"ჩერნობილელები" ხელისუფლებას გაუქმებული შეღავათების აღდგენას სთხოვენ - გზაპრესი

"ჩერნობილელები" ხელისუფლებას გაუქმებული შეღავათების აღდგენას სთხოვენ

ქართველი "ჩერნობილელები" აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ისინი მიტოვებული ჰყავს და მათზე არავინ ზრუნავს. არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ ერთ დროს სრულიად ახალგაზრდები რადიაციულ ტერიტორიაზე ისე ჩაიყვანეს, მათთვის არავის უკითხავს, სურდათ თუ არა საკუთარი სიცოცხლის სასწორზე დადება. მათი უმრავლესობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში იყო გაწვეული. ბევრი რეზერვისტიც ჩაიყვანეს იქ, სამსახურებიდან მივლინებულებიც. ჩერნობილში ასევე აღმოჩნდნენ 18-19 წლის გოგონებიც, პროფტექნიკუმების კურსდამთავრებულები. თურმე, მათ უმრავლესობას ოჯახი არ შეუქმნია. ვინც ოჯახები შექმნა, მათ ნაწილს შვილები სხვადასხვა დაავადებით გაუჩნდათ (დაახლოებით 350 ბავშვზეა საუბარი) და მუდმივად შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწევდათ. ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოდან 2 000 ადამიანი მონაწილეობდა. ე.წ. ლიკვიდატორთა 90 პროცენტზე მეტს ჯანმრთელობა შეერყა და მათ უდიდეს უმრავლესობას დღეს პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი აქვს.

ურთულესი დღეები გამოიარეს, დასხივდნენ, დაინვალიდდნენ, ბევრი უკვე გარდაიცვალა, ხოლო ცოცხლებს დღემდე სჭირდებათ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ამბობენ, მთავრობა ჩვენზე არ ფიქრობს, წლებია, ის შეღავათებიც აღარ გვაქვს, რაც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გვქონდაო.

ბატონი ვაჟა ჩადუნელი წლებია, საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის თავმჯდომარეა და იბრძვის ჯანმრთელობაშერყეული ხალხის უფლებების დასაცავად. ყველა უწყებას აწვდენს ხმას, ცდილობს, ხალხის გასაჭირი ხელისუფლებამდე მიიტანოს, მაგრამ როგორც ამბობს, მათი არავის ესმის.

ვაჟა ჩადუნელი:

GzaPress- როცა "ნაცმოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში, მოქმედი კანონი გაგვიუქმეს და მოგვიხსნეს ის შეღავათები, რითაც ვსარგებლობდით. ავტეხეთ ხმაური, არასამთავრობო ორგანიზაციები დაგვიდგნენ გვერდით, პარლამენტს ვთხოვეთ, ამ პრობლემის მოგვარებაზე ეფიქრა, მაგრამ - უშედეგოდ. პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი იყო. შეგვპირდა დახმარებას, მაგრამ... მარტო ჩვენ არ ვიყავით ამ პრობლემის წინაშე: ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვეტერანები და ავღანეთში ნამყოფი ხალხი. ბევრი ბრძოლის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ "ჩერნობილელებს" და "ავღანელებს" აღუდგებოდათ დახმარებები.

კარგად მახსოვს, 2008 წლის მაისში შევხდი ბოლოს გიგი წერეთელს, კანონპროექტიც შედგენილი იყო და მაშინ შეგვპირდა, - ახლა ვეღარ ვასწრებთ საკითხის გატანას, ვერც "ჩერნობილელების" და ვერც "ავღანელების", მაგრამ სექტემბერში პირველსავე სხდომაზე განვიხილავთ ამ საკითხს და შეწყვეტილი შეღავათების აღდგენა მოხდებაო. მერე 2008 წლის აგვისტოს ომი მოხდა და საერთოდ აღარავის გავხსენებივართ.

- შევარდნაძის დროს ვეტერანის პენსიასთან იყო გათანაბრებული "ჩერნობილელების" პენსია, არა?

- დიახ, ქვეყანაში პენსია 8 ლარი რომ იყო, სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულების დროს დაინვალიდებულები გაგვაიგივეს ომის მონაწილეებთან და ჩვენი პენსია 45 ლარი იყო 2003 წლამდე. იმ 45 ლართან ერთად, გვქონდა კომუნალურებზე შეღავათები და გვირიცხავდნენ სამ ლარს. 2003 წელს ამ კანონის გაუქმება რომ გავაპროტესტეთ, მხოლოდ კომუნალურის თანხა დაგვიტოვეს, უბრალოდ, 3 ლარი გახდა 7 ლარი ინვალიდებისთვის. "ნაციონალების" მოსვლის შემდეგ ჯანდაცვის შეღავათების დიდი ნაწილიც გაგვიუქმდა. მაშინდელ ხელისუფლებასთან ბევრი საუბრის შემდეგ, პირველი ჯგუფის ინვალიდებისა და ვეტერანებისთვის ცოტა შეღავათები დარჩა. არადა, ძალიან ვემადლიერებით ვაჟა ლორთქიფანიძეს, რომელიც წლების წინ სახელმწიფო მინისტრი იყო. მაშინ შეხვედრა მოვაწყვეთ, ახალი კანონპროექტიც კი შექმნილი იყო, მთავრობა, კომიტეტები გავლილი ჰქონდა, ჩვენი საპენსიო უზრუნველყოფა გათანაბრებული იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან, მაგრამ ყველაფერი აირ-დაირია, გამზადებული კანონპროექტი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

- დღევანდელი ხელისუფლებისთვის არ მიგიმართავთ თხოვნით?

- მოვახერხე, ბიძინა ივანიშვილისთვის მიმეწვდინა ხმა, ავუხსენი ჩვენი მდგომარეობა. სირცხვილია, 7 ლარს რომ გვიხდიან-მეთქი. მაშინ ივანიშვილი ჯერ გორში, მერე ქუთაისში სიტყვით გამოვიდა და თქვა, "ჩერნობილელები" გვყავს მისახედიო, მაგრამ სიტყვა მხოლოდ სიტყვად დარჩა; ამდენი წელია, ხელისუფლებაში არიან და არავის გავხსენებივართ. მერე სასწაული მოხდა, ის 7 ლარიც მოგვიხსნეს. ახლა როგორც მესმის, ზოგს აღუდგინეს ეს 7 ლარი, მაგრამ ყველას - არა... ბათუმში გარდაგვეცვალა ერთი "ჩერნობილელი", ინვალიდი ბიჭი, რომელსაც ამ 7 ლარს აძლევდნენ. დამირეკა ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა: ვერაფრით ვეხმარებით ოჯახს და იქნებ ის შვიდი ლარი მაინც არ მოუხსნანო. როგორი სათქმელია ამ სათხოვარზე უარის თქმა, მაგრამ მომიწია ამის გაკეთებამ: სანამ მისი ცოლი საპენსიო ასაკის არ იქნება, ვერ დაუნიშნავენ-მეთქი. ეს სირცხვილია. ასეთი უყურადღებობა, ასეთი უსულგულობა და არაადამიანური დამოკიდებულება აუტანელია. ყველა ჯანმრთელობაშერყეული ხალხი ვართ, პირადად მე, სამჯერ მაქვს ინფარქტი გადატანილი, ინსულტიც, სტენტები ჩამიდგეს გულში. საშინლად შერყეულია იქ ნამყოფი ხალხის ჯანმრთელობა და ასეთი ადამიანებისთვის შეღავათების გაწევა რატომ იქცა პრობლემად?!.

- ჩერნობილში ნამყოფი ადამიანების რაოდენობა დღეს ბევრი აღარ იქნება...

- მართლაც, აღარ ვართ ბევრი. შარშან შემოდგომაზე გამოვითხოვე სტატისტიკა რაიონების მიხედვით. სულ 2 000-ზე მეტი ადამიანი იყო გაწვეული ჩერნობილში, ორი მესამედი აღარ ვართ ცოცხალი. დღეს ალბათ 550, მაქსიმუმ 600 ადამიანი იქნება დარჩენილი... 65 წლის ასაკის შესრულების შემდეგ, დამატებით გვაძლევენ ვეტერანებს 22 ლარს; თუ არ ხარ 65-ის, არც მაგას გაძლევენ. როცა ამ საკითხზე ვხვდები ხელისუფლების წარმომადგენლებს და ვესაუბრები, ისეთ პასუხებს ვისმენ, ლამის ჯიბეში ჩავიყო ხელი და ის ხურდა, რაც მაქვს, მათ დავუტოვო...

ყველა "ჩერნობილელს" ახლა ინვალიდობასაც ვეღარ "ვუკეთებთ", არქივიც კი გაუქმდა და ამ სტატუსის აღიარებაც ვერ მოხერხდება. არადა, ხალხმა თავის დროზე უარი თქვა ამ სტატუსზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მუშაობის უფლება ჰქონოდა. მრცხვენია ლაპარაკი შვიდ ლარზე, მაგრამ ბევრი ამასაც არ იღებს და არც ის ვიცი, ვინ გასცა ბრძანება ამ შვიდი ლარის გაუქმების? მით უმეტეს, მერწმუნეთ, ეს თანხა ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროში სერგეენკო რომ მოვიდა, გვეგონა, გვეშველა. ის უკრაინელია და ხომ უნდა სცოდნოდა, რა უბედურება დატრიალდა ჩერნობილში, მაგრამ დახმარების ნაცვლად, სწორედ მის დროს მოგვიხსნეს ეს დახმარება. მესმის, სახელმწიფოს უჭირს, მაგრამ ჩვენ ხომ საკუთარი სიცოცხლე გაგვარისკინეს და პენსია მაინც არ უნდა გვქონდეს სანატრელი, ამხელა უბედურებაგამოვლილ ადამიანებს.

გარდაცვლილების ოჯახების დახმარებაზე ხომ საუბარი საერთოდ ზედმეტია. ახლა, პანდემიის დროს, 65 წლამდე პირველი ჯგუფის ინვალიდებს თვეში 100 ლარი 6 თვის განმავლობაში ერიცხებათ. 65 წლის ზემოთ, როცა ასაკობრივი პენსიის დრო მოდის, უქმდება ინვალიდობა და ყველას ჩვეულებრივი პენსია ერიცხება. ვფიქრობ, ესეც შეგნებულად კეთდება, რომ გაყალბდეს სტატისტიკა და წარმოაჩინონ, ვითომ არ ჰყავთ ამდენი ინვალიდი. ანუ ჩვენ, ასაკობრივი პენსია ვისაც გვაქვს, ეს 100-100 ლარი არ დაგვერიცხა. ჰოდა, ბევრი ვიბრძოლეთ, რომ კუთვნილი მიგვეღო. მადლობა ღმერთს, ამას მაინც მივაღწიეთ.

ჩვენი მეორე რესპონდენტიც ნამყოფია ჩერნობილში, მაგრამ ბატონი ვაჟა ჩადუნელისა და სხვებისგან განსხვავებით, მას მხოლოდ ჩერნობილის მონაწილის სტატუსი აქვს. 50 წლისა გავიდა პენსიაზე. თუმცა, ეს წლები სულ მუშაობდა და ამჟამადაც, ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაშია დასაქმებული, ამიტომ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ:

- მხოლოდ მონაწილის სტატუსი მაქვს, ამიტომ არანაირ დახმარებას არ ვიღებ. მარტო 7 ლარი მერიცხება და ჩვეულებრივი პენსია. ადრე მონაწილეებზეც იყო დიდი შეღავათები, კომუნალურ გადასახადებს, ბინის ქირის მხოლოდ 50 პროცენტს ვიხდიდით. გათავისუფლებულები ვიყავით საშემოსავლო გადასახადებისგან, მაგრამ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველა შეღავათი მოხსნეს და მარტო საშემოსავლოსგან გაგვათავისუფლეს. მოქმედმა ხელისუფლებამ კი, 2013 წლის მარტიდან ეს შეღავათიც გააუქმა. არც ჯანდაცვის პროგრამის შეღავათები მაქვს. ჩვეულებრივად, როგორც პენსიონერი, სახელმწიფო პროგრამაში ვარ ჩართული. ხელფასიდან სულ მექვითება საშემოსავლოს 20 პროცენტი. ჩერნობილის მონაწილის სტატუსი ალბათ, 20-მდე ადამიანს თუ ექნება. ბევრი კი არ ვართ, რომ სახელმწიფოს გაუჭირდეს ჩვენთვის შეღავათის გაწევა. გული მწყდება, რადგან რუსეთსა და უკრაინაში ჩერნობილში ნამყოფი ადამიანები დაფასებულები არიან და საკმაოდ სოლიდურ პენსიას იღებენ, აქვთ შეღავათები, ჩვენ კი... რა, ჩვენ არ დავზარალდით?! ხელისუფლების უნიათობის გამო, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ საბუთი, რომ თავის დროზე ჩერნობილში წაიყვანეს, ცდილობენ, რუსეთის ან უკრაინის მოქალაქეობა მიიღონ და იმ ქვეყნებში აიღონ ღირსეული პენსია.

თეა ხურცილავა