რატომ ეძებს ირმა ყოჩიაშვილი ექსტრასენს მარია ციმინტიას - გზაპრესი

რატომ ეძებს ირმა ყოჩიაშვილი ექსტრასენს მარია ციმინტიას

ირმა ყოჩიაშვილის სახელი და გვარი რამდენიმე წლის წინ ყველას პირზე ეკერა, რადგან მან შემზარავი დანაშაული ჩაიდინა მეგობართან ერთად და ამისთვის ახლა სასჯელს იხდის... ის რამდენიმე კვირის წინ დამიკავშირდა და მთხოვა, მისი წერილი დამებეჭდა. ერთგვარ აღსარებას, სინანულს ველოდი...

თუ როგორ გაატარა ბავშვობის წლები დედობილ-მამობილთან, რატომ დაიწყო ქუჩაში ცხოვრება და მისტიკური წიგნის წერა, რატომ ეძებს პოპულარულ ექსტრასენსს? - ამ ყველაფერს მისი წერილიდან შეიტყობთ, რომლის სტილიც შეძლებისდაგვარად დაცულია:

"ჩემი თავგადასავალი საკმაოდ მძიმე მოსასმენია. ნაშვილები ვარ. მშობლები, რომლებმაც მიშვილეს, ფიზიკურად ძალადობდნენ ჩემზე, ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არაადამიანურად მექცეოდნენ, სასტიკი მოპყრობითა და წამებით მსჯიდნენ, წამართვეს ცხოვრება, სიცოცხლის სურვილი; არ მქონია ოჯახური გარემო, არასდროს მიგრძნია დედობრივი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემს მეხსიერებაში და ჩემს მოგონებებში ცოცხლობდა მშობელი დედა, რომელიც მზრდიდა; სახლი, სადაც ვიზრდებოდი. დედაჩემი მაღალი, გამხდარი, გრძელ კაბაში ჩაცმული ქალი იყო მწვანე თვალებით, ტალღოვანი გრძელი შავი თმით - დიახ, ასეთი გარეგნობის დედა შემორჩა ჩემს ბავშვურ მეხსიერებას. სახლი იყო 3-სართულიანი, გრძელი თეთრი კიბით, მდიდარი ბიბლიოთეკით, შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სტილით, არქიტექტურით აშენებული და ორნამენტებით შემოსილი - ეს მოგონებები ჩემს მეხსიერებაში ცოცხლობდა... დრო წარსულის ფურცლებს დღითი დღე შლიდა, მაგრამ მე ვიზრდებოდი და სერიოზული ვარაუდები გამიჩნდა, რომ ნაშვილები ვარ. ვიზრდებოდი უცხო ოჯახში, უცხო ადამიანებთან ერთად, არამშობლიურ ქვეყანასა და გარემოში. მიჭირდა ქართულ ენაზე გამართულად საუბარი, ჩემი კალიგრაფიის ამოკითხვა თითქმის შეუძლებელი იყო...

ხშირად არაადამიანური ხმით ვღრიალებდი, ვტიროდი, ნერვიული შეტევები მქონდა, კრუნჩხვებში ვვარდებოდი. მოხეტიალე სულივით დავიარებოდი. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული შეშლილივით ვკიოდი, ოჯახის წევრებისგან ვითხოვდი, რომ ჩემი თავი მშობელი დედისთვის დაებრუნებინათ, საკუთარ სახლში წავეყვანეთ. ის დედა მენატრებოდა, რომელიც ძილის წინ ზღაპრებს მიკითხავდა, მეფერებოდა, გულსა და სულში ვყავდი ჩახუტებული, მაგრამ ამაო იყო ჩემი მცდელობები, რომ დედას შევხვედროდი...

GzaPress

ჩემთვის უცხო იყო იმ ადამიანების მენტალიტეტი, ფსიქოტიპი, სამყაროსეული იდეოლოგია, რომლებმაც მიშვილეს, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობდი და როდესაც ამ თემაზე გადავწყვიტე მესაუბრა, სიმართლე მითხრეს. აღიარეს, რომ მათი ნამდვილი შვილი არ ვიყავი. მათი ქალიშვილი 26 წლის ასაკში გარდაცვლილა და სიკვდილის წინ უთხოვია, რომ ბავშვი აეყვანათ და მის სახელზე გაეზარდათ, გოგონას მისი სახელი უნდა ეტარებინა. დედობილმა და მამობილმა მითხრეს, რომ იძულებული იყვნენ, ასე მოქცეულიყვნენ. მათ აღარ უნდოდათ სხვა შვილის ყოლა, მაგრამ გარდაცვლილი ქალიშვილის უკანასკნელი სურვილი აასრულეს და იმ იმედით შემიყვანეს სახლში, იმ იმედით მიშვილეს, რომ მე მათ შვილის სიკვდილით გამოწვეულ დანაკლისს შევუვსებდი. ცდილობდნენ, ზუსტად ისეთ პიროვნებად და ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი, როგორიც მათი გარდაცვლილი შვილი იყო. და როდესაც ის ჩემში ვერ იპოვეს, ვერ აღმოაჩინეს გოგონა, როგორიც მათ სურდათ, დაიწყეს ჩემზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რომელიც შემდეგი სახის იყო: თუ სახლიდან გარეთ გავიდოდი, თანატოლებთან "წრეში ბურთის" თამაშს, "კლასობანას", "ბამბიქტონს" ან სხვა რამეს მოვისურვებდი, ბინიდან ფურცლებს მიყრიდნენ, რომლებშიც მუქარით სავსე სიტყვებს ვკითხულობდი. მაგალითად, თუ დროზე არ ამოხვალ, ნათესავებს შეგიყრითო ან იძულებით დაგაბრუნებთ სახლში და აღარ გაგიშვებთ არსად, წამებით დაგსჯით, საპირფარეშოში ჩაგკეტავთ ან რამდენიმე დღე გაშიმშილებთო. იყო შემთხვევები, როდესაც დედობილი და მამობილი იატაკის საწმენდი ჯოხებით ჩამორბოდნენ ეზოში ჩემს ამოსაყვანად და ბავშვების თანდასწრებით ფიზიკურად მისწორდებოდნენ.

მაშინ არავინ მედგა მხარში. არანაირი თანაგრძნობის უნარი, ჩემ მიმართ ადამიანურობის გამოჩენა არ მიგრძნია. სხეული ნაიარევებით მაქვს სავსე, ცხელი უთოთი და შუშით მოყენებული ჭრილობები. ერთხელ დაახლოებით 40 ნაკერი მედო ფეხზე. თავში ხშირად და ძლიერად მირტყამდნენ, შედეგად კი უკვე რამდენიმე წელია გაუსაძლისი, ქრონიკული თავის ტკივილი მაწუხებს...

სკოლაში ყოველთვის ბოლო მერხთან ვიჯექი. თანატოლებთან, კლასელებთან არ მქონდა მეგობრული ურთიერთობა, რადგან მუდმივად მამცირებდნენ. დეპრესიული, ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. ექსკურსიებზეც ვერასდროს მივდიოდი, რადგან დედობილ-მამობილი ფულს არ მაძლევდნენ. ის კი არა, ტანსაცმელიც მხოლოდ 2 ხელი მქონდა, რომ გამომეცვალა. ჰოდა, ერთხელაც გადავწყვიტე, ჩემი საარსებო მინიმუმი მქონოდა, საკვებისა და ტანსაცმლისთვის ცოტაოდენი ფული მეშოვა და მიწისქვეშა გადასასვლელში დავჯექი, მოწყალების თხოვნა დავიწყე იმ ბავშვებთან ერთად, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.

სახლიდან წამოსულები, სახლ-კარის გარეშე დარჩენილი პატარები ღამეს ქუჩაში ათევდნენ, მომავალი არ გააჩნდათ. მათი ყოფა ქუჩაში ხეტიალით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებით, ვირტუალური სამყაროების ძებნით შემოიფარგლებოდა. მათი არსებობა სიკვდილის ტოლფასი იყო. ბევრი მათგანი არატრადიციული ორიენტაციის გახდა. ნორმიდან გადახრები, სხვა სახის მიდრეკილებები უჩნდებოდათ და ამითაც თავს ინადგურებდნენ, იღუპავდნენ. საკუთარ ტკივილს, რომელიც შიგნიდან ჭამდა და აწუხებდა თითოეულს, თვითდაზიანებით იყუჩებდნენ თითქოს, ბრიტვით ისერავდნენ ხელებს. ოი, ღმერთო, ახლა ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ, თვალებიდან ცრემლი მდის ძველებურად. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.

ვინ იცის, რამდენი ადამიანი ნატრობს, რომ შვილი ჰყავდეს. მზადაა ამისთვის სიცოცხლე დათმოს და ამ დროს, ზოგიერთი მშობელი, მათგან განსხვავებით, შვილს ქუჩაში ტოვებს, ყიდის, აშვილებს, უპატრონო ბავშვთა სახლში მიჰყავს, უკიდურეს შემთხვევაში კი კლავს. ვაიმშობელი საკუთარ პირმშოს მომავალს უსპობს, არ აძლევს საშუალებას ნორმალური, ადამიანური ცხოვრება ჰქონდეს, იმუშაოს, ჰქონდეს სამსახური და შექმნას ოჯახი, ჰყავდეს შვილები. ზოგჯერ ისე ვარ გამწარებული, აფექტურ მდგომარეობაში ვვარდები და მზად ვარ, ყველა იმ მშობელს საკუთარი ხელით გავუთხარო სამარე, ვინც შვილებზე ძალადობს, თვითმკვლელობამდე მიჰყავს, გარყვნილ ქმედებას სჩადის არასრულწლოვნის მიმართ...

ყველა პრობლემასა და ტკივილზე ღიად, დეტალურად, სრულყოფილად საუბარი მძიმე ტვირთია ჩემთვის. მძიმეა ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენება. ამის გამო არაერთხელ ვცადე თვითმკვლელობაც. სუიციდისკენ მიდრეკილი გავხდი. ერთხელ გზაზე გადავედი და მანქანას ბორბლებში ვუვარდებოდი, მაგრამ ვიღაც კაცმა გზიდან გადმომიყვანა, უკან დამაბრუნა - რას აკეთებო?.. მეორედ, როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოდი, ლიანდაგებთან ვიდექი და ველოდებოდი, როდის გამოივლიდა მატარებელი, ჩემთვის რომ გადაევლო. ასეთი აზრები მეტროში ყოფნის დროსაც მაწუხებდა.

ერთხელ ერთ გოგონასთან დავრჩი ღამით, რადგან მეცხრე სართულიდან ვაპირებდი გადმოხტომას. როცა გეგმის სისრულეში მოყვანა დავაპირე, მეგობარმა შემომისწრო და აივნიდან გადმომიყვანა, ანუ ამჯერადაც გადამარჩინეს...

დრო გადიოდა, სახლში სულ უფრო იშვიათად მივდიოდი. ბოლოს, როცა წამოვიზარდე, თვეები ისე გადიოდა, საერთოდ არ მივდიოდი, მაგრამ ამ ისტორიის გაგრძელებაა ყველაზე უცნაური. საინტერესო, მისტიკით აღსავსე მოვლენები, რომლებიც ბევრისთვის უცხო ხილია, მიუწვდომელი და შეუცნობელი სამყაროა... ჩემს პარალელურ კლასში სწავლობდნენ გოგონები, ისინიც განცალკევებულად, ბოლო მერხთან ისხდნენ კლასში, თითქმის არავის ეკონტაქტებოდნენ. განსხვავებულები იყვნენ ჩაცმულობით, რაც მათ საზოგადოებისგან გარიყვას, ასოციალობას, ანტიპათიას, სიძულვილს იწვევდა. გარემო ფაქტორებმა და მოვლენებმა განაპირობა ჩვენი დაახლოება. აღმოგვაჩნდა საერთო ინტერესები, ოჯახური მდგომარეობა, მენტალობა, სამყაროსადმი დამოკიდებულება, საერთო შეხედულებები, განცდები. მათ მითხრეს, რომ ერთ-ერთ კლუბში, რომელიც რუსთაველზე მდებარეობდა, ასევე საბურთალოზე, ნუცუბიძესა და ლისზე იმართებოდა მეტალ ფესტივალები, კონცერტები. ბილეთებიც დაბალ ფასში იშოვებოდა. ერთ დღეს გადავწყვიტე, რუსთაველზე მეც დავსწრებოდი ამ კონცერტს. როდესაც დავინახე გარემო, იქ შეკრებილი ადამიანები, რომლებმაც გულწრფელად მიმიღეს, ალალად მიღიმოდნენ, მათ მზერასა და გამოხედვაში ჩემი სამყარო ვიპოვე; მათი ენერგეტიკა, ბიოველი შევიგრძენი და ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მათ ჩემში დაიწყეს არსებობა, სიცოცხლე და ცხოვრება, ჩემს სულიერ სამყაროში შემოაღწიეს. მათი სისხლი ჩემს სხეულში მოძრაობდა, ჩემში სახლობდა, ჩემი სასუნთქი ორგანოები სულ სხვანაირი ჰაერით აივსო და განსხვავებულ ჟანგბადს სუნთქავდა, ჩემი გულის პულსი განსხვავებულად ცემდა. მას მერე სრული მეტამორფოზა გამოვიარე, სხვა სული ჩასახლდა ჩემში და 2013 წელს წიგნის წერაც დავიწყე. სიტყვები, წინადადებები ყურში ჩამესმოდა, არაამქვეყნიური, არაადამიანური ხმით. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კადრებს ვხედავდი გახელილი თვალებით, ყველაფერი ფილმის ეპიზოდებივით ტრიალებდა; დედამიწის არარსებულ ფერებს ვხედავდი, როგორც კომის დროს ის პაციენტები ხედავენ, რომლებმაც მძიმე ტრავმები გადაიტანეს...

ვწერდი ჩანახატებსა და ლექსებს აპოკალიფსზე, ანტიქრისტეს მოვლინებაზე, განადგურებულ დედამიწაზე, გვამებით მოფენილ სისხლიან მიწაზე, გარდაცვლილ სულებზე, რომლებმაც სასუფეველი ვერ დაიმკვიდრეს ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეში და პორტალში იმყოფებიან. ვწერდი იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მომავალში უნდა გამეცნო, მათ ცხოვრებისეულ ისტორიებზე. მაგალითად, თვითმკვლელობის მცდელობაზე, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე, განმარტოებაზე, ამქვეყნიური ყოფის სიმძიმეზე, მიტოვებულ სასაფლაოებზე, სადაც მარტო დარჩენილები მკვდრებს დასტირიან მომავალში. გავიცანი ადამიანები, უცნაურ გარემოსა და ვითარებაში, რომლებმაც ჩემი წიგნი წაიკითხეს. ჰოდა, მათ საკუთარი ისტორიები ამოიკითხეს მასში. აღწერილი თურმე სრულიად შეესაბამებოდა მათ ცხოვრებას, ასახავდა მათ გავლილ წლებს, მათ შინაგან სულიერ სამყაროს გადმოსცემდა. იმ ფაქტებს, განცდებს, ემოციებს, შეგრძნებებს, აზრებს, იდეებს, რომელზეც არავისთან უსაუბრიათ. ეს წიგნი დაახლოებით 300 გვერდს შეადგენს. ციხეშიც ვაგრძელებ წერას.

უცნაური რამ მემართებოდა. ქუჩაში ადამიანი მდგარა და მე რაღაც არაადამიანური ძალა მაჩერებდა, მეძახდა და ვხედავდი კონკრეტული პიროვნებისკენ მიმართულ ისარს. ვიცოდი, მე ამ ადამიანის თვალებში უნდა ჩამეხედა და ამ ერთი ჩახედვით ყველაფერი შემეცნო, დამენახა და გადმომეცა. კადრები ალეგორიული მნიშვნელობის იყო, სიმბოლიკას გამოსახავდა, რომელსაც ვშიფრავდი. ვიცოდი და ვხსნიდი ისეთ რამეებს, რაც არასდროს მისწავლია, არასდროს არავის მოუყოლია ჩემთვის. ჩნდება კითხვა: საიდან? რატომ მე? ვინ ვარ? საიდან მოვდივარ ან სად მივდივარ? რატომ მაქვს უფლება, სხვა ადამიანის გონებას, სულს, ცხოვრებას გადაშლილი წიგნივით ვხედავდე? ყველაზე საინტერესო და უცნაური ფაქტი ისაა, რომ გარდაცვლილი გოგონას საფლავზე წარწერაა: "წიგნი იყო შენთვის ყველაზე დიდი საგანძური, რაც კი გაგაჩნდა ამქვეყნად!" ეს წარწერა საფლავის ქვაზე ჩემმა დედობილმა და მამობილმა დაუტოვეს. აქ მიჩნდება კითხვა: შესაძლებელია, რომ იმ წიგნს ვწერდე, რომელსაც ეს გოგო წერდა?.. ასევე, ვხედავდი ადამიანების სიზმრებსაც, სანამ ჩემთვის რაიმეს მოყოლას დააპირებდნენ, გონებაში რაიმეს გაიაზრებდნენ, ვაჩერებდი, არ ვაძლევდი ლაპარაკის საშუალებას და თავად ვუყვებოდი ყველაფერს.

GzaPress

ასევე, ჩემს ბავშვობასთან დაკავშირებით, იმ მოვლენებზე, რომელიც თავს გადამხდა, უცნაური ხილვები მაქვს და ვფიქრობ, ამ ყველაფრის ახსნას მხოლოდ ნათელმხილველი ან ექსტრასენსი შეძლებს, რომელიც ასევე დამეხმარება ჩემი ნამდვილი მშობლების პოვნაში. სამყარო მესაუბრება, რომ ამის დრო მოვიდა. ჟამი დადგა შეხვედრის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მეძებს, ტირის, განიცდის და მოსვენებას ვერ ვპოულობ.

"ტეენტეზე" ვუყურე ექსტრასენსების ბრძოლას, რომელშიც მონაწილეობდა ქართველი მარიამ ციმინტია და მისი ენერგეტიკა შევიგრძენი, ცვლილება განიცადა ჩემმა გულის პულსმა, ჩემმა ფილტვებმა სხვანაირად დაიწყო სუნთქვა. სამყაროს აღქმამ და ხედვებმა სხვა სამყაროში გადაინაცვლა. დამანახვა, რომ ის ჩემი მონათესავე სულია. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებასა და სიცოცხლეში დიდი მისია გვაქვს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გემუდარებით, მუხლდაჩოქილი გევედრებით, თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ ადამიანის შესახებ, მითხარით, როგორ დავუკავშირდე? ვისაც საშუალება გაქვთ, ხმა მიაწვდინეთ, რომ ვეძებ.

მე წერილი დავწერე, რომელსაც ჩემმა მეგობარმა ფოტო გადაუღო და ისინი ციმინტიას "ფეისბუკზე" გაუგზავნა, მაგრამ მგონი დიდი ხანია, ამ გვერდზე არ შესულა და წერილი არც უნახავს... ასევე, ვაჟა-ფშაველაზე მისი სახლი რომ აჩვენეს ტელევიზიით, ის სახლიც კი მშობლიურია ჩემთვის. ასევე, მე მის გარშემო ნანგრევებად ქცეულ სახლს ვხედავ, დესტრუქციული კედლებით, რაც შინაგანი სამყაროა, დანარჩენი კი პირადული საკითხია. არასდროს დავივიწყებ იმ ადამიანების პატივისცემას, რომლებიც შემეხმიანებიან და ამ ადამიანს მაპოვნინებენ.

საუკეთესო ან არაფერი - ეს არის ჩემი დევიზი. სიკეთე ყოველთვის წინ დახვდება ადამიანს. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ საბურთალოზე, პეკინზე ვსეირნობდი. დავინახე, ქუჩაში მოხუცებული კაცი ვაშლებს ყიდდა, ქვემოთ კი ფურცელი ედო, სადაც ეწერა, რომ მის შვილს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. ფულს აგროვებდა, რადგან საკმარისი თანხა არ გააჩნდა. გადავწყვიტე, მცირეოდენით დავხმარებოდი. 50 ლარი მივეცი. მითხრა, - შვილო, ხურდა არ მაქვსო. - არ მინდა ხურდა და არც ვაშლი, ეს თანხა შვილს მოახმარეთ-მეთქი და გზა გავაგრძელე. იმ დღეს, სახლში გვიან ღამით ვბრუნდებოდი და საცხოვრებელ კორპუსთან 50 ლარი ვიპოვე. ეს დღე, ეს საათი და წუთი ყოველთვის მემახსოვრება. სხვათა შორის, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ღმერთი ჩემ გვერდითაა, მას ვუყვარვარ, არასდროს მიმატოვებს ადამიანებისგან განსხვავებით. იმედია, ახლაც გადმომხედავს მოწყალე თვალით და ვინმე შემეხმიანება..."

წერილის წაკითხვის შემდეგ საშუალება მომეცა, ირმასთვის დამესვა შემდეგი კითხვა: ბიოლოგიური დედა რომ იპოვო, როგორ ფიქრობ, შეძლებს კი ის შენს გაგებას იმ დანაშაულის გამო, რისთვისაც თავისუფლება აღგიკვეთეს? კითხვაზე ირმამ ასე მიპასუხა: - დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა აღმზრდელებს მოვთხოვე ეთქვათ, საიდან ამიყვანეს. მპასუხობდნენ, მოვკვდებით და ამას არ გავაკეთებთო. აშკარად, რაღაცას მალავდნენ. მგონია, რომ ქართველი არ ვარ და სხვებიც სულ ამას მეუბნებოდნენ. ვინც იცის, იქნებ ჩემს ბიოლოგიურ დედას ცოცხალიც არ ვგონივარ, ვფიქრობ, თუ ერთმანეთს ვიპოვით, ის შეძლებს ჩემს გაგებას, ამის დიდი იმედი მაქვს.

P.S. თუ ვინმე შეძლებთ პატიმრისა და ექსტრასენსის დაკავშირებას, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ საკუთარი საინტერესო თავგადასავლები მეილზე: ლ.ქაჯაია@პალიტრა.გე

ლიკა ქაჯაია