"რთულია უყურო, როგორ კარგავს ბავშვი მშობლიურ ენას" - გზაპრესი

"რთულია უყურო, როგორ კარგავს ბავშვი მშობლიურ ენას"

"დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ჩემი ქვეყნისა და ემიგრანტების წინაშე და მინდა, ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად გავუმკლავდე. რთულია უყურო, როგორ კარგავს ქართულ ენას ბავშვი, რომელიც მისი არჩევანის გარეშე აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში, თუმცა ახლა მისთვის უცხო უკვე საქართველოა და არა ესპანეთი", - ამბობს გიორგი მეტრეველი, ქართული დიასპორის პრეზიდენტი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში. მან ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ: "ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, ბავშვებს მივცეთ არჩევანის უფლება, სად იცხოვრებენ. რთულია ასეთ მოზარდებთან მუშაობა, მაგრამ ჩვენი სკოლის პედაგოგები კარგად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ცდილობენ, ქართული განათლება, საქართველოს სიყვარული ჩადონ ამ ბავშვებში"...

- ესპანეთში 20 000-მდე ადამიანია, რომლებიც ფიქსირდებიან ბინადრობის უფლებითა და ჩაწერით, ზუსტი რაოდენობა კი არ ვიცით, რადგან ბევრი არალეგალიცაა.

- თუ იცით, რა პირობებში ცხოვრობენ არალეგალი ქართველები?

- ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ აქ ქართველებს, დასაქმება უჭირთ. თუ გაუმართლათ და სამუშაო იშოვეს, დაბალი ანაზღაურება აქვთ, რადგან დამსაქმებელს არ შეუძლია მასთან კონტრაქტი გააფორმოს და ფაქტობრივად, ისინი ღმერთის იმედად არიან. დიდი საფრთხის წინაშე დგას დამსაქმებელიც და დასაქმებულიც, რადგან პოლიციას შეუძლია მათ საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დააკისროს. ამიტომ დამსაქმებელი არალეგალთან ურთიერთობას ერიდება. ქალბატონებს უფრო უმართლებთ, რადგან ისინი ოჯახებში იწყებენ მუშაობას, რისკი იმისა, რომ პოლიცია მათ შეამოწმებს, მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა, მათი სამუშაო ძალიან მძიმეა. მამაკაცები კი, რომლებიც ვერ დასაქმდნენ, ყველასთვის ცხადია, როგორც ირჩენენ თავს.

- ძირითადად, რა სტატუსით მოდიან ქართველები?

- ოთხმოცი პროცენტი თავშესაფრის მოთხოვნით შემოდის. არსებობს "წითელი ჯვრის" პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აძლევენ თავშესაფარს, ოღონდ მას კონკრეტული მიზეზი უნდა ჰქონდეს, თუ რატომ იდევნება სამშობლოდან. სტატუსის მისაღებად დროა საჭირო და ამასობაში, შენ უნდა შეძლო იმის დამტკიცება, რომ რეალურად იდევნები და ნამდვილად გჭირდება თავშესაფარი. ცნობისათვის, დღესდღეობით ძალზე გართულებულია ამ სტატუსის მინიჭება და ბევრი ქართველი ამის გამო ქუჩაში აღმოჩნდა, მათზე ზრუნვა კი ჩვენ გვიწევს, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი გადადის ეკლესიისა და მრევლის ზურგზე, რადგან სხვა დაფინანსება რეალურად არ გვაქვს. ვცდილობთ ბავშვიან ოჯახებსა და ქალებზე უფრო გავამახვილოთ ყურადღება.

- როგორია კრიმინალური სიტუაცია, ხშირად არღვევენ თუ არა ქართველები კანონს?

- სამწუხარო რეალობაა ის, რომ ქართველებს ძალიან გვაქვს სახელი გატეხილი, ხშირია ყაჩაღობის, ხულიგნობის ფაქტები, ამიტომ ერიდებიან მამაკაცების დასაქმებას ესპანელები, მათი ეშინიათ.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ესპანეთის მთავრობასთან?

- ვცდილობთ, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ. გვეხმარებიან, ჩვენი სკოლის ბავშვებს ხშირად ეპატიჟებიან ღონისძიებებზე და მთელი მონდომებით ვცდილობთ ქართული კულტურა ყველა ესპანელამდე მივიტანოთ, რომ კარგი კუთხითაც დაგვინახონ.

GzaPress

- რა პირობებია შექმნილი ქართველი ბავშვებისთვის?

- ორი შვილი მყავს და მიჭირს ვუყურო, როცა ბავშვი ქართულ ენას კარგავს. სამწუხაროდ, პირველ-მეორე თაობაში ვკარგავთ ქართველობას. არიან ისეთები, რომლებსაც მშობლიური ენა აღარ ესმით და დედას უწევს მათთან ესპანურად საუბარი - ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს... თექვსმეტი წელია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ და ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გაიზარდოს საქართველოს სიყვარულით, ეს პატარები ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს და სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს ქართული სკოლა, სადაც ას თხუთმეტი მოსწავლეა და წელს კიდევ გამოვაცხადეთ ბავშვების მიღება. ასევე, გვაქვს თეატრალური ჯგუფები, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, ვასწავლით ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას, გალობას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ბავშვებში ქართული სული გავაღვიძოთ. ამაყი ვარ, რომ მამაოს კურთხევითა და ხელმძღვანელობით, ჩვენ ეს შევძელით.

არ ჩავერევი განათლების სამინისტროს მუშაობაში, იქ ალბათ, ჩემზე კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, თუმცა მათ არა აქვთ შეხება ორენოვან ბავშვებთან. რთულია ამ მოზარდებთან მუშაობა იმ პროგრამით, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ბავშვები გადიან. ჩემი სურვილი და თხოვნაც იქნება განათლების სამინისტროსთან, რომ ამ ბავშვებისთვის სპეციალური წიგნები შეიქმნას, რომელიც უფრო მარტივად გასაგები და საინტერესო იქნება ემიგრანტი მოსწავლეებისთვის.

- თქვენი ორგანიზაცია აწყობს ღონისძიებებს, საქველმოქმედო აქციებს...

- რა თქმა უნდა, გვაქვს საქველმოქმედო საღამოებიც, თუმცა ჩვენ ამ პატრიოტულ საქმეებზე ხშირად არ ვსაუბრობთ. ამიტომ ბევრმა არც იცის, რამხელა ეროვნულ საქმეს ვაკეთებთ.

- უამრავ ადამიანს დაეხმარეთ პანდემიის დროს და დღემდე აგრძელებთ ამ საქმიანობას...

- დიახ, კარანტინის გამოცხადების დღიდან შეიქმნა ცენტრი, შევიძინეთ საკვები, ჰიგიენური საშუალებები, შევქმენით "ფეისბუკ"-გვერდი, სადაც მითითებული იყო "კრიზის ცენტრის" ნომერი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ დარეკვა. იმ დღეებში ხუთასზე მეტ ოჯახს საკვებით დავეხმარეთ. ასევე, ბევრს ვუქირავეთ საცხოვრებელი ფართობი, რადგან ქუჩაში იყვნენ დარჩენილები ოჯახებით, პატარა შვილებით. ბევრი ადამიანი ჩვენი ხარჯებით დავაბრუნეთ სამშობლოში. ქართველი ბიჭები და მამა ლუკა დღემდე კარდაკარ დადიან, საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ, ხალხს რომ დაეხმარონ. ხშირად გვეუბნებოდნენ, - მადლობა საკონსულოს და ჩვენს მთავრობასო. ხალხი ვერ ერკვეოდა, ვისგან იღებდნენ ამ დახმარებას. არადა, "კრიზის ცენტრს" არავინ დახმარებია, ის მხოლოდ მრევლის შემოწირულობებით ფინანსდებოდა. საკონსულო და სხვა ორგანიზაციებიც ეხმარებოდა ხალხს, მაგრამ ჩვენთან შეხება არ ჰქონიათ.

- რას გვეტყვით მამა ლუკაზე (ფალავანდიშვილზე)?

- შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ იმ სიკეთეზე, რასაც ეს ადამიანი უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, აკეთებს. არ ვიცი, ამხელა სიყვარული საიდან შეიძლება იყოს ერთ ადამიანში. თავად მიდიოდა მაღაზიებში, ყიდულობდა პროდუქტებს, ანაწილებდა და ოჯახებში მიჰქონდა, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ. ღამეებს ათენებდა და მთელი დღე ისევ ჩვენ გვერდით იდგა. ნამდვილად ღვთის საჩუქარია ეს ადამიანი ყველა ქართველი ემიგრანტისთვის ბარსელონაში.

- თქვენ წარადგინეთ პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მიიღეთ გრანტი, რა პროექტია ეს?

- პანდემიის დროს სტრესში იყვნენ ბავშვები, დახურულ ფანჯრებს მიღმა დარჩენილები აკვირდებოდნენ ცარიელ ქუჩებს, სადაც თითქოს ცხოვრება შეწყდა და ყველაფერი შიშმა მოიცვა. ამ ბავშვებს უწევდათ დაპანიკებული მშობლების გვერდით ცხოვრება, რომლებიც მათ დღეში ასჯერ ხელების დაბანას სთხოვდნენ. ეს ბავშვები აქტიურ ცხოვრებას მოსწყდნენ და ოთხ კედელში გამოკეტილები დარჩნენ, სადაც ძირითადად კორონავირუსის თემაზე უწევდათ საუბრების მოსმენა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ისინი გაგვეყვანა საზაფხულო ბანაკში, სადაც განტვირთვას შეძლებენ და ახალი ენერგიით შეუდგებიან მერე სწავლას. ბანაკში ყველა უსაფრთხოების წესი დაცული იქნება. ეს პროექტი დააფინანსა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

ჩვენ უამრავი კარგი გეგმა გვაქვს, პირველ რიგში კი სკოლის გაფართოება გვინდა. ბევრი ბავშვი ბარსელონაში სკოლის გარეშე დარჩა. რთულია, რომ უცხო ქვეყანაში მშობელს, რომელსაც სურს, მისმა შვილმა ქართული ენა და სამშობლოს სიყვარული არ დაკარგოს, უარი უთხრა ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე იმ მიზეზით, რომ ადგილი არ გაქვს.

- რას ურჩევთ იმ ქართველებს, რომლებიც დღეს ესპანეთში ჩამოსვლას ფიქრობენ?

- სამწუხაროდ, აქედან ნათქვამის არავის სჯერა. აბა, შენ რატომ ხარ მანდო? არადა, აქ დამძიმდა სიტუაცია პანდემიის გამო. ესპანეთის მთავრობას საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის დახმარების გაწევა უწევს, რადგან უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე და ცხადია, ამან კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ქართველების ყოფა ესპანეთში. ამიტომ, ამ ეტაპზე, ყველას ვურჩევ, თავი შეიკავონ აქ ჩამოსვლისგან.

ფიქრია რობაქიძე "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან