ომი, მშვიდობა და ცხოვრება, რომელიც ომმა შეცვალა - გზაპრესი

ომი, მშვიდობა და ცხოვრება, რომელიც ომმა შეცვალა

ყოველთვის, როდესაც ზაფხული მოდის, მეხსიერებაში განსაკუთრებული სიმძაფრით ამომიტივტივდება ხოლმე 1992-1993 წლების აფხაზეთის ომი, ბრძოლები ტამიშთან, ადამიანური თუ არაადამიანური ამბები, ტკივილი, რომელიც არასდროს ნელდება...

ქალბატონ ასმათ გვაძაბიას შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, აღფრთოვანებით მიყვებოდა, თუ რა გამორჩეული ადამიანია, როგორ სწავლობდა შვეიცარიაში, თავად როგორი მასწავლებელია და როგორ მეგობრობს ახალგაზრდებთან. მასთან გასაუბრება მართლაც ძალზე საინტერესო აღმოჩნდა, საინტერესო და იმავდროულად, სევდიანიც...

- აფხაზეთიდან ვარ. გალის რაიონის ქვემო ბარღებში დავიბადე და გავიზარდე. მამა ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი მყავდა და სოფლის სკოლაში ასწავლიდა, თან იმავე სკოლის დირექტორიც იყო. მართალია, 6 წლის ვიყავი, საცხოვრებლად გალში რომ გადმოვედით, მაგრამ მაინც სოფლის სკოლაში დავდიოდი. პროფესიით გერმანისტი ვარ, 1980-90-იანი წლების მიჯნაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე და ასევე, - მეორადი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თუმცა, ჟურნალისტად არასდროს მიმუშავია.

- ციურიხში სასწავლებლად როგორღა მოხვდით?

- თბილისის უნივერსიტეტში სწავლას ვასრულებდი, თბილისში მოწყობილ საერთაშორისო ფესტივალზე - "იყო ადამიანი - ხელოვნებაა" თარჯიმნად რომ ვიმუშავე. მახსოვს, ძალიან ბევრი უცხოელი ეწვია ფესტივალს და ოთხი თარჯიმანი აგვიყვანეს, ოთხივე ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. შუშის მხატვრობასთან დაკავშირებული სტუმრებისთვის ვთარგმნიდი მე. ალბათ ძალიან მოვეწონეთ, რადგან აპლიკაციები შეგვავსებინეს და ჩვენი მონაცემები ფესტივალის ბევრმა მონაწილემ წაიღო, თუმცა, მათი შემოთავაზებები სერიოზულად არც მიგვიღია. სიმართლე გითხრათ, ფაქტობრივად, უკვე ორი ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული და იმ პერიოდში სადმე, უცხოეთში სასწავლებლად ან საცხოვრებლად წასვლაზე არც მიფიქრია! უნივერსიტეტში სწავლა მალევე დავასრულე, გალში დავბრუნდი და განათლების განყოფილებაში უცხო ენის მთავარ სპეციალისტად დავიწყე მუშაობა. ჩემდა გასაოცრად, 7 თვეში შვეიცარიიდან მოწვევა მომივიდა. მწერდნენ, - თქვენ ჩაირიცხეთ ციურიხის უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფილოლოგიის ფაკულტეტის გერმანისტიკის განყოფილებაზეო. ჩემ გარდა საქართველოდან კიდევ ერთი ჩაირიცხა და ისიც - ჩვენი ოთხეულიდან. რასაკვირველია, ძალიან გაგვიხარდა და წავედით. საკმაოდ მაღალი სტიპენდია დაგვინიშნეს - 1.200 ფრანკი, იქვე ვცხოვრობდით და ეს თანხა ყველაფერში გვყოფნიდა, საცხოვრებელსა და კვებაზე. ციურიხში ერთ წელიწადს დავრჩით. სხვათა შორის, მანამდე, 1989 წლის 9 აპრილის პერიოდში, თბილისის უნივერსიტეტიდან ანუ გერმანიის აკადემიური სამსახურის 3-თვიანი გაცვლითი პროგრამით გერმანიაშიც ვიყავი, კერძოდ, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, მაშინ გერმანიაში საქართველოზე მწირი წარმოდგენა ჰქონდათ და ბევრთან გვიხდებოდა ჩვენი ქვეყნის წარდგენა. სწორედ ზაარბრიუკენში გავიცანი საქართველოზე უზომოდ შეყვარებული 7 გერმანელი, რომელიც ქართული ენის შესწავლით დაინტერესდა და ვასწავლიდით კიდეც. მათგან ერთ-ერთი გახლავთ ქრისტა გრუბერი, რომლის ოჯახთან დღემდე ვმეგობრობ.

- უნივერსიტეტში ისე კარგად შეისწავლეთ გერმანული, რომ უცხოელები დააინტერესეთ და ამდენ ქვეყანაში მიგიწვიეს?

- გერმანული მართლა კარგად ვიცოდი და შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ეს უნივერსიტეტების კი არა, უპირველესად, ჩემი სოფლის სკოლის გერმანულის მასწავლებლის - გული როგავას დამსახურება იყო. ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სოფლის სკოლაში გვქონდა ლინგაფონის კაბინეტი, სპექტაკლებს ვდგამდით და ვმონაწილეობდით... ჩემი პედაგოგის დამსახურებით, ჩვენმა სკოლამ ოთხი გერმანისტი გაგვზარდა. სკოლის შემდეგ აღარც მოვმზადებულვარ გერმანულში, ისე ჩავაბარე უნივერსიტეტში.

- ციურიხიდან საქართველოში თბილისის ომისა და აფხაზეთში დაძაბულობის პერიოდში დაბრუნებულხართ. იქ რატომ არ დარჩით?

- სხვათა შორის, ბევრი ახლობელი მეჩხუბებოდა, რატომ წამოხვედიო? არადა, დარჩენის შანსი ნამდვილად მქონდა, რაღაც პროექტებში ჩართვა შემომთავაზეს კიდეც. ჩემმა ახლობელმა შვეიცარიელებმა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ საქართველო, თურმე იცოდნენ თბილისის ომის შესახებ და მიმალავდნენ, - ინერვიულებსო. მე კი გავიგე, მაგრამ დაწვრილებით არაფერი ვიცოდი, რადგან მაშინ ჩვენს ქვეყნებს შორის სატელეფონო კავშირიც შეზღუდული იყო და წერილებსაც ვერ ვიღებდით. ასე რომ, ჩემი ოჯახის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ზოგად ინფორმაციას შვეიცარიაში მცხოვრები ერთი ოჯახისგან ვიგებდი. გერმანიასა და შვეიცარიაში არის საქართველოს მეგობრების გაერთიანება, რომელსაც ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი ადამიანი, ტომას ჰოიზერმანი. ეს კაცი ჩვენს შეხვედრამდე წლებით ადრე მოხვედრილა თბილისში და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნებულა ციურიხში. უზომოდ შეიყვარა ჩვენი ქვეყანა და იქ ყოფნისას ჩვენც დაგვიმეგობრდა. საქართველოსა და ქართველების სიყვარულით ულვაში მოუშვა და ჩოხაც შეიკერა. 1991 წელს ერთად ჩამოვფრინდით საქართველოში და ტაქსის მძღოლს შეუთანხმდა, რუსთაველის პროსპექტთან არ გაგვატაროთ, სხვა გზით წავიდეთო. ესეც იმიტომ გააკეთა, რომ ჩამოსვლისთანავე გადამწვარი თბილისი არ გვენახა. თბილისის ამბები დაწვრილებით, ფაქტობრივად, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავიგე. თბილისში ცოტა ხნით დავრჩი და მერე გალში გავემგზავრე.

მოგვიანებით სწორედ ბატონი ჰოიზერმანის მიწვევით ვიყავით გრიგოლ რობაქიძის ნაკვალევზე - ბევრი ვეძებეთ და ჟენევაში მივაკვლიეთ იმ სახლს, სადაც რობაქიძემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. კარი რომ გაგვიღეს, მღელვარებისგან გული კინაღამ გამიჩერდა. ცხადია, შინ არავინ შეგვიპატიჟებდა, მაგრამ მაინც უბედნიერესი ვიყავი, წარმოსახვით რომ ვხედავდი, როგორ მიუყვებოდა იმ ქუჩას, იმ კიბეს დიდი მწერალი...

GzaPress

- კვლავ თქვენს თბილისში და შემდეგ - გალში გამგზავრებას დავუბრუნდეთ. რამდენ ხანს დარჩით იქ?

- ნელ-ნელა აფხაზეთშიც იძაბებოდა ვითარება. სამი დედმამიშვილი მყავს - ორი ძმა და ერთი და. ომი რომ დაიწყო, ჩემი ძმები სტუდენტები იყვნენ, თბილისში სწავლობდნენ, და გათხოვილი გახლდათ. გალში შემაღლებულ ადგილას ვცხოვრობდით და ჩვენი აივნიდან შესანიშნავად ჩანდა სოხუმიდან მომავალი გზა. საკუთარი თვალით ვხედავდით, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა და როგორ მიდი-მოდიოდა ხალხი. როდესაც აფხაზეთის შუაგულში სიტუაცია მძაფრდებოდა, მშვიდობიანი მოსახლეობა სამეგრელოსკენ იღებდა გეზს და დევნილები გალელ ახლობლებს აფარებდნენ თავს. გალიდან წასვლაზე ფიქრსაც კი არ ვუშვებდით, რადგან გვწამდა, ეს ღალატის ტოლფასი იქნებოდა. 27 სექტემბერს, სოხუმი რომ დაეცა, გასაგები იყო, აფხაზები გალშიც შემოვიდოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დავტოვეთ იქაურობა მე, დედამ და იმხანად იქ მყოფმა ჩემმა უმცროსმა ძმამ. ზუგდიდში ჩავედით და იქიდან მატარებლით წამოვედით თბილისში. ჩემი და თავის ოჯახთან ერთად, სხვა გზით წამოვიდა. მამა არ გამოგვყვა, გალში დარჩა. მერე, ორი თვის განმავლობაში, მისი ადგილსამყოფელი არც ვიცოდით. საშინელება მოხდა ჩემს სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. იქ ჩემი ბებო ცხოვრობდა, დედის დედა, არც მას დაუტოვებია სოფელი, თუმცა წამოსვლა უნდოდა. ბაბუას უთქვამს, რას გვიზამენ მოხუცებს, დავრჩეთო. ოქტომბერში, ომი დამთავრებული რომ იყო, აფხაზები შესულან სოფელში და ბებო მოუკლავთ. ბაბუას იგი ღამით იქვე, ბოსტანში დაუკრძალავს. მამას ამბავი გვიან გავიგეთ: მეზობლის მანქანით უნდა წამოსულიყვნენ, მაგრამ ის მანქანა სხვას წაუყვანია, მამა რამდენიმე მამაკაცთან ერთად დაუჭერიათ აფხაზებს, ოქროებს სთხოვდნენ, მერე ის ხალხი მაინც დახვრიტეს, მამა კი სხვა მეზობლის აფხაზი სიძის წყალობით გადარჩა. ჩვენი სოფლის სკოლის შენობაში ბევრი ახალგაზრდა დაუხვრეტიათ აფხაზებს, 7 ბიჭი კი თურმე ცოცხლად დამარხეს. სოფელში დარჩენილებს ესმოდათ მათი გმინვა, მაგრამ ვერაფრით ეხმარებოდნენ, რადგან ავტომატიანი აფხაზები და მათთან ერთად მებრძოლი მთიელები დარაჯობდნენ იქაურობას. ომის პერიოდში, ბრძოლისას რომ მომხდარიყო ეს საშინელება, კიდევ იტყოდი, გახელებულები არიანო, მაგრამ ომი დასრულებული იყო, არავინ იბრძოდა და ასეთი საშინელება ჩაიდინეს... მამა იქაურ ამბებს არასდროს ჰყვებოდა, მაგრამ მის თვალებში ვკითხულობდი, რა საშინელება გადაიტანა. ბაბუა გადარჩა, კარგა ხანს იმალებოდა და მოგვიანებით "წითელი ჯვრის" საშუალებით გამოვიყვანეთ. ერთხანს თბილისში, თავის მეორე შვილთან ცხოვრობდა, მერე ჩვენთან წამოვიყვანეთ. მახსოვს, ბაბუს ორი ყაბალახი შევუკერე და ერთ დღეს რას ვხედავ? - გამოწყობილა და სადღაც მიდის. რომ ჩავეკითხე, - მე არაფერი დამიშავებია, ამიტომ ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე, თუნდაც ციხეში ჩამსვან, ამისთვისაც მზად ვარო. ვერაფრით შეეგუა აქაურობას და მაინც გალში, სოფელში წავიდა. მერე კვლავ აქეთ გადმოვიდა და ერთხანს ჩემს ბიძასთან, ფოთში ცხოვრობდა. იქვე გარდაიცვალა. ფოთში დავკრძალეთ, მაგრამ იმდენად უნდოდა, თავის სოფელში დაკრძალულიყო, როგორც კი საშუალება მოგვეცა, გალისკენ წავასვენეთ. ეს ეპიზოდი არასდროს დამავიწყდება. ფილმი "ფესვები" ხომ გახსოვთ? - ბაბუას გადასვენება ზუსტად იმ სცენას მახსენებს: ენგურის ხიდთან რომ მივასვენეთ, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი დაგვხვდა - პირობითი საზღვრის სხვადასხვა მხარეს ვიდექით და ყველანი ვტიროდით. ჩვენ ვერ გადავდიოდით, რადგან არანაირი საბუთი არ გვქონდა, რითიც იქით გადასვლის უფლებას მოგვცემდნენ, ამიტომ ბაბუას ნეშტი იქით მდგომ ადამიანებს გადავეცით და ბებიის გვერდით დაუსაფლავებიათ. სამწუხაროდ, იმ პერიოდის ფოტოებიც კი არ შემომრჩა, რადგან გალიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოვასწარით. ის ამბები გაუნელებელი ტკივილია. ვინც მაშინ ფიზიკურად გადარჩა, ბევრი მათგანი ამ ყოფაში სულიერად და ინტელექტუალურად დაიკარგა. თუნდაც ჩემს გერმანულის მასწავლებელზე ვიტყვი - მაშინ, ომი რომ დამთავრდა, ახალგაზრდა იყო და კიდევ რამდენი ადამიანის აღზრდა შეეძლო, რამდენ რამეს გააკეთებდა ქვეყნისთვის, მაგრამ ასეთ ხალხს არავინ მიაქცია ყურადღება. ის ჩემი მასწავლებელი დღესაც ცოცხალია და ვიცი, ამდენი წლის განმავლობაში თავისი სპეციალობით არსად უმუშავია. რა დასანანია, რომ ასეთი ხალხი ქვეყანამ ვერ გამოიყენა. რაც შემეხება მე, ოჯახი არ შემიქმნია, დღემდე თბილისში ვცხოვრობ, სამეცნიერო კუთხით არ ვმუშაობ, პედაგოგი ვარ და გერმანულს ვასწავლი. ლექსებსაც ვწერ, თუმცა საკუთარ თავს პოეტს არასდროს ვუწოდებ. იმ ომმა ძალიან შეცვალა ადამიანების ცხოვრება, მათ შორის - ჩემიც და ალბათ, ის რომ არა, ბევრი რამ სხვაგვარად წარიმართებოდა.

ირმა ხარშილაძე