"ბოლო ზარი" - გზაპრესი

"ბოლო ზარი"

ყველა იმ მოსწავლისთვის, რომელიც სკოლას ამთავრებს, "ბოლო ზარი" მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სამწუხაროდ, წელს სხვა რეალობაში მოუხდათ მოზარდებს ამ სევდანარევი სიხარულის ერთმანეთისთვის გაზიარება. სამაგიეროდ, ასე მგონია, ეს თაობა განსხვავებულია და ახლავე გეტყვით, რატომ: წლების მანძილზე ვწერდი აბიტურიენტებს და ვეკითხებოდი, რომელ ფაკულტეტზე სურდათ ჩაბარება, რომელი პროფესია ითვლებოდა მოდურად და ა.შ. წლების განმავლობაში ჩამონათვალი ძირითადად ასე იწყებოდა: ბიზნესის განხრით, ექიმობა მსურს, იურიდიულზე ვაბარებ, ჟურნალისტიკა მომწონს... ვფიქრობ, ადრე პროფესიას იმის მიხედვით ვირჩევდით, რა იყო მოდური, ამ თაობას კი ნაფიქრი აქვს და იცის, რა გამოუვა კარგად...

ამჯერად სამი აბიტურიენტი ჩავწერე: ერთს სურს პედაგოგი გახდეს, მეორეს ისტორიულზე უნდა მოხვედრა, მესამე კი უცხო ენებზე აპირებს ჩაბარებას.

"მასწავლებელი უნდა გავხდე..."

GzaPress მარიამ სამხარაძე: - რა გრძნობაა როცა სკოლას ამთავრებ და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადები?

- ძალიან საინტერესო პროცესია. ცოტა გაურკვევლობა ახლავს და ცოტა სევდაც. სევდა იმიტომ, რომ იმ ადამიანებთან მომიწევს დაშორება, ვისაც მთელი 12 წელი ყოველდღე ვხვდებოდი. იმ გარემოს დატოვება მომიწევს, სადაც გავიზარდე და განათლება მივიღე. დიდი ცვლილებების წინაშე ვდგავარ. ჯერ გამოცდები, მერე უნივერსიტეტი, ახალი ადამიანები, ახალი ურთიერთობები. თუმცა, რამდენადაც რთულია ეს ყველაფერი, იმდენად საინტერესოა.

- სად აპირებ სწავლის გაგრძელებას? რის მიხედვით შეარჩიე მომავალი პროფესია?

- სხვათა შორის, დიდხანს ვიფიქრე, ბევრი ვერსიაც მქონდა. საბოლოოდ, მასწავლებლობა გადავწყვიტე. ჩემი თაობიდან ბევრი არ ირჩევს ამ პროფესიას, მე კი მგონია, რომ ძალზე საინტერესოა სწავლების პროცესი. თან, სწავლა ხომ განგრძობითია. სულ სიახლეების ძიებაში უნდა იყო, კარგი მასწავლებელი რომ გახდე. ბავშვებთან ურთიერთობაც კარგად გამომდის. ამიტომ მგონია, რომ კარგი პედაგოგი ვიქნები.

- როგორ ფიქრობ, რა შანსები გაქვს? პანდემიამ ხომ არ შეგიშალა მომზადებაში ხელი?

- სიმართლე გითხრათ, კორონავირუსს ხელი არ შეუშლია ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაში. პირიქით, დამაფიქრა და ბევრი რამ გამააზრებინა. ბევრი დრო მქონდა, ონლაინ გავდიოდი ყველა საგანს და დამატებითაც ონლაინ ვემზადებოდი. იმედი მაქვს, სასურველი ფაკულტეტის სტუდენტი გავხდები.

- როგორ აღნიშნეთ სკოლის დამთავრება? ალბათ გული გწყდებათ, რომ ტრადიციული "ბოლო ზარი" არ გქონდათ, ბანკეტიც ვერ გამართეთ...

- 2020 პირველი წელია, როცა ჩვენს ქვეყანაში გამოსაშვები საღამო არავის ჰქონია. რა თქმა უნდა, მეც მწყდება გული, რომ ახლა მე და ჩემს მეგობრებს განსხვავებულ რეალობაში გვიწევს სკოლის დამთავრების აღნიშვნა. ჩვენც ვაპირებდით ტრადიციული "ბოლო ზარისა" და ბანკეტის გადახდას, მომზადებაც უკვე დაწყებული გვქონდა, თუმცა კორონავირუსის გამო, ყველაფერი დროებით გადაიდო. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი ჩაივლის. როცა პანდემია დამთავრდება, ბანკეტსაც გადავიხდით და "ბოლო ზარსაც".

- სკოლის დამთავრებას სევდაც ახლავსო, ბევრი ამბობს. შენ თუ გწყდება გული და თუ კი, რა ან ვინ მოგენატრება ყველაზე მეტად?

- რა თქმა უნდა, სევდიანი ამბავია ჩემთვის სკოლის დამთავრება. მყავდა "სასწაული" კლასელები. მეგობრული და შეკრული კლასი გვქონდა. სკოლაშიც კარგი გარემო იყო. კარგი მასწავლებლები. აქ ყოფნაც მიხაროდა. აი, ახლა ეს ყველაფერი რომ აღარ იქნება, ეს მასევდიანებს.

- შენს წარმოდგენაში როგორია სტუდენტობა?

- ვფიქრობ სკოლისგან სრულიად განსხვავებულია, უფრო თავისუფალი ხარ. უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს, მეტი შანსი, ვიდრე სკოლაში. თუმცა ისიც ვიცი, რომ სტუდენტობა საქართველოში არ არის ისეთი, როგორიც უცხოეთში. მაგალითად, იქ შეგიძლია თან ისწავლო, თან იმუშაო. საქართველოშიც შეგიძლია ასე მოიქცე, მაგრამ ანაზღაურება რადიკალურად განსხვავებულია.

- როგორ ფიქრობ, თბილისელი თანატოლები რით განსხვავდებიან თქვენგან? მათ მეტი შანსი აქვთ, რომ უკეთ ისწავლონ, მეტი განათლება მიიღონ სკოლის პირობებში?

- თუ კომპიუტერი და კარგი ინტერნეტი გაქვს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სად ცხოვრობ და სად მიიღებ განათლებას. თუ მოინდომებ, სახლიდან გაუსვლელადაც შეიძენ ცოდნას. ჩემთვის ყველაზე კარგი მასწავლებელი "იუთუბია". მთავარია, გაინტერესებდეს და თვითგანათლების მიღების ნებისყოფა გქონდეს.

ქალაქში ცხოვრების უპირატესობა უფრო სოციალური ურთიერთობები და გართობა მგონია. როცა სოფელში ცხოვრობ, შეიძლება ვერ წახვიდე იმ ფილმის პრემიერის სანახავად კინოთეატრში, რომელსაც მთელი წელი ელოდებოდი. მაგრამ არა უშავს, დაელოდები ცოტა ხანს და ინტერნეტში უყურებ.

- ხომ არ აპირებ სწავლის პარალელურად სადმე მუშაობას, რაც დღეს ძალიან აქტუალურია? დაბოლოს, რას ეტყვი შენს მომავალ მეს?

- სტუდენტობის პირველ წელს მუშაობას არ ვაპირებ. მინდა, მთელი დრო სწავლას დავუთმო. უნივერსიტეტის პარალელურად ვაპირებ სხვადასხვა ტრენინგკურსების პოვნას და მათ გავლას. მეორე კურსიდან კი შევეცდები, პროფესიული ხაზით ვიპოვო სამუშაო... ჩემს მომავალ "მეს" ვეტყვი, რომ არ დაეზაროს და ბევრი იშრომოს, რადგან შრომის გარეშე წარმატება არ მოდის. მე კი მინდა, წარმატებული ვიყო. კიდევ ვეტყვი, რომ როგორ გამოუვალ სიტუაციაშიც უნდა იყოს, არასდროს დაკარგოს იმედი.

"მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ამით მშობლებსაც დავეხმარო" GzaPress

ბელა სამანიშვილი: - ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მგონია, ამისთვის მზად არც ვარ. ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ რას გავაკეთებ მომავალში, როგორ შევეგუები ახალ რეალობას და ცოტა არ იყოს, მეშინია...

- რომელ ფაკულტეტზე აპირებ სწავლის გაგრძელებას?

- სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიულ ფაკულტეტზე ვაპირებ. ბოლო ორი წელია, რაც ამ საგანმა დამაინტერესა, ეს კი, რა თქმა უნდა, ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლობას გადავუხდი... ისე, პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, დისტანციური სწავლების მეთოდი არც ისე ეფექტურია აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ძალიან გვჭირდება ეფექტური მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის, მაგრამ არა უშავს, მგონი შევძლებ მიზნის მიღწევას.

- სამწუხაროდ, "ბოლო ზართან" და ბანკეტთან დაკავშირებული თქვენი გეგმები ვერ განხორციელდა...

- ასეა, საერთოდ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით; იმ რეალობაში, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. ჯერ კიდევ მე-5 კლასიდან ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი "ბოლო ზარი" და ბანკეტი, მაგრამ სკოლისგან შორს მოგვიწია ამ დღის აღნიშვნამ, ისიც სიმბოლურად, მხოლოდ თეთრ მაისურებზე დავუტოვეთ ერთმანეთს წარწერები და ეგ იყო. იმედი გვაქვს, მომავალში ბანკეტს მაინც გადავიხდით ისე, როგორც ვგეგმავდით...

მუდამ ვნატრობდი, ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი სკოლას. მეცინებოდა, როდესაც ამბობდნენ, სკოლა მენატრებაო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ალბათ გულწრფელი იყო ამ ადამიანების სიტყვები... ძალიან უცნაური გრძნობაა, არც კი მჯერა, რომ სკოლა დავამთავრე... ყველაზე მეტად კლასელები მომენატრება...

- რაიმეს ხომ არ ურჩევ მომავალ პირველკლასელებს?

- ვურჩევ, ნაყოფიერად გამოიყენონ სკოლის წლები, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და ამავდროულად, კარგი დრო გაატარონ თავიანთ კლასელებთან ერთად... მიმაჩნია, რომ ჩვენ ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში.

- მაგალითად, რა ვერ მოასწარით?

- წარმოიდგინეთ, "შატალოზეც" არასდროს ვყოფილვართ.

- უცნაურია, რომ სკოლიდან გაპარვაზე არ გიფიქრიათ...

- ვცადეთ გაპარვა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ჩვენმა დამრიგებელმა იმდენი გვდია, მაინც დაგვაბრუნა უკან (იცინის).

- მასწავლებლებს ხშირად აბრაზებდით?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ის მახსენდება, ექსკურსიის დროს კლასელი რომ "დაგვრჩა". გზაში შევნიშნეთ, რომ სამარშრუტო ტაქსიში არ იჯდა... მოკლედ, ცოტა ხნით გავჩერდით, მაღაზიაში შესვლა და რაღაცების ყიდვა გვინდოდა. როცა მოვბრუნდით, მასწავლებელს სიის ამოკითხვა დაავიწყდა და რომ გვეგონა, ყველა ადგილზე ვიყავით, დავიძარით... ასე რომ, "მასწებს" ვურჩევ, როცა ბავშვები აბარიათ, სიის წაკითხვა არ დაავიწყდეთ; არავის ვუსურვებ იმ შიშის ჭამას, რაც მაშინ გამოვცადეთ. თუმცა, ახლა ამის გახსენება გვამხიარულებს...

- როგორ ფიქრობ, რას მოგიტანს სტუდენტობა?

- ეს ახალი და უკეთესი ეტაპია ცხოვრების. მოგვიტანს ახალ მეგობრებს, ახალ გამოცდილებებს და მეტ პასუხისმგებლობას... ხშირად ამბობენ, თითქოს თბილისში მცხოვრებ ბავშვებს მეტი საშუალება აქვთ ცოდნის მისაღებად, თითქოს ისინი ჩვენგან ბევრი რამით განსხვავდებიან. მე ასე არ ვფიქრობ... შესაძლოა, კონკრეტული შესაძლებლობები ოდნავ განსხვავებული იყოს, მაგრამ მთავარი მონდომება და მოტივაციაა, რაც აუცილებლად ყველას დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

- სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყების სურვილი შენც გაქვს?

- სწავლის დასაწყისში მუშაობას ალბათ, ვერ შევძლებ. მე ხომ ყველაფერთან ერთად, ახალ გარემოსაც უნდა შევეჩვიო. თუმცა, აუცილებლად ვიფიქრებ ამაზე. მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ამით მშობლებსაც დავეხმარო.

- რას ეტყვი შენს მომავალ "მეს"?

- ჩემს მომავალ "მეს" ვეტყოდი, არასდროს დაკარგოს მოტივაცია, ყოველთვის იბრძოლოს უკეთესისთვის, კეთილი ფიქრებითა და მიზნებით.

"სევდის მომგვრელია სკოლის დამთავრება" GzaPress

მარიამ გვალია: - სკოლას ვამთავრებთ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ. ეს, რა თქმა უნდა, ამაღელვებელია. ვტოვებთ კლასელებს, რომლებთანაც ცხოვრების 12 ტკბილი წელი გავატარეთ, თუმცა გვრჩება მოგონებები და ისინი მუდამ ჩვენთან იქნებიან, სულ შეგვახსენებენ თავს... სწავლა მსურს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელო. ვფიქრობ, ეს ჩემთვის კარგად მორგებული პროფესიაა, მსიამოვნებს უცხო ენის შესწავლა.

- მსოფლიოში განვითარებული მოვლენის გამო, მომზადებაში ხომ არ შეგეშალა ხელი?

- ძირეული პრობლემები ამას არ შეუქმნია, გამოცდებისთვის დისტანციურად ვემზადები. თუმცა ცხადია, პედაგოგთან რეალურ ურთიერთობას ვირტუალური ვერ შეცვლის. რთულია ამ მხრივ ინგლისურ ენაში მომზადება, თუმცა შეუძლებელიც არ გახლავთ.

- ალბათ სკოლის დამთავრების შემდეგ მოსაწყობი ღონისძიებებისთვის დიდხანს ემზადებოდით...

- "ბოლო ზარისა" და ბანკეტისთვის მართლაც, საგანგებოდ ვემზადებოდით, ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი და მოუთმენლად ველოდით ამ დღეს, მაგრამ მოულოდნელად ვითარება შეიცვალა... გადავწყვიტეთ, სიმბოლურად მაინც აღგვენიშნა სკოლის დამთავრება და ერთმანეთისთვის სამახსოვრო წარწერები გაგვეკეთებინა თეთრ მაისურებზე - ასეც მოვიქეცით. იმედია, შეკრებას და მხიარულებას ახლო მომავალში შევძლებთ.

- სკოლის დამთავრებამ სევდა შენც მოგგვარა?

- ნამდვილად სევდის მომგვრელია სკოლის დამთავრება. რეალურად, 12-წლიანი ურთიერთობა სრულდება. რა თქმა უნდა, სკოლა და მასწავლებლები ძალიან მომენატრება, ასევე ის ჩემი უმცროსი მეგობრები, რომლებიც აგრძელებენ სწავლას სკოლაში და კლასელებიც. თუმცა, მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვნახავთ.

- შენი აზრით, როგორი იქნება სტუდენტობის წლები?

- ამბობენ: სტუდენტობა ყველამ უნდა გამოცადოსო. ვფიქრობ, ძალიან მაგარი წლები იქნება. ეს ცხოვრების ახალი ეტაპი იქნება, რომელსაც თან ახლავს ახალი ურთიერთობები, მეგობრები, საცხოვრებელი გარემო. ვფიქრობ, სტუდენტობის წლები დაუვიწყარი იქნება ისევე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდი.

- სწავლის პარალელურად მუშაობა შენს გეგმებში შედის?

- პირველ ეტაპზე არ ვაპირებ ვიმუშაო, რადგან მსურს, არსებულ ატმოსფეროს შევეჩვიო, მომავალში კი ალბათ, ამის სურვილიც გამიჩნდება.

- რას გვეტყვი შენი სკოლის პედაგოგებზე?

- მასწავლებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე გვიძლებდნენ, მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ. სკოლა მეორე ოჯახია, სადაც ვიზრდებით. მასწავლებლებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს აღზრდასა და განვითარებაში - მათ ამ ამაგს ვერც ერთი ბავშვი ვერ დაუკარგავს.

- მიუხედავად ამისა, ბავშვებს მოსწონთ მასწავლებლების გაბრაზება...

- კი, ასეა. მახსოვს, ასაფეთქებლის სკოლაში გამოყენების გამო, ჩემი კლასელი სამჯერ გააგდეს სკოლიდან (იღიმის)...

- რას ურჩევ იმ პატარებს, რომლებიც წელს პირველად მივლენ სკოლაში?

- მათ ვურჩევ, მაქსიმალურად მობილიზებულები და ყურადღებიანები იყვნენ გაკვეთილებზე, მეტი დრო დაუთმონ ერთმანეთს... საერთოდ, თუ გვინდა წარმატებულები ვიყოთ, დიდმაც და პატარამაც, ყველამ უნდა დავისახოთ მიზანი, რომლის მისაღწევადაც აუცილებლად ვიბრძოლებთ.

- დაბოლოს, დაუტოვე გზავნილი შენს მომავალ "მეს"...

- ჩემს "მეს" მოვუწოდებ, არ შეუშინდეს დაბრკოლებებს, გადალახოს ყველა ბარიერი და მიზნის მიღწევაში დამეხმაროს. არ დანებდეს...

ლიკა ქაჯაია