თორნიკე შენგელიას წარმატების გზა ჩემპიონობამდე - გზაპრესი

თორნიკე შენგელიას წარმატების გზა ჩემპიონობამდე

30 ივნისს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. საფინალო მატჩში მისმა "ბასკონიამ" "ბარსელონა" 69:67 დაამარცხა, საჩემპიონო თასი კი შენგელიამ ჩაიბარა, როგორც გუნდის კაპიტანმა. მან "ბასკონიის" გამარჯვებაში ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა, რადგან გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო.

თორნიკეს დედა - ქალბატონი ქეთი შენგელია, რომელიც ადრე თვითონაც კალათბურთელი გახლდათ, თავის ემოციებს გვიზიარებს და შვილის საკალათბურთო გზას იხსენებს:

- თორნიკეს ყველა თამაშზე განსაკუთრებული ემოცია მაქვს, ცხადია, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის ამ საფინალო თამაშის ყურება საერთოდ ვერ შევძელი, ოთახში ჩავიკეტე და მთელი ის დრო ლოცვაში გავატარე. კი მინდოდა ყურება, მაგრამ ვერ ვუყურებდი... ძალიან ვნერვიულობდი, განვიცდიდი. თუმცა, ტელეფონში სტატისტიკას ვნახულობდი და ანგარიშის მიხედვით ვხვდებოდი, როგორი თამაში მიდიოდა. დავხედე, ანგარიში 67:67 იყო, ისევ ლოცვა გავაგრძელე და ბოლო წამებში ვხედავ, რომ 67:69 ჩვენს სასარგებლოდაა! მოვიგეთ! სიხარულის ცრემლები წამსკდა და ახლაც მეტირება, როცა მახსენდება. ეს საოცარი გრძნობაა და მადლობა უფალს ამ დიდი სიხარულის მონიჭებისთვის! ძალიან ბედნიერი ვარ და ყველა სპორტსმენსა და მათ მშობლებს ვუსურვებ ამ განცდას!

GzaPress

- თქვენი მეუღლე თუ უყურებდა ამ დროს თამაშს?

- თავიდანვე ვთქვით, თამაშს არ ვუყუროთ-თქო და ცალ-ცალკე ოთახებში ვიყავით. ორივე კალათბურთელი ვართ და თამაშებს არა მხოლოდ მშობლის თვალით ვუყურებთ, არამედ - პროფესიულადაც. მძიმე განცდები ახლავს. მატჩი როგორც კი დასრულდა, ოთახებიდან გამოვედით და ერთმანეთს ვულოცავდით! მერე, თოკოსაც დავურეკეთ, როცა უკვე მოიცალა. ეკრანზეც ჩანდა, როგორი ბედნიერი იყო! მართალია, პირადი ტიტული არაერთხელ მოუპოვებია, მაგრამ გუნდის და ჩემპიონობის ტიტული არ ჰქონია, ეს მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, ამ ჩემპიონი გუნდის ღირსეული კაპიტანია. ამაღელვებელი გრძნობაა.

- ასეთ დიდ წარმატებებს ყოველთვის დიდი და თავდაუზოგავი შრომა უძღვის წინ. როგორი იყო თორნიკეს პირველი ნაბიჯები საკალათბურთო სფეროში?

- ბავშვობისას, თოკო ჩემი მეუღლის თამაშზე ხშირად დადიოდა და კალათბურთელობა უკვე იმ დროიდანვე უნდოდა. კახა მაშინ უნგრეთში თამაშობდა და თოკოც 9 წლის იყო, პირველად რომ მივიყვანეთ იქ. მახსოვს, რამდენიმე თვის შემდეგ, მწვრთნელებმა მითხრეს, ჩვენი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეს ბავშვი დიდ კალათბურთს ითამაშებს და გასახელებთ. ბავშვები 2-3 წელია, დადიან და ამათ რასაც ვეუბნებით, თორნიკე ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს და გამოსდის, ეს ნიჭი შინაგანად აქვსო. სულ მახსოვს მათი ეს სიტყვები. საქართველოში რომ ჩამოვედით, ნიკო ჩერქეზიშვილთან და ნაირა შაკიაშვილთან იარა რამდენიმე წელი. მერე, როცა ჩემმა მეუღლემ აქტიურ კალათბურთს თავი დაანება, ის თორნიკეს მწვრთნელი იყო.

თორნიკეს არც ერთი თამაში არ გამიცდენია, ვარჯიშებიც კი. ვხედავდი, პროფესიულად დღითი დღე იზრდებოდა და თვითნებურად ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, აშკარად ნიჭიერი იყო. ამას ყველა აღნიშნავდა და მიხაროდა. 14 წლის იყო, როცა ბათუმში კემპი ჩატარდა, სხვადასხვა ასაკის მოზარდებში. ამერიკელი სკაუტი იყო ჩამოსული, რომელიც საუკეთესო მოთამაშეს აირჩევდა და 60 სპორტსმენიდან, მან თოკო აირჩია. პრიზი ვალენსიაში წასვლა იყო. ასე წავიდა 14 წლისა ვალენსიაში. ჩემი მეუღლე გაჰყვა. ზედიზედ სამი მატჩი ითამაშა და უთხრეს, ბავშვს დავიტოვებთო. კონტრაქტი გაუფორმეს.

GzaPress

- თქვენთვის, როგორც დედისთვის, რთული იყო მისი გაშვება?

- მართლაც, რთული იყო, მაგრამ შეგნებით ვუყურებდი, რადგან მისი კარიერული წინსვლისთვის და დონის ასამაღლებლად ეს აუცილებელი იყო. მიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერები ახალი შემოსული იყო და ინტერნეტით მუდმივად გვქონდა კონტაქტი... თორნიკე 1991 წელსაა დაბადებული და მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო მაშინ ყოველ მხრივ - გაყინული, მინებჩამტვრეული დარბაზები, დენს საათობით ველოდებოდით, ვარჯიში რომ ჩატარებულიყო. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სპორტსმენებს ბევრ რამეზე უწევთ უარის თქმა, თუნდაც გართობის მხრივ. ვინც პროფესიულ სპორტს მისდევს, ბავშვობა, ფაქტობრივად, არა აქვს. მიზანდასახულები არიან და იციან, რისთვის მიდიან იქ და რა უნდათ. თოკოც ასე იყო, ზეშრომისმოყვარე; რამდენჯერ ყოფილა, ბავშვებთან თამაშობდა, მაგრამ როცა იცოდა, ვარჯიშზე იყო წასასვლელი, არასოდეს დააგვიანებდა. თავისი საქმე იცოდა და გააზრებული ჰქონდა. არ მეტყოდა, - დედა, ცოტა ხანს დავრჩებიო. სახლში საათს გადასწევდა და დროზე ადრეც კი მიდიოდა, რომ იქ დიდხანს ევარჯიშა, მერეც რჩებოდა, სხვა მწვრთნელებსაც სთხოვდა, თქვენს გუნდთან ერთად ვივარჯიშებო და ბოლოს, ლამის დარბაზიდან აგდებდნენ, - შვილო, წადი სახლშიო (იცინის). მართლაც ბევრი იშრომა. ამის გარეშე არაფერი გამოვა, პლუს ნიჭი, ღვთის წყალობა და რაც მთავარია, შენი საქმე უნდა გიყვარდეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

- მშობლები, როგორც პროფესიონალი კალათბურთელები, რა რჩევებსა და შენიშვნებს აძლევდით?

- კრიტიკული ვიყავი, მისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვდი. ორი საათი გაყინულ დარბაზში ვიჯექი და არ ვიღლებოდი იმის ყურებით, თუ როგორ ვითარდებოდა. ვარჯიშიდან ფეხით მოვსეირნობდით, მერე - "მარშრუტკით" და მთელი გზა განვიხილავდით, რა მომენტში რა როგორ უნდა გაეკეთებინა.

- წაგებას როგორ აღიქვამდა?

- ძალიან განიცდიდა. ყველა ასეა, მით უმეტეს, როცა საკუთარ თავს ბევრს სთხოვ. ხარვეზს ყოველთვის საკუთარ თამაშში ხედავდა და მერე, მის გამოსწორებაზე ფიქრობდა, სულ შრომობდა.

GzaPress

- თორნიკეს ოჯახზეც ვისაუბროთ.

- როგორ მენატრებიან!.. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ თოკოს ასეთი კარგი ოჯახი ჰყავს. სალი უსაყვარლესი გოგონაა და წარმოუდგენელია, არ გიყვარდეს. როცა თორნიკემ გამაცნო, ძალიან მომეწონა. ყოველთვის ვამბობ, - როცა ხედავ, შენი შვილი მეუღლეს ასე ძალიან უყვარს და მასზე ზრუნავს, რა არის დედისთვის ამაზე მეტი ბედნიერება?! კარიერულ წარმატებასთან ერთად, ოჯახშიც რომ ასეთი ბედნიერია, მადლობის მეტი რა მეთქმის უფლისთვის.

- თქვენ როდის გაგაცნოთ სალომე?

- როცა თორნიკე ბელგიაში თამაშობდა, ჩასული ვიყავი და იქიდან პარიზში წავედით. სალი იქ სამოდელო სააგენტოში მუშაობდა და მაშინ ვნახე პირველად. ულამაზესი გოგონაა და ძალიან მომეწონა. კარგი დედა და მეუღლეა... ბებიობა კი უმაგრესი გრძნობაა. საოცარი ბავშვები არიან, ცელქები, უსაყვარლესები და ღმერთს ვთხოვ, იმდენი ენერგია მქონდეს, რომ შვილებსა და შვილიშვილებს დიდხანს ვემსახურო, მათი წარმატებებისა და სიხარულის გამზიარებელი ვიყო.

თამთა დადეშელი