მოძალადე ქალები და მსხვერპლის სტატუსის მქონე მამაკაცები
font-large font-small
მოძალადე ქალები და მსხვერპლის სტატუსის მქონე მამაკაცები
"არის შემთხვევები, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე"

ოჯახში ძალადობა აქტუალური და სერიოზული პრობლემაა. მართალია, სახელმწიფო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, მაგრამ ძალადობა ხშირია და არაერთი ადამიანი იხდის სასჯელს ოჯახის წევრზე ძალადობისთვის. თითქმის ყოველდღე უწევთ ძალოვანებს შემაკავებელი ორდერების გამოწერა.
უმძიმესი მოსასმენია მსხვერპლთა ისტორიები. სტატისტიკა მოწმობს - მათი უმრავლესობა ქალია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა პირიქით - ქალები ძალადობენ მამაკაცებზე.


რამდენიმე დღის წინ რუსთავში ცოლმა ქმარს სცემა. ძალადობის ფაქტი მათ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათის შემდეგ, 40 წლამდე მამაკაცს ცოლმა, 30 წლამდე ასაკის ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა 2 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ამ საქმის დეტალებს გამოძიება არკვევს და მამაკაცს სავარაუდოდ, მსხვერპლის სტატუსს მიანიჭებენ.
როდია ეს ერთეული ფაქტი და ამის საჩვენებლად, სტატისტიკას მოვიშველიებთ: შარშან სამართალდამცველებმა 17 594 პირის მიმართ დაიწყეს მოკვლევა ოჯახში ძალადობის ფაქტების გამო, სულ 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მათი უმრავლესობა - 7030 პირი მოძალადე მამაკაცია; შარშანვე, მოძალადის სტატუსი 1 524 ქალს მიენიჭა, ხოლო 7 479 ქალი აღიარეს მსხვერპლად, უმრავლესობა 25 წელზე უფროსია. ძალადობის მსხვერპლად 1 561 მამაკაცი აღიარეს; მათი უმრავლესობა - 741 კაცი 45 წელზე უფროსი ასაკისაა.
წლეულს, მარტო მაისში, შემაკავებელი ორდერი 905 პირზე გამოიცა. დაზარალებულთა უმრავლესობა - 686 ამჯერადაც ქალია. მათგან 359 მსხვერპლი ქალბატონის ასაკი 25-დან 44 წლამდეა, ხოლო 221 ქალი - 45 წელს გადაცილებულია. მაისში მსხვერპლის სტატუსი 168 მამაკაცს მიენიჭა, მათ შორის 17-დან 44 წლამდე ასაკის 72 ადამიანი იყო, 79 მამაკაცი - 45 წელს გადაცილებული. მოძალადის სტატუსი მაისში 674 მამაკაცს მიენიჭა, ამავე სტატუსმინიჭებულ 150 ქალს შორის, უმრავლესობა 25-დან 44 წლამდე ასაკისაა, ხოლო 61 მოძალადე ქალი - 45-ს ზემოთ. ამ დანაშაულებიდან მაისში ფიზიკური ძალადობის 206, ფსიქოლოგიური ძალადობის კი 837 ფაქტია დაფიქსირებული; 10 ფაქტს ეკონომიკური, ხოლო 2-ს სექსუალური მოტივი ჰქონდა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის ძალადობაზე არ არის საუბარი, - შეიძლება, მშობელი შვილზე ძალადობდეს, ქმარი - ცოლზე ან პირიქით, შვილი - მშობელზე და აშ.
სპეციალისტების თქმით, მამაკაცები ცოლის მხრიდან ძალადობის გამო პოლიციას იშვიათად მიმართავენ, მაგრამ როცა ვითარება რთულდება, ისინიც იძულებული ხდებიან, სამართალდამცველებს მიმართონ. კვლავ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე მამაკაცების უმრავლესობა ასაკოვანია; ასეთ შემთხვევებში, უფრო ხშირად, მოძალადეები შვილები არიან. ამის ფაქტიც, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია.
თუმცა ამჯერად, ქალების მხრიდან ყოფილ ქმარზე ძალადობის ფაქტებზე ვისაუბრებთ. ჩვენი რესპონდენტი 46 წლის მამაკაცია, სასამართლომ მას მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა და აცხადებს, რომ ყოფილი ცოლი მასზე მუდმივად ძალადობდა. რესპონდენტის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

46 წლის მამაკაცი:
- წლების მანძილზე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. ძალიან მინდოდა, ცოლად ქართველი მომეყვანა, ამიტომ, როცა ნათესავმა გოგოს გაცნობა შემომთავაზა, უარი არ მითქვამს და შეხვედრაზე დავთანხმდი. 7 წლის წინ გავიცანით მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ერთმანეთი. მერე ისევ მომიხდა ქვეყნიდან წასვლა. ერთმანეთს ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით, ჩვენ შორის გრძნობაც გაჩნდა, ჩამოვედი, ოჯახი შევქმენით და ერთად წავედით უცხოეთში. იქიდან დაბრუნებულებმა ქორწილი გადავიხადეთ. მალე დაფეხმძიმდა. გახარებული ვიყავი, მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრებას ვგეგმავდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ვიზის გამო პრობლემები შეგვექმნა და გარკვეული დროით მარტოს მომიხდა წასვლა. ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის უცხოეთის მოქალაქეობა მომეპოვებინა. საბუთების მოგვარებას დრო სჭირდებოდა, ამიტომ გარკვეული პერიოდი ფეხმძიმე მშობლებთან დარჩა. ყოველდღე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. როცა ჩემი შვილი დაიბადა, საქართველოში ჩამოსვლა ვერ შევძელი, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა. ახალი ნაოპერაციები ვიყავი. 2 თვის იყო ბავშვი, რომ დავბრუნდი იმ იმედით, ცოლ-შვილს წავიყვანდი და ჩემთან ერთად იქნებოდნენ. ამასობაში მოვაგვარე ცოლისთვის ბინადრობის უფლებაც. რადგან იმ ქვეყნის მოქალაქეობა მქონდა, შვილისთვის ავტომატურად შემეძლო, მოქალაქეობა მიმენიჭებინა. მაგრამ მეუღლემ გამომიცხადა, რომ საქართველოდან წასვლას არ აპირებდა. ვარწმუნებდი, რომ ეს აუცილებელი იყო ჩვენი ბედნიერი თანაცხოვრებისთვის: აქ სამსახურს ვერ ვშოულობდი, რამდენიმე წელში მინდოდა იქ კაპიტალი დამეგროვებინა და მერე ფინანსურად მყარად დავბრუნებულიყავი. კატეგორიულად მოითხოვდა, იქიდან ფული გამომეგზავნა მათთვის. შევეწინააღმდეგე, ცოლ-შვილი ჩემ გვერდით მინდოდა მყოლოდა-მეთქი. მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ წასვლას არ აპირებდა. მე დავრჩები დედაჩემთან და მამაჩემთან, შენ იქიდან ჩვენი საჭიროებები უზრუნველყავიო. მერე ისე დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა, ისიც კი მითხრა, შვილს არ განახვებო. არც იმის უფლება მომცა, რომ ბავშვისთვის იმ ქვეყნის მოქალაქეობა მიმენიჭებინა. იმის შიში ჰქონდა, რომ ბავშვს მამა შეუყვარდებოდა და როცა საქმე განქორწინებამდე მივიდოდა, შეიძლებოდა, ბავშვს ჩემთან ცხოვრების სურვილი გამოეთქვა. ერთ-ერთი კამათისას მითხრა: არ დავუშვებ, რომ შეუყვარდეო. ბავშვს ერთნაირად უნდა დედისა და მამის სიყვარული-მეთქი. ეს სიტყვები ვინ იცის, მისთვის რამდენჯერ მაქვს ნათქვამი. საბოლოოდ, საქმე განქორწინებამდე მივიდა. ამის შემდეგ საჩივარი სასამართლოში შეიტანა და ჩემგან ყოველთვიურ ალიმენტს ითხოვდა. გავაპროტესტე, რადგან ასეთი დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ფინანსურად ჩემს შვილს სისტემატურად უზრუნველვყოფდი. დიდი შეურაცხყოფა იყო ჩემთვის სასამართლოში ალიმენტის მოთხოვნა. რომ გავაპროტესტე, მითხრა, რაც ბავშვს სჭირდება, ყველაფერი მაქვს, მაგრამ მინდა, ალიმენტი ოფიციალურად იყოს დაფიქსირებულიო. სასამართლომ ყოველთვე 400 ლარის გადახდა დამაკისრა. იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის, პროცესზეც კი არ მივსულვარ... წლების მანძილზე შვილის ნახვის უფლებას არ მაძლევდა. იძულებული გავხდი, სასამართლოსთვის მიმემართა, ჩემთვის ბავშვის ნახვის საათები რომ განესაზღვრა. ამ დავიდარაბაში ბავშვიც გაიზარდა, მომცეს ნახვის დღეებიც, მაგრამ შვილის სანახავად რომ მივდიოდი, ისეთ სიტუაციას მიქმნიდა, შვილის წამოსაყვანად მისული, უკან მარტო ვბრუნდებოდი. ის ჩემს ყველა მისვლას პატრულს ატყობინებდა და დგებოდა ოქმები: მამა მოვიდა, მაგრამ ბავშვმა იტირა და მამას არ წაჰყვაო. ბავშვის განცდებს ძალიან ვუფრთხილდებოდი და ძალას არასოდეს ვატანდი, მაგრამ სახლში სულ განადგურებული ვბრუნდებოდი. ვხედავდი, მამაზე დედა სულ ცუდ რაღაცებს ეუბნებოდა და აიძულებდა მასთან ურთიერთობა არ ჰქონოდა. საქართველოში დავბრუნდი, ბინაც ვიყიდე, პირობებიც მოვიწყვე, სათქმელი რომ არ ჰქონოდა. ბევრი ვიბრძოლე შვილისთვის, 2017 წელს კი სასამართლოს მივმართე, 2 კვირით ბავშვი ჩემთან რომ ყოფილიყო. მის ადვოკატებსაც პირადად ვესაუბრე. საბოლოოდ დაარწმუნეს ჩემი ყოფილი მეუღლე და ხელი მოაწერა თანხმობას, მაგრამ მეორე დღესვე იჩივლა, - შეცდომაში შემიყვანეს და დოკუმენტზე ხელი იძულებით მომაწერინესო. სააპელაციო სასამართლოში შევიტანე განცხადება და საბოლოოდ, თანხმობა მოვიპოვე, მაგრამ როგორც კი ბავშვი წავიყვანე, მეორე დილით სოციალური მუშაკი დამადგა. ნახა ბავშვის მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები და კმაყოფილი წავიდა. ეტყობა, სახლიდან გასულმა, დედას შეატყობინა, რომ პირობებით კმაყოფილი იყო. ის წავიდა თუ არა, ყოფილმა მეუღლემ დარეკა. მაშინვე ვერ ვუპასუხე და მის ზარს პოლიციის ზარი მოჰყვა: რომ არ დაელაპარაკე, დედამ ინერვიულა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, შემაკავებელი ორდერი უნდა გამოგიწეროო. გამომიწერეს ორდერი და ერთი თვის მანძილზე შვილთან ყველანაირი კომუნიკაცია ამეკრძალა. ეს ვადა გავიდა და ამის მერეც, ბუნებრივია, პერიოდულად ვეკონტაქტებოდი, როცა შვილის ნახვის დღეები მოვიდოდა. 2 წლის წინ ასეთი ფაქტი მოხდა. ერთ დღეს შევთანხმდით, რომ ბავშვს გამოიყვანდა სახლიდან და მე წავიყვანდი ჩემთან. მოვიდა ბავშვთან ერთად, მე და ჩემი შვილი წავედით და რამდენიმე საათში პოლიცია დამადგა სახლში და დამაკავეს. მიმტკიცებდნენ, ბავშვის გადმოცემის მომენტში მეუღლეს ხელი დაარტყიო. თითქმის 3 კვირა გავატარე ციხეში, სანამ ჩემი უდანაშაულობა არ დავამტკიცე. საბედნიეროდ, სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა მიშველა: იქ ასახული იყო ჩვენი შეხვედრის ყველა წუთი. ჩანაწერი ჩემმა ადვოკატმა მოიპოვა და ამ მტკიცებულების შემდეგ გამომიშვეს. მუდმივად ირწმუნებოდა, რომ ჩემს შვილზე ვძალადობდი. სოციალური სამსახურიც იყო საქმეში ჩართული, ფსიქოლოგიც მუშაობდა ბავშვთან და მან დადო დასკვნა, რომ ბავშვი დედის მხრიდან ფსიქოემოციური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ურთიერთობებს ჩემი შვილის ფსიქიკა ეწირება და ეს ჩემთვის ძალზე მტკივნეულია. ერთი პერიოდი ვთქვი კიდეც, თავს დავანებებ და რომ წამოიზრდება, მერე ყველაფერს ავუხსნი და ურთიერთობას აღვადგენ-მეთქი, მაგრამ ვხვდები, ასე შეიძლება, შვილი საერთოდ დავკარგო. შვილზე უარს ვერ ვიტყვი. უკვე ორი წელია, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მაქვს მონიჭებული. მართალია, მასაც აქვს ამ ხრიკებით მსხვერპლის სტატუსი მოპოვებული, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მისი ნამდვილი სახე გამოაშკარავდეს და სასამართლო დარწმუნდეს, თუ ვინ არის რეალურად. ახლა სასამართლოს გზით ვცდილობ დავამტკიცო, რომ ის ჩემგან ძალადობის მსხვერპლი არასოდეს ყოფილა. ბავშვიც ხვდება უკვე, რომ დედა უშლის ჩემთან ურთიერთობას. ბედნიერია, როცა ერთად ვართ და ახლა უკვე სიხარულით მოდის ჩემთან. ამდენი წელია, საქმე სასამართლოში იხილება!.. ბოლომდე ვიბრძოლებ, იმის დასამტკიცებლად, რომ მას ტყუილად მიანიჭეს მსხვერპლის სტატუსი.
სანამ სასამართლო დავა არ დამთავრდება, ეს სტატუსი ექნება. ახლა კიდევ ერთი საჩივარი მაქვს სასამართლოში შეტანილი და ვითხოვ, ბავშვი ჩემთან იზრდებოდეს, რადგან დედის მხრიდან ის მუდმივად ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ფსიქოლოგის დასკვნაშიც წერია ეს და ამის საფუძველზე ვითხოვ, ბავშვი ჩემთან გადმოვიდეს საცხოვრებლად. იმედი მაქვს ამას მივაღწევ. ის ჩემზე შურისძიებით ცდილობს, საკუთარი შვილი დააზარალოს და ფსიქიკას უნგრევს, ამას კი არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ.
ადვოკატები - ლედი ტუკვაძე და მარიამ ლელიძე ამბობენ, რომ ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, მათი დასაცავი მამაკაციც იბრძვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. მასაც ცოლთან კონფლიქტი შვილის გამო აქვს. ეს მამაკაციც ანალოგიურად, პატიმრობას შემთხვევის ადგილზე ვიდეოკამერების არსებობამ გადაარჩინა.
GzaPress
მარიამ ლელიძე:
- არაერთი შემთხვევაა, როცა ქალები ძალადობენ მამაკაცებზე, მაგრამ ხშირად ამის დამტკიცება ჭირს, იმიტომ, რომ სიმართლის დადგენას არ ცდილობს პოლიცია. იყო შემთხვევა, როცა ქალმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ სცემა მამაკაცს, ფეხები ურტყა. იმის ნაცვლად, რომ გაჩუმებულიყო, ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში პოლიციაში დარეკა და შებრუნებულად მოუყვა ამბავს - თქვა, რომ ქმარმა ქუჩაში სცემა. პოლიციამ სასწრაფოდ, შემაკავებელი ორდერი გამოსცა მამაკაცის წინააღმდეგ. ჩვენთან რომ მოვიდა, ის ამბობდა, რომ ცოლის მიმართ არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. მაგრამ პოლიციამ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე კაცი დაადანაშაულა და ორდერი გამოწერა. ამ შემაკავებელ ორდერს გასაჩივრებისთვის ვადა 4 დღე აქვს. მე და ჩემმა კოლეგამ, ლედი ტუკვაძემ სასამართლოში საჩივარი შევიტანეთ. ორდერის გაუქმებას ვითხოვდით. ასეთ დროს მტკიცების ტვირთი შენზეა, ბრალდებულზე, შენ უნდა ამტკიცო, რომ ძალადობა არ ჩაგიდენია. წარმოიდგინეთ, ქალი ამბობდა, რომ იყო მსხვერპლი და მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, სილურჯეები, ნაკაწრები. რადგან კაცს არ მიუყენებია, იყო ეჭვი, რომ მან თვითდაზიანებები მიიყენა.
- თავს რატომ დაიზიანებდა?
- მერწმუნეთ, ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ქალბატონი მანიპულირებდა და ბრალის გამყარების მიზნით, თვითდაზიანებებსაც იყენებდა. ოღონდ მიზანს მიაღწიონ და მამაკაცზე შური იძიონ და დასაჯონ... წარმოიდგინეთ, პირველი ინსტანციის სასამართლოში ქალმა მოიყვანა ცრუ მოწმეებიც და ამბობდნენ, შემთხვევით შევესწარით ძალადობის ფაქტს, შორიდან ვუყურებდით როგორ სცემაო. ცრუ მოწმეები იმასაც აცხადებდნენ, კაცი სისტემატურად სცემდა და სხვა დროსაც შევსწრებივართ მის ძალადობასო... გავედით შემთხვევის ადგილზე და იქ აღმოვაჩინეთ ვიდეოკამერები, რომლებიც მთელ პერიმეტრს მოიცავდა. კადრებით დადასტურდა, რომ მამაკაცის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა და რომ ამბავი საპირისპიროდ განვითარდა. კარგად ჩანდა, როგორ ესხმოდა ქალი მამაკაცს, როგორ ცდილობდა პროვოკაციაზე წამოეგო, მაგრამ მამაკაცი მას არ აჰყვა და გზა განაგრძო. გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა.
რადგან ქალთა მიმართ ძალადობის თემა აქტუალურია და ვითარება გართულებულია, ხშირად მარტო ქალის განცხადებაც კი საკმარისია, შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად, ზოგჯერ პატიმრობასაც უფარდებენ მამაკაცს ისე, რომ საერთოდ არ იკვლევენ, მოხდა თუ არა დანაშაული. უამრავი შემთხვევაა, როცა მამაკაცები არ იჩენენ პრინციპულობას და ბოლომდე არ ცდილობენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.
ლედი ტუკვაძე:
- ამ მამაკაცს ბავშვის ნახვის დღეები ჰქონდა დაწესებული. გარეთ, ქუჩაში შეხვდა ყოფილ ცოლს ბავშვის წასაყვანად. ცოლი ეჩხუბა, წიხლებიც ურტყა და მას შემდეგ, რაც კაცმა სახლამდე მიიყვანა ბავშვი, პოლიციაში გავარდა და განცხადება დაწერა, - ქმარმა მცემა, ჩემზე იძალადაო. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება და შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. ცალკე პრობლემაა ხშირად ცრუ მოწმეები. ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ შორიდან დაინახა, როგორ სცემა კაცმა ყოფილ ცოლს. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის მიუხედავად, პოლიციამ წესით, უნდა ამოიღოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დიდი წვალებით, ბოლოს და ბოლოს, მოვიპოვეთ ეს მასალები და ამ კაცის უდანაშაულობა დავამტკიცეთ. ვერ გაითვალისწინა მხარემ და მისმა ადვოკატმა, რომ შეიძლებოდა, იქ კამერა ყოფილიყო. არადა, ეს ვიდეოკამერა რომ არ ყოფილიყო, წესიერი ადამიანი უსამართლოდ დაისჯებოდა. მაგრამ ყველგან ხომ არ არის კამერები... ეს საქმე ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ახლა ვითხოვთ, ამ ქალბატონმა და მოწმემ, რომელმაც ცრუ ჩვენება მისცა, პასუხი აგონ. ამის პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ სხვა დროს უდანაშაულო ადამიანი არ დაისაჯოს. მართლა წახალისებულები არიან ქალები. მესმის, რომ ყველა დამნაშავემ ძალადობისთვის პასუხი მთელი სიმკაცრით უნდა აგოს, მაგრამ როცა ამბებს თხზავენ, ამისთვის უნდა ისჯებოდნენ.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ამჯერად გადავრჩით - მოვარდნილ ღვარცოფს მსხვერპლი არ მოჰყოლია!"
"ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ"
"ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაძლიერა"
"პირველადი სასწრაფო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს"
გამორჩეული გარეგნობის არაპროფესიონალი ზვიად სპასალარი
ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის და გამოუყენებელი ვაუჩერები
"მეგონა, უკაცრიელ ჯუნგლებში ვიყავი, სინიორ რობინზონივით..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი