"მამა, მინდა, ყოველთვის ასე ღირსეულად ემსახურო ჩვენს სამშობლოს" - გზაპრესი

"მამა, მინდა, ყოველთვის ასე ღირსეულად ემსახურო ჩვენს სამშობლოს"

ყოველ ჯერზე ახერხებენ მოზარდები ჩემს გაოცებას, თავიანთი აზროვნებით, სილაღით, სიყვარულის უნარით. ამიტომ გადავწყვიტე, არასდროს ვთქვა იმ სიამოვნებაზე უარი, რასაც ამ პატარა დიდებთან ინტერვიუს ჩაწერა ჰქვია.

"გაგვაფრთხილეს, კიბორჩხალებს ნუ შეაწუხებთო"

GzaPress

ლუკა ჯაოშვილი: - მეორე სემესტრმა ჩემთვის ქაოსურად ჩაიარა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა იყო ეს კორონავირუსი, რომელმაც ასე შემოგვიტია. ადრეც იყო ვირუსები, მაგრამ სახლში არავის ჩავუკეტივართ. მერე და მერე, ტელეეკრანიდან ინფორმაციებს რომ უსმენდნენ უფროსები, მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ვირუსი არ იყო...

ონლაინგაკვეთილები რაღაცით კარგიც იყო და ცუდიც. თვალებს მიღლიდა ეკრანის დიდხანს ყურება. 15-წუთიანი გაკვეთილები მქონდა და მაინც ვიღლებოდი. ბავშვებს წესიერად ვერ ვეკონტაქტებოდი. დასვენებებზე ვერ დავრბოდით ერთად... მოსაწყენია ონლაინსკოლა. მე მეგობრებთან ურთიერთობა მიყვარს და იმედია, სექტემბრიდან რეალურად ვივლით სკოლაში.

ამ თვეების მანძილზე ძირითადად, სახლში ვიყავი. მე ისედაც მიყვარს შინ ყოფნა და ამის გამო სულ მეკამათებოდნენ მშობლები. ბოლოს და ბოლოს, დავისვენე, სადმე წასვლაზე რომ აღარ მელაპარაკებოდნენ. სახლში მე გასართობი ოთახი მაქვს, სადაც ყველა ჩემი ნივთი და სათამაშოა. კარგად ვერთობოდი, ვთამაშობდი, რაღაცებს ვაწყობდი. მოკლედ, ბევრისგან განსხვავებით, სულაც არ გამჭირვებია ამ თვითიზოლაციის ატანა. მეგობრებს სულ ვეკონტაქტებოდი. ვსაუბრობდით რაღაც გეგმებზე (რა თქმა უნდა, თამაშის შესახებ). ძირითადად, ჩვენი საუბრის თემა იყო, როცა შევხვდებით, როგორ გავერთობით. მანამდე კი თამაშსაც ონლაინ ვაგრძელებთ.

ისე, ბოლო დროს ეკრანიდან სულ "კორონა" ისმოდა და დედა ისე ნერვიულობდა, ტელევიზორს აღარ ვართვევინებდი. ისე, ჩვენი ექიმების და მთავრობის დამსახურებაა, საქართველოში ისე რომ არ გავრცელდა ეს ვირუსი, როგორც სხვა ქვეყნებში. მე და დედაც სულ ვლოცულობდით პატრიარქის თხოვნით და ვფიქრობ, უფალმა მოგვისმინა...

- ლუკა, წიგნებს თუ კითხულობ?

- ვიდრე პანდემიას გამოაცხადებდნენ, ტომ სოიერის თავგადასავალი მქონდა წაკითხული. ამის მერე დამაინტერესა ჰაკლბერი ფინის თავგადასავალმა. ძალიან გამიტაცა ტომისა და ჰაკლბერის მამაცობამ. როცა ჯიმი პატიმრობაში იყო, როგორ დაიხსნეს მეგობრებმა - ტომმა და ჰაკლბერიმ. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა ვკითხულობ "საიდუმლო კუნძულს"... ფილმებიც ბევრი ვნახე აქ ვერ ჩამოვთვლი, მაპატიეთ, მეზარება (იცინის).

- ერთხელ ვნახე შენი ვიდეო, სადაც ხმოვან წიგნს უსმენდი. ეს საინტერესო პროცესია?

- ის ვიდეო "ფეიკი" იყო, დედას გავეხუმრე (იცინის). რა თქმა უნდა, წიგნის მოსმენა კი არა, მისი წაკითხვა უფრო საინტერესოა, ამაში თავად დავრწმუნდი. ისე, ადრე, სანამ კარგად კითხვას ვისწავლიდი, მეც მეზარებოდა...

- რაიმე ჰობი გაქვს?

- ჩემი ჰობი კიკბოქსინგია... სხვათა შორის, თითქმის ყველა საბრძოლო ხელოვნება მომწონს. ცოტა ხანს კარატეზეც ვიარე.

- ყველაზე მეტად, რომელი საგანი მოგწონს? მიზანი თუ გაქვს უკვე დასახული, მომავალში ვინ უნდა გამოხვიდე?

- მათემატიკა და ხელოვნება მომწონს. თუმცა, ჯერ არ ვიცი, პროფესიით ვინ უნდა გამოვიდე, აზრები სულ მეცვლება, ბევრი რაღაც მომწონს...

- სოციალურ ქსელებზე რას გვეტყვი?

- "ფეისბუკზე" ვარ დარეგისტრირებული, ასევე - "ტიკტოკზე" და "ლაიკში". გასართობად "ტიკტოკი" კარგია, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულწილად საფრთხის შემცველიცაა. შეიძლება იქ პატარა ბავშვი შარშიც გაეხვიოს.

- შეგიძლია შენს საყვარელ მომღერალზე ან მსახიობზე მელაპარაკო?

- ბოლო დროს ბილლი ელისჰე-ს ვუსმენ. ისე, ელექტრონული მუსიკა მომწონს და მისი შესწავლაც მინდა. სიარულიც დავიწყე, მაგრამ კარანტინი გამოცხადდა და ხელი შემეშალა. ქართული ხალხური სიმღერებიც მომწონს... ბრძოლებზე ფილმები მიყვარს. ამას წინათ "კარატე ბიჭუნა" ვნახე, რომელიც ბევრ კარგ რამეს გვასწავლის. ყველას, ვისაც ნანახი არა აქვს, ამ ფილმის ყურებას ვურჩევ.

- როგორც ვიცი, ბევრს მოგზაურობ...

- კი, ნამდვილად ბევრს ვმოგზაურობ ოჯახთან ერთად. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. რადგანაც უკვე ზაფხულია, გავიხსენებ მალდივებს. კარგი კუნძულია. იქ სავალდებულო იყო, ყველას ველოსიპედით ევლო. კუნძულს წრეს ვურტყამდით, რომლის ერთ მხარეს კატები იყრიდნენ საღამოობით თავს და მათ ვეთამაშებოდი. სანაპირო თეთრი ქვიშითაა დაფარული. გეგონება, პურის ფქვილი დაყარეს ყველგანო და რომ მოგინდეს, ცომივით მოზელ (იცინის). მე პირველ დღესვე მოვინდომე მოზელა და "კრაბებმა" დამკბინეს. სავსეა ქვიშა კიბორჩხალებით. მერე გაგვაფრთხილეს, ამათ ნუ შეაწუხებთო. არ ვხუმრობ, მართლა ასე გვითხრეს და ძალიან გამიკვირდა. სანაპიროზე რომ გავედი, მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით... მოგზაურობაზე ბევრი რამის მოყოლა შემიძლია, მაგრამ ახლა ყველაფერს ხომ ვერ გიამბობთ. ჰოდა, გემშვიდობებით კეთილი სურვილებით. იმედია, ცოტა გაგამხიარულეთ (იცინის).

"ცეკვა ძალიან მიყვარს!" GzaPress

ანი ქაჯაია: - ვფიქრობ, ონლაინსწავლებამ ასე თუ ისე, ნაყოფიერად ჩაიარა. მოგვეცა საშუალება, პროგრამის დარჩენილი ნაწილი გვესწავლა, რაც ძალიან მომწონს... მე სენაკში ვცხოვრობ და მიხარია, რომ ამ ქალაქში წესს თითქმის ყველა იცავს: მაღაზიებშიც, ქუჩაშიც, ბაზარშიც და ასეთ თავშეყრის ადგილებში ყველას პირბადე უკეთია და დისტანციაც დაცულია. ტრანსპორტშიც პირბადის გარეშე არ აგიშვებენ. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და კარგად უნდა გავიაზროთ.

ისე, როგორც ყველას, მეც გამიჭირდა სახლში ყოფნა. სკოლის გარდა, ისედაც არსად დავდიოდი და ახლა იქაც რომ ვერ ვახერხებდი წასვლას, ცხადია, არ მომწონდა. 24 საათი სახლში ჯდომა მოსაბეზრებელია. დრო ძირითადად, წიგნების კითხვით, ფილმების ყურებით გამყავდა. ასევე, ვეკონტაქტებოდი ჩემს მეგობრებსაც. თუმცა, ვირტუალური ურთიერთობა რეალურს ვერ ჩაანაცვლებს და ძალიან მომენატრნენ ჩემი ნათესავები, მეგობრები.

- ანი, ჰობი თუ გაქვს?

- ცეკვა მიყვარს ძალიან! ასევე, მუსიკა - კონკრეტულად კი, ფორტეპიანოზე დაკვრა. ადრე ორივეზე დავდიოდი, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ვერც ერთი ვერ დავამთავრე. არადა, ლაურეატი ვიყავი, ანუ ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე. მარტვილის სამუსიკო სკოლაში დავდიოდი და ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ფორტეპიანოზე სიარულს თავი ჩემი სურვილით ნამდვილად არ დავანებე. პირიქით, გული დამწყდა, 2 წელი მქონდა დარჩენილი და დიპლომის აღებაც შემეძლო, მაგრამ ჩემი ოჯახი საცხოვრებლად სენაკში გადმოვიდა...

ასევე დავდიოდი ქართულ და სამეჯლისო ცეკვებზე. ყველაზე მეტად, ქართული ცეკვა მიყვარს. არც ახლა ყოფილა ჩემი სურვილი, რომ სწავლა შემეწყვიტა. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ქართულზე ვეღარ ვივლიდი, რადგან იმ პერიოდში ოპერაცია მქონდა გაკეთებული და სამეჯლისოზე იმიტომ აღარ დავდივარ, რომ ჯგუფი დაიშალა.

- ყველაზე კარგად, რომელ საგანს სწავლობ და რომელ პროფესიაზე ოცნებობ?

- საგნებიდან გამორჩეულად მიყვარს ინგლისური და ბიოლოგია. ორივე ძალიან საინტერესოა. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს პედაგოგებს დიდ მადლობას ვეტყვი, ონლაინ ჩატარებული საინტერესო გაკვეთილებისთვის... რაც შეეხება მომავალ პროფესიას, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. სავარაუდოდ, იურიდიულს ან სამედიცინოს ავირჩევ. ორივე პროფესია ძალიან საინტერესოა. ისე, პატარაობიდან პედიატრობა მინდოდა და შესაძლოა, საბოლოოდ ეს ოცნება ავიხდინო.

- სოციალურ ქსელებში ალბათ შენც დიდ დროს ატარებ...

- "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" ვარ დარეგისტირებული, ამით ვერთობი ხოლმე. არ ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელი საფრთხის შემცველია. ამას "ტიკტოკზე" ამბობდნენ, სადაც მე დარეგისტირებული არ ვარ, რადგან მსგავსი გასართობი ჩემთვის საინტერესო არ არის, მაგრამ ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომლებიც ამ აპლიკაციით სარგებლობენ. განსაკუთრებით, კარანტინის დროს, ყველას ამით გაჰყავდა დრო.

- დამისახელე საყვარელი მსახიობები, მომღერლები და საშუალება რომ მოგეცეს, მათ რა კითხვას დაუსვამდი?

- Dua Lipa-ს და "ბითლზების" სიმღერები მომწონს. მსახიობებიდან ლეონარდო დიკაპრიო და ქართველებიდან - გოგა ბარბაქაძე. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ორივეს ვკითხავდი, თუ რამდენად რთულია მათთვის სხვადასხვა პროექტზე მუშაობა ან რა არის მათი ინსპირაციის წყარო და ა.შ. ბევრი საყვარელი ფილმი მაქვს. მაგალითად, "ტიტანიკი", "ჰარი პოტერი" და ა.შ. აქვე დავასახელებ ჩემს საყვარელი წიგნს - ეს არის სარა ჯ. მაასის "შუშის ტახტი", 8 ნაწილია სულ. გირჩევთ წაიკითხოთ.

- დაბოლოს, რას ისურვებდი?

- გამიხარდება, თუ კორონავირუსის სახელი მალე დავიწყებას მიეცემა და ჩვეულ რიტმში გავაგრძელებთ ცხოვრებას. იმედია, სექტემბერში არა ონლაინ, არამედ სკოლაში ვივლით გაკვეთილებზე დასასწრებად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

"ჩემი ჰობი ლექსების სწავლაა" GzaPress

მარიამ ოსეფაიშვილი: - მეორე სემესტრმა ნაყოფიერად ჩაიარა. შევძელი საჭირო ცოდნაც დამეგროვებინა, მაგრამ გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც იყო, რომლებიც საბოლოოდ გადავლახეთ. ამ თვეების მანძილზე ძალიან მენატრებოდა ჩემი კლასელები, ამიტომ ვცდილობდი, ხშირად ონლაინ მეკონტაქტა მათთან, ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ შეხვედრებზე. სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვუყურებდი ძველ ქართულ ფილმებს, ვთამაშობდით სამაგიდო თამაშებს, მაგალითად "მონოპოლს" და ვცდილობდით, დრო ნაყოფიერად გაგვეტარებინა.

- კარანტინის პერიოდში რა წიგნები წაიკითხე?

- წავიკითხე ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი" - ამჯერად, ფრანგულ ენაზე. ის ჩემთვის განსაკუთრებულია, თავისი შინაარსიდან გამომდინარე... ჩემი ჰობი ლექსების სწავლაა, ძალიან მიყვარს პოეზია, განსაკუთრებით გალაკტიონის შემოქმედება.

- რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად?

- არ გამოვარჩევ რომელიმე საგანს, უბრალოდ, ყველა ჩემს მასწავლებელს ვეტყოდი, რომ ისინი ძალიან მიყვარს და მენატრებიან... სამომავლოდ, ვფიქრობ, დიპლომატი ან ექიმი გავხდები. ამ ორ პროფესიას შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემთვის ორივე პროფესია ძალიან საინტერესოა.

- სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხარ?

- ვარ დარეგისტრირებული "ფეისბუკზე", მაგრამ მას ვიყენებ არა გასართობად, არამედ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს არ ჩამოვრჩე. "ტიკტოკსა" და სხვა მსგავს სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული არ ვარ, რადგან ვთვლი, რომ ისინი საფრთხის შემცველია.

- მაგალითად, რა საფრთხის?

- როგორც ვიცი, ეს აპლიკაცია იმახსოვრებს ტელეფონში შესრულებულ კონკრეტულ სხვა ოპერაციებს, რაც შესაძლოა, ვიღაცამ ცუდად გამოიყენოს.

- ბოლო დროს, ყველაზე ხშირად, ეკრანიდან ვისი სახელი გესმოდა?

- შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ისმოდა იმ ადამიანთა სახელი, რომლებიც რჩევებს გვაძლევდნენ პანდემიისგან თავის დასაცავად. მაგალითად: ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე და სხვები. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი მედპერსონალსა და ჩვენს მთავრობას დროული რეაგირებისთვის.

- როგორი ფილმები მოგწონს?

- მომწონს ფილმები იპოლიტე ხვიჩიას მონაწილეობით. მაგალითად, "მხიარული რომანი". შესაძლებლობა რომ მქონდეს, მას ვკითხავდი, თუ რომელ თანამედროვე ფილმში მიიღებდა მონაწილეობას?

- დაბოლოს, ხომ არ გინდა ვინმეს მიმართო ჩვენი ჟურნალიდან?

- პანდემიის დროს ყველაზე მეტად მომენატრა ჩემი მამიკო. ის სამხედრო პირია და სამსახურიდან გამომდინარე, ვერ ახერხებდა ხშირად ჩვენს ნახვას. მივმართავ ჩემს მონატრებულ მამას - ირაკლი ოსეფაიშვილს - ძალიან მიყვარხარ! გისურვებ მშვიდობით დაბრუნებას. მინდა, ყოველთვის ასე ღირსეულად ემსახურო ჩვენს სამშობლოს!

"როცა ვანგარიშობ, ტვინში სასიამოვნოდ მიღიტინებს" GzaPress

საბა კობახიძე: - მეორე სემესტრი განსხვავებული იყო. ონლაინსწავლა იმიტომ მომეწონა, რომ დილით ადრე არ ვიღვიძებდი. თუ ვარჯიშზე არ მივდიოდი, შემეძლო დამეძინა.

არ მომეწონა იმიტომ, რომ ყველა ბავშვი ვერ ესწრებოდა გაკვეთილს: ზოგი არ შემოდიოდა, ვიღაცას კომპიუტერი არ ჰქონდა... ბავშვებთან ვერ ვთამაშობდი და მარტო ონლაინ ვხედავდი მათ. ხშირად იჭედებოდა პროგრამა და ხელი გვეშლებოდა გაკვეთილის მოსმენაში, მერე მასწავლებელი ვეღარ გვიკავშირდებოდა - მოკლედ, საკლასო ოთახში ყოფნა ნამდვილად სჯობს ასე წვალებას!

პირადად მე, ამ თვეების განმავლობაში სახლში არ ვმჯდარვარ, რადგან ვარჯიშზე დავდიოდი და მწვრთნელი წესების დაცვით გვავარჯიშებდა. რადგან არ იყო ტრანსპორტი, იქამდე ჩემი ველოსიპედით მივდიოდი. სხვათა შორის, მეგობრებთან კონტაქტი მუდმივად მქონდა.

- წიგნებს თუ კითხულობდი?

- დავიწყე ჩე გევარას ბიოგრაფიის კითხვა და ამ წიგნს მალე დავასრულებ. ძალიან მომეწონა კუბელი რევოლუციონერის ცხოვრება.

- რაიმე ჰობი გაქვს?

- კი, ახალი ჰობი გამიჩნდა - ქაღალდებისგან სხვადასხვა საგანს ვაკეთებ. მაგალითად, ვაწყობ ავტომობილებს, ავტომატებს, ტანკებს და სახლებს. ძალიან მიყვარს მათემატიკა, ანგარიში, ამოცანების ამოხსნა. პატარა რომ ვიყავი, მიყვარდა მიმატება და გამოკლება. ბებიას დავდევდი უკან და ვეუბნებოდი, რომ მაგალითები ეთქვა. ერთხელ ბებიამ მკითხა, - რატომ გიყვარს ანგარიშიო? ვუპასუხე, როცა ვანგარიშობ, ტვინში სასიამოვნოდ მიღიტინებს და ამიტომ-მეთქი. ჩემმა მასწავლებელმა, მანანა მეტრეველმა შემაყვარა მათემატიკა და მიხარია, რომ ახლანდელი მასწავლებელიც, ნატალია ყიფშიძეც ძალიან კარგია და მათემატიკა საოცრად იცის. მინდა ორივე მასწავლებელს ვუთხრა, რომ მიყვარს...

- სოციალურ ქსელებზე რას გვეტყვი?

- ვარ დარეგისტრირებული მხოლოდ "ფეისბუკზე", მაგრამ ხშირად არ ვსარგებლობ. შევდივარ მხოლოდ იმის სანახავად, ფეხბურთის მწვრთნელმა გუნდის ჯგუფში რამე ხომ არ დაწერა. მიყვარს ეზოში თამაში და "ფეისბუკში" გართობას, მეგობრებთან ყოფნა მირჩევნია.

- მომავალში ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?

- ჩემი მიზანია, ვიყო ცნობილი ფეხბურთელი და ვითამაშო ცნობილ გუნდში. ბევრი ჯილდო და თასი მაქვს. მინდა მქონდეს კიდევ ბევრი. ვფიქრობ, პროფესია არის აუცილებელი და მეორე პროფესიად ადვოკატობას ავირჩევ.

- ბოლო დროს, უფროსებისგან ყველაზე ხშირად, რომელი ცნობილი ადამიანის სახელი გესმოდა?

- პრემიერ-მინისტრ გახარიასი, ასევე: ცერცვაძის, იმნაძისა და გამყრელიძის. ვიცი, მათ დიდი წვლილი მიუძღვით პანდემიასთან ბრძოლაში და საქართველოში ასე ცოტა გარდაცვლილი და დაინფიცირებული რომ გვყავს, ეს მათი დამსახურებაა.

- საყვარელ მსახიობებს ჩამოგვითვლი?

- ძალიან მიყვარს ჯაბა კილაძე. კეთილი და სასაცილო ბიჭია. მას ვკითხავდი, უნდა თუ არა ჩემთან შეხვედრა და საუბარი?..

- დაბოლოს, ვინმეს ხომ არ გინდა, ჩვენი ჟურნალიდან მიმართო?

- მინდა, ყველას გასაგონად ვუთხრა მამას და დედას, რომ ორივე ძალიან მიყვარს და აუცილებლად დავაფასებ მათ ამაგს. მინდა ვუთხრა ბებიებს, რომ ყველაზე საუკეთესოები არიან. მინდა ვუსურვო ყველა ჩემს თანატოლს, რომ ოცნებები აუხდეთ და მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ დაეხმაროს ყველა ბავშვს, ვისაც უჭირს და ოცნებები აუსრულოს.

P.S. თუ თქვენც გსურთ რესპონდენტის როლში ყოფნა, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81. წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია