"ჭეშმარიტი სიყვარული და ერთგულება ამ პატარა გოგომ მასწავლა"
font-large font-small
"ჭეშმარიტი სიყვარული და ერთგულება ამ პატარა გოგომ მასწავლა"
ცნობილი ექიმების LOVE STORY

ამ წყვილის სიყვარული 20-წლიანმა თანაცხოვრებამ კი არ გაახუნა, პირიქით, უფრო გააძლიერა და მათ შემყურეს გამიჩნდა განცდა, რომ სულ ახლახან შეიყვარეს ერთმანეთი. მითხრეს, რომ შეყვარებულებს ბევრი ბარიერის გადალახვა მოუხდათ და არც მათი ურთიერთობა იყო ადრე ისეთი კარგი, როგორიც ახლანდელია (არადა, დამეთანხმებით, როგორც წესი, პირიქით არის ხოლმე, შეყვარებულობის პერიოდში წყვილები გატაცებულები არიან ერთმანეთით, ქორწინება და თანაცხოვრება კი ბევრ რამეს აუფერულებს)...
გარდა სიყვარულისა, მათ საქმიანობაც აერთიანებთ. ნაზი ქალბატონი თავის ძლიერ პარტნიორს ნებისმიერ სიტუაციაში საიმედო საყრდენად მიიჩნევს და ძლიერი ბატონიც იმას ფიქრობს, რომ მის პატარა, ფიფქივით სუფთა, მაგრამ ტიტანივით მტკიცე ქალბატონს წამით არ უნდა მოაკლოს სითბო, მისი უპირობო მეგობარი და ნამდვილი მეორე ნახევარი იყოს...


მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ მაკარიძე და მისი მეუღლე - ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა მაკარიძე, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავ პაციენტზე უწევთ ზრუნვა, სამსახურის შემდეგ შინისკენ მიიჩქარიან, რადგან იქ ის მყუდრო გარემო ელით, რომელიც მათ ყოველგვარ სტრესსა და დაღლილობას ავიწყებს - წლებია ეს ასე გრძელდება და არა მარტო ახლობლები საუბრობენ ამ ოჯახის იდეალურობაზე, არამედ პაციენტები და ნაცნობებიც... მათი სიყვარულის შესახებ სწორედ ერთ-ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა ისეთი აღფრთოვანებით მიამბო, მაშინვე გადავწყვიტე, ინტერვიუსთვის შეხვედრა მეთხოვა...
ყველაფერი კი თურმე, ასე დაიწყო:
GzaPress
თამარი:
- ვმუშაობდი ენდოკრინოლოგია-მეტაბიოლოგია-დიეტოლოგიის კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელი პროფესორი ვაჟა ივერიელი გახლდათ. აქ დავიწყე ექიმად მუშაობა და მიწევდა როგორც დღის სტაციონარში, ასევე ღამის მორიგეობა, ჩემი კაბინეტიც მქონდა, სადაც გარკვეულ ექსპერიმენტებსაც ვატარებდი... სხვათა შორის, ჩემი კაბინეტის მოწყობაში დიდი შრომა ჩავდე (მაშინ შენობა ავარიული იყო, მხედრიონის დრო გახლდათ, არეულობა) და მიხაროდა, რომ იქაურობა გავალამაზე. ერთ დღეს დამიძახა ჩემმა პედაგოგმა, ბატონმა ვაჟამ, რომლის საყვარელ მოსწავლედაც ვითვლებოდი და თანაც იმდენად, რომ თაფლოს მეძახდა. მითხრა: თხოვნა მაქვს. ვიცი, რამდენი შრომა ჩადე ამ კაბინეტის მოწყობაში, მაგრამ იმდენად ძვირფასი, მნიშვნელოვანი ადამიანი მოდის ჩვენს კლინიკაში, ეს ოთახი მას უნდა დაუთმო. ის პროფესორია, სამედიცინო სფეროში საკმაოდ პოპულარული ადამიანი და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩვენთან გადმოსვლაზე დამეთანხმებინაო. გავბრაზდი, მაგრამ უარს როგორ ვეტყოდი? მოვდივარ მისი კაბინეტიდან და ვბრაზობ. წარმოვიდგინე, რომ ეს პროფესორი იყო მსუქანი, სათვალით, დაბალი (იღიმის)...
ერთ დღეს კლინიკაში ასაკოვანი ქალბატონი შემოიყვანეს დიაბეტური კომით. დერეფანი სავსეა ხალხით. ექთანს ვაძლევ დავალებას, ის კი მეუბნება, - ქალბატონო თამარ, გაიხედეთ, ეს არის პროფესორი მაკარიძეო. რა დროს ესაა-მეთქი? - გავუბრაზდი, მაგრამ თვალი მაინც გამექცა და გავქვავდი: პირველი ეფექტი საოცარი იყო, ძალზე სიმპათიური მამაკაცი დავინახე, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მე მას ვიცნობდი, ოღონდ ვიცნობდი არა რეალობაში, არამედ სიზმარში მყავდა ნანახი... დამესიზმრა: სამების ეკლესიაში ვიწერდი ჯვარს და გვერდით ეს უცნობი მამაკაცი მედგა... მამუკას დანახვისას ის სიზმარი დამიდგა თვალწინ, საერთოდ დამავიწყდა პაციენტი, შოკში ჩავვარდი. შემეშინდა რეალობის და ემოციების გამო ავტირდი კიდეც. ამის მერე ვცდილობდი, მასთან არანაირი შეხება არ მქონოდა, რადგან რაღაცის მეშინოდა, ეს რაღაც კი ჩემი სიზმარი იყო. ხომ წარმოგიდგენიათ: უცებ გაიცნობ ადამიანს, რომელთანაც სიზმარში იქორწინე...

მამუკა:
- თავს კი მარიდებდა, მაგრამ ყველაფერი ისე უნებურად ხდება, როგორც უნდა მოხდეს.

თამარი:
- მერე მამუკამ პრეზენტაცია მოაწყო და მეც მიმიწვია. თითქოს თავისად მიმიღო, სიმპათია თავიდანვე გაჩნდა. მერე დაიბადა იდეა, გაგვეკეთებინა საერთო სამედიცინო შრომა და მამუკა იქნებოდა ჩემი ხელმძღვანელი. დავიწყეთ მუშაობა დისერტაციაზე, რომელიც ჩვენი ქორწინებით დამთავრდა (იღიმის)... იცით, ვიდრე დავქორწინდებოდით, ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ ძალიან მიმამსგავსა მამუკას მიერ წლების წინ დახატულ ავტოპორტრეტზე გამოსახულ მანდილოსანს. ამ სურათზე ის ზის მაგიდასთან. ქალი თავზე ადგას და რაღაცას ჩასჩურჩულებს. მართლა მგავდა თურმე და ესეც ხომ საოცრებაა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ?..
- ქალბატონო თამარ, თქვენ ერთი ნახვით შეგიყვარდათ ერთმანეთი?
- გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ მე ნამდვილად ერთი ნახვით შემიყვარდა... ზოგადად, სიზმარი ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ხარ, მაგრამ მე ალბათ გულის სიღრმეში სიყვარულს ვეძებდი, ოცნების მამაკაცს და ამიტომაც დამესიზმრა ეს ადამიანი... გვიან დავქორწინდით, ცხოვრების გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ, მაგრამ მე ვთვლი, სწორედ აქედან იწყება ჩემთვის ნამდვილი ცხოვრება. აგერ უკვე 20 წელია ერთად ვართ და ჩვენი სუბორდინაცია, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა არ მოდუნებულა - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მეგობრული და მუდმივად ერთმანეთზე შეყვარებული რომანტიკული წყვილი ვართ. საზოგადოებაში ყოფნის დროსაც იმდენად გვეტყობა გრძნობები, რომ ყველას ეცინება, - ამ ასაკში თავიდან იწყებენ ყველაფერსო. ბევრს ისიც უთქვამს, - ნეტავ ჩვენც ასე ვიყოთო. მჯერა, ჩვენი გრძნობის წყალობით სიცოცხლის წლები გვემატება, ჩვენი ურთიერთობა კი უფრო მეტად მყარდება.
GzaPress
მამუკა:
- წლების წინ ცოტა არ იყოს, არეული ცხოვრება მქონდა იმ გაგებით, რომ დავფრინავდი... ყველა მიყვარდა, მეგონა ყველას ვუყვარდი, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული და ერთგულება ამ პატარა გოგომ მასწავლა. თავიდანვე მომეწონა ეს ლამაზი და ჭკვიანი გოგო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი რომ იყო, ამას იცით, როდის მივხვდი? - როცა მე ამირჩია (იცინის)... ერთ კაბინეტში ვისხედით. ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ ურთიერთობის დასაწყისშიც. მერე ძალიან ახლობლები გავხდით, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით. თუ ცოტა ხანს შეგვაგვიანდებოდა, შფოთვას ვიწყებდით: რატომ არ მოვიდა? რატომ აგვიანებს?.. თამუნა ყოველთვის ცდილობს, არ მანერვიულოს, არ შემეკამათოს - საუკეთესო ცოლია. დასაფასებელია მეორე ნახევარი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ და გენდობა... წარმოიდგინეთ, სერიოზული კამათიც კი არ მოგვსვლია. წვრილმანებზე თუ ვიკამათებთ. მაგალითად, ვაძლევ ფულს რაღაცისთვის და არ მართმევს. ეს მაგიჟებს, ის კი აპროტესტებს, - თვითონ მოვაგვარებ ჩემს საჭიროებებსო (იღიმის).
- რას ნიშნავს მამაკაცისთვის, როცა მეუღლე ყველანაირ კომფორტს უქმნის?
- ცხადია, ეს ბედნიერებაა და ვგრძნობ, ჭეშმარიტი სიყვარულია, სხვანაირად ვერ შეძლებ გამუდმებით სხვის კომფორტზე ფიქრს. ბედნიერებაა, ასეთი ცოლი რომ მყავს. ამას წინათ მთხოვეს, მეუღლე დაახასიათეო და უცხოური სიმღერის ტექსტი გამახსენდა, რომელიც მაშინვე ვთარგმნე და კითხვის ავტორს ვუპასუხე: თამუნა ბუმბულივით ნაზი და ფაქიზი, ფიფქივით სუფთა, ტიტანივით მტკიცეა-მეთქი. აი, გარეგნულადაც რომ ძალიან ლამაზია, ამას თავადაც ხედავთ (იღიმის).

თამარი:
- ნიჭიერები აღმოვჩნდით ამ საქმეში: არა მარტო მე, თვითონაც დიდ კომფორტს მიქმნის. დიდი ოჯახი გვაქვს: 5 შვილი, შვილიშვილები. ჩემი უფროსი ვაჟის შვილისთვის მამუკაა ფავორიტი, ჭკუა ეკეტება მასზე, სულ მამუკას გაიძახის და ვეხუმრები, ნუ მაეჭვიანებ-მეთქი... ვფიქრობ, გაგვიმართლა არა მარტო ერთმანეთში, არამედ შვილებშიც. ჩვენ ზურგს ვუმაგრებთ ერთურთს, ერთი გუნდი ვართ და ღმერთს ვთხოვ, ეს ფუფუნება არასდროს მოგვიშალოს. ყველა პრობლემის დაძლევა შესაძლებელი ხდება, როცა მოსიყვარულე, ერთგული ადამიანები გეგულება გვერდით. აქ შენი და ჩემი არ არსებობს, ყველაფერი საერთოა...
- საერთო საქმიანობა (ცხადია, ექიმობას ვგულისხმობ), საერთო ინტერესები რამდენად გეხმარებათ, რომ თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო შეხმატკბილებული იყოს?
- დღეს თუ შემდგარი ექიმი ვარ, ეს მამუკას დამსახურებაა. მან მასწავლა ექიმობა. მართალია, როცა ის გავიცანი, ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა, ღამეებს ათენებდა, მიზნისთვის რომ მიეღწია და პაციენტებზე მაქსიმალურად ეზრუნა, მაგრამ რეალურად მისგან ვისწავლე პაციენტთან ურთიერთობა, ანამნეზის შეკრება, სამეცნიერო სტატიების დამუშავება. მას აქვს სხვაგვარი ხედვა. ძალიან ჭკვიანი მეცნიერი და პრაქტიკოსი ექიმია. თუ მონდომება გაქვს და მის გვერდით ხარ, შეუძლებელია, ყოველდღიურად რაღაც ღირებული არ ისწავლო.
- ბატონო მამუკა, თქვენ რა ისწავლეთ მეუღლისგან?
- განვმეორდები და გეტყვით, რომ მან მასწავლა სიყვარული და ერთგულება. ყოფილა მომენტები, როცა ჩემ გამო რაღაცებზე უთქვამს უარი, მე რომ კარგად მეგრძნო თავი - ეს დასაფასებელია. თავგანწირვა, საოცარი ერთგულება ახასიათებს ამ პატარა გოგოს... სამწუხაროდ, წლების წინ დროს ვფლანგავდი და თამუნამ დაალაგა ყველაფერი, რითაც კმაყოფილი ვარ.
GzaPress
თამარი:
- ექიმის ხალათის გარეშე ბევრად საინტერესოა მამუკა, მრავალმხრივ ნიჭიერია. ხატავს, წერდა მოთხრობებს, ლექსებს, უკრავდა კიდეც. თურმე, მუდმივად შეყვარებული იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ისე არავინ ჰყვარებია, როგორც ახლა უყვარს (იცინის)... ჯაზით გახლდათ გატაცებული.

მამუკა:
- მართლაც, ბევრი რამის გაკეთება ვცადე ცხოვრების გზაზე და მერე თავი დავანებე. სკოლაში მყავდა ჯაზკვარტეტი, მე პიანინოზე ვუკრავდი. როცა შევატყვე, ჩემზე უკეთესებიც იყვნენ, ამ საქმეს თავი დავანებე. ასევე, მივდევდი სპორტს: წყალბურთელი და კალათბურთელი ვიყავი, გუნდებშიც ვთამაშობდი, მაგრამ რადგან სხვები მჯობნიდნენ, ამასაც შევეშვი და იგივე მოხდა ლექსების წერაშიც. აი, მხატვრობა კი ჩემთვის რელაქსაციაა და დღემდე, როცა განტვირთვა მსურს, ფუნჯს ვიღებ ხელში.
- თანაცხოვრების ეტაპებად დაყოფა შეგიძლიათ? როდის უფრო საინტერესო იყო თქვენი ურთიერთობა?

თამარი:
- ალბათ, ამ კითხვაზე ბევრი ასე გიპასუხებთ: შეყვარებულობის პერიოდი იყო ყველაზე ტკბილიო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ასეთი ფუფუნება. ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიხდა, გარკვეულწილად იმიტომ, რომ ჩვენს უკან ოჯახები იდგა და ეს დიდი ტკივილი იყო... როცა დავქორწინდით, ესეც რთული ეტაპი გახლდათ: როგორ მოვერგებოდით ერთმანეთის ყოველდღიურობას. თან, როცა ადამიანი წარსულში ტრავმირებულია, ურთიერთობები გარკვეულწილად აშინებს კიდეც... ყველაზე ბედნიერი ჯერჯერობით, ჩვენი ურთიერთობის ბოლო 10 წელია, როცა უკვე ვიცით, რა გვჭირდება, რა გვემეტება ერთმანეთისთვის და იდეალური მეგობრები გავხდით. იმედია, ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდება. მინდა, ისეთი გრძნობა და სიყვარული, რაც ჩვენ გვაკავშირებს, ჩვენმა შვილებმაც გამოცადონ; მინდა ჩვენგან მემკვიდრეობით თაობებს გადაეცეთ ეს გრძნობა.

მამუკა:
- ჩემთვის და ალბათ თამუნასთვისაც, ყველაზე კომფორტულია, როცა ტახტზე ერთად ვსხედვართ, თამუნა თვლემს ჩემს მუხლებზე, დაღლილია. მუსიკას ვუსმენთ და როცა მომენატრება, თავზე ხელს გადავუსვამ... ახლა, როცა ბავშვებს თავიანთი ცხოვრება აქვთ, ჩვენ ჩვენთვის ვართ - ორი განუყრელი მეგობარი.
- ალბათ ერთმანეთის მონატრებას ვერც ასწრებთ...
თამუნა:
- არა, რატომ, სამსახურში ვართ ცალ-ცალკე და მაშინ გვენატრება ერთმანეთი (იღიმის).

მამუკა:
- ახლა ხანდახან მცხეთაში ვრჩები, თამუნას აქ უწევს ყოფნა და მონატრებას ვასწრებთ. ამასაც აქვს თავისი პლუსი: ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვა... იცით, როცა ვთქვათ წვეულებაზე, დიდ კამპანიაში ვართ, მაშინაც ვცდილობთ ცალკე ვიყოთ, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ ერთმანეთის გარეშე. ხომ იცით, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ, მაშინ უფრო მეტი ენდორფინები გამოიყოფა (იღიმის). თამუნა - ეს არის ქალი, რომლის გარეშე აღარ შემიძლია ცხოვრება. ის ჩემთვის ყველაფერია...

თამარი:
- მამუკაზე ბევრი მეუბნებოდა: რთული პიროვნებაა, ფიცხი და მასთან ურთიერთობას ვერ შეძლებო. არადა, არ მესმის, ერუდირებული ადამიანი მარტივი როგორ უნდა იყოს? მარტივ პიროვნებასთან ურთიერთობა საინტერესოც არ იქნებოდა. ვიცი, როგორ, როდის უნდა დაველაპარაკო მას, როდის აჯობებს გაჩუმება და მამუკამაც იცის, როგორ გამაბედნიეროს... მეორე ნახევარი არ უნდა მოატყუო, არ უნდა შეეპასუხო - ეს ოქროს წესია და ამ წესის დაცვაზე მარტივი არაფერია. ჩვენ ერთმანეთს კომფორტს ვუქმნით, ამიტომაც გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც გვაქვს (იღიმის).
- შეგიძლიათ წყვილებს რჩევა მისცეთ, ურთიერთობებში სტრესის თავიდან ასარიდებლად?
მამუკა:
- მინდა წყვილებს ვთხოვო, არასდროს აჰყვნენ ერთმანეთს ჩხუბში. მიხვდებით, რომ დაიძაბა მეორე ნახევარი? - არა უშავს, ძალა მოიკრიბეთ, გაიღიმეთ და უთხარით, რომ გიყვართ - განიარაღდება.

თამარი:
- სტრესი, პირველ რიგში, იმუნურ სისტემას აქვეითებს და მერე ყველა სხვა დაავადებაც იჩენს თავს. მრჩევლად ვერ გამოვდგები, რადგან თვითონაც ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს, ემოციური ვარ. შეიძლება იმიტომ, რომ მძიმე პაციენტებთან მიწევს მუშაობა. სტრესს მაშინ ვერევი, როცა ყველაფერს ვუზიარებ მამუკას და ის ისე დამიხატავს სიტუაციას, რომ მასწავლის, როგორ დავძლიო წინააღმდეგობა. ამიტომაც ვამბობ, რომ ექიმობასთან ერთად, მან ცხოვრებაც მასწავლა და ასეც უნდა იყოს - მეორე ნახევრის იმედი ყველაფერში უნდა გვქონდეს. ხშირად ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ პრობლემას მამუკას გარეშე ვერ გავუძლებდი და ეს არაა ლიტონი სიტყვა... ყველა წყვილს ვუსურვებ, სიყვარულმა დააძლევინოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა; ტრაგედიის მერეც კი შეძლონ ცხოვრების გაგრძელება. მინდა უყვარდეთ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, დაუთმონ და შეიქმნან ის მიკროსამყარო, რომელსაც მყარი ოჯახი ჰქვია. ოღონდ ნამდვილი, ჭეშმარიტი, სიყვარულზე აგებული ურთიერთობაა მტკიცე...
ყველას გვიხდება რაღაცების დათმობა, მაგრამ თუ გიყვარს, ძნელი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მართლაც ძალიან ფიცხია, იმავდროულად ბავშვურად გულჩვილი და რომანტიკულია. საინტერესო ადამიანია, მასთან არ მოგწყინდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთ ცუდ თვისებას, მისი კარგი აუცილებლად გადაწონის, თუ რა თქმა უნდა, გიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ცუდს დაინახავ...
- დაბოლოს, ალბათ თქვენც გაქვთ ოცნება...
- ვოცნებობ, რომ ერთმანეთი არ მოგვიშალოს ღმერთმა. ძალიან გვიან შევხვდით ერთმანეთს და მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. არ გვაქვს უფლება, ერთმანეთი დავტოვოთ და მინდა, როცა დრო დადგება, იმ ქვეყნადაც ერთად წავიდეთ.
- თქვენი შვილებიდან რამდენმა გადაწყვიტა თეთრი ხალათი ჩაეცვა?
- სამწუხაროდ, ექიმობა არც ერთმა არ მოისურვა. მხოლოდ ყველაზე უმცროსმა შვილიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ მომავალში ექიმი გახდება - ეს იმედია ჩვენთვის. გვინდა, ჩვენი ცოდნა გადავცეთ შთამომავლებს. მაკარიძეებს ერთგვარ ტრადიციად ჰქონდათ ამ პროფესიის არჩევა და ცხადია, სურვილიც გვაქვს, არ დაიკარგოს ეს ტრადიცია...
P.S. ვუყურებდი ამ ადამიანებს და ვფიქრობდი, რა ლამაზი იქნებოდა სამყარო, გარშემო მხოლოდ შეხმატკბილებული წყვილები რომ არსებობდნენ... და ეს არ იყო ჟურნალისტის თვალის ასახვევად დადგმული სპექტაკლი, როგორც ხდება ხოლმე, ეს იყო ნაღდი, წრფელი გრძნობა, ემოციებით სავსე - მე ასე დავინახე...
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი