ეროვნული გამოცდები 2020 - სტრესის, შფოთვისა და პირბადეების თანხლებით! - გზაპრესი

ეროვნული გამოცდები 2020 - სტრესის, შფოთვისა და პირბადეების თანხლებით!

ვინც აბიტურიენტი ყოფილა, კარგად იცის, რამხელა სტრესთანაა დაკავშირებული გამოცდებისთვის სამზადისი და მათი ჩაბარება. ჩვენს აბიტურიენტებს წელს ნამდვილად, არ გაუმართლათ: "კოვიდ 19"-ის შიშით, ლამის მთელი მსოფლიო "გაიყინა", ახლა კი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაც აბიტურიენტებს ექსტრემალურ პირობებში მოუწევთ.

GzaPressგართულებულია ეროვნულ გამოცდებზე გასვლის პროცედურები - აბიტურიენტს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, რომლის ორჯერ მოხსნისას, დაატოვებინებენ გამოცდას, რაც მშობლებისა და აბიტურიენტების უკმაყოფილებას იწვევს... კარგა ხანს იმაზეც მსჯელობდნენ, რომ გამოცდების თარიღი გადაეწიათ, მაგრამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, გამოცდები ჩვეულებისამებრ, 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ამ უწყების ხელმძღვანელმა - სოფო გორგოძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა: "საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტს არ დაუშვებენ. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ბარიერით; მაგიდებს შორის, სიგანეში, დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი, მაგრამ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს მანძილი 3,5 მეტრი იყოს. ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი 1 მეტრი უნდა იყოს, მაგრამ ცოტა მეტი იქნება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყველა აბიტურიენტს შესთავაზებს პირბადეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია, გამოცდაზე თავისი პირბადე მოიტანოს. ვიდრე გამოცდაზე შევლენ, ყველას გაუზომავენ ტემპერატურას და თუ აბიტურიენტს "კოვიდ 19"-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები ექნება, Pშღ ტესტი უნდა გაიაროს. ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მას გამოცდაზე აღარ დაუშვებენ, ხოლო ვისაც ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდება, გამოცდას ცალკე ოთახში ჩაუტარებენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეები კონდიციონერით მხოლოდ სესიის დაწყებამდე გაგრილდება და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება..."

დღეს ჩვენს საზოგადოებაში ბევრს კამათობენ იმაზე, თუ რამდენად გამართლებულია ეროვნული გამოცდების ამგვარი ფორმატით ჩატარება... ჩვენ ამ შეკითხვით გამოცდილ პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, რადგან გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ისინი მედიკოსთა მითითებებს მაქსიმალურად შეასრულებენ.

GzaPress პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - მესმის, რომ პირბადის ტარება სიცხეში საკმაოდ ძნელია, მაგრამ კორონავირუსისგან თავდასაცავად სხვა გზა არ არსებობს. შეხედეთ სამხრეთ კორეას ან იაპონიას - იქ ხალხი სულ ნიღბებით დადის, მათ შორის, პატარა ბავშვებიც. ამოიღეთ და ნახეთ, ამ ფოტოებს მთელი ინტერნეტი მიაქვს: პატარა ბავშვებიც კი ასე დადიან. კი, ბატონო, შეიძლება, პირბადეში სული გეხუთებათ, მაგრამ თქვენ არ გინახავთ, კორონიანი ავადმყოფები როგორ იხუთებიან და ასე იმიტომ ლაპარაკობთ! ჩემი აზრით, სხვა ქვეყნებში რასაც აკეთებენ, ის უნდა გაკეთდეს საქართველოშიც. მე იმას ვამბობ, რაც სამეცნიერო მტკიცებულებებს ეყრდნობა და ეს გამოცდებიც ისე უნდა ჩატარდეს, როგორც სამეცნიერო კვლევის შედეგადაა დადგენილი. მე არ მაინტერესებს, რა სახის ინფორმაციები ვრცელდება "ფეისბუკით" ან სხვა წყაროებით - მე მხოლოდ მტკიცებულებაზე დამყარებული კვლევის შედეგები მაინტერესებს!

GzaPress მაყვალა დავითაძე, პედაგოგი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ლექტორი: - ვფიქრობდი, რომ წლევანდელი ეროვნული გამოცდები ონლაინრეჟიმში ჩატარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა კი ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი: პედაგოგიკაში ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ შეიძლება, სრულიად ჯანმრთელ მოზარდს სტრესულ პირობებში სიცხემ აუწიოს. ყველაზე საკამათო თემა ახლა პირბადეა. არ ვარ მე პირბადის წინააღმდეგი, მაგრამ ვფიქრობ, გამოცდაზე აბიტურიენტებს დამატებით სირთულეებს შეუქმნის. იქნებ გამოიძებნოს რაიმე, ოდნავ შეღავათიანი გზა, რადგან ბავშვებს ამ სიცხეში კონცენტრირება ძალიან გაუჭირდებათ. ბევრი ამტკიცებს - ახალგაზრდები არიან და გაუძლებენო. უჟანგბადო სივრცეში აზროვნება ძალზე რთულია, თანაც, დაავადებები ახალგაზრდებს არა აქვთ?... ჩვენ, პედაგოგიკის დარგის სპეციალისტები, სულ სხვა, უფრო გონივრულ გამოსავალს ველოდებით: იქნებ რაღაც დათმობაზე წავიდეთ? იქნებ, ამ ბავშვებისთვის უკეთესი გამოსავალი მოიძებნოს?! ერთი წამით წარმოიდგინეთ: პაპანაქება სიცხე, სახეზე აკრული პირბადე და ამ დროს საკმაოდ რთულ თემებზე უნდა იფიქრო. მაშინ შეფასების დროსაც უნდა გავითვალისწინოთ ამ ბავშვების მდგომარეობა!.. არა მგონია, რომ იმ პირობებში, როცა 2-3-მეტრიანი დისტანცია იქნება დაცული და მერხებს დამცავი ბარიერი ექნება, კიდევ დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდეს საჭირო. იქნებ აბიტურიენტებსაც დამცავი ფარები დაურიგონ, რადგან პირბადე მაინც გულისცემასთანაა დაკავშირებული. ცნობილი ფაქტია, რომ სიცხისა და უჟანგბადობის გამო ტვინი ნორმალურად ვერ მუშაობს. მოკლედ, 6 ივლისამდე ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და ყველაზე გონივრული გამოსავალი უნდა მოიძებნოს. სხვათა შორის, სოციალურმა მედიამ აიტაცა სეულში გადაღებული ფოტოები, სადაც გამოცდები ღია ცის ქვეშ, სტადიონზე ჩაატარეს, მაგრამ ჩვენთან ეს ვერსია ვერ გამოდგება, რადგან ღია ცის ქვეშ გამოცდის ჩატარებას შესაბამისი პირობები სჭირდება. სად არის ამდენი მწვანე ზონა, აბიტურიენტი ჩრდილში რომ იჯდეს და გამოცდა არხეინად ჩააბაროს?! რაც ყველაზე მთავარია, ღია ცის ქვეშ აბიტურიენტებს ინტერნეტით ვინ უზრუნველყოფს? ამიტომ, მე უფრო იმ ვარიანტს ვემხრობი, რომ ეროვნული გამოცდები სკოლებში ჩატარდეს, სადაც ინტერნეტით უზრუნველყოფილი ოთახებია. 30-35 კომპიუტერი ყველა სკოლაშია და ხომ შეიძლება, ეს ხალხი რამდენიმე სკოლაში გადანაწილდეს?! ინტერნეტში თითქმის ყველა სკოლაა ჩართული. მესმის, რომ ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, გასაგებია, რომ მედიკოსთა რეკომენდაციებს უნდა დავუჯეროთ, მაგრამ აზრი განათლების სფეროს მუშაკებსაც ხომ უნდა ჰკითხონ?! თუ ამ ახალგაზრდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, საქმე ასე მარტივად არ არის: დაძაბული ბავშვი, შიშის მომენტი, სიცხე, უჟანგბადობა, საშინელი ჩახუთულობა - ეს ყველაფერი ძალიან ცუდად იმოქმედებს მათზე. თუ არაფერი შეიცვლება, ისევ ბუნებამ უნდა გაგვიმართლოს და ივლისში იქნებ სიგრილე იყოს. სხვას ვერაფერს ვიტყვი!

GzaPress მანანა სოლოღაშვილი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი: - რა თქმა უნდა, ამ სიცხეში პირბადის ტარება დისკომფორტია. ეს ორმაგი სტრესი იქნება აბიტურიენტებისთვის, მათ ისედაც ბევრი დაბრკოლება შეხვდათ და პროგრამა ისე ვერ გაიარეს, როგორც საჭირო იყო. ახლაც, გამოცდების ჩაბარება უფრო რთულ და სტრესულ გარემოში მოუწევთ. ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, თავს რისგან ვიცავთ, მეტი გზა აღარ რჩება, - უნდა ავიტანოთ. სხვას მათ ვერაფერს ვურჩევ. თუმცა, ღია ცის ქვეშ გამოცდების ჩატარების იდეა ძალიან მომეწონა. სულ სხვა საკითხია, ტექნიკურად როგორ მოხერხდება. ეს ნამდვილად, კარგი იქნებოდა აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც შფოთვასა და ღელვასთან ერთად, დახურულ სივრცეში კონდიციონერის გარეშე ყოფნა და პირბადის ატანა მოუწევთ. ითქვა, რომ კონდიციონერი მანამდე იქნება ჩართული, ვიდრე ისინი დარბაზებში შევლენ. რასაკვირველია, 3-4 საათის განმავლობაში იქ ტემპერატურა ძალიან მოიმატებს, ამიტომ, ხელოვნური ქსოვილისგან დამზადებული პირბადე არ უნდა გაიკეთონ. მე მაინც სამედიცინო ნიღაბს ვანიჭებ უპირატესობას, ის ყველა ექიმს გამოუყენებია და საკმაოდ კარგი ხარისხისაა. უბრალოდ, თავისი მოხმარების წესები აქვს, რომელიც უნდა დავიცვათ. თუ პირბადის გამოყენების წესებს არ დავიცავთ, მის ტარებას აზრი არა აქვს. რაც შეეხება მრავალჯერად პირბადეებს, ისინი უფრო ხელოვნური მასალისგანაა დამზადებული, რომელშიც სუნთქვა ძალიან ჭირს. ჩემი გამოცდილებით, გამოცდებზე დოლბანდის პირბადის გამოყენებაც კარგი იქნება, რადგან მასში სუნთქვა უფრო შეიძლება.

GzaPress მარინე ზედელაშვილი, პედაგოგი, ისტორიკოსი: - ეს ბავშვები ნამდვილად დაიჩაგრნენ: ჯერ იყო და, კორონავირუსის გამო 2-3 თვე დაკარგეს. სოციალური კონტაქტების დარღვევამ ბევრი ბავშვის საკუთარ თავში ჩაკეტვა გამოიწვია, სახლიდან გაუსვლელობამ კი - ჩვეული რეჟიმის დარღვევა და ინდიფერენტულობა... ამასთანავე, სწავლის სულ სხვა სისტემაზე მოუხდათ გადასვლა. ონლაინსწავლებას მხოლოდ ისინი აჰყვნენ, ვისაც სწავლა უნდოდა. ჩვენ, მასწავლებელებს კი, ეს ყველაფერი ორმაგი შრომისა და ნერვების ფასად დაგვიჯდა. ბეჯითი და მიზანსწრაფული ბავშვისთვის ეს თითქმის იგივე პროცესი იყო, მაგრამ სწავლებაში საერთოდ ვერ ჩაერთვნენ შედარებით ზარმაცი ბავშვები, რომლებსაც სწავლა არც ადრე უნდოდათ. გეთანხმებით, რომ წლევანდელი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის ორმაგად და სამმაგად რთული იქნება. ჩემი ნება რომ იყოს, ეროვნულ გამოცდებს საერთოდ გავაუქმებდი, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია. იქ სასწავლებელში ყველას იღებენ და მერე აკადემიური მოსწრებისა და მონაცემების მიხედვით ტოვებენ - საფუძვლიანი შერჩევის საფუძველზე. სხვათა შორის, საკმაოდ რაციონალური იყო მოსაზრება, რომ ეროვნული გამოცდების პროგრამაში მეორე სემესტრის მასალა არ შეეტანათ, რადგან სწავლების სულ სხვა სისტემაზე გადასვლამ ძალიან ბევრი ბავშვი დააბნია. ზოგს ინტერნეტიც არ ჰქონდა, ზოგმა პროგრამების მოხმარება არ იცოდა, ამიტომ პროგრამის გამარტივება კარგი იქნებოდა. ჩემს საგანში - ისტორიაში, პირიქით, ისეთი თემებია დამატებული, რაც წინა წელს არ იყო და გართულებულიც კია. ამას დაემატება ისიც, რომ სიცხეში, უჟანგბადო სივრცეში ადამიანის ტვინი სათანადოდ ვერ მუშაობს, პირბადეში კი ნახშირორჟანგი გროვდება, რომელსაც უკან ვისუნთქავთ, ყველაფერი კი, ერთად აღებული, სასურველ შედეგს ნამდვილად, არ მოგვცემს.

ცნობისათვის: ეროვნული გამოცდების პირბადეების გარეშე ჩაბარების მოთხოვნით აბიტურიენტებმა პეტიცია შეადგინეს, რომელსაც უკვე 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. აბიტურიენტების თხოვნაა, პირბადე მოიხსნან მხოლოდ გამოცდის პროცესში: "ჩვენ მზად ვართ, პირბადე გვქონდეს ყველა იმ საჭირო პროცედურის დროს, რომლებიც გამოცდებს თან ახლავს და მოვიხსნით მხოლოდ ჩვენს მაგიდასთან, წერის დროს. ყველას გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ!" - ნათქვამია ამ პეტიციაში.

ხათუნა ჩიგოგიძე