"ცხრა წელი კლავდა შიმშილით საკუთარ ცოლ-შვილს, მიბარებული განძისთვის რომ მოევლო" - გზაპრესი

"ცხრა წელი კლავდა შიმშილით საკუთარ ცოლ-შვილს, მიბარებული განძისთვის რომ მოევლო"

ნანული ცხვედიანი ქუთაისის წარსულისა და დღევანდელობის ყველაზე კარგი მცოდნეა. მის ნაამბობში უამრავი სენტიმენტის პოვნა შეიძლება, რაც მარტივად აიხსნება - ძალიან უყვარს ქუთაისი, ოღონდ არა სათავისოდ, არამედ - ისევ საქუთაისოდ... ცოტა ხნის წინ მან ერთი პატარა სენტიმენტი დაწერა სათაურით "ალალ მე". ვთავაზობთ მკითხველს "ნანულისეულ ალალ ამბებს" და სტატიის გაცნობის მერე აუცილებლად დამეთანხმებით, რომ თუ ქუთაისი ოდესმე ნაკრძალად გამოცხადდება, ერთ-ერთ პირველს, ნანული ცხვედიანს უნდა მიენიჭოს ქალაქ-ნაკრძალში შესვლის საშვის გაცემის უფლება...

ალალ მე...

"ქუთაისში, გაბაშვილის პარკის ასასვლელში როგორც კი სავალ ბილიკს დაადგებით, ასე, 10-15 მეტრში, ხელმარჯვნივ, ერთი დიდი, ოდნავ გადახრილი ხე იდგა (თვალდათვალ რომ გამოვთვალოთ, სადღაც, "გალაკტიონისა და მუზის" უკან, ალბათ). არ მახსოვს, ჯაგრცხილა იყო თუ იმერული ხეჭრელი. მთავარი ისაა, ხეს, კაცის სიმაღლეზე, დიდი წარწერა ჰქონდა დანით ამოკვეთილი: "ალალ მე. 1943".

ეს წარწერა 70-80-იან წლებში იყო შენარჩუნებული და სულ მქონდა განცდა, რომ რომელიღაც ქუთათური "ღიმილის ბიჭი" ომში გაიწვიეს ან მოხალისედ წავიდა, წასვლის წინ კი ხეზე თავისი სათქმელი ამოკვეთა. შეიძლება ვეღარც დაბრუნდა ფრონტიდან და ერთი გარდასული ახალგაზრდა სიცოცხლის სანაცვლოდ, გაბაშვილის გორაზე სამუდამოდ დარჩა ხის ტანზე შეუხორცებელ ჭრილობად დაჭდეული "ალალ მე!" დიდი ხანია, არ მომიკითხავს ეს ხე, ფეხდაფეხ არ ავსულვარ პარკში. კორონობა რომ დამთავრდება, აუცილებლად შევეცდები, მოვძებნო..."

GzaPress მოხუცი არისტოკრატი "ქუთაისის ნაკრძალიდან" "ქუთაისი უნდა გამოვაცხადოთ ნაკრძალად, სადაც საშვის გარეშე შემოსვლის უფლება მხოლოდ დარბაისელ, ზრდილ, პატრიოტ ქართველებს ექნებათ", - ამ ცნობილი ფრაზის ავტორია ძველი ქუთაისელი მწიგნობარი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე პიპინია მიქელაძე, რომელიც იშვიათი იუმორითაც იყო განთქმული. მისი ოხუნჯობანი ახლაცაა შემორჩენილი - სრული ან გადაკეთებული სახით, თუმცა ბევრმა არც იცის, რომ ეს გამონათქვამები, სინამდვილეში, პიპინიას ეკუთვნის: ...გარდაიცვალა ერთ-ერთი ცნობილი ქუთაისელი. პანაშვიდის დროს კარში დგას ქალბატონი და გაიძახის: არ მჯერა, არ მჯერაო! პიპინიამ დარბაისლურად მიმართა: ქალბატონო, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო! (ნიკო ლორთქიფანიძეს ჰქონია ჩაწერილი და მისი არქივიდან ამოიღეს).

პარტიის ქალაქკომის მდივანმა ნარსიამ, საუბრისას, მოხუც პიპინიას ჰკითხა: ამხანაგო პიპინია, კაცურად მითხარით, კომუნისტების დრო ჯობია თუ ნიკოლოზისო? როგორ გეკადრებათო! - ორაზროვნად მოუჭრია წინდახედულ პიპინიას. - ამდენი სიხარული, ახლა რომ არის, მაშინ სად იყოო. - რას გულისხმობთო? - რას, ბატონო და, წყალი მოვა - გვიხარია, შაქარს ვიშოვით - გვიხარია, თეთრი პური გაჩნდება - გვიხარია, რა გაუძლებს ამდენ სიხარულსო!

როგორც მისი ვაჟი, პროფესორი არჩილ მიქელაძე იგონებდა ჩემთან საუბრისას, თეთრ ხიდზე მიმავალ პიპინიას ერთი ცნობილი მოღვაწე, მგონი, ანტონ ფურცელაძე შეხვედრია. პიპინიას უკითხავს, რა ისმის პოლიტიკაში ახალიო? - იმან, მეტი ახალი რა გითხრა, საფრანგეთმა "დე იურე" გვცნოო. - სასიამოვნოა, სასიამოვნოო! - ჩაულაპარაკია პიპინიას. - მაგრამ მაგი იმას ჰგავს, ჩემო ბატონო, თქვენ ამ ხიდზე იდგეთ, მე წყალს (რიონს) მივქონდე, ვყვიროდე: მიშველეთ! მიშველეთ! თქვენ კი ხიდიდან მეძახდეთ: გიცანით, ბატონო პიპინია, გიცანით! და მე გეხვეწებოდეთ: თუ მიცანით, ღვედი მაინც გადმომიგდეთ და ამომიყვანეთო!

პიპინია მიქელაძე 24 წლის ბიჭი იყო, მისი სიტყვა-პასუხითა და ნიჭიერებით მოხიბლულმა ილია ჭავჭავაძემ საგანგებოდ რომ მიიწვია საგურამოში, თავის დღეობაზე და თეთრჩოხიანი ულამაზესი ქუთაისელი ახალგაზრდა 2-ათასკაციან სუფრასთან თამადად დანიშნა. სხვათა შორის, სიმაღლით მეტრი და 93 სანტიმეტრი ყოფილა, ახოვანებასთან ერთად დახვეწილი არისტოკრატიული მანერებით გამორჩეული. პიპინიას მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზია ჰქონია დასრულებული, მაგრამ იმდენად ნაკითხი გახლდათ, თვით სარგის კაკაბაძესაც ეკამათებოდა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ საკითხზე. არაჩვეულებრივი მოცეკვავე და მომღერალი იყო. ერთხელ თავის ოჯახში სტუმრად მყოფ ილიკო სუხიშვილსაც კი უთხრა: ქართულ ცეკვაში ბუქნი არ შეიძლებაო. "ცედური მრავალჟამიერი" ქართულ სცენაზე პირველად იმღერეს პიპინია მიქელაძემ და მისმა მეგობრებმა: ბონდო მიქელაძემ, კოკინია დგებუაძემ, სანდრო ფაღავამ, დანიელა ურიამ... ასევე, პირველად მათ შეასრულეს გუნდურად ვარინკა წერეთლის "ციცინათელა". პიპინიას და მის მეგობრებს - ჯაბა ლომინაძეს, სიმონ ეზიკაშვილს ახალგაზრდობაში ჩამოყალიბებული ჰქონდათ კერძო სასამართლო და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ემსახურებოდნენ ქალაქის საზოგადოებას. კიდევ ერთს გავიხსენებ: ახლა რომ სახელმწიფო მუზეუმის შენობაა, იქ, პუშკინისა და წერეთლის ქუჩების გადაკვეთაზე ყოფილა სასტუმრო, სადაც ხშირად სადილობდა აკაკი. მეოცე საუკუნის 10-იან წლებში, სწორედ ამ რესტორანში სანიმუშო სუფრას მართავდნენ პიპინია და მისი ფოლკლორისტი მეგობრები. წინასწარ გაიკვრებოდა აფიშები და საზოგადოებას იწვევდნენ საჩვენებელ სუფრასთან. თანამედროვეთა გადმოცემით, თამადობდა პიპინია მიქელაძე, სუფრასთან მომღერლებიც იყვნენ, მოცეკვავეებიც, დეკლამატორებიც... ამით ქუთაისელი ფოლკლორისტები საუკეთესო ქართული ადათ-წესების პროპაგანდას ეწეოდნენ... სიტყვა გამიგრძელდა, ერთსღა დავამატებ:

პიპინია მიქელაძე 1953 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. უხუცესი ქუთაისელებისაგან მსმენია, როგორ იჯდა თავისი სახლის მეორე სართულის აივანზე მოხუცი არისტოკრატი და როგორც კი ვინმე ქუჩაში, მისი აივნის ქვეშ გაივლიდა (თუნდაც, ბავშვი), უმალ ფეხზე წამოუდგებოდა, დარბაისლურად მიესალმებოდა... პიპინია "ქუთაისის ნაკრძალის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბინადარი იყო".

GzaPress გელათის განძის გადამრჩენელი "1904 წელს გელათის საცავი ყაჩაღებს გაუტეხავთ, მაგრამ საბედნიეროდ, განძეული ვერ ხელუყვიათ - სოფელს დროულად გაუგია. ამოსულა ქუთაისიდან გუბერნატორი და აღუწერიათ გელათის განძეული. მანამდე ტაძარს საკუთარი დაცვა არ ჰყოლია: ბეგარა ჰქონიათ გლეხებისათვის შეწერილი, დღეს რომ ერთი გლეხი მორიგეობდა, ხვალ მეორეს ევალებოდა ყარაულობა. გელათზე ავაზაკურმა თავდასხმამ კი, ეტყობა, შეაფიქრიანა გუბერნატორი... ასე იყო თუ ისე, იხმეს სანდო გლეხი ნიკოლოზ ალექსის ძე ჯანგავაძე. გუბერნატორმა მას იარაღის მიცემა აღუთქვა, ხელფასი კი ეკლესიამ გასცესო. თავდადებით, ერთგულად ემსახურებოდა კოლია გელათს, ტაძრის ყოველ ქვის ფილას, აფსიდას, ფრესკასა თუ ორნამენტს საკუთარი თითებივით იცნობდა, უყვარდა და ეთაყვანებოდა.

საბჭოთა ხელისუფლება რომ დამყარდა და ეკლესია სახელმწიფოს გამოეყო, ერთხანს გელათი გაურკვეველ ბედში აღმოჩენილა. 1923 წელს ტაძარში შეწყვეტილა წირვა-ლოცვა და უპატრონოდ დარჩენილა. რთული დრო იყო, კულტურის ძეგლების მნიშვნელობა მაშინ იშვიათად თუ ვინმეს ესმოდა და ბუნებრივია, არც გელათი იქნებოდა გამონაკლისი, პირიქით, ბევრი მტერიც გამოუჩნდა. ვისღა ახსოვდა ერთ დროს "მეორე ათინად" და "მეორე იერუსალიმად" სახელდებული, უბრწყინვალესი ცენტრი ქართული კულტურისა! ცხრა წელი უვლიდა უხელფასოდ და უშემოსავლოდ დარჩენილი კოლია ჯანგავაძე ერთ დროს მიბარებულ განძს, ცხრა წელი კლავდა შიმშილით საკუთარ ცოლ-შვილს, მაგრამ ერთხელაც ვერ აცდუნა ეშმაკმა. უკეთური ზრახვით არ გაუღია საცავის კარი და როცა, ბოლოს და ბოლოს, ნანატრი დღე დაუდგა და ქუთაისიდან ისტორიული მუზეუმის დამაარსებელმა ტრიფონ ჯაფარიძემ ამოაკითხა დიდი სიებით ხელში, გახარებულმა კოლიამ სულ კაკალ-კაკალ მიუთვალა მიბარებული საუნჯე. მერედა, რა იყო საცავში? ხახულის ხატი! აწყურის ხატი! ვედრების ხატი! პალიასტომის ხატი! გელათის ღვთისმშობლის ხატი! და კიდევ მრავალი რამ, ხელთუქმნელი და ფასდაუდებელი უძველესი ჭედურობები, მინანქრები, ნაკეთობები, ნივთები, ხელნაწერები!

აი, რას ელოლიავებოდა და დაჰკანკალებდა თავს ეს უბრალო იმერელი გლეხი; აი, რა განძი იყო პინაზე მისი პატიოსნებისა და კეთილშობილების საპირწონედ. ამბობენ, კოლია ჯანგავაძეს, ექვსი შვილის მამას, იმ არეული დროით რომ ესარგებლა (ვინ იყო მაშინ გამკითხველი!), თუნდაც ერთი ნივთი ამოეღო საცავიდან, მთელ მის მოდგმას "აცხოვრებდაო". - ა, ბატონო, ჩეიბარე და აწი მაინც მივხედავ ჩემს წვრილშვილსო, - უთქვამს გახარებულ კოლიას ტრიფონ ჯაფარიძისათვის".

რეზო ჭეიშვილი მარკშეიდერის შესახებ "- ხომ არ გქონდათ განსაკუთრებული საბაბი, როცა "ცისფერი მთების" შექმნის იდეა გაგიჩნდათ? - ვკითხე ერთხელ მწერალს.

- როგორ არ მქონდა, - მიპასუხა მან, - იქ რაც ხდება, თვითონ გადამხდა. დავწერე მოთხრობა. უფრო სწორად, ჯერ პიესა იყო ეს, ვერავის წავაკითხე და მოთხრობა დავწერე. მერე პიესა ძალით წავუკითხე ელდარ შენგელაიას, ჩემი სცენარით "სამანიშვილის დედინაცვალს" რომ იღებდა, მაშინ. ელდარმა თქვა, - გადავიღებო. ვუთხარი, სცენარი აქედან არ გამოვა-მეთქი. - გამოვაო. ჰოდა, გადაიღო. სულ ვფიქრობდი, შეცდომაში შევიყვანე ეს კაცი-მეთქი, რადგან აქ არ არის არც სიმღერა, არც ცეკვა, არც სიყვარული, მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკია...

მაგრამ დღემდე არ ჩამოდის ეკრანიდან!

- ბატონო რეზო, იქ ხომ საოცარი ტიპაჟებია! მაყურებელს თუნდაც მარკშეიდერს რა დაავიწყებს!

- პირველად მე ელდარს შევთავაზე თემა მარკშეიდერზე, - მიპასუხა ბატონმა რეზომ, - იმ პიესაში მარკშეიდერი კი არ იყო, იქ იყო ვულკანოლოგი, მაგრამ მე მარკშეიდერის ტიპი საერთოდ თავიდან ავიღე და გავაკეთე. მერე, პიესა რომ წავაკითხე ელდარს, იქ ჩავსვით.

- რადგან იცოდით: "ერთი მარკშეიდერი ყოველთვის საჭირო იყო?"

- დეიდაშვილი მყავს, რომელსაც მუშაობამ და ჯაფამ ბავშვობა დააკარგვინა. გელათის მაღაროებში მუშაობდა... ერთხელ მოვიდა და ვკითხე, - ამირან, რას აკეთებ-მეთქი? მარკშეიდერი ვარო, - ჩუმად მითხრა. 50-იანი წლებია, სტალინი ცოცხალია... ვთქვი, რამეში ხომ არ ჩაითრიეს, ვისი მარკშეიდერია-მეთქი.

მომეჩვენა, რომ... დივერსანტები არ გველანდებოდა მაშინ სულ (იცინის)?"

GzaPress ქუთაისის "მეტროში" ჩასული კაცი "გიზო კაკაურიძემ მიამბო: ქუთაისში რომ ჩამოვედით, გუდარ კოკელაძემ "მეტროში" დაგვპატიჟა მე და გიზო ღელეყვა. გაგვიკვირდა, ქუთაისში "მეტრო" სად არისო? წამოდით ჩემთანო და წაგვიყვანა სარდაფში, სადაც "ბოჭკებზე" მჟავე, მშრალი ხორცი, მწვანილი და ლავაში იდო.

- ესაა, გუდარია, მეტრო?

- ესაა "მეტრო", აბა, თბილისის მეტროა მეტრო? იქ რომ ჩახვალ, ათ წუთში ამოხვალ ზემოთ და ქუთაისის "მეტროში" რომ ჩახვალ, შუაღამემდე ვერ ამოხვალ. აბა, გაგვიმარჯოს! - ასე დაიწყო ჩვენი ქუთაისური ნათლობა "მეტროში". ეს თითქმის 40 წლის წინ იყო, როცა რეჟისორმა იური კაკულიამ თეატრალური ინსტიტუტის მეოთხე კურსის მეორე სემესტრიდან ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში წამოიყვანა გიზოც და მისი ჯგუფიც. იმ დაუვიწყარ "ქუთაისურ ნათლობას" კი უკვალოდ არ ჩაუვლია: ხონელი ბიჭი "თხემით ტერფამდე" ქუთაისელი გახდა. ბაზრობებზე თუ ტრანსპორტში, მაღაზიებსა თუ ქუჩებში - სად არ ისმის გიზო კაკაურიძის და მისი ბორბლებზე შემდგარი თეატრის "მხიარული მატარებლის" ჩანაწერები. ადამიანებს თან მოჰყვებათ კონცერტებსა და საღამოებზე მიღებული შთაბეჭდილებებიც და ცდილობენ, გიზოს ხმით გაიმეორონ: "ბუტუტია, ადექი, ბიჭო, შედი ვენახში და დაბარე! - არა, დედა, გამიგე კარგად, ისედაც ტანჯულ ჩემს მიწას მე ჭრილობას ვერ მივაყენებ". გიზო კაკაურიძემ ცნობილი ადამიანების არაერთი პაროდია შექმნა სცენაზე. იმპროვიზაციით თუ წინასწარ მოხაზული შტრიხებით, მას უპრობლემოდ შეუძლია თავისი პერსონაჟის არათუ ხასიათის ჩვენება, არამედ ხმისა და დიქციის უწვრილმანესი ნიუანსების წარმოჩენაც კი. ამას ზედ ემატება მსახიობის მიერ კარგად მიგნებული მხიარული თემაც... და ახარხარებული მსმენელი განცვიფრებით მისჩერებია კაკაურიძის ჰაბიტუსში ჩასახლებულ: "აკაკი ვასაძეს", "სერგო ზაქარიაძეს", "აკაკი ხორავას", "ეროსი მანჯგალაძეს", "ირაკლი აბაშიძეს", "გოგი გეგეჭკორს", "ზურაბ ქაფიანიძეს", "ვალერიან მიზანდარს", "ნოდარ ნათაძეს", "ჯემალ ბაღაშვილს", "ანზორ ხერხაძეს"... ჩვენი საზოგადოების შედარებით იქნებ უჩინო, მაგრამ საინტერესო უამრავ სახეს. გარდასახვაც ამას ჰქვია!

ყველაზე პოპულარული, ჭეშმარიტად მხატვრულ დონემდე განზოგადებული კი - მაინც ოტია იოსელიანია. არა აქვს მნიშვნელობა, სცენაზე მდგომ გიზოს სვანური ქუდი ეხურება და ხელში ყალიონი ეჭირება, თუ უბრალოდ შეიცვლის სამეტყველო ჟესტ-მიმიკას, - ეს ხმა, სასაუბრო ტონი და თვით ტექსტის შინაარსი ნამდვილ ოტიას წარმოსახავს! ამასობაში კი ერთ უბრალო რვეულში ახალ-ახალი შტრიხები ემატება გიზოს სცენაზე გამოსატან იუმორს:

"ახალგაზრდობაში მეუბნებოდნენ, გიზო, რა კაი ბიჭი ხარო, ახლა მეუბნებიან, რა კაი კოსტიუმი გაცვიაო..."

"ბიჭიკიას ძმა იმნაირი მახინჯია, ტუფლები არ უხდება; თვითონ ბიჭიკია იმნაირი გამხდარია, იმნაირი - ერთი ტყვილზე დაფიცება და დეიბრიდება"...

"კუკურია ბერაძეს ცოლი ბერიძე ჰყავს და მერიკია ყოველდღე გაიძახის: მე ჩემს კუკურის ერთი ასოს გულისთვის გავყევი..."

"ბოკოკიას ისე ჩქარა მიარბენინებდნენ საფიჩხიის სასაფლაოზე (ქელეხში ეჩქარებოდათ), ბოკოკია წამოხტა და კუბოს რუჩქებს ჩაეჭიდა: რას შობით, თქვე შობელძაღლებო, არ გადამაგდოთო!" "გასვენებაში მოხუცი კაცი ღვინოს ასხამდა, პარკინსონის დაავადება ჰქონდა და ხან ჭიქა გატეხა, ხან ღვინო დააქცია და ლობიოში ჩაასხა. ბიჭიკიამ უთხრა: მომეცი, ბაბუა, მა გრაფინკა აგერ! ღვინოს მე დავასხამ და შენ სალათს მარილი მოაყარეო..."

კარგა ხანია, ჩასწვდა გიზო უქართულეს ქალაქურ იუმორს და სევდას, მის თვალწინ წავიდნენ იმ ქვეყნად დიდი ქუთაისური იუმორის, კაიკაცობისა და სიყვარულის გრანდები, ამიტომაცაა, ლექსებსა და ჩანაწერებში ისე რომ ენატრება: "ბაყუჩიას როხროხი და პეყო ბიჭის ჩაცინება, მარკოზიჩის ტკაცანი და რესტორანში ჩაცილება, გუდარია კოკელაძის იმერეთში ჩაძირება... არყისფერი ალიონი, ხელთახალი აღტკინება, მუხის ჩრდილი, ჩამჭვრიტესთან, ხარაბაძის აკივლება... ლომკაცების დიდი მადლი, მერე ძლიერ მოთენება, გაზაფხულზე მეობასთან მოწამეთის მოფერება... ხუხას გაფარფაშება და დათკას ხანჯლის თავყირები, ბიძინას და ბიძინიჩის ჩასაწერი შაყირები..."

როგორც ოთარ მამფორიასადმი მიძღვნილ ამ ლექსში წერს, "ჩვენმა ილომ წასულები ერთ ფოტოზე მოაქცია". გიზო კაკაურიძის იუმორისტული პალიტრის ყველა ფერი მის უსაყვარლეს ქალაქს ეკუთვნის. "ქუთაისის მეტროში" ჩასული, დღემდე ვერ ამოსულა იქიდან".

როლანდ ხოჯანაშვილი