რატომ უგულებელყოფენ მძღოლები კანონს(?!) - გზაპრესი

რატომ უგულებელყოფენ მძღოლები კანონს(?!)

სამწუხაროდ, დღე არ გავა, ავტოსაგზაო შემთხვევა რომ არ მოხდეს. ამ კუთხით არსებული ვითარება მართლაც საგანგაშოა, რადგან წლის განმავლობაში 500-მდე ადამიანი იღუპება და დაახლოებით 8000-მდე ადამიანი იღებს მძიმე ტრავმას. ხშირად ამის მიზეზი მძღოლების დაუდევრობაა.

15 აგვისტოს ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ავტომობილს 25 წლის გოგო მართავდა. იგი გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და მანქანის უკან მდგარ ქვეითებს, სულ 7 პირს დაეჯახა. სამწუხაროდ, 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვი, ხოლო დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა იგი მალევე დააკავეს. დაღუპულთა ოჯახის წევრები ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. ჭირისუფალი ირწმუნებოდა, რომ მძღოლი საჭეს მთვრალი მართავდა. 25 წლის გოგო რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან, ეს მოგვიანებით პროკურატურამაც დაადასტურა. ახალგაზრდა ქალი ახლა სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. მას ბრალი 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით წაუყენეს, რაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 და მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია, ასევე 128-ე მუხლიც აქვს წარდგენილი, რაც დაზარალებულების განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. წაყენებული მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტრაგედია მოხდა 6 სექტემბერს გორშიც. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი "ოპელი" გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა. როგორც ირკვევა, მძღოლს თავისი 12 წლის ერთადერთი შვილი კალთაში ეჯდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. თავად 49 წლის მძღოლს დაზიანებები არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციით, მამა საჭესთან ნასვამი იჯდა და სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. სამართალდამცავები ფაქტს იძიებენ.

7 სექტემბერსაც ავტოავარია მოხდა გორში, კომბინატის დასახლებაში. "ბეემვეს" მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე არასრულწლოვან 14 და 15 წლის გოგონებს დაეჯახა. საბედნიეროდ, ბავშვები სიკვდილს გადაურჩნენ. ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს "გორმედში", ერთ მოზარდს შედარებით მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს, ხოლო მეორე გოგონას ქვედა კიდურის მოტეხილობა აქვს.

ამ ფაქტზეც გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

7 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასევე ახალქალაქში. ერთი მგზავრი, სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. დედას და მის ორ შვილს თავის არეში მსუბუქი დაზიანებები აქვთ, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ საქმეზეც გამოძიება მიმდინარეობს.

საზოგადოებისთვის ცნობილია ასევე, 31 აგვისტოს, ლისზე მომხდარი საშინელი ტრაგედიაც. განსასჯელის სკამზე უკვე ზის პატრულ-ინსპექტორი. გამოძიება ამ შემთხვევაშიც მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატრულის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

6 სექტემბერს ახალციხეში, რაბათის უბანთან მოტოციკლეტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა. მოზარდი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა და კლინიკაში რჩება.

შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებშიც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და სამწუხაროდ, იქაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა ხაბაზი. დაღუპულებიდან 2 პირი შს სამინისტროს თანამშრომელია. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. როგორც ამბობენ, ისინი გომის მთიდან ბრუნდებოდნენ. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.

ფაქტების დასახელება შორს წაგვიყვანს, ეს მცირე ჩამონათვალია ბოლო დროს მომხდარი ამბებისა. ცალსახაა, პრობლემა მწვავეა.

GzaPress

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე:

- ვიცით, რომ წლის განმავლობაში 10 000 საგზაო შემთხვევა მოხდა. შარშან მაგალითად, 481 ადამიანი დაიღუპა და 8000-მდე პირმა მძიმე ტრავმა მიიღო. არამდგრადია სტატისტიკა. როდესაც სახელმწიფო მუშაობს საგზაო წესების პრევენციაზე, წესით, კლება უნდა იყოს. ამის მაგალითია 2016 წელი, როცა საგზაო წესების უსაფრთხოება გახდა ქვეყნისთვის პრიორიტეტი, შემოიღეს ქულათა სისტემა, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, მათ შორის სამოქალაქო სექტორიც აქტიურობდა და მართლა იყო დადებითი შედეგი. 2017 წელს ყველაზე ნაკლები ადამიანი დაგვეღუპა. შეიძლება ითქვას - 10-12%-ით შემცირდა დაღუპულთა რაოდენობა (ბოლო 8-10 წელიწადში ასეთი სტატისტიკა პრაქტიკულად არ გვქონია). გამოდის, რომ იმუშავა ამ მეთოდმა. ჩვენი ქვეყნის ამ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კოორდინირებულად ვიმუშავებთ, შედეგი გვექნება, გადავარჩენთ ასობით სიცოცხლეს. ასე რომ გაგრძელებულიყო, დღეს ნაკლები მსხვერპლი გვეყოლებოდა, მაგრამ ესეც ფრაგმენტული აღმოჩნდა, პრობლემა ყველას მიავიწყდა...

უსაფრთხო ტრანსპორტის პირველი ნიშანი ტექნიკური ინსპექტირებაა, მანქანა გამართული უნდა იყოს. როცა ახალ რეფორმას ვაკეთებთ, ხარვეზები ვლინდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ხარვეზებს მერე აღარ უბრუნდება ხელისუფლება და არც მისი აღმოფხვრა ხდება. ვიცით, დღეს ნათხოვარი ნაწილებით ხდება ტექინსპექტირების გავლა, ამის კონტროლი არ ხდება. არავინ აკონტროლებს მანქანებს გამონაბოლქვზე, არადა, ყველამ იცის, რომ გარკვეული ხრიკებით გადიან შემოწმებას. ტექდათვალიერებაზე ვადაგადაცილებული ავტომობილები თავისუფლად მოძრაობენ ქუჩაში, ამას ყველა ხედავს, მაგრამ კანონდამრღვევს არავინ აჯარიმებს. ცოტა ხნის წინ შატილში მომხდარ შემთხვევას ადამიანები შეეწირა. მართალია, ჯერ დასკვნა არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მანქანა გაუმართავი იყო; ცნობილია, რომ ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა. როცა მგზავრთა გადატვირთულობაზე არის საუბარი, არც ამას ექცევა ყურადღება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც რეფორმები გავატარეთ, არის არაეფექტური, არაფრისმომცემი და არ ემსახურება გზებზე უსაფრთხოების წესების დაცვას. გამოდის, ფასადურად გაკეთდა რეფორმა...

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას: კახა კალაძე ხშირად საუბრობს ურბანულ განვითარებაზე, უსაფრთხოებაზე, ადამიანზე ორიენტირებულ გარემოზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დედაქალაქის გარდა, ბევრი სხვა ქალაქი გვაქვს, სადაც აბსოლუტურად არ ექცევა ყურადღება ადამიანზე ორიენტირებულ უსაფრთხო გარემოს. როცა უმაღლესი ხელისუფალის დონეზე იქნება გაცხადებული და პრიორიტეტად აღიარებული ეს საკითხი, მაგალითად, ისევე, როგორც დღეს "კოვიდია", რომლის პრევენციის გამო ჩვენ გვაქვს შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, მერე შესაძლოა სურათი შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში, რთულია რაიმე შედეგის მიღწევა. რომ დააკვირდეთ, რამდენი ადამიანი გვეღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, მიხვდებით, რომ ესეც არანაკლები პანდემიაა. შეიძლება უხეში შედარება იყოს, მაგრამ რეალობაა.

საჭიროა მუდმივად ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერებაც, ესეც არის გამოსავალი და თუ ჩვენ სხვა წარმატებულ საერთაშორისო მაგალითებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ კანონის აღსრულება, ცნობიერების ამაღლება, ინფრასტრუქტურის მოწყობა - ეს ყველაფერი ერთად, კომპლექსურად არის წარმატების საწინდარი. ამას სჭირდება ადამიანური, ფინანსური რესურსი და ამ რესურსის სწორად გამოყენება უნდა დაიწყოს ზედა რგოლიდან. როცა ქუჩაში გავალთ, უნდა ვიგრძნოთ, რომ ხელისუფლება მუშაობს ამ მიმართულებით.

მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანაზე. საჭესთან ნასვამი მძღოლი რომ არ უნდა იჯდეს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ამას სათანადო ადმინისტრირებას არ უკეთებ, ვხედავთ, მძღოლი უგულებელყოფს კანონს და ფიქრობს: ჩემს სახლთან თუ გავივლი ნასვამი, არაფერი მოხდება, არც პოლიცია დამაჯარიმებს, არც კამერა დამაფიქსირებსო. კანონით გაწერილია, რომ წინ არ უნდა დასვა ბავშვი, მაგრამ სვამენ. სამწუხაროდ, არავინ იყენებს ბავშვების სავარძელს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა შეჯახების დროს განწირულია. კანონის ადმინისტრირება მით უფრო შესუსტებულია არჩევნების წინ. არ ვიცი, მოარული ხმებია თუ სიმართლე, მაგრამ ამბობენ, რომ კამერები ახლა გათიშულია, ჯარიმები არ მისდით ადამიანებს. ეს არ მინდა მჯეროდეს...

არანაკლები პრობლემაა სკუტერები და მოტოციკლეტები. ერთ-ერთი მოწყვლადი, ავარიული საშუალებაა ე.წ. სკუტერი. საკმაოდ მომრავლდა და საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია. რა პრობლემა გახდა მათთვის სანომრე ნიშნების მინიჭება, ვერ ვხვდები, მაგრამ ეს კანონიც სადღაც "გაიჭედა", პლენარულ სხდომამდე არ მივიდა. არადა, გარკვეულწილად ესეც შეამცირებს ავტოავარიებს, რადგან უცოდინარი ვერ აიღებს მართვის მოწმობას. მძღოლების ცოდნა და მართვის მოწმობების გაცემის პროცედურების ხარისხი მართლა რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ამ ნაწილში სერიოზული ჩავარდნები გვაქვს.

საინტერესოა, რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ საზოგადოების დაკვეთა იყოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება ამ ქვეყანაში?! თუ შევადარებთ ნებისმიერი ტიპის პრობლემას, რომელიც საქართველოს ჰქონია, ეს იქნება რუსეთ-საქართველოს ომი, პანდემია, არც ერთს ამდენი ადამიანი არ უმსხვერპლია.

თეა ხურცილავა