვა. დეიდა ლალი ბოჭორიშვილი პროფესიით ეკონომისტია, თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტი. მას ჰყავს შვილი, კოტე თელია, ძალიან კეთილშობილი პიროვნება. ჩვენ დედმამიშვილებივით ვიზრდებოდით და უდიდესი სიყვარული გვაკავშირებს. ისიც რატომღაც, იურისტი გახდა.
- იმ პერიოდში, როდესაც ვახტანგ ბოჭორიშვილი ჯანდაცვის მინისტრი იყო, საქართველოში ქოლერის ეპიდემია გავრცელდა...
- დიახ, სწორედ მაშინ გავრცელდა ქოლერა. ბოჭორიშვილის თაოსნობით, საქართველომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველმა დაამარცხა ეპიდემია. ბაბუამ პირველმა გამოიყენა ე.წ. ფილიპსის ხსნარი და სხვა აუცილებელი ზომები მიიღო ეპიდემიის შესაჩერებლად... როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უმეტესად ბაბუასთან ვცხოვრობდი და ვხედავდი, რომ მას დღე-ღამის მანძილზე მხოლოდ ოთხი საათი ეძინა. დანარჩენი დროის განმავლობაში მუდმივად მუშაობდა. 67 წლისამ ინგლისური ისწავლა, ამერიკაში წავიდა და ლექციებს ამერიკელებს ინგლისურ ენაზე უკითხავდა.
- თუ გიფიქრიათ, როგორი სიტუაცია იქნებოდა დღეს მსოფლიოში, ბაბუა ცოცხალი რომ ყოფილიყო?
- ნამდვილად ვიცი, ძალიან მოინდომებდა და რაღაც განსაკუთრებულს შესთავაზებდა მედიცინას... იმის გათვალისწინებით, რომ სეფსისი, სალმონელოზი და სხვა მძიმე ინფექციური დაავადებები დაამარცხა, კორონავირუსს სერიოზული მეტოქე ეყოლებოდა... მისსავე დაარსებულ - ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრში მუშაობენ ინფექციონისტები, რომლებიც ბაბუასთან სწავლობდნენ... დღესაც ქართული მედიცინა წარმატებული აღმოჩნდა მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი საუკეთესო ინფექციონისტების დამსახურებაა... ბაბუას შვილებივით უყვარდა ყველა ექიმი, ვისაც კი ლექციას უკითხავდა. როგორც დედაჩემს - თამარს ასწავლიდა, ისეთი მიდგომა ჰქონდა თავისი მოწაფეების მიმართ... როგორც ჩანს, ექიმებიც ყურადღებით უსმენდნენ და დღეს ვხედავთ, თუ როგორ გამოადგნენ თავიანთი პროფესიონალიზმითა და დიდი ცოდნით ჩვენს ქვეყანას!
- როგორი იყო ბაბუა სახლში, სუფრაზე, ყოველდღიურობაში...
- ბაბუას იმდენად განსხვავებულ სფეროებში მოუწია მოღვაწეობამ, რომ უაღრესად მრავალფეროვანი ადამიანი იყო... ის გახლდათ ექიმი, პოეტი, პოლიტიკოსი, რეჟისორი და იმდენად მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა უდიდესი სიამოვნება გახლდათ! ამასთან, მასთან ურთიერთობა გამდიდრებდა როგორც ცოდნით, ასევე სულიერად.
თელავში აგარაკი გვქონდა და როდესაც იქ მივდიოდით, მანქანაში იწყებოდა პოეზიაზე მსჯელობა, ჯერ "ვეფხისტყაოსანი", შემდეგ ვაჟა-ფშაველას, ლერმონტოვის პოეზია და თელავამდე ისე ჩავდიოდით, განვლილ საათ-ნახევარს ვერც ვიგებდით... მასთან ურთიერთობა უდიდესი სულიერი სიმდიდრე იყო!
სუფრაზე კი - მართლაც, გენიალური თამადა... ყველას ყურადღებას იპყრობდა და აღფრთოვანებას ვერავინ ფარავდა, როდესაც ისტორიაზე, პოეზიაზე საუბრობდა, შესანიშნავ არტისტულ თვისებებს ამჟღავნებდა... ძალიან ბევრჯერ სტუდენტებს სულ სხვა დარგის ლექციები უნდა მოესმინათ, მაგრამ მაინც ვახტანგ ბოჭორიშვილის ლექციებზე შედიოდნენ, რათა მისგან ბევრი რამ ესწავლათ... ასეთივე იყო სუფრაზე და ნებისმიერ სხვა სიტუაციაში...
ყოველთვის იყო საშუალება, ბაბუას აგარაკზე დამხმარე აეყვანა, რომელიც იქაურ სამუშაოებს მიხედავდა, მაგრამ მიწას ის თავად ამუშავებდა... სახლის სახურავსაც თვითონ შეცვლიდა ან შეაკეთებდა, შვილიშვილებსაც ჩაგვრთავდა ამ საქმეში. რამდენჯერმე, როცა თელავში ბაბუა ბაღში მუშაობდა, პაციენტები მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ: თუ შეიძლება, ვახტანგ ექიმს შეგვახვედრეთო... ვერაფრით წარმოედგინათ, ამდენად სახელგანთქმული ექიმი თუ იდგა და თოხით მიწას ამუშავებდა... ბაბუა რომ ეტყოდა, მე ვარ ვახტანგიო, იმათი განცვიფრებული სახეები უნდა გენახათ (იღიმის)...
ბაბუამ მრავალ სფეროში მიაღწია წარმატებას და მე მისთვის არაერთხელ დამისვამს შეკითხვა, თუ რომელი იყო მისთვის განსაკუთრებული. სამედიცინო სფეროში წარმატება უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართველების შერიგებასა და ერთობას მიიჩნევდა. პირადად წარმართა მან მოლაპარაკებები შევარდნაძესა და ჟვანიასთან, რომ "მხედრიონელები", გვარდიელები ერთ მხარეს და ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მხარეს ციხიდან დაეხსნა, შეერიგებინა. მისი ძალისხმევით დაახლოებით 50 ადამიანი გათავისუფლდა ციხიდან...
2002 წელს ბაბუა უკვე ავად იყო, მაგრამ მან წერილობით მიმართა ჯერ პარლამენტს და შემდეგ საიდუმლო წერილით ედუარდ შევარდნაძეს... პარლამენტარებს უხსნიდა, თუ საქართველოს კეთილდღეობა სურდათ, გამოსავალი "მოქალაქეთა კავშირის" თვითლიკვიდაციაში იყო... გულისხმობდა იმას, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარებულიყო. "მოქალაქეთა კავშირის" წევრებმა დაანგრიეს ქვეყნის ეკონომიკა, ხალხი გაღატაკდა და ყველას კარგად გვახსოვს კრიმინალის, კორუფციის არნახული დონე... ბაბუა მათ უმტკიცებდა, თქვენ ხალხს არჩევანის უფლებას ართმევთ, მხარს აღარავინ გიჭერთ და ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიული არჩევნებიაო. ედუარდ შევარდნაძეს ბაბუას შეთავაზება ყურად რომ ეღო, აღარც "ვარდების რევოლუცია" იქნებოდა და ბევრი რამ უფრო თანამიმდევრულად წარიმართებოდა... სამწუხაროდ, მაშინ ბაბუას არავინ დაუჯერა...
GzaPress
- უცნაურია ასეთი ექიმი პოლიტიკაში რომ წავიდა...
- ბაბუას პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, ჩვენმა ოჯახმა რთული პერიოდი გაიარა! გაუსაძლისი იყო ე.წ. ხუნტის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. ხშირი იყო ჩვენ მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ბაბუა მიტინგზე რომ მიდიოდა, არავინ იცოდა, დაბრუნდებოდა თუ არა ცოცხალი და ზუსტად ამის გამო, მამაჩემი, ექიმი ენგუზ იაშვილი და ჩვენი ნათესავი, სერგი საყვარელიძე მუდამ თან დაჰყვებოდნენ. ცდილობდნენ უზრუნველეყოთ მისი უსაფრთხოება...
მიტინგზე გამოსვლის გამო, ბაბუა დაახლოებით თხუთმეტჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით; 70 წლის კაცი თითქოს ხულიგნობას სჩადიოდა... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. პოლიტიკური ნიშნით ხალხის დევნა დამოუკიდებელ საქართველოში სწორედ იმ პერიოდიდან იღებს სათავეს.
გარკვეული პერიოდი დეიდასთან ვცხოვრობდი, ჩემი მშობლები სხვაგან და ბაბუა სახლში საერთოდ არ მოდიოდა, რადგან შეიძლებოდა მასზე თავდასხმა განხორციელებულიყო... როცა ვკითხე, პოლიტიკაში რატომ წახვედი-მეთქი? მიპასუხა, ჩემი სინდისის გამო მოვხვდი პოლიტიკაშიო. იქ, სადაც სიმართლე იჩაგრება, იქ, სადაც დაცვა სჭირდებოდა კანონიერ ხელისუფლებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს, დუმილი, უმოქმედობა დანაშაულის ტოლფასი იყოო.
1990 წელს ნიუ-იორკში ლექციებს კითხულობდა და ამერიკელებისთვის იმდენად მისაღები პიროვნება იყო, რომ ამერიკის მოქალაქეობა შესთავაზეს. უფრო მეტიც, შეგვეძლო მთელი ოჯახი ამერიკაში დავრჩენილიყავით. ბაბუამ რასაკვირველია, კატეგორიული უარი თქვა და როგორც კი ზვიად გამსახურდია აირჩიეს, შეწყვიტა ლექციები და ჩამოვიდა... საქართველო რომ დამოუკიდებელი ხდებოდა, ეს მისთვის საოცარი რამ იყო!..
ბაბუა ახალგაზრდობაში იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრიც იყო და კომუნისტური წყობის საწინააღმდეგო პროკლამაციებს ავრცელებდა... მოგვიანებით, როცა საჭირო გახდა, ჟურნალისტებს და მედიას იცავდა. 2001 წელს, როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიაში უშიშროება შევიდა, მე და ბაბუა, ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ერთად მივედით ტელევიზიის შენობასთან. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გამომძიებლის თანამდებობაზე ვმუშაობდი და ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება არ მქონდა. ამის გამო არ გამათავისუფლეს, მაგრამ სიტყვიერად კი გამაფრთხილეს ზემდგომმა თანამდებობის პირებმა. პარადოქსია, მაგრამ შევარდნაძის დროს ოპოზიციონერის ახლო ნათესავს სამსახურიდან არ უშვებდნენ, დღეს კი ეს წარმოუდგენელია!
დღეს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევს, ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ მოიქცეოდა ბაბუა ჩემს ადგილას. მახსოვს, მან ჩემს დას უსახსოვრა წიგნი, რომლის პირველ გვერდზე შემდეგი წარწერა გაუკეთა: "შვილო მაკა! ...სამედიცინო საქმესა და ცხოვრებაში ეძებე სიმართლე და ისეთი არაჩვეულებრივი გრძნობა დაგეუფლება, თავს ძალზე ბედნიერად იგრძნობ".
- დღეს ბაბუათქვენის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული?
- კორონავირუსის წყალობით, ბაბუას ღვაწლი ბევრს გაახსენდა. სოციალური ქსელები მოიცვა სხვადასხვა სტატიამ ვახტანგ ბოჭორიშვილის შესახებ. ეს სტატიაც ხომ იმიტომ მზადდება, რომ თქვენ გახსოვთ, რისთვისაც ჩვენი ოჯახის სახელით, მადლობას მოგახსენებთ.
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
27 წლის ლიკას ჩვენი დახმარება სჭირდება
"მიხარია, რომ დედასთან სალაპარაკოდ უფრო მეტი დრო გამიჩნდა"
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ
"ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი