როგორ მოხვდა ისტორიის მასწავლებელი ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა"
font-large font-small
როგორ მოხვდა ისტორიის მასწავლებელი ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი


კინორეჟისორები თავიანთ ფილმებში ხშირად იწვევენ არაპროფესიონალ მსახიობებს. ამ მხრივ ალბათ ყველაზე მეტი "არამსახიობი" ქართველ რეჟისორთაგან ელდარ შენგელაიას ჰყავს დაკავებული, თუმცა მანამდეც მიმართავდნენ ამ ხერხს, განსაკუთრებით - ისტორიული ჟანრის ფილმების გადაღებებისას. ფილმებში გამორჩეული გარეგნობის გამო არაერთი მოხვედრილა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფილმების ავტორები რაინდული, ათლეტური აღნაგობის, ახოვანი და სხვა გამორჩეული ფიზიკური მონაცემების პერსონაჟებს ეძებდნენ. ასეთებს სხვა პროფესია და სამოღვაწეო ასპარეზი ჰქონდათ, რასაც საკმაოდ წარმატებით ართმევდნენ თავს. ამა თუ იმ როლზე მათი დაყოლიებაც არ იყო იოლი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ტიპაჟი ამართლებდა. ზოგმა მხოლოდ ერთხელ გაიელვა ეკრანზე, თუმცა ფაქტია, რომ მაყურებელს დაამახსოვრდა...


ვახტანგ ტაბლიაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია ერთმანეთს პირადად არ იცნობდნენ, ისინი "დიდოსტატის მარჯვენამ" შეახვედრა. ერთ დღეს ვახტანგი რუსთაველის თეატრის დირექტორმა დოდო ანთაძემ დაიბარა და უთხრა, რომ კონსტანტინეს სურდა, მისი "დიდოსტატის მარჯვენის" მიხედვით სპექტაკლი ტაბლიაშვილს დაედგა. რეჟისორმა სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება, თუმცა მოგვიანებით, სცენაზე რომანის გადატანის მაგივრად, კინოფილმად მოიაზრეს და გადაღებებიც დაიწყო. ოთარ მეღვინეთუხუცესის, თენგიზ არჩვაძის, აკაკი ვასაძის, ვასო გოძიაშვილის, ლალი ბადურაშვილისა და იმ დროს უკვე ცნობილი სხვა მსახიობების გვერდით, ფილმში მოხვდნენ არაპროფესიონალებიც და მათ შორის - ჯუანშერ ჯურხაძე. (ცნობილია, რომ კონსტანტინე გამსახურდია კმაყოფილი იყო "დიდოსტატის მარჯვენის" ეკრანიზაციით და ვახტანგთან ერთად, სამომავლო გეგმაც დასახა: კერძოდ, მათ "დავით აღმაშენებლის" კინოფილმად ქცევა სურდათ, მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდა).
ჯუანშერის კინოდებიუტი "მაგდანას ლურჯაში" შედგა. მერეც გამოჩნდა რამდენიმე ფილმის ეპიზოდში, მაგრამ სამსახიობო კარიერა ვერ ააწყო. სითამამე აკლდა, კამერასთან მუშაობას მაინც გამოცდილება სჭირდება და არ გამოუვიდა.
ჯუანშერ ჯურხაძე "კომაროველებს" კარგად ახსოვთ. 26 წლის განმავლობაში ის ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ისტორიის პედაგოგი გახლდათ. ვინაიდან ამ სკოლაში წამყვანი საგნები ფიზიკა-მათემატიკაა და მოსწავლეები უმაღლესი განათლების მიღებას სწორედ ამ განხრით აგრძელებენ, ისტორიის პედაგოგი თავის მოსწავლეებთან შედარებით ლმობიერი იყო და ყველანაირად ცდილობდა ბავშვებისთვის მისი გაკვეთილები შემეცნებითთან ერთად, გასართობი ხასიათისაც ყოფილიყო.
GzaPress
საკმაოდ ჟღერადი გვარ-სახელი ჰქონდა. "ჯუანშერი" დედამ მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელოს" ერთ-ერთი პერსონაჟის გამო დაარქვა. ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში დაიბადა. დედა პედაგოგი გახლდათ, მამა - სხვადასხვა სკოლის დირექტორი. 1945 წელს ომის დასრულების შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. დედაქალაქში ჩამოსულს, სკოლაში არ იღებდნენ თურმე - "ეს ამხელა კაცი, VIII კლასში როგორ დავსვათო?!"
ბავშვობაში ფიზიკურად სუსტი ყოფილა, მაგრამ მერე ერთიანად აიყარა ტანი, მოძლიერდა და VIII კლასის მოსწავლე, უკვე ზრდასრულს ჰგავდა. ორ პედაგოგს უარით გამოუსტუმრებია და თავის სადამრიგებლო კლასში არ მიუღია, მაგრამ ბოლოს, მაშინდელ ვაჟთა VII სკოლის ერთ-ერთი კლასის დამრიგებელს უარი არ უთქვამს ბავშვის თავის კლასში აყვანაზე.
საკმაოდ ძლიერი იყო და იმ დროის თბილისში ჯუანშერ ჯურხაძის ფიზიკურ მონაცემებზე არაერთი "საარაკო ამბავი" იყო გავრცელებული. თვითმხილველებს შორის მისი მოსწავლეებიც იყვნენ, რომლებიც თავად მომსწრე იყვნენ იმ ფაქტის, თუ როგორ ღუნავდა შაურიანებს მათი პედაგოგი ან როგორ აჭედებდა ხელის ერთი დარტყმით ლურსმანს ფანჯრის რაფაში, მრავალკილოიან გირებს ნეკით ეწეოდა და ერთხელ, ცირკში ცნობილ ილუზიონისტს ნომერიც კი ჩაუშალა: ის გირებს ორჯერ სწევდა, არენაზე მაყურებლებიდან გამოხმობილმა ჯუანშერმა კი გირის აწევა 17-ჯერ შეძლო და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
ასაკში შესულიც კი, ბევრს დადიოდა ფეხით, ვარჯიშობდა და ასე ინარჩუნებდა ფორმას. ბევრისთვის საყვარელი პედაგოგი, 2010 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.

რაც შეეხება ეკრანს: კინოხელოვნებასთან შეხების პერიოდებიდან, ის ზვიად სპასალარის როლს გამოყოფდა ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა". აქვე უნდა ითქვას, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ ეს ნაწარმოები 1939 წელს შექმნა. რომანის გამოქვეყნება "მნათობში" მწერლის ვაჟის დაბადებას - 1939 წლის 31 მარტს დაემთხვა და კონსტანტინემ შვილს ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟის - ზვიად სპასალარის სახელი დაარქვა.
ფილმს 1968-1969 წლებში იღებდნენ. გადასაღები მოედნიდან ჩვენამდე რამდენიმე ფოტოა მოღწეული, მათგან 2-3-ზე ჯუანშერ ჯურხაძეა აღბეჭდილი. "ეტყობა, ვახტანგ ტაბლიაშვილს ვიღაცისგან ჰქონდა ჩემზე გაგონილი. სკოლაში გაკვეთილს ვატარებდი, როცა რეჟისორის ასისტენტმა დევი აბაშიძემ მომაკითხა და მითხრა, რომ ზვიად სპასალარის როლზე მოვიაზრებოდი. მთავარი რეჟისორის სამუშაო ოთახში მისულს, იქვე კონსტანტინე გამსახურდიას მეუღლე, მირანდა დამხვდა. დამინახა თუ არა, პირდაპირ თქვა, ზვიადი მოვიდაო... თვე-ნახევრის მერე დამირეკა ფილმის მეორე რეჟისორმა, დევი აბაშიძემ, - როლზე ხარ დამტკიცებულიო... ფილმის ჩვენებისას დარბაზში მე და კონსტანტინე გამსახურდია ერთად ვისხედით და ეკრანზე რომ გამოვჩნდი, თქვა: "იფ, რა მშვენიერი ზვიადია!" მერე ბატონმა კონსტანტინემ თავისთან, კოლხურ კოშკშიც მიგვიწვია. ისეთი დაბნეული ვიყავი, აღარც მახსოვს, რაზე ვისაუბრეთ", - იგონებდა მოგვიანებით "სპასალარი".
ჯუანშერ ჯურხაძე მრავალი წლის განმავლობაში ხმლის ქარქაშებს ამზადებდა, ვერცხლის, ხის, ტყავის ძველ ნიმუშებს რესტავრაციას უკეთებდა და ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ჰქონდა იარაღების კარგი კოლექცია და შინ ჯაჭვის პერანგსაც ინახავდა. როგორც ჩანს, ტაბლიაშვილს "ტყუილად" არ შეურჩევია ის ზვიად სპასალარის როლზე: ამ ახოვან მამაკაცში იყო რაღაც რომანის პერსონაჟთან საერთო...
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი