ლიახვის ხეობის უკანასკნელი მოჰიკანები - გზაპრესი

ლიახვის ხეობის უკანასკნელი მოჰიკანები

ცხინვალში გაზრდილა და სოფელ ქურთაში გათხოვილა. მას შემდეგ იქ ცხოვრობდა, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომის გამო იძულებით არ დატოვა იქაურობა. ქალბატონი მანანა ოთინაშვილი ლიახვის ხეობაში 25 აგვისტომდე დარჩა; ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც ხეობა დატოვა და იქ ჩარჩენილმა მოსახლეობამაც - ასაკიანმა ადამიანებმა მისი დახმარებით გამოაღწიეს სამშვიდობოს.

მანანა ოთინაშვილი:

- 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში მომხდარი ყველა მოვლენის მომსწრე ვარ. 90-იანებში ჩვენი ხეობის ბიჭებისგან ერთი მუდმივხელფასიანი ქართული ქვედანაყოფი მაინც რომ შეექმნათ, გაცილებით უკეთ არ დაიცავდნენ ისინი ხეობასა და მის მოსახლეობას ოსების თავდასხმებისას? ჩვენებმა ხომ უკეთ იცოდნენ, სად რა ბილიკი იყო, სად უფრო მეტი საშიშროება შეიძლებოდა შექმნილიყო. ისედაც, ოსებთან ურთიერთობასაც ჩვენი ხალხი უკეთ დაალაგებდა, მაგრამ იმჟამინდელი უკანონო ხელისუფლების საბრძოლო დანაყოფებმა გამწვავებულ, საომარ მდგომარეობაში მიგვატოვეს მოსახლეობა და ზვიად გამსახურდიას დაუწყეს დევნა. მაშინ ასე რომ არ მოგვქცეოდნენ, ამ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით... 2000-იანი წლების დასაწყისში, მიუხედავად მუდმივი დაძაბულობისა, ჩემი სამივე ვაჟი ხეობაში დარჩა. ერთ-ერთი, ჰამლეტი აგვისტოს ომამდე, 2005 წელს მომიკლეს, მაშინ მისი მარიტა 8 წლის იყო, პაატა კი - 5-ის. მანამდე სულ ამბობდა, მე რომ ოჯახიანად თბილისში წავიდე, ბევრი მომბაძავს და ასე ხეობა სულ დაიცლება, მერე მაგ შობელძაღლებს დავუტოვო ამისთანა მიწა-წყალიო? ამიტომაც არ მოუცვლია იქიდან ფეხი. ეგ კი არა, 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთი უკანასკნელი ვიყავი, ვინც ხეობიდან წამოვიდა. თქვენ არ იცით, დღესაც რამხელა ტრაგედიაა ჩემთვის ეს ამბავი და ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ტკივილიანი ლექსი მაქვს დაწერილი ჩემს კუთხეზე, იმ დღეებზე...

GzaPress

- თქვენი ჰამლეტი როდის და როგორ მოკლეს?

- ჰამლეტი და კიდევ 3 ახალგაზრდა 2005 წელს დახოცეს. ცხინვალის რეგიონში მაშინ ბეტეერები აცილებდნენ იმ ტერიტორიაზე შემოსულ მანქანებს, მაგრამ ჰამლეტს ცხინვალით გასვლაზე პრობლემა არასდროს შეჰქმნია. ერთხელ ხაშურელმა ახლობელმა დაურეკა, მანქანის გადაფორმება მინდა და მომეხმარეო. ვთხოვე, თამარაშენიდან მამაშენისთვის წამალიც წამომიღე-მეთქი. ეტყობა, გზად მანქანაში თავისი ორი ბიძაშვილი, გვარად ხაჭაპურიძეები და კიდევ ის ხაშურელი ბიჭი ჩაუჯდა. ამ ამბამდე ხეობაში პოლიციელსა და ოსებს შორის ინციდენტი მოხდა და ოთხი ოსი დაიღუპა. მოგვიანებით ოსებისგანვე გავიგე, რომ ჩემი ბიჭი და მისი თანმხლებები ვითომ იმათი სიკვდილისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით დაიჭირეს. ჰამლეტს სამივე თვალწინ მოუკლეს, თვითონ კი ერთ-ერთმა მკვლელმა იცნო და დანარჩენებს უთხრა, ეს ამის და ამის ახლობელია, რამე რომ დავმართოთ, არ გვაცოცხლებსო, - ჩემს შვილს ოსი ნაცნობებიც ჰყავდა. ამიტომ უთხრეს, წადი, არ მოგკლავთო. ჩემს შვილს უპასუხია, - მე რომ წავიდე, ამათ პატრონებს რა ვუთხრა, მე თვითონ მოვიკლავ თავსო და ერთს ეცა, იარაღი რომ წაერთმია. იმან იარაღი შეუბრუნა და ესროლა. მერე მკვდარსაც აღარ მიბრუნებდნენ. კოკოითის შევხვდი და ველაპარაკე, ჩემი შვილის ნეშტი დამიბრუნეთ-მეთქი, ადგილობრივი ტელევიზიითაც გამოვედი, - ოღონდ, ჩემი შვილი იყოს ბოლო მსხვერპლი, შეწყდეს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა და შევრიგდეთ, გპირდებით, ჩემი ვაჟები მის გამო შურს არ იძიებენ-მეთქი. ბორის ჩოჩიევმა მითხრა, - შენ ქალი-ლეგენდა ხარ, ეს რა თქვი, ჩვენი ქალი ამას თავის დღეში არ გააკეთებდაო. ჩემს მეორე ვაჟს კი შესთავაზა, კარგი ოჯახი გქონია, მოდი, 15 კაცი თქვენგან, 15 - ჩვენგან დავსხდეთ მოსალაპარაკებლად. თუ პოლიტიკურ საკითხებს ვერ გადავწყვეტთ, სიტუაცია რომ გავანეიტრალოთ, ერთმანეთის კვლაზე მაინც ავიღოთ ხელიო. ჩემმა ვაჟმა უთხრა, - ჯერ ძმის ნეშტი დაგვიბრუნეთ, შვილებმა მამის საფლავი რომ იცოდნენ და მოლაპარაკებებზე მერე დავსხდეთო. ტომრით მომიტანეს ძვლებად ნაქცევი ჰამლეტი. არც შემიხედავს, მისმა ძმამ ჩაალაგა კუბოში... ჩოჩიევთან შეხვედრისას მეც ვახლდი შვილს, რადგან ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო და მეშინოდა, მისთვისაც რაიმე არ მოეწიათ. იმ შეხვედრის ამბავი სააკაშვილის ხელისუფლების წევრების ყურამდეც მივიდა, ჩემი ვაჟი უშიშროებაში დაიბარეს და თითი დაუქნიეს, ეს შენი საქმე არ არისო. მერე ხმა დაყარეს, მაგ ბიჭს ოსები სათავისოდ ამუშავებენო, არადა, ჩემს შვილს თუ არ უნდა, მე ვერაფერს გავაკეთებინებ, ისეთია. ოსების უშიშროებამ კი მე გამაფრთხილა, თქვენი ვაჟები ცოტა ხნით მაინც გაიყვანეთ აქედან, თორემ საქართველოს უშიშროება რაიმეს აუტეხავს, ჩვენ დაგვაბრალებენ და ხეობაში კიდევ უფრო გამწვავდება ურთიერთობაო. სხვა გზა არ იყო, დროებით ერთი ირანში წავიდა, მეორე - ყაზახეთში...

- 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რა ხდებოდა სოფელში, ხეობაში?

- აგვისტოს პირველ რიცხვებში რომ გვითხრეს, ცხინვალში ქართული ჯარი შევიდაო, იმედი გაგვიჩნდა, რომ ოსები ვეღარ აგვაწიოკებდნენ. ჩემმა ძმამ ვერ მოითმინა, 3 კილომეტრის იქით წავიდა, იქ სოფლები აღარ არის, მსხლის ხეზე ავიდა და დაინახა, როგორ შემოჰყავდათ რუსებს მძიმე ტექნიკა. აღმოჩნდა, რომ ცხინვალსა და გზებზე ქართველები კი არა, რუსის ჯარი შედიოდა. ამან ოსები უფრო გაათამამა, მეტად დათარეშობდნენ, ძარცვავდნენ მაღაზიებს, იპარავდნენ მანქანებს. უფროსმა ვაჟმა ირანში ჩვენზე ადრე გაიგო ეს ამბავი და ყაზახეთში უმცროს ძმას დაურეკა, წადი საქართველოში, ჩვენებს მიხედე და ბავშვები მაინც გამოიყვანე იქიდანო. ჩემი ბიჭი რომ ჩამოვიდა, იქვე მეზობლის პატარებიც იყვნენ, ამიტომ ისინი გავაყოლეთ და მე და ჩემი ქმარი დავრჩით. ჰამლეტის ცოლსაც არ უნდოდა იქაურობის მიტოვება, შვილები არ გაჰყავდა ხეობიდან, - მათ მამას ისე უყვარდა აქაურობა, ჯობია, ყველანი აქ დავიხოცოთო! ბოლოს ჩემმა უფროსმა ვაჟმა კატეგორიულად მოსთხოვა შვილებიანად წამოსვლა და ძლივს დაიყოლია. ჩემს შვილს იმედი ჰქონდა, დაბრუნდებოდა, მაგრამ მას შემდეგ ვეღარ შემოვიდა ხეობაში. სოფელში 20 ოჯახის თითო-ოროლა წევრი დავრჩით. რუსეთის ჯარის დაქირავებული მეომრები, ოსები თუ სხვები, უკვე მხოლოდ ძარცვას აღარ სჯერდებოდნენ, სახლებსაც წვავდნენ. ჩემი და ჩემი დაღუპული ვაჟის სახლი გვერდიგვერდ იდგა. მე იმ სახლს ვდარაჯობდი, ჩემი ქმარი - ჩვენსას. მერე ოსებმა დაგვიბარეს, თეთრი ლენტები შეიბით და მაღაზიასთან გამოდით, იქნებ თქვენი ხელისუფლება მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, რომ ვინც აქ დარჩით, თქვენ მაინც აღარ გაგყაროთო. გავედით, მაგრამ... ორი დღის შემდეგ ისევ იმ ადგილას დაგვიბარეს, - თქვენებიდან არავინ მოდის მოლაპარაკებაზე, ამიტომ იქნებ მოახერხოთ და მშვიდობიანად გახვიდეთ ხეობიდანო. სადაც ცარიელ სახლს ცეცხლს წაუკიდებდნენ, მე და ჩემი ქმარი ჩუმად ვიპარებოდით და ვაქრობდით. მეზობლის ქალი მეუბნებოდა: მაგისთვის დაგიჭერენ და მოგკლავენო. რომელ სახლშიც სამხედრო ჩექმას ან ტანსაცმელს ნახავდნენ, პირველ რიგში, იმ სახლს წვავდნენ, ნივთების გამოსატანად კი ერთი კაცი ჰყავდათ, შუახნის, ყველაფერს მას აზიდინებდნენ. ერთ ხანში შესულ ქალს კონდახი იმიტომ ჩაარტყეს თავში, რომ მის სახლში სამხედრო ბათინკები შენიშნეს. მე მომადგა საწყალი ქალი, თავი მტკივაო. საჭმელი რომ შემოელიათ, მერე ყველანი ერთ სახლში მოვაქუჩე. ცომს რომ მოვზელდი, ამათაც ვაპურებდი და მეზობელ სოფელში, 3 კილომეტრის იქით, მომაკვდავ დედასთან, ძმასთან და ძმისშვილთანაც მიმქონდა (ტირის). ძმისშვილი მამის გამო დარჩა, - ბებია რომ მოკვდეს, მარტო მამა ვერ დამარხავსო. ცდილობდა, არავის მოხვედროდა თვალში. ტრასით კი არ მივდიოდი იმათთან, ბეწვის ხიდი იყო არხზე გაკეთებული და იმ არხის ტროსებზე გავდიოდი 68 წლის ქალი, წარმოგიდგენიათ? პარკით ქატოც მიმქონდა ჩემი ძმის ღორისთვის. გზად ქათმები და ღორები რომ დამინახავდნენ, გამომეკიდებოდნენ. რა მექნა? გზადაგზა ამათაც ვუყრიდი ქატოს, როგორმე რომ ჩამომეცილებინა, რადგან მათი ხმაური შეიძლება ოსებსაც გაეგონათ და მაშინ ნამდვილად მომკლავდნენ. ერთხელ გზაზე ქალი გავიყოლე, მარტო შემეშინდა. ოსების მანქანამ ჩამოიარა და რუსულ-ოსურად გამომელაპარაკნენ, - არ გინდოდათ კარგი ცხოვრება? ახლა ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებით, უნდა წახვიდეთო. იქვე ახლოს რუსების პოსტი იყო და ვიცოდი, იმათი თანდასწრებით არ მესროდნენ, ამიტომ ვკითხე: ხომ თქვენთვის გინდათ ეს ტერიტორია და სახლებს რათა წვავთ-მეთქი? - ახლებს ავაშენებთო. მერე პოსტზე მყოფ რუსებთან მივედი, სოფელში ხალხია დარჩენილი და წითელი ჯვარი გვჭირდება-მეთქი. არ ვიცოდითო და დახმარებას დამპირდა. უცებ მკითხა, ოსები რას გეუბნებოდნენო? ვუთხარი, თქვენი იმედი აქვთ, რომ ახალ სახლებს აუშენებთ-მეთქი. გაეცინა, რუსეთსა და საქართველოს შორის ოდესმე დალაგდება სიტუაცია და მაგათ საით გაისვრიან, ჯერ აზრზე არ არიანო!

GzaPress

ერთ დღესაც მოვიდნენ, მომცეს მეგაფონი და გამომაცხადებინეს, რომ მოსამზადებლად ერთ კვირას აძლევდნენ დროს, ავტობუსებს დაახვედრებდნენ და იმით წამოვიდოდით ხეობიდან. 12 ახალგაზრდა ბიჭი იმალებოდა სოფელში, მათ არ ვიცნობდი და არც გამოჩენილან, არ ვიცი, რა ბედი ეწიათ, შეიძლება ჩახოცეს კიდეც... წითელი ჯვრის ერთ ჩრდილოკავკასიელ ოსს ვთხოვე, ორხიდიანი ავტობუსი სოფლის განაპირამდე მიმაყვანინე, არ მინდა ვინმემ დაინახოს და იქნებ ერთი ბიჭი ჩუმად გამომაყვანინო-მეთქი, ჩემს ძმისშვილს ვგულისხმობდი. ვეცდებიო, დამპირდა და შეასრულა სიტყვა... გული მწყდება, სახელი და გვარი რომ არ ვკითხე... რომ გამოვდიოდით, ცხინვალზე გამოვიარეთ და ქუჩაში მშვიდად მსხდომ ადამიანებს ვხედავდი... ისე მშვიდად იყვნენ, თითქოს ომი არც ყოფილა... სამშვიდობოს რომ აღმოვჩნდი, სხვა პრობლემები გაჩნდა. არსად მიღებდნენ, ადგილი არ გვაქვსო. მერე ჩემი ნამოწაფარი შემხვდა ვარკეთილის 45-ე საბავშვო ბაღში და გამგეს მიუვარდა, უკან დააბრუნეთ და მე მოვუნახავ ადგილს, თორემ ფანჯარა არ დაგრჩებათ მთელიო. ერთხანს იქ ვცხოვრობდი. არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამომიტოვებია, მიშა სააკაშვილის ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები რომ დაუშინა ხალხს, მეც იქ ვიყავი, 26 მაისის დარბევაშიც მოვყევი, საავადმყოფოშიც მოვხვდი...

ათასი რამ გამოვიარე, მეუღლე გარდამეცვალა, შვილიშვილები დაიზარდნენ, თითქოს ამ ყოფასაც შევეგუეთ, მაგრამ... ყველაფერს ჩემს მიწაზე კარავში ცხოვრება მირჩევნია. ჩემი ბიჭებიც ასე არიან. ჩემი დაღუპული ვაჟის შვილი - პაატა მამის დაბადების დღეს არის დაბადებული, 23 ივლისს. ჩემი ბიჭი წელს 50 წლის გახდებოდა. როგორი ასატანია, ხომ მაინტერესებს, როგორი იქნებოდა 50 წლის ასაკში (ტირის)... ხეობიდან გამოსვლამდე, 18 აგვისტოს ავედი საფლავზე. ეტყობა, დამინახეს და ჭურვი რომ გამოაქანეს, ისეთი ნატეხები ჩამოცვივდა, ვიფიქრე, აქ რომ დავიჭრა, ვერავინ მიპოვის-მეთქი. ისე გამოვრბოდი ამხელა ქალი, მგონი, ბავშვი ვერ დამეწეოდა...

ოსებს ქურთაში ყველა სახლი ბულდოზერით მიწასთან გაუსწორებიათ და საძირკვლების კვალიც წაუშლიათ, მათ შორის - ქალბატონი მანანასიც და მისი დაღუპული ვაჟისაც. ქალბატონმა მანანამ საუბრის ბოლოს მთხოვა, ჩემი ტკივილი ჩემს ლექსებშია თავმოყრილი, ამ ლექსს "ფიქრი" ჰქვია და იქნებ დამიბეჭდოთო:

"ფიქრებით ისევ ხეობაში ვარ,/ და აღარ მინდა თვალის გახელა,/ დიდი ლიახვის მივყვები ნაპირს,/ გზა გამივლია თურმე რამხელა./ ავდივარ ზევით, სამებისაკენ,/ ტაძარი ისევ დაკეტილია,/ ტაძართან მდგარი ვლოცულობ მარტო,/ სანთელი არ მაქვს, ტყუილა მივლია./ შემდეგ მივყვები გზას ხეობისკენ,/ ძე კაციშვილი არავინ მხვდება,/ სახლები გვანან ქუდმოხდილ კაცებს,/ თითქოს დასცქერენ კუბოში ცხედარს./ ღმერთო, რამდენი ვიტანჯო უნდა,/ დრო მაგრად მიჭერს ყელზე მარწუხებს,/ გვირაბის ბოლოს შუქი არა ჩანს,/ და ამის ფიქრი მაქვს და ეს მაწუხებს".

ირმა ხარშილაძე