"ბიძაშვილები ვართ, მაგრამ ძმებივით გავიზარდეთ" - გზაპრესი

"ბიძაშვილები ვართ, მაგრამ ძმებივით გავიზარდეთ"

ვიდეომ, რომელშიც გადმოცემულია ქართული ცეკვის ახალი სიცოცხლე და ახალგაზრდა ქორეოგრაფების თანამედროვე ინტერპრეტაცია, ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ბექა და ნიკა ნოზაძეები ბიძაშვილები არიან, ბევრს კი ისინი ძმები ჰგონია.

ნიკა:

- ბექა ხუთი წლის იყო, მე კი - ექვსის, მშობლებმა ცეკვის წრეზე რომ შეგვიყვანეს. თავიდან ქართულზე დავდიოდით, სტუდია "თეთრონის" სოლისტები ვიყავით, შემდეგ თანამედროვე ცეკვებზე გადავედით.

ბექა:

- დაუვიწყარი შეგრძნება იყო, პირველად სცენაზე რომ დავდექით. არ იცი, რას იტყვის მაყურებელი, მიგიღებს თუ არა. სცენაზე გასვლა პარაშუტით ხტომას ჰგავს. გადახტომა გიჭირს, გეშინია, მერე კი სიამოვნებისგან ივსები.

- ახლა თქვენი სტუდია გაქვთ, რა ჰქვია და რატომ დაიბადა სტუდიის შექმნის იდეა?

- ერთ წელზე მეტია, რაც სტუდია დავაარსეთ. ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, ყველას შეუძლია მობრძანდეს. იდეა ორივესი იყო, გვინდოდა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ბავშვებისთვის გადაგვეცა.

ნიკა:

- შევასწავლით ჰიპ-ჰოპს. ვფიქრობთ, ქართული ცეკვის პროფესიონალები არ ვართ და სხვები უკეთ ასწავლიან. ჩვენი საქმე ჰიპ-ჰოპია. გვაქვს ონლაინგაკვეთილები, ასევე, მსურველებს ვიდეოგაკვეთილებითაც შეუძლიათ ცეკვის შესწავლა.

- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ვიდეომ, რომელმაც საზოგადოების ასეთი მოწონება დაიმსახურა?

- ხალხის სიყვარული არც მანამდე გვაკლდა, მაგრამ ამ ვიდეოს მეშვეობით ბევრმა ადამიანმა გაგვიცნო და შეგვიყვარა.

GzaPress

ბექა:

- სტუდიაში ცეკვის შესწავლის მსურველთა ზარები არ წყდება, ქუჩაშიც გვცნობენ და დიდ სითბოს გამოხატავენ ჩვენ მიმართ, რაც ძალიან გვახარებს.

- ვიდეოების გადაღებას კვლავ გააგრძელებთ?

- რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ. იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს, გაჩერება არ ღირს, თუმცა არც ის გვინდა, ხალხს თავი მოვაბეზროთ. ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბევრ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს ვხვდებით. გვინდა, პროფესიონალიზმი ავიმაღლოთ და იქიდან დაბრუნებულებმა მოსწავლეებს გამოცდილება გავუზიაროთ. თანამედროვე ცეკვა ისეთი რამაა, დინებას ფეხი უნდა აუწყო, არ უნდა ჩამორჩე.

- სოციალურ ქსელში რამდენი "გამომწერი" გყავთ და რას შესთავაზებთ მათ ახლო მომავალში?

ბექა:

- 75.000-მდე გამომწერი გვყავს და ეს ცოტა ნამდვილად არ არის. ამდენი "გამომწერი" თავდაჯერებულობას და პასუხისმგებლობას გვმატებს. მალე მათ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდებათ - სვანეთში ვიღებთ ორწუთიან კლიპს, ისევ "მგზავრების" სიმღერაზე.

- რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, უფრო ახლოს გაეცანით მკითხველს.

ნიკა:

- საინტერესო არაფერი, ორივე თავისუფალი ვართ. ასე რომ, გოგონებს შანსს ვუტოვებთ (იცინის). ბექა ფოტო-ვიდეოგრაფია, მე ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგისტრატურისთვის ვემზადები, მაგრამ ცეკვის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია.

ფიქრია რობაქიძე