5 შვილის დედისა და მხსნელი ჩურჩხელის ამბავი
font-large font-small
5 შვილის დედისა და მხსნელი ჩურჩხელის ამბავი
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"

მზია შარაშიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდში ცხოვრობს. 33 წლის იყო, როდესაც მეუღლე გარდაეცვალა და 5 შვილის გაზრდა მარტოს მოუწია. თავი რომ გაეტანა და სხვისი ხელის შემყურე არ ყოფილიყო, წლების წინ გადაწყვიტა, ჩურჩხელების ბიზნესი წამოეწყო. გაუმართლა, საქმე კარგად წაუვიდა და დღეს უკვე ბევრმა იცის მზიას გემრიელი ჩურჩხელების შესახებ.


- წარმოშობით აჭარელი ვარ, მაგრამ დიდი ხანია, გურიაში ვცხოვრობ. ჩვენი სოფელი მეწყრულ ზონაში აღმოჩნდა, ხულოს რაიონში, და სახელმწიფომ იქაურები საცხოვრებლად ხობში გადაიყვანა, მაგრამ ბაბუაჩემმა აქ, ბოხვაურში იყიდა სახლი. დედა და ჩემი ერთი ძმა დღესაც აჭარაში ცხოვრობენ, მესაქონლეობას მისდევენ, მეორე ძმა კი გურიაშია. მეუღლეც აჭარიდან იყო, შუახევის რაიონის სოფელ ინწკირვეთიდან. ერთხელ ვიღაცის გასვენებაში მნახა, მოვეწონე და მომიტაცა. 15 წლისაც არ ვიყავი მაშინ. ინწკირვეთი მისასვლელად რთული სოფელია, მაგრამ ძალიან ლამაზი. ჩემი დედამთილი, მაზლი და რძალი იქ ცხოვრობენ. ძალიან გამიჭირდა იქაურობასთან შეგუება და რაკი გურიაში ვიზრდებოდი, მე და ჩემმა მეუღლემ ციხისფერდში ვიყიდეთ სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად და აქ დავმკვიდრდით.
GzaPress- 15 წლის ასაკში დაოჯახებას ალბათ ბევრი სირთულე მოჰყვა, მით უმეტეს, რომ მეუღლეს არც კი იცნობდით...
- მანამდე წესიერად ნანახიც კი არ მყავდა. გაცნობიდან სამი დღე არ იყო გასული, რომ მომიტაცა, მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო, უკან რომ წამოვსულიყავი, დიდ სირცხვილად ითვლებოდა და დავრჩი. რა თქმა უნდა, უცხო ადამიანთან შეგუება და ურთიერთობის აწყობა გამიჭირდა. როგორია, ადამიანს არ იცნობ და მასთან უნდა გაატარო მთელი ცხოვრება, მაგრამ იმდენად თბილი და კარგი ხასიათის ბიჭი იყო, შევეგუე და შემიყვარდა. სულ ცდილობდა, რამით გავეხარებინე. მასთან ერთად გატარებული ერთი ცუდი დღეც არ მახსოვს. თვითონ 24 წლის იყო. მასთან შედარებით, ბავშვი ვიყავი და მართლა, ისე მივლიდა და მიფრთხილდებოდა, როგორც ბავშვს. 28 წლისას უკვე 5 შვილი გვყავდა. 19 წლის თანაცხოვრების შემდეგ გარდაიცვალა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მეზობელს მიეხმარა საქმეში, დაღლილი მინდორზე წამოწოლილა და ფილტვების ანთება დაემართა. არადა, ისეთი ჯანმრთელი იყო, წამალი რა იყო, არ იცოდა. როცა გავიგეთ, გვიანი აღმოჩნდა. სად არ გვყავდა, რა არ ვცადეთ ოჯახმა თუ ნათესავებმა, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. 42 წლისაც არ იყო, რომ გარდაიცვალა.
- 33 წლის ასაკში დაქვრივდით და 5 შვილის აღზრდაზე პასუხისმგებლობა მარტომ აიღეთ. რა დაგეხმარათ სიძნელეებთან გამკლავებაში?
- ძალიან რთული პერიოდი გავიარე. მომხდართან შეგუება მიჭირდა - გარდა იმისა, რომ თბილი და მოსიყვარულე მეუღლე დავკარგე, დამრჩა 5 შვილი, მათ სწავლაზე, ჩაცმაზე, კვებაზე - ყველაფერზე მარტოს უნდა მეზრუნა. მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში დედა ჩემთან ცხოვრობდა, მარტოს არ მტოვებდა. სასაფლაოზე თუ წავიდოდი მხოლოდ, ფეხზე ადგომისა და გარეთ გასვლის არც სურვილი მქონდა და არც ძალა. ბავშვების ცრემლიანი თვალების ყურებას ვეღარ გავუძელი და ერთ დღეს ვთქვი, - მორჩა, ტირილი უნდა დავამთავრო, ამისთვის დრო არ მაქვს, შვილების გვერდით უნდა დავდგე და ცხოვრების გზა უნდა გავუკვალო-მეთქი. როგორღაც ძალა და ენერგია მოვიკრიბე და ჩურჩხელების კეთება დავიწყე.
- გურიაში გაზრდილმა ქალმა ჩურჩხელების ამოვლება და ამ საქმის ბიზნესად ქცევა რატომ გადაწყვიტეთ?
- რამე ისეთი უნდა გამეკეთებინა, რისთვისაც ნაკლები თანხა დამჭირდებოდა და მეტი შემოსავალი მექნებოდა. ეზოში 7 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე თხილისა და კაკლის ხეები მიდგას და ამიტომ გადავწყვიტე, ჩურჩხელების ასხმა და ბათუმის ბაზარში გაყიდვა.
- ჩურჩხელების ასხმა და ამოვლება თუ იცოდით მანამდე?
- არ ვიცოდი. მეგონა, თათარას მოვადუღებდი და გემრიელსა და ლამაზ ჩურჩხელებს ამოვავლებდი, მაგრამ ასე ადვილიც არ ყოფილა ეს საქმე, ამ ყველაფერს ცოდნა ნდომებია. ასხმაში ბავშვებიც მეხმარებოდნენ, ამოვავლებდით და რომ შევხედავდით, გვიხაროდა, ისეთი ლამაზები იყო, მაგრამ გაშრებოდა და ტყდებოდა, იფურცქნებოდა, ობდებოდა. გემრიელი კი იყო, მაგრამ დამტვრეულს ვინ იყიდდა?!. დაახლოებით 6-თვიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, ტექნოლოგია შევისწავლე და გავაკეთე ისეთი ჩურჩხელა, რომელიც არც ტყდებოდა, არც ხმებოდა და არც ობდებოდა. ბევრი კი ვიწვალე, სასურველ შედეგამდე რომ მივსულიყავი, მაგრამ მაინც შევძელი. უკვე 12 წელია, რაც ამ საქმიანობას ვეწევი და "მზიას ჩურჩხელები" ყველას მოსწონს. ერთს კი არა, უკვე ათსა და ოცს ყიდულობენ. ასე გავხდი ცნობილი მეჩურჩხელე (იცინის).
- როგორც ვიცი, ბევრნაირი სახეობის ჩურჩხელას ავლებთ, ხომ?
- ვცდილობ, ყოველთვის სიახლე დავნერგო და რაღაც განსხვავებული შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს. რომ არა კორონა, მურაბებისა და კომპოტების დამზადებასაც ვგეგმავდი, მაგრამ ახლა სიახლეების დრო არ არის - რაც მაქვს, ეს უნდა შევინარჩუნო. ძირითადად, ქართულ ნიგოზს ვიყენებ, ვამზადებ უძაფო, ასაწონ ჩურჩხელას, ჩირებით, ცუკატებით, ასევე, ე.წ. გორგოლაჭებს, გოზინაყს, კლასიკურ კახურ ჩურჩხელებს, ვაკეთებ ბროწეულის წვენითაც და, რაც მთავარია, ყველაფერს ვამზადებ გულიანად. ვინც იოლი ხერხით ამზადებს ამ ნუგბარს, იაფადაც ყიდის - არც მუდმივი კლიენტები ჰყავს და, შესაბამისად, არც ხარისხი ადარდებს. მე კი ნიგოზსა და თხილს სათითაოდ ვარჩევ, გაფუჭებული რომ არ შეჰყვეს.
- რეალიზაციას სად ახდენთ, ოზურგეთში მაღაზიებში აბარებთ?
- გამოფენებში ვმონაწილეობ, ბათუმში იმართება სოფლის ტურიზმის სამდღიანი ფესტივალი "განდაგანა", ტურისტები ჩამოდიან ხოლმე. იქვე ვაკეთებ თათარას, მათივე ხელით ვავლებინებ ჩურჩხელას და დეგუსტაციასაც ვაწყობ. გარდა ამისა, ვაბარებ ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, თბილისში, ასე რომ, ყველგან იციან ჩვენი ტკბილეულის გემო. ვიღებ შეკვეთებს ორგანიზაციებისგანაც, ორლარ-ნახევრიდან ხუთ ლარამდე ღირს, მაგრამ ნამდვილი და ნაღდია. სულსა და გულს რომ დებ ამ ყველაფერში და სხვები ნამუშევარს რომ გიქებენ, ეს დიდ სტიმულს გაძლევს.
- მითხარით, რომ თქვენი საქმიანობის გარდა, აქტიურად ხართ ჩართული სოფლის მეურნეობაშიც.
- სოფლის მეურნეობას აქტიურად მივდევთ, ჩვენთვის საკმარისი ყველაფერი მოგვყავს - გვაქვს ჩხავერის, შავი და წითელი ადესას ჯიშის ყურძენი, 500 მეტრზე ვაპირებთ მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის პლანტაციების გაშენებას, მოგვყავს მანდარინი, ბაღჩაში კი ყველანაირი ბოსტნეული - კიტრი, პამიდორი, ბულგარული და ჩვეულებრივი წიწაკა, ბადრიჯანი, ლობიო, კარტოფილი. ყოველი დღე შრომაში გადის. დილის 6 საათზე ვდგები, ვუვლი ყვავილებს, მერე მარწყვს დავხედავ; ბაღჩაში რომ მოვილევ საქმეს, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე ჩურჩხელებს ვამზადებთ, მერე ისევ მეურნეობა - გვაქვს ქათმები, საქონელი და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველაფერი გვქონდეს ნატურალური. ასე, შრომით მოვდივარ მთელი ცხოვრება.
GzaPress
- ვინმე გეხმარებათ? ძალიან ძნელია, ამდენი საქმის კეთება.
- ჩურჩხელების ასხმასა და გავლებაში, როცა დიდი შეკვეთა მაქვს, მეზობლის ქალებს დავიხმარ ხოლმე. ერთი ჩურჩხელის ასხმაში 5 თეთრს ვუხდი. სხვა დანარჩენ საქმეში კი ჩემი შვილები მეხმარებიან. ბედნიერი დედა ვარ, კარგი შვილები მყავს - 2 ბიჭი და 3 გოგო. უფროსი 28 წლისაა, პატარა - 20-ის. გული მწყდება, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ბიჭებმა სწავლა ვერ შეძლეს, რადგან პატარაობიდანვე შრომობდნენ და კაცის საქმეს აკეთებდნენ, მეხმარებოდნენ, გოგონებმა კი კოლეჯი დაამთავრეს - ორი დიზაინერია, უმცროს გოგოს კი გემრიელი ხელი აქვს და პროფესიად კულინარობა აირჩია. მამა გვერდით არ ჰყავდათ და როცა პატარები იყვნენ, ქალისა და კაცის საქმეს - ორივეს მე ვაკეთებდი. რომ წამოიზარდნენ, ბაღისა და ყანის მოვლაში მეხმარებოდნენ. სკოლა რომ დაამთავრეს, თურქეთშიც გადადიოდნენ სამუშაოდ, ოჯახს რომ არ გასჭირვებოდა. შრომა უყვართ და მიხარია, ასეთები რომ დაიზარდნენ. ხომ ამხელები არიან, ჭიშკრის გადაღმა არ გადავლენ ისე, რომ არ გამაფრთხილონ და არ მითხრან, სად მიდიან. ცდილობენ, არ მანერვიულონ და გული არ მატკინონ. როდესაც გავთხოვდი, მინდოდა, 3 შვილი მყოლოდა. ისე მოხდა, რომ 5 შვილის დედა გავხდი, რისთვისაც უფლის მადლიერი ვარ. რაც ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყანაზე, სწორედ ჩემი შვილები არიან და რომ არა ისინი, ალბათ სულ სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრება. ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა - მე ვფიქრობდი, რომ მათ ვჭირდებოდი და ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, ისინი ფიქრობდნენ, დედას გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთო, და ასე ნელ-ნელა დავდექით ფეხზე. სოფელში რომ იკითხოთ, ალბათ ერთი ადამიანიც არ გეტყვით მათზე ცუდს. შეიძლება, დედამ არ უნდა აქოს შვილები, მაგრამ ბედნიერი ვარ მათი კარგი ადამიანობით. ბოლო დროს რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ჩვენს ქვეყანაში - მოზარდებს შორის ჩხუბი, მკვლელობა... ხშირად ისმის საყვედური როგორც მშობლების, ისე ახალგაზრდების მიმართაც, რომ ისინი დაუნდობლები და აგრესიულები გახდნენ, მშობლები კი ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობენ მოზარდის ამგვარად ჩამოყალიბებას. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. ქალბატონებს, ვისაც მოძალადე მეუღლეები ჰყავთ, ვურჩევ, ნუ გახდიან შვილებს ძალადობის შემსწრეებს. მოძალადე ქმრის ყოლას სჯობს, საერთოდ არ გყავდეს. რომ გავშორდე, მერე როგორ ვიცხოვრო, სად წავიდე და რა გავაკეთოო, - ამაზე არ უნდა იფიქროთ. შვილები მოძალადისგან უნდა დაიცვათ, თუ გინდათ, ისინიც მოძალადეებად არ ჩამოყალიბდნენ. ჯობს, ნაქირავებში იცხოვრო, გაჭირვებაში, მაგრამ ბავშვები სიყვარულსა და სითბოში გაზარდო. მთავარია, ძლიერი იყო, გაჭირვებამ და განსაცდელმა უნდა გაგაძლიეროს. როცა მეუღლე დამეღუპა, ბაზარში ვმუშაობდი, პარკებში ვაშლს ვაწყობდი და ვყიდდი, შვილები რომ მერჩინა. ამაში სამარცხვინო არაფერია. შვილი პატარაობიდანვე უნდა მიაჩვიო შრომას, თუ გინდა, კარგ ადამიანად ჩამოყალიბდეს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ამჯერად გადავრჩით - მოვარდნილ ღვარცოფს მსხვერპლი არ მოჰყოლია!"
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი