ბიძინა კულუმბეგოვის წარმატების ფორმულა და სახალისო ამბები პაციენტ თაყვანისმცემლებზე - გზაპრესი

ბიძინა კულუმბეგოვის წარმატების ფორმულა და სახალისო ამბები პაციენტ თაყვანისმცემლებზე

ექიმის - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევებს ბევრი ადამიანი ითვალისწინებს. პანდემიის პირობებში ის ტელეეკრანიდან ოპტიმისტური გამოსვლებით გამოირჩეოდა... მის სიტყვას ენდობიან, უყვართ, პატივს სცემენ და ძალიან ცოტამ თუ იცის, მუდამ მოღიმარ ექიმს წარმატების მისაღწევად როგორი რთული გზის გავლა მოუხდა...

- საქართველოში ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ექიმი ხართ... ექიმობა ბავშვობიდან გინდოდათ?

- კი, ექიმობა სკოლის ასაკიდან მსურდა და ეს ყველამ იცოდა. მახსოვს, თეთრი ხალათი ძალიან მომწონდა!.. სკოლა რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ქვეყანაში არ იყო მშვიდი სიტუაცია... კორუფცია ყვაოდა და სამედიცინო უნივერსიტეტში "პატრონის" გარეშე მოხვედრა თითქმის წარმოუდგენელი იყო! იმედს მაინც არ ვკარგავდი და მიზნის მისაღწევად შეუპოვრად ვიბრძოდი, რაშიც ჩემი პედაგოგებიც მეხმარებოდნენ... ხონის სკოლაში ვსწავლობდი, ჩემს ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მასწავლებლები სრულიად უსასყიდლოდ მამზადებდნენ. არც ერთ პედაგოგს ჩემთვის საგანში მომზადების თანხა არ გამოურთმევია...

სამედიცინო უნივერსიტეტში ქიმიის გამოცდაზე ჩავიჭერი... სხვა პროფესიას თუ დავთანხმდებოდი, მიმიღებდნენ. შემომთავაზეს, ქუთაისში იურიდიულ ფაკულტეტზე მესწავლა, მაგრამ უარი ვთქვი! მხოლოდ ის, რომ სადმე მესწავლა, არ მსურდა! საბოლოოდ, მაინც ჩემი გავიტანე.

- როგორ გახსენდებათ სტუდენტობის წლები?

- თავიდან უიმედოდ ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ყველაზე მაჩანჩალა და ჩამორჩენილი ვიქნებოდი... პირველი სემესტრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდა და მეტიც, ყველაზე წარჩინებული სტუდენტი აღმოვჩნდი... რაც შეეხება პირობებს, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. სამედიცინო უნივერსიტეტს ჯერ კიდევ ჰქონდა ყაზბეგის გამზირზე შენობა და იქ მოვხვდი. საერთო საცხოვრებელი თავისებურად მომხიბვლელი და საინტერესო იყო... ბევრი ძვირფასი ადამიანი შევიძინე იქ ცხოვრების დროს, ზოგიერთ მათგანთან დღესაც ვურთიერთობ. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო იქ ცხოვრება. მანამდე, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, სანამ არ დაინგრა და საბოლოოდ არ გაუქმდა.

- ჩამოსულებისთვის იოლი არ არის თბილისში თავის დამკვიდრება... თქვენ როგორ მიგიღოთ თბილისმა?

- ცივი დამოკიდებულება არ მიგრძნია! უნივერსიტეტში იყო ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საბჭო, სადაც მესამე კურსის შემდეგ აქტიურად ვიყავი ჩართული... მესამე კურსიდანვე სახელობითი სტიპენდია მომანიჭეს, თვეში 60 ლარს ვიღებდი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი თანხა იყო...

ჩვენი დეკანი გახლდათ ცნობილი პედიატრი ნუგზარ უბერი. მის კაბინეტში ხშირად მიწევდა ყოფნა როგორც ასისტენტს. ბავშვების გასინჯვაში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში ვმონაწილეობდი... რაც უფრო მეტი პრაქტიკის გავლა მიწევდა, მით უფრო საინტერესო ხდებოდა ყველაფერი...

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაში ჩაბარება გადავწყვიტე. 2005 წელს პედიატრიის უფასო რეზიდენტურაში მხოლოდ ორი ადგილი იყო და დიდი კონკურენცია. ამ ორიდან ერთ-ერთი მე გახლდით...

როდესაც რეზიდენტურა დავამთავრე, სამსახურის პოვნის საკითხი დადგა... უამრავი კურსდამთავრებულია, მაგრამ ასე მარტივად ექიმები ვერ ხდებიან: ზოგი ფარმაცევტულ კომპანიაში, ზოგიც სხვა სეგმენტში იწყებს მუშაობას. მე გამიმართლა, მარინა კვეზერელი-კოპაძისგან ინფორმაცია მივიღე, რომ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი (სადაც ახლა ვმუშაობ) კადრებს ეძებდა... რა თქმა უნდა, შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი და ცენტრის დირექტორის, ქალბატონ მაია გოთუას ასისტენტად დავიწყე მუშაობა... რამდენიმე თვეში შტატის თანამშრომლად ამიყვანეს. ასე, ვიღაცების ჩარევის გარეშე აეწყო ყველაფერი. კარგად რომ ვსწავლობდი, ამიტომ გავახსენდი ქალბატონ მარინას და ასე მოვხვდი ამ ცენტრში... შეიძლება ვიმსახურებდი, მაგრამ იღბალიც არსებობს!

- ხალხს ეკრანიდან ყოველთვის გასაგებ ენაზე, რთული სამედიცინო ტერმინების გარეშე ესაუბრებით...

- დიახ, ვცდილობ... თუ არ შემიძლია, ყველა ადამიანს სამედიცინო ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე მივაწოდო, ეს ნიშნავს, რომ მეც არ მესმის ის საკითხი... ზოგიერთი პირიქით, კარგი ცოდნის მიუხედავად, ცდილობს, რაც შეიძლება რთული ტერმინებით ისაუბროს და ჰგონია, ამით თავს უკეთესად წარმოაჩენს.

- პანდემიის დროს თქვენ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და არასოდეს ნერგავდით უიმედობას... ეს იმიტომ, რომ მოსახლეობა არ დაგეთრგუნათ?

- დიახ, შემდეგ შემოლაწუნებები და წერილები მომიძღვნეს... ზოგჯერ შინაგანად მეც მქონია შიში, მაგრამ საჯაროდ არაფერს ვიმჩნევ. ჩემს თავსაც ვუმტკიცებ, რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს და ამ ომს მოვიგებთ! მსოფლიოს ათასი ჭირი დაუმარცხებია და კორონას როგორ ვერ გაუმკლავდება 21-ე საუკუნეში?! ჩემი თავის მიმართ ასეთმა შეძახილმა დადებითად იმოქმედა!

- რა პრაქტიკულ რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომლებიც თვითნებური დიეტების გამო, სხვადასხვა მიზეზით არასრულფასოვნად იკვებებიან, მათი ორგანიზმი გამოფიტულია და იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ?...

- ეს კითხვა უფრო ნუტრიციოლოგს ეკუთვნის, მაგრამ როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიპასუხებთ... ადამიანის იმუნურ სისტემას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული და ჯანსაღი კვება! დღის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: ცილა, ნახშირწყალი, ცხიმი, ვიტამინები, მინერალები - ბალანსირებულად და თანაბრად... არ შეიძლება ერთი ნაირსახეობის საკვების დიდი ხნით მიღება! კორონას პანდემიის დროს იმუნურ სისტემას ახალისებს - სელენი, თუთია, D ვიტამინი, ჩ ვიტამინი... ეს ეხება ყველა ასაკის ადამიანს!

ჯანსაღ კვებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა, სტრესის არიდება და ძილის მოწესრიგება! ამ ოთხი კომპონენტისგან შედგება ჯანსაღი ადამიანის იმუნური სისტემა და ერთსაც თუ გამოაკლებ, აზარალებ!

GzaPress

- თითქოს შიშმა გადაიარა, ბევრი შეზღუდვა მოიხსნა და ახალი ცხოვრების წესის როგორ ეტაპზე გადასვლაა სასურველი? - "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიწერა, რომ პანდემიის დასრულების ორი ძირითადი ასპექტია: 1) სამედიცინო, როდესაც სიკვდილიანობა და ახალი დაინფიცირებულების რიცხვი გაქრება, განულდება! მაშინ ამბობენ, რომ პანდემია, ეპიდემია დამთავრდა... 2) სოციალური ასპექტი, როდესაც ადამიანებს შიში უქრებათ პანდემიის, ეპიდემიის მიმართ და ჩვეულებრივ ცხოვრებას იწყებენ... პანდემიის სამედიცინო ასპექტით დასრულებაზე ფიქრი ჯერ ძალზე ნაადრევია, როდესაც ყოველდღე 70-80 ათასი ახალი შემთხვევაა... რაც შეეხება სოციალურს, შიში ნამდვილად გადაილახა! ფსიქოლოგიურად შევეგუეთ! თუმცა იმდენად არ უნდა მოვეშვათ, რომ სამედიცინო პრობლემა ისევ შემოვაბრუნოთ! კვლავ აუცილებელია სოციალური დისტანცირება, დახურულ სივრცეში პირბადე, თუნდაც ნაჭრის. ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა, სანამ პანდემია საბოლოოდ არ დამარცხდება!

- უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ბავშვები თქვენთან კონსულტაციაზე სიხარულით მოდიან... ამას როგორ ახერხებთ?

- რადგან ძირითადად ბავშვები არიან ჩემი პაციენტები, ვცდილობ, ხშირად ხალათის გარეშე ვიყო... ვეუბნები, რომ მათი დედიკოს ან მამიკოს მეგობარი ვარ. არასოდეს ვიწყებ იმით, რომ სასწრაფოდ მითხრან, რა პრობლემის გამო არიან მოსული. ამისთვის ბოლო ხუთ წუთს ვიტოვებ, როდესაც კონსულტაცია ოცი წუთის განმავლობაში მიმდინარეობს... დანარჩენი დრო ბავშვებთან კონტაქტია, - აბა, რა ლამაზი კაბა გაცვია, როგორი "აბადოკი" გაქვს, ვინ წაგისვა მანიკიურები, კომპიუტერში რა უნდა გაჩვენო, ნახე, როგორი კლავიატურა მაქვს... ასე რომ ეკონტაქტები ბავშვს, მერე მტრად აღარ აღგიქვამს.

ექიმი ემპათიური უნდა იყო! ემპათია ემოციურ ინტელექტს ნიშნავს. გულთან უნდა მიიტანო ყველას მდგომარეობა და ურთიერთობა შეგეძლოს! ემოციური ინტელექტი თუ სწორად გადაწყობილი არ გაქვს, ვერ იქნები წარმატებული ექიმი! შეიძლება ცოდნით თავი გისკდებოდეს, მაგრამ პაციენტი არ გყავდეს! წარმატებულობას განაპირობებს კომუნიკაბელურობა, ემპათიურობა, რასაც მერე მოსდევს ცოდნა!.. გულწრფელი ვარ და მიყვარს ადამიანები, ბავშვებზე ხომ საერთოდ ვგიჟდები!

- ალბათ, ბევრ ბავშვს უყვარხართ...

- საბედნიეროდ, ნამდვილად დიდი არმიაა... არასოდეს დამავიწყდება ერთი ამბავი: გორიდან ერთი გოგონა დაჰყავთ ჩემთან ბებიასა და ბაბუას, რომელიც დაახლოებით 8 წლისაა... როდესაც კონსულტაცია გაიარეს და ჩემთან უკვე სხვა პაციენტი იყო შემოსული, შემოაღო კარი ამ ცუგრუმელა ბავშვმა და მითხრა, ბიძინა ექიმო, რაღაც უნდა გითხრაო... დავინტერესდი, რა მოხდა-მეთქი? - მე თქვენ მიყვარხართო, დამიძახა... თურმე თავიდან ერიდებოდა, მაგრამ მერე უთქვამს, მაინც შევალ და ვეტყვიო... უზომოდ გამიხარდა, გულში ჩავიხუტე და გადავკოცნე...

ერთი სახალისო ამბავიც იყო: ჩემთან მოხუცმა ბებიამ ბავშვი მოიყვანა, რომელიც საოცრად თამამი და მეგობრული იყო... კონსულტაციის შემდეგ მან ბებოს უთხრა, შენ ზურგით დადექიო, მერე მე მომმართა, თქვენ თვალები დახუჭეთო... ვუთხარი, - კარგი, მარიამ, დაგემორჩილები-მეთქი და თვალები დავხუჭე. ამის შემდეგ მომვარდა და ლოყაზე მაკოცა... ჩემი ასისტენტი უყურებდა ამ სცენას (იღიმის)...

ძალიან მიხარია, ბავშვებს ჩემთან მოსვლა რომ მოსწონთ...

- რას გვეტყვით ქალბატონ თაყვანისმცემლებზე, თქვენს პირად ცხოვრებაზე?

- რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ცოლი არ მყავს... თაყვანისმცემლებზე ლაპარაკი ჩემგან ლამაზი არ იქნება და ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის...

მანანა გაბრიჭიძე