რა ბედი ელის ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს და რა საფრთხის წინაშე დგას რეგიონის მოსახლეობა
font-large font-small
რა ბედი ელის ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს და რა საფრთხის წინაშე დგას რეგიონის მოსახლეობა
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
დღემდე, არაერთი ვერსია ვრცელდება რუსი "მესაზღვრეების" მიერ ცხინვალში დაკავებული 33 წლის ზაზა გახელაძის გარშემო, რომელიც მეგობართან ერთად, სოკოს საკრეფად იყო გადასული. ოსური მედიის ცნობით, მას იარაღი ჰქონდა, რუს მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო ცეცხლისგან კი მსუბუქად დაიჭრა... ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ გახელაძის ოჯახის წევრები: მათი თქმით, ზაზას მხოლოდ სამონადირეო თოფი ჰქონდა, რომელიც ზოგჯერ თან დაჰქონდა. ძირითადად, სახლში სეიფში აქვს ჩაკეტილი.
იმის გამო, რომ რუსები "საზღვარს" მავთულხლართებით სადაც უნდათ, იქ ავლებენ, იარაღით იქ არავინ დადის, რადგან საქმეს არ გაირთულებენ.
ზაზა გახელაძის ოჯახის ახლობელი, ნანა ბუნტური "გზასთან" საუბრისას ამბობს, რომ ადრეც არაერთხელ დაუკავებიათ სოკოზე წასული და ძალიან კარგად იცის, რა ვითარებაა გარშემო. ამიტომ იარაღი თან ვერ ექნებოდა:


- ახალგორიდან მეუღლისთვის მესიჯიც კი მოუწერია, - რუსებმა დამიჭირეს და ცხინვალში გადაყვანას მიპირებენო. დაჭრაზე არაფერი უთქვამს, მერე, ოსური საინფორმაციოებიდან გავიგეთ, რომ ტერფშია დაჭრილი. ალბათ გაქცევა დააპირა და ტყვია ფეხებში მიაყოლეს. სხვილოს ციხის მიმდებარედ, რუსები ადრე არასოდეს გვინახავს, არც გაგვიგია, გარშემო ოდესმე ყოფილიყვნენ, ახლა კი ადგილი არ არის, ესენი არ დაწანწალებდნენ... კიდევ კარგი, იმ მეგობარმა გაქცევა მოასწრო, სწორედ მან აცნობა ოჯახს ზაზას დაკავების შესახებ. თავად მას, მერე დაარეკვინეს.
- დაკავების შემდეგ თუ ჰქონდა გახელაძეს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირი?
- არა, შემდეგ არ ჰქონია. მოხუცი დედ-მამა და სამი შვილი ჰყავთ, ტელეფონს და ტელევიზორს არიან მიჯაჭვულები, რას იტყვის ოსური მხარე და იქნებ დაარეკვინონ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისმის. ცხინვალის ციხეში გვყავს და ვმკურნალობთო... მშობლები ძალიან ცუდ დღეში არიან, არ ვიცით, რა ბედი ელის ზაზას, გამოძიება დაწყებულიაო, წერენ ოსები... ზაზას ხანდახან სამხედრო ფორმა ეცვა და ისე დადიოდა. აქაური სოფლის კაცები აქ ხშირად დადიან ასე ჩაცმული. ეტყობა, რუსებს სამხედრო პირი ეგონათ ან რაღაც მსგავსი, ამიტომ ჩაუსაფრდნენ და აიყვანეს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ისე უბრალოდ, მხოლოდ ჯარიმით არავინ გაუშვებს, რახან საქმეში იარაღი ფიგურირებს. არადა, არ ჰქონდა იარაღი.
სოფლის მცხოვრებნი სხვილოს ციხეზე სოკოს საკრეფად ხშირად დადიან, ახლა სოკოს სეზონია და ბავშვებიც კი მიჰყავთ. რუსების საოკუპაციო ხაზი მოშორებით გადის, მაგრამ ამათ რას გაუგებ, სადაც უნდათ, იქ ავლებენ მავთულხლართს. თუ მათ მიერ დაწესებული "საზღვრის" სიახლოვეს ნახეს ვინმე, ჰაერში ისვრიან გაფრთხილების ნიშნად, - არ გაინძრეო და ჩვენებიც, ჩერდებიან. შეიარაღებული რუსები ჯგუფებად დადიან და მათ ვერ გაექცევი... ასე გოჯა-გოჯა გვაჭრიან მიწას, მიაქვთ დამუშავებული ბაღები, ბოსტნეული, ხილი... მიწაზე მუშაობისას იტაცებენ ჩვენს ხალხს, გატაცებული რომ დაბრუნდება, ის ნაკვეთი უკვე მისი აღარ არის. ზაზას მეზობლები ამბობენ, რომ იმ ადგილიდან ადრეც გაუტაციათ ადამიანები, მაგრამ იარაღზე არავის არაფერი უთქვამს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქის უკანონო დაკავება სახიფათო პრეცედენტია. უწყების თანახმად, მალევე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც მიაწოდეს.

რას ამბობს "წითელი ჯვარი"
"წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ახერხებს. მისი კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაია ქარდავას განცხადებით, - კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, პროცესი გახანგრძლივდა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთხელ იყვნენ გახელაძის მოსანახულებლად. მას პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს.
"არ ვიცით, კიდევ როდის შევალთ მის მოსანახულებლად, არ ვიცით, რადგან ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამ ეტაპისთვის, ყველაფერი გავაკეთეთ, გავგზავნეთ ოფიციალური მოთხოვნა დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. თუმცა, შემდეგი ნახვის კონკრეტულ ვადას ვერ ვასახელებთ. ვირუსის გამო, იქ შეზღუდვებია, რაც პროცესს აფერხებს..." - ამბობს ქარდავა.
მისივე თქმით, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის მანდატი გაწერილია და უფლებამოსილება არა აქვთ, დაკავებასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოებულ პროცესებში ჩაერიონ. პროგრამა "ოჯახური კავშირების აღდგენა"-ს ფარგლებში, მათ ადამიანის საავადმყოფოში ან სხვაგან მონახულება შეუძლიათ".

რა ხდება ოკუპირებულ ცხინვალსა და ახალგორის რაიონებში?..
ოსური მხარის ინფორმაციით, 6 ივლისს ცხინვალის მრავალპროფილური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში აღარ ჰყავთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოსული სტუდენტები და სამხედრო კურსანტები იყვნენ. ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად წერდა, რომ კარანტინში გადაყვანილებს გაუსაძლის პირობებში უხდებოდათ ყოფნა, ამიტომ იქიდან უამრავი მათგანი გარბოდა.
ცხინვალის რეგიონში, სულ კორონავირუსის 85 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი კი, ოფიციალური ინფორმაციითვე, რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტი იყო.
აფხაზეთის მსგავსად, რომელსაც ცხინვალთან შედარებით, სხვადასხვა სფეროში ბევრად უკეთესი ვითარება აქვს, რუსეთმა მათაც ჩაუკეტა საზღვარი.
"თავდაპირველი ინფორმაციით, საზღვარი, 15 ივლისს უნდა გახსნილიყო, შემდეგ გაირკვა, რომ ბიბილოვის გუნდმა ეს პროცესი 31 ივლისამდე გადადო... უმძიმესი შედეგის წინაშე ვართ, - ყველაფრის ფასი გასამმაგებულია, პროდუქტის, ტანსაცმლის, მედიკამენტების... ეს თვის ბოლომდე გაგრძელდებაო, ამბობენ, მაშინ, როდესაც ჩვენთვის ყველა დღე მნიშვნელოვანია. ისედაც, სულ რამდენიმე ათეული ტურისტი ჩამოდიოდა, ვისაც მთაში, ნახევრად ველურ პირობებში დასვენება უყვარს, ახლა ამისთვის მხოლოდ ერთი თვე გვაქვს, - თუ შეზღუდვები გაგრძელდა და შემოსულებს ორკვირიან კარანტინში მოუწიათ ყოფნამ, საერთოდ არ ჩამოვლენ, რადგან ყველამ იცის, რა არაადამიანური პირობებია ჩვენს საკარანტინო სივრცეებში. არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ბევრგან წყალიც არ მოდის და არც კვებაა უზრუნველყოფილი... ეს კი, ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის. ამიტომ, იოლი მისახვედრია, რომ ხალხი არ ჩამოვა. ვერც გაემტყუნებათ. თავიანთი დანაზოგით, სადმე, სტაბილურ ქვეყანაში, მშვიდ გარემოში დაისვენებენ", - წერს ანია ცხოვრებოვა.

როგორ მდიდრდება და მტკიცდება ბიბილოვის კლანი პანდემიისას
კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებლის ცნობით, ანატოლი ბიბილოვთან დაახლოებული პირებისთვის, ბიზნესმენებისთვის საზღვარი ყოველთვის ღია იყო. "ხომ ვიცით, ბობოლებმა, რომელთათვისაც პროდუქტის შემოტანა არც ერთი წუთით არ შეფერხებულა, უბრალოდ, ისარგებლეს მდგომარეობით და ყველაფერი გააძვირეს, რატომაც არა?!. ბიზნესის გაფართოებისა და გამდიდრების შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ქართული მხარე ჩაკეტილია, იქიდან ვერაფერი შემოაქვთ, შესაბამისად, მოსახლეობა იძულებულია, ძვირი ფასი გადაიხადოს.
თან ვითომ შეღავათს გვიწევდნენ, ვალში გვაძლევდნენ ყველაფერს, პენსიამდე ან ხელფასამდე. ვინც ხმას ამოიღებს, ქართულ მხარესთან შეკრულს უწოდებენ. ამასობაში, ვიღაცები ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან, შვილებს გზაზე აყენებენ, რუსულ პასპორტებს უკეთებენ და სასწავლებლად ევროპაში უშვებენ. ჩვენ კი გადარჩენისთვის ვიბრძვით. ფასები კი იზრდება..." - წერს ვადიმ კოკოევი.
ანატოლი ბიბილოვისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი, ვლადიმირ პუტინის მეტი ნდობის მოპოვებაა. მოსახლეობაში პროტესტი არის, ოღონდ, ჩუმი. მასშტაბური ვერც ვერასდროს გახდება, რადგან ბიბილოვი მართავს მედიას, რომელიც ცხინვალში ნებისმიერ პოლიტიკოსსა და საზოგადოების აქტიურ წევრს "გააშავებს".
"ყველამ კარგად იცის, ვის და რა ხაზით შემოაქვს ნარკოტიკები ცხინვალში, ყველა გზას ისევ და ისევ გავლენიანი ადამიანების გარემოცვასთან მივყავართ, მაგრამ მათ არაფერი ეხებათ, არც პანდემიის შეზღუდვის პერიოდში ყოფილან უსაქმოდ. ჩვეულებრივად მიდი-მოდიოდნენ ცხინვალი-რუსეთის გზაზე, ვლადიკავკაზში, დაღესტანსა და აფხაზეთშიც კი გადადიოდნენ. მათი ბიზნესი ერთი წამით არ გაჩერებულა. მაშინ, როდესაც ჩვენ ქუჩაში გამოსვლას გვიზღუდავდნენ. ჩემს შვილს საქართველოში გეგმური კვლევა სჭირდებოდა, ვის არ მივმართეთ, ვის არ ვთხოვეთ, საქმე 12 წლის ბავშვს ეხებოდა, მაგრამ არ გაგვიშვეს - იქ ვირუსი მძვინვარებს და გავრცელების შემთხვევაში, ჩვენი რესურსით ვერ გავუმკლავდებითო. არადა, თავად გადაადგილება არ შეუზღუდავთ. საქართველო ყოველთვის მართავდა ვირუსს, რუსეთში დღემდე უმძიმესი სურათია, მაგრამ ჩვენი მაფიოზები მაინც გადაადგილდებიან ისე, რომ ერთი დღითაც არ ყოფილან კარანტინში რომელიმე მხარეს... როგორც ჩანს, ფულიანები ვირუსს ისხლეტენ, - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ვალია ოსეტინსკი..."
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ამჯერად გადავრჩით - მოვარდნილ ღვარცოფს მსხვერპლი არ მოჰყოლია!"
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი