ქვეყნის განვითარების ახლებური ხედვა და სკანდალური პერფორმანსების მთავარი მიზანი - გზაპრესი

ქვეყნის განვითარების ახლებური ხედვა და სკანდალური პერფორმანსების მთავარი მიზანი

"ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" წასვლის შემდეგ", - ამბობს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. პარტიას, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში უმთავრესად, უცნაური პერფორმანსებითა და სკანდალური განცხადებებით ხვდება, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, ქვეყნის სწრაფი განვითარების თვალსაზრისით.

როგორია "გირჩის" ხედვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ თავად ზურაბ ჯაფარიძე გვესაუბრება:

- სამი მსხვილი რეფორმა უნდა გავატაროთ, ქვეყანა ნახტომისებურად რომ განვითარდეს. პირველ რიგში, ხელისუფლებამ მოსახლეობას თავისი აქტივები უნდა დაუბრუნოს: საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, ჩვენს წინაპრებს ბოლშევიკებმა წაართვეს ყველაფერი, მხოლოდ პატარ-პატარა საკარმიდამო ნაკვეთები დაუტოვეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მხოლოდ საბინაო ფონდის პრივატიზება მოვახერხეთ. ე.ი. მოსახლეობამ დაიკანონა ის ბინები, სადაც ცხოვრობდნენ და ასევე მცირე მიწის ნაკვეთების პრივატიზებაც შეძლო. აქტივების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია - მიწები, ტყეები, სასარგებლო წიაღისეული და უამრავი სხვა უძრავი ქონება... ეს ყველაფერი გამოთიშულია ეკონომიკური აქტივებიდან და ხელისუფლებაში მყოფი პირები გამდიდრებისთვის იყენებენ. ჩვენი გეგმის მთავარი პუნქტი ამ აქტივების ხალხისთვის დაბრუნებაა. კერძო მესაკუთრეები უნდა გავხდეთ და თავადვე ვისარგებლოთ ყველა ამ სიკეთით.

GzaPress

- რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება, ვინ როგორ უნდა დაამტკიცოს, წინაპრები რა ქონებას ფლობდნენ? - სამწუხაროდ, შეუძლებელია ქონების რესტრუქტურიზაცია რეალურად მოხდეს და ხალხს თავისი წინაპრების ქონება დაუბრუნდეს. ამიტომ, მთელი ეს ქონება საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად უნდა გადაუნაწილდეს, შესაბამისი საპრივატიზაციო ქულით. სხვა გზებიც არსებობს, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ტყეები, საწარმოები, სასარგებლო წიაღისეული და ა.შ. არაერთი ეკონომიკური ჯგუფია, რომელიც გადანაწილების ფორმებს, ვერსიებს გვთავაზობს. ამაზე მსჯელობა შეიძლება, მთავარია, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება ხალხს დაუბრუნდეს. ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ შეიძლება, ხალხის ხარჯზე შენახული ქონებით ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკები მდიდრდებოდნენ. ჩვენი მეორე გეგმაა შემცირდეს სახელმწიფოს ჩარევის ზომა ადამიანების ცხოვრებაში. ამას ჰქვია სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში. ზედმეტად ბევრი რეგულაცია გვაქვს, ადამიანის შექმნილი დოვლათიდან, ყოველ 100 ლარზე სახელმწიფოს 35 ლარი მიაქვს - ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვინდა, 35 ლარი 15-მდე შევამციროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდეს. სწორედ უცხოური ინვესტიციაა ჩვენი სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. "გირჩის" გეგმის მესამე ნაწილი გრძელვადიანია და განათლების სისტემას უკავშირდება. დღეს არსებული ჩვენი ყველა პრობლემა, იქნება ეს ეკონომიკური ხასიათის, სოციალური თუ პოლიტიკური, გაუნათლებლობის შედეგია. ჩვენი განათლების სისტემა წლების განმავლობაში უშვებს თაობებს, რომლებიც ცოდნითა და უნარ-ჩვევებით დღევანდელ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვერ არიან. ჩვენ საგანმანათლებლო ინსტიტუტებს საშუალებას მივცემთ, რომ სახელმწიფო რეგულაციების მიღმა შექმნან ისეთი საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რომლებიც მათი წარმოდგენით სწორია. ეს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის საშუალებას მოგვცემს. მხოლოდ გრძელვადიან კონკურენციას შეუძლია, საბოლოოდ განსაზღვროს, რომელი საგანმანათლებლო ინსტიტუტი აღჭურვავს ცოდნით ჩვენს მომავალ თაობებს. აი, ეს არის ჩვენი სამი მსხვილი რეფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა გავატაროთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ. უამრავი სხვა იდეა და პროგრამაც გვაქვს, მაგრამ გვინდა, მომავალ პარლამენტში დროის დიდი ნაწილი ამ სამ საკითხზე მუშაობაში დავხარჯოთ. თუ მოვახერხებთ და ამ სამი მთავარი იდეის გარშემო შევქმნით კოალიციას სხვადასხვა პარტიასთან, დრო უქმად აღარ დაიკარგება, ქვეყანას სწრაფი განვითარების შანსს მივცემთ.

- ეკლესიასა და სამხედრო სამსახურზე თქვენი შეხედულებები უცვლელია?

- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ თავდაცვასთან მიმართებაში მკვეთრი პოზიცია გვაქვს. სამხედრო სავალდებულო სამსახური არაეფექტიანია, თანაც, ძალიან ძვირი ჯდება. ვფიქრობთ, სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა გახდეს სამხედრო ნებაყოფლობითი სამსახური. სხვათა შორის, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას ითხოვს, შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში. ვინაიდან მივიჩნევთ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება სერიოზული თავდაცვა, ოღონდ, მართალი თავდაცვა და არა - სათამაშო თავდაცვა, რომელიც მინისტრების ცვლასთან ერთად ცვლის პოლიტიკას და ჯარისკაცებისთვის ხარისხიანი კვებისა თუ ახალი ბათინკების ყიდვას რეფორმად ასაღებს. ჩვენ ძალიან ძლიერი, კარგად აღჭურვილი თავდაცვა გვესაჭიროება, რადგან სერიოზული პრობლემებისა და ამოცანების წინაშე ვდგავართ. დღეს ეს პრობლემა ჩრდილოელი მეზობელია, მაგრამ გუშინ სხვა იყო და შესაძლოა, მომავალში კიდევ სხვა გახდეს. ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ თავდაცვის კუთხით მუდამ ვიდექით ძალზე სერიოზული პრობლემების წინაშე. თავდაცვის გარეშე ვერც ეკონომიკის განვითარებას შევძლებთ და ვერც კეთილდღეობის მაღალ დონეს მივაღწევთ. "გირჩი" ცალსახად უჭერს მხარს ნატოში გაწევრებას, მაგრამ არ ვიცით, ეს როდის მოხდება. ამიტომ, თავად უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

ახლა რაც შეეხება ეკლესიას: დიახ, მიგვაჩნია, რომ კონკორდატი გასაუქმებელია, რადგან ის ძალზე ბევრი პრობლემის წყაროა, როგორც ეკლესიისთვის, ისე პოლიტიკისთვის. კონკორდატით ეკლესიისთვის განსაზღვრული პრივილეგიები მუდმივად ხდება პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტი. მაგალითად, დღევანდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ათასობით ჰექტარი მიწა გაუცვალოს საპატრიარქოს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ყველა პოლიტიკოსი ცდილობს მოიპოვოს საპატრიარქოს მხარდაჭერა, რამაც საპატრიარქო პოლიტიკურ ინსტიტუტად აქცია და საერთო აღარაფერი აქვს რელიგიურ ინსტიტუტთან. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ქართული ეკლესიისთვის. თუ გვინდა, ეკლესია ნამდვილად დაემსგავსოს ეკლესიას, ხელისუფლებამ ამ ინსტიტუციასთან ყოველგვარი კავშირი უნდა გაწყვიტოს, მათ შორის - ფინანსურიც. ეკლესია უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე და არა ძალაუფლების გაძლიერებაზე.

- მორწმუნე ხართ?

- კი, მორწმუნე ვარ.

GzaPress

- მორწმუნე ადამიანისთვის სათამაშოსავით გასაბერი ეკლესიის აქეთ-იქით ტარება და სხვა მსგავსი პერფორმანსები რამდენად მისაღებია? - მე მორწმუნე ვარ და ვცდილობ, ყოველთვის სიმართლე ვილაპარაკო, კრიტიკას არ მოვერიდო და ვაკეთო ის, რისიც გულწრფელად მწამს. სინამდვილეში, არაქრისტიანულია ტყუილების ლაპარაკი, თვალთმაქცობა, ცრუდაპირებების გაცემა, არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა, თუნდაც ეს შიშით იყოს განპირობებული. ქრისტე სწორედ იმიტომ გააკრეს ჯვარზე, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესები გააკრიტიკა. მისი სიმართლე იმდენად მწარე აღმოჩნდა, რომ ვერ აპატიეს და ჯვარზე გააკრეს. ქრისტიანი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც მას მიაჩნია სწორად და არა ისე, როგორც საზოგადოებაშია მიღებული. ვერ დავიკვეხნი იმით, რომ ასი პროცენტით ყველაფერს ასე ვაკეთებ, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, ვცდილობ მაინც.

- თქვენი ასევე სკანდალური პერფორმანსები მარიხუანასთან დაკავშირებით როგორ აიხსნება - პოპულარობისთვის აკეთებდით ამას, თუ მართლა ფიქრობთ, რომ მარიხუანა თაობებს არ ღუპავს?

- მარიხუანასთან დაკავშირებული პერფორმანსები პოპულარული სულაც არ იყო, პირიქით, ბევრი გინება და აგრესია მივიღეთ. დღემდე ვძულვართ ხალხის ნაწილს ამის გამო. მარიხუანის თემა გამოვიტანეთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის აგვეხსნა თავისუფლების არსი.

- როგორია თავისუფლების არსის თქვენეული გაგება?

- ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა და რასაც უნდა, იმას უზამს, თუნდაც ზიანს მიაყენებს. ადამიანს აქვს შეცდომის დაშვების უფლებაც. შეცდომების გარეშე ცხოვრებას ვერ ისწავლის. შეიძლება, შენ ეს ყველაფერი არ მოგწონდეს და ფიქრობდე, რომ ეს საზიანოა, მაგრამ შენი შეხედულება სხვას არ უნდა მოახვიო. ადამიანებმა იციან, რომ სიგარეტის კუპრი მავნებელია, მაგრამ მაინც ეწევიან. სხვათა შორის, პერფორმანსებს თავისი პლუსიც აქვს: საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევი, რაც თავის მხრივ, საშუალებას გაძლევს, ადამიანებს რაღაც აუხსნა. 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველა მიმართულებიდან ინფორმაცია მოდის, ძალიან რთულია, ადამიანებს შენი სათქმელი გააგებინო. ეს ფორმატი კი საშუალებას იძლევა, ცოტა ხანს მაინც, ვიდრე გიყურებენ, მაშინ მაინც მოგისმინონ. "გირჩის" შემთხვევაში, ეს ნამდვილად წარმატებული სტრატეგიაა.

- არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ახალგაზრდებს ჯანმრთელი ცხოვრების მაგალითს უნდა აძლევდეს?

- მე ვინც მიყურებს, ხედავს, რომ რეგულარულად ვვარჯიშობ, ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ფუნქციაა, სხვებსაც იგივე მოვუწოდო. ზოგიერთი პოლიტიკოსი ხალხის დასანახავად, ხან ფეხბურთს თამაშობს გადმოგდებული ღიპით, ხან ორ კილომეტრს გაირბენს და მერე ვეღარ სუნთქავს. მათი სპორტული ცხოვრება კამერების გამორთვასთან ერთად მთავრდება. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ვალია, დავიცვა ადამიანები ნებისმიერი სახის ძალადობისგან, თუნდაც ამ ძალადობას სახელმწიფო, პოლიცია ახორციელებდეს. ყველა თავისებურად ეჭიდავება ცხოვრებას, ზოგი - ალკოჰოლით, ზოგი - კანაფით...

- დღეს არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას როგორ შეაფასებთ და რაში ხედავთ გამოსავალს?

- კრიმინოგენული ვითარება ძალიან მძიმეა და მგონია, რომ ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირეა: ადამიანი სხვის ქონებას მაშინ ხელყოფს, როდესაც თავად არ აქვს. ამას ემატება საბჭოთა გადმონაშთი - ქურდული მენტალობა და ქუჩური გარჩევები. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სამუშაო ადგილების შექმნა და კრიმინალთან, ქურდულ მენტალობასთან ბრძოლა. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არც სამუშაო ადგილებს ქმნის და არც კრიმინალს ებრძვის. უფრო მეტიც, თანამშრომლობს ქურდულ სამყაროსთან. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ალაგებენ სიტუაციას საარჩევნო უბანზე უბნის "ავტორიტეტები".

- არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა საბოლოოდ გადაწყვიტეთ?

- "გირჩი" დამოუკიდებლად გავა საარჩევნო მარათონზე. თუმცა, ჩვენ კოორდინაცია გვქონდა და გვაქვს კიდეც ოპოზიციასთან. თუ რამე არ შეიცვლება, მომავალშიც გავაგრძელებთ კოორდინირებულ მოქმედებას.

- საერთო მაჟორიტარულ სიაში "გირჩის" ვერც ერთი წევრი რომ ვერ მოხვდა, არ განაწყენდით?

- არა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ "გირჩი" ჩახსნოდა ამ საერთო სიას, ყოველ შემთხვევაში, თბილისში.

- თქვენი აზრით, როგორი არჩევნები გვექნება?

- ფაქტია, რომ ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნები გვექნება. არ ვიცი, რა შედეგით დასრულდება, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ერთიან ხედვაზე ჩამოყალიბებას შევძლებთ. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერს ველოდები, რადგან ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზეა გადასული. ერთადერთი, რაც მათ აკავებთ, დასავლეთის ზეწოლაა. იმედი მაქვს, დასავლეთის ზეწოლის შიშით, არჩევნებსაც მშვიდობიანად ჩაატარებენ.

ხათუნა ბახტურიძე