"ზოგჯერ მასწავლებლები ძალიან საყვარლები არიან"
font-large font-small
"ზოგჯერ მასწავლებლები ძალიან საყვარლები არიან"
"მიხარია, რომ დედასთან სალაპარაკოდ უფრო მეტი დრო გამიჩნდა"

ახალი თაობა და მათი ფიქრები ყოველთვის საინტერესოა. გთავაზობთ სხვადასხვა ასაკის მოზარდების ინტერვიუებს. მათ ერთი და იგივე კითხვები დავუსვით და ვფიქრობ, საინტერესო პასუხებიც მივიღეთ...


GzaPressანი ირემაძე, 13 წლის:
- კორონავირუსი განსაკუთრებული ვირუსია, დედამიწამ ჯერ ვერაფერი მოუხერხა. იმ შემთხვევაში დამარცხდება, თუ წამალს გამოიგონებენ, აბა, თვითონ ხომ არ წავა? ზოგს ჰგონია, რომ წავა და გაქრება, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ (იღიმის).
- მოგწონს თუ არა, სკოლაში სიარული რომ არ გიწევს?
- თან მომწონს, თან - არა. არ მომწონს, რადგან კლასელები მენატრება და მომწონს იმიტომ, რომ დილის 8 საათზე ადგომა, სამარშრუტო ტაქსის ლოდინი და მერე უკან ისევ ამ ტრანსპორტით დაბრუნება აღარ მომიწევს. თანაც, ზოგიერთი არასაყვარელი საგანი შემცირდა, კვირაში ერთხელ მიტარდება და ძალიან მიხარია.
ჩემს სკოლაში ძალიან მკაცრად ითხოვენ ყველაფერს, დღეში 5 ონლაინგაკვეთილი მაქვს, სამეცადინოც ბევრია, მაგრამ ყველგან ასე არ არის. ჩემი ბიძაშვილების, მამიდაშვილების ონლაინგაკვეთილები ვნახე, ვითომ შესულები არიან ბავშვები და ამ დროს სულ არ სხედან კომპიუტერთან, თამაშობენ. თურმე ეს ჩვეულებრივი ამბავია: შედიხარ, მაგრამ კამერა გამორთული გაქვს და ამ დროს რასაც გინდა, იმას აკეთებ. "ტიკ-ტოკზე" რომ შეხვიდეთ, ძალიან პოპულარულია ვიდეო, რომელიც გეკითხება, რა ისწავლე ონლაინგაკვეთილებზე და ყველა პასუხის ნაცვლად, ცარიელი ადგილი ჩანს, ანუ არაფერი გისწავლია. ძალიან ბევრი ბავშვი დებდა ასეთ ვიდეოს. ჩემი აზრით, ონლაინსწავლება ცუდი არ არის, თუ გინდა, ყველაფერს გაიგებ და ისწავლი, მაგრამ თუ არ გინდა, იოლად მოატყუებ მასწავლებელს. კლასში ამდენ ტყუილს და დამალვას ვერ მოახერხებ.
- რა ხდება გაკვეთილების მსვლელობისას? რამე უჩვეულო ხომ არ აღმოაჩინე კლასელებში, მასწავლებელში, რაც მანამდე არ იცოდი მათზე?
- ერთმანეთის სახლებში შეხედვა ძალზე საინტერესო და უჩვეულო იყო. არ ვიცოდი, ჩემს ერთ მასწავლებელს ამდენი ყვავილი თუ ჰქონდა, მეორეს კი უჩვეულო ფერის, ძალიან ლამაზი შპალერი აღმოვუჩინე...
გაკვეთილებზე ბავშვები ბევრ სასაცილო რამეს იგონებენ, ვითომ მასწავლებელს ვერ ხედავენ ან მისი ხმა არ ესმით. როცა მათ კითხვას უსვამს, ისეთი სახით სხედან, სიცილით მოკვდები. როგორ იკავებენ თავს, ვერ ვხვდები, მე არ გამომდის. წარმოიდგინეთ, ქალი რაღაცას გეკითხება და შენ ზიხარ გასუსული (იცინის). კიდევ ბევრი რამე აქვთ მოფიქრებული, მაგრამ ყველაფერს ვერ მოვყვები.
- ალბათ სხვების მსგავსად, შენც დაგიგროვდა გამოცდილება და იქნებ გვირჩიო, როგორ გავერთოთ სახლის პირობებში?
- მე და ჩემი მამიდაშვილები ერთ ეზოში ვცხოვრობთ და ძველებურად, მათთან ერთად ვერთობით. სამაგიეროდ, დედასთან სალაპარაკოდ უფრო მეტი დრო გამიჩნდა. მიყვარს, როცა რაღაც ამბები დამიგროვდება და მერე დედასთან ყველაფერს "ამოვალაგებ". მასთან ყველა თემის განხილვა მიყვარს. მომწონს, ერთად რომ ვიცინით. მამაც ბევრს მაცინებს ხოლმე.
- უკვე მოიხსნა შეზღუდვები. პირველ რიგში შენ რა გააკეთე, ვინ მოინახულე?
- მგონი, კორონა ისევ მძვინვარებს. კიდევ 26 შემთხვევაო და რა ვიცი... მე ისევ სახლში ვარ. ერთხელ ვიყავი ბებოსთან, ერთხელ კბილის ექიმთან და ერთხელაც - თმის შესაჭრელად. ძველებურად მაინც არ დავდივართ გარეთ. იზოლაცია მე ისედაც არ მაწუხებდა, ოღონდ დედა იყოს სახლში და თანახმა ვარ, შინ ვიჯდე. აუცილებელ ადგილებში მანქანით ისედაც დავდიოდით. და-ძმა არ მყავს და ერთ მანქანაში ვეტეოდით მთელი ოჯახი. ბაბუაც მყავს, რომელიც გარეთ არ გადიოდა და არც ჩვენ გავდიოდით, მისთვის ვირუსი რომ არ გადაგვედო. ახლაც ვუფრთხილდებით.
- ახლა რომ გამოაცხადონ, სკოლაში სწავლება უნდა განახლდესო, გაგიხარდება?
- ვის გაუხარდება ახლა ისევ დილის 8 საათზე წამოხტომა და მძიმე ჩანთით სიარული, მაგრამ კლასელებისა და მასწავლებლების ნახვა გამახარებდა. საერთოდ, მეზარება სკოლაში სიარული, მაგრამ არა - სწავლა. დილით ადრე გაღვიძება მიჭირს. ეს მძიმე ჩანთაც საშინელებაა. პატარა რომ ვიყავი, ბაბუას მოჰქონდა ან მამას. ახლა მარტო დავდივარ და ჩანთასაც მე დავათრევ. არასაყვარელი გაკვეთილებიც ძალიან მეზარება. მართლა ბევრ საგანს ვსწავლობთ და ყველა გაკვეთილი რომ მოამზადო, თავისი სლაიდშოუებით, ლამის მთელი დღე უნდა იმეცადინო.
- როგორ აღნიშნე, ბოლო დროს მშობლებთან მეტ დროს ატარებ. ზედმეტად ხომ არ გზღუდავდნენ რაღაცებში?
- მამა პანდემიის დროსაც დადიოდა სამსახურში, დედა სახლიდან მუშაობს, მაგრამ იმდენი თავისუფალი დრო მაინც არა აქვს, მე რომ მინდა. შეზღუდვა არასდროს მიგრძნია. გართობა და გარეთ გასვლა არ არის მთავარი, მთავარია მელაპარაკონ. ესაა ჩემი ყველაზე დიდი გართობა და ყველაზე მეტად ეს მიყვარს მშობლებთან ერთად. თამაში და გართობა კი თანატოლებთან მირჩევნია. "უნოს" ვთამაშობთ მე და ჩემი მამიდაშვილები, "დევების ციხესიმაგრეს" (სამაგიდო თამაშია ძალიან სასაცილო), "ეგვიპტეს" (ესეც სამაგიდოა), "ტიკ-ტოკს" ვუყურებთ.
გაკვეთილებზე თავიდან რამდენჯერმე დამესწრო დედა, მერე თვითონ ვთხოვდი, მარტო დავეტოვებინე. ბაბუას უფრო ხშირად უწევდა ჩემთან ერთად, გაკვეთილზე ოთახში ყოფნა, მათემატიკის გაკვეთილი აინტერესებდა განსაკუთრებით. ორივეს გვიყვარს მათემატიკა და ძალიან მოეწონა ჩემი მასწავლებლის ახსნილი. გაკვეთილების მოყოლისას უფრო კომფორტულად ვარ, როცა ოთახში მარტო გახლავართ, სიმყუდროვე მიყვარს.
- იცი თუ არა, ვინ არიან: თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე?
- ექიმები არიან, მათი ერთად გადაღებული ფოტოები ხშირად მხვდებოდა. ძალიან მაგრები ყოფილან. ხუმრობაც არის ასეთი, არგონავტები ახლა რომ შემოსულიყვნენ, საწმისის და მედეას მაგივრად, ამათ წაიყვანდნენო. ისე, გული მწყდება, რომ სამივე კაცია. ამ სამეულში ერთი ქალიც რომ დაეყენებინათ, უფრო გამიხარდებოდა. მაგალითად, ის ექიმი მომწონს, ჟურნალისტმა სისულელე რომ ჰკითხა და გაიქცა. კარგად მოიქცა, მომეწონა.
- რას ეტყოდი ქართველ ექიმებს?
- ექიმები ძალიან მაგრები არიან, ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებენ. მაგრამ მკაცრი ექიმები არ მიყვარს. თან ცოტა ფასებს თუ დააკლებენ, უკეთესი იქნება. ვიცი, ექიმებთან სიარული და მკურნალობა ხალხს ძალიან ძვირი უჯდება, ასე არ უნდა იყოს. კორონას გარდა, სხვა დაავადებებიც ხომ აწუხებს ხალხს?
- დაბოლოს, შეგიძლია ვინც ყველაზე მეტად მოგენატრა და ჯერ ვერ შეძლებ მის ნახვას, რამე მისწერო?
- ხშირად მაქვს დავალებად წერილების მიწერა და ძალიან მომბეზრდა ეს წერილები. ახლობლები თითქმის ყველა ვნახე. კლასელები მენატრება და მასწავლებლები. რამდენიმე ძალიან საყვარელი პედაგოგი მყავს ძველ სკოლაშიც და ახალშიც. ზოგჯერ გემრიელ ნამცხვარს რომ ვჭამ, გამახსენდებიან ხოლმე. ეპიდემიის დროს, ყველა რომ სახლში იყო, ჩემი ფიზიკის მასწავლებელი სკოლაში მიდიოდა, რომ ისეთ დაფაზე დაეწერა, რაც ჩვენს ეკრანებზე უკეთ გამოჩნდებოდა. ახალგაზრდა არ არის და სულ გული მიჩუყდებოდა, ჩვენ გამო რომ გადიოდა სახლიდან. ზოგჯერ მასწავლებლები ძალიან საყვარლები არიან.

ხე, რომელსაც ადამიანივით ხელები ჰქონდა
GzaPress
გაბრიელ პაპასკირი, 8 წლის:
- კორონავირუსი ადამიანებს ემართებათ და მერე სხვებსაც გადაედებათ... იმათ ემართებათ, ვინც ფეხშიშველი დადის, ცივდება და ხელებს არ იბანენ, პირბადეს არ იკეთებენ; გზაში რომ ხარ, აი, სადღაც რომ მიდიხარ, მაშინ უნდა გეკეთოს - ამისთვის აუცილებელი არ უნდა იყოს პოლიციის მითითება.
ხელებს თუ ხშირად დავიბანთ და ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ მივალთ, ვირუსს დავამარცხებთ. მე არ მიყვარს ვიღაც გოგოები რომ მეხუტებიან და მკოცნიან. რა წესია ეს? მითხარი, - გამარჯობა, როგორ ხართ და მორჩა!..
სკოლაში სიარული მომწონდა, ოღონდ ადრე ადგომა მეზარებოდა. სახლში თამაში რომ მომწყინდება, სკოლის მეგობრებს ვნატრობ, "დაჭერობანას" და "დამალობანას" ვითამაშებდით... არ ვიცი, აქ უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ სკოლის საპირფარეშო არ მომწონს; მე კი არა, არავის მოსწონს... ვფიქრობ, სკოლაში სიარულს ონლაინგაკვეთილები ჯობია. იქ მასწავლებელს სულ თვალებში უნდა უყურო და გვერდზე არ გაიხედო. ახლა უფრო თავისუფალი ვარ და თან ვსწავლობ... დედიკოს და მამიკოს ისეთი სამსახური აქვთ, ახლაც სულ მუშაობდნენ და ჩემს ონლაინგაკეთილებს არ ესწრებოდნენ. მამიდა და ბებო მამეცადინებდნენ.
სახლში პატარა ძმა მყავს, დემეტრე, ახლა 5 წლის ხდება და ერთად ვხატავთ ტანკებს, რომელსაც შემდეგ ბრძოლაში ვიყენებთ. უბრალოდ, ბევრი თაბახის ფურცელი სჭირდება, თორემ ძალიან საინტერესო თამაშია. შეგიძლია ერთ ტანკს რამდენიმე ლულა გაუკეთო და სხვადასხვა მხარეს ისროლო, უბრალოდ, მეტი ეფექტისთვის ვაწერ: "ბუხ!.." დემეტრემ ჯერ წერა არ იცის, ამიტომ გასროლის ეფექტს ხატავს, ცეცხლის ნაპერწკლებს "ყრის".
შეზღუდვა რომ მოიხსნა, მამიდამ მანქანით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში წაგვიყვანა...
ვიცი, ვინ არიან თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მაგრამ რომელი რომელია - არა. ისინი ამბობენ, - ჩვენ ვებრძვით კორონავირუსსო... კიდევ, ხალხი ხშირად ლაპარაკობს გახარიაზე, ივანიშვილზე და ჩინეთზე. კიდევ, ჩემი ბებო ახსენებს იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც "დედა ენა" დაგვიწერა, - ის წიგნი უკეთესი იყოო...
ძალიან მომენატრა ჩემი კლასელი იაკობ პატარაია. მას მივწერდი: მე პატარა ბაჭიები მყავს სახლში, ძალიან მოგეწონებოდა, რომ გენახა. შენთან ერთად ვითამაშებდი "ლავაჩელენჯს". მასწავლებელს ვეტყოდი: ძალიან მენატრებით. კარგი იქნება, ხანდახან ყველანი ერთად სადმე ბუნებაში რომ გავიდოდეთ, მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში, რომელიც ახლახან ვნახე. იქ სავარჯიშოები იყო, ფარშავანგები და წითელი თევზები. ბევრი ძალიან ლამაზი ხეა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მომეწონა, მაღალი იყო და ადამიანივით ხელები ჰქონდა. კიდევ ვნახე ძველი შენობის ნანგრევები. მითხრეს, რომ დიდი ხნის წინ, სულ ომები იყო და იმ დროს დაინგრა.

"ექიმები არ მიყვარს..."
GzaPress
მათე მებონია, 8 წლის:
- კორონავირუსის დროს ადამიანებს მაღალი ან დაბალი სიცხე აქვთ და თუ დროულად არ იმკურნალეს, შეიძლება, მოკვდნენ... ამიტომ უნდა გაიკეთონ პირბადე და ძალიან ახლოს არ მივიდნენ ერთმანეთთან.
არ მომწონს, სკოლაში რომ არ დავდივარ. ძალიან მიყვარს იქაურობა. დილით ადრე ადგომა კი მეზარებოდა, მაგრამ მერე ჩემს კლასელებთან ერთად მივყავდი სკოლის მიკროავტობუსს და გზაში ძალიან ვერთობოდით... სკოლაში თამაში მენატრება. ონლაინგაკვეთილების დროს, ერთმანეთის ხმა არ გვესმის, ზოგს ცუდი ინტერნეტი აქვს და "ვარდება" ან საერთოდ ვერ შემოდიან და მეცოდებიან. ამას მირჩევნია, კლასში ვისხდეთ და ერთმანეთს ვხედავდეთ.
ამას წინათ ერთი კლასელი, საბა სახლში მესტუმრა და ბევრი რამ გავიხსენეთ. მივხვდი, რომ ისინი ძალიან მიყვარს, ჩემი ნანა მასწავლებელიც, რომელიც ზოგჯერ, როდესაც კარგად მოვყვები გაკვეთილს ან დავხატავ, გულის სმაილებს მიგზავნის.
სახლში ბევრს ვთამაშობ ჩემს პატარა დასთან, რომელიც ზოგჯერ სწავლაში მიშლის ხელს, მაგრამ ხანდახან სწავლობს, მე ვასწავლი და ეს მომწონს. ხშირად ვსეირნობ ველოსიპედით აქაურ მეგობრებთან, რომლებსაც ადრე არ ვიცნობდი. ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო მოკლე დროში დაფარავს გრძელ მანძილს... მათ ხანდახან ვუგებ, მაგრამ უფროსები ბევრად სწრაფები არიან. ანაკლიის გზაზე უამრავი მანქანა დადის და დედას ეშინია, ამიტომ მხოლოდ ტროტუარზე დავდივართ. როდესაც წვიმს, ფილმებს ვუყურებ. ძალიან მიყვარს "მია და თეთრი ლომი", ანიმაციებიდან - "ფერდინანდი". ვნახე "დრაკონის" ყველა სერია... ახლა ვისწავლე კომპიუტერული თამაში "ჯეტია," მაგრამ ხშირად არ მათამაშებენ...
შეზღუდვების მოხსნის მერე, დეიდა დამპირდა ბოტანიკურ ბაღში და ბურგერების საჭმელად წაგიყვანო, მაგრამ ყური ამტკივდა და ექიმთან მომიწია წასვლამ. ექიმები არ მიყვარს...
დედიკო სულ ესწრებოდა ჩემს ონლაინგაკვეთილებს, რაც თან მიხაროდა, თან არა. რასაც ვამბობ, ამას ჩემი თანატოლები მიხვდებიან.
ცერვაძე, გამყრელიძე და იმნაძე - სამივე ვიცი, კიდევ ის ორი ქალიც, სახელები არ მახსოვს... ასევე ვიცი გახარია, სააკაშვილი, ნათელაშვილი, რომელიც ვერ გავიგე, ხუმრობს თუ ჩხუბობს, რადგან მის ნათქვამზე სულ იცინიან. არადა, მგონია, ჩხუბობს და ვიღაცას ცემით ემუქრება...
ძალიან მენატრება კლასელები და მათთან თამაში, ასევე ჩემი ბიძაშვილები: გაბრიელი და დემეტრე. მათთან კვირაში ერთხელ მივყავარ მშობლებს, მაგრამ მაინც მენატრებიან, რადგან ერთად კარგად ვერთობით, ვეფერებით ბაჭიებს, ვხატავთ ტანკებს, ვმღერით, "დამალობანას", "დაჭერობანას" და "გაშეშობანას" ვთამაშობთ.

"არ მომწონს, დედა ისევ ბევრს რომ მუშაობს"
GzaPress
ანასტასია ტალახაძე, 9 წლის:
- კორონავირუსი ადამიანს ვნებს და მის ორგანიზმს აზიანებს. ვირუსს საბოლოოდ დავამარცხებთ, თუ დავრჩებით სახლში და გავითვალისწინებთ შეზღუდვებს.
მომწონს სკოლაში სიარული რომ არ მიხდება. ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და მე თვითონ ვწყვეტ, როდის რა უნდა გავაკეთო. მაგალითად, როდის გავიღვიძო ან დავიძინო, ვიმეცადინო, ვითამაშო ან რამეს ვუყურო. რაც შეეხება ონლაინსწავლებას, ეს მხოლოდ იმიტომ შეიძლება მომეწონოს, რომ გაკვეთილს სახლიდან ესწრები. ცოტა სირთულეებიც ახლავს თან, ხან ინტერნეტი ითიშება, ზოგჯერ ცოტა რთულია ახალი მასალის გაგება. მასწავლებელი კი დაწვრილებით გვიხსნის, მაგრამ სკოლაში შედარებით მარტივი იყო ყველაფერი. სკოლაში მეგობრებს და კლასელებს ვნახულობ, დასვენებებზე ან გაკვეთილების შემდეგ ვსაუბრობთ, ვერთობით. მეგობრებს ახლაც ველაპარაკები ინტერნეტით, მაგრამ ასე ურთიერთობა არ მომწონს.
ახლახან ძალიან სახალისო სამეცნიერო წიგნი მაჩუქეს და მცირე ექსპერიმენტებს ვატარებ ჩემს პატარა დასთან ერთად. ერთხელ, თათა მასწავლებელმა ცნობილი მხატვრული ტილოების გაცოცხლება გვთხოვა და ისეთი საინტერესო პროცესი იყო, რომ თქვენც გირჩევთ ამის გაკეთებას. ისე კი, შეგიძლიათ, საინტერესო წიგნები წაიკითხოთ, ისეთი, სკოლაში რომ არ გავალებენ და შენით შეარჩევ. ასევე, კარგი გასართობია სამაგიდო თამაშები, საყვარელი სიმღერების მოსმენა ან უბრალოდ, ფილმების ყურება. თუ ეზოში ხშირად ვერ ჩადიხარ და შენი ქვედა მეზობელიც სახლში არ არის, დედას ძალიან სთხოვეთ და იქნებ, როლიკებით სიარულის ნება დაგრთოთ. ასევე შეიძლება, ძალიან გაერთოთ თიხის ან უბრალოდ, ტალახისგან სხვადასხვა ნივთის გაკეთებით. ეზოში კი, სანამ საქანელებზე დაჯდომის უფლებას მოგვცემენ, სკუტერი და ველოსიპედი კარგი გასართობია.
მიხარია, რომ ბოლო დროს მშობლებთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებ. არაფერში მზღუდავენ, მაგრამ არ მომწონს, დედა ისევ ბევრს რომ მუშაობს და ხშირად, ჩემთან ერთად ისევ ვერ თამაშობს.
ექიმების თენგიზ ცერცვაძის, ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის შესახებ, რა თქმა უნდა, მსმენია. ისინი ვირუსს ებრძვიან, რომ ხალხის სიცოცხლე გადაარჩინონ. დაბოლოს, ჩემს მეგობრებს და მასწავლებელს თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვეტყვი, რომ ძალიან მენატრებიან და იმედია, მალე შევხვდებით.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
27 წლის ლიკას ჩვენი დახმარება სჭირდება
დაბადების დღეებსაც ერთად აღვნიშნავთ, სულ მირეკავენ
"ბევრი რამ ვერც მოვასწარით ამ 12 წელიწადში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი